მეცნიერების ვარაუდით, ტექტონიკური ფილების მოძრაობა შორეულ მომავალში კონტინენტების შეჯახებით დასრულდება, რაც პლანეტის კლიმატს სრულიად შეცვლის და სახეობათა გლობალურ გადაშენებას გამოიწვევს. კონტინენტების პოტენციური გაერთიანების სცენარები როგორც მკვეთრ აცივებას, ისე გაუსაძლის სიცხეს მოიცავს – ამის შესახებ სამხედრო გამოცემა Indian Defence Review წერს.
![]()
უძველესი პანგეა, რომელიც 200 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ არსებობდა (ხმელეთის ყველა ძირითადი მასის დიდი გაერთიანება – დედამიწის ბოლო სუპერკონტინენტი) ტექტონიკური პროცესების შედეგად დაიშალა. დღეს მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ამ ძალებმა შესაძლოა მიმართულება შეიცვალონ და მატერიკების დაახლოების ახალი ეტაპი დაიწყოს.
ჟურნალ Geological Magazine-ში 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მომავალი სუპერკონტინენტის ჩამოყლიბების ოთხი ძირითადი მოდელი არსებობს. თითოეული მათგანი დამოკიდებულია იმაზე, თითოეული ოკეანე გაფართოვდება თუ პირიქით, დახურვას დაიწყებს.

პირველი და ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო სცენარი გულისხმობს, რომ ატლანტის ოკეანე გაფართოებას, წყნარი ოკეანე კი დავიწროებას გააგრძელებს. წყნარ ოკეანეს გარშემო აქტიური სუბდუქციის ზონები აკრავს – ადგილები, სადაც ოკეანური ქერქი კონტინენტურის ქვეშ იძირება. ეს პროცესები „ცეცხლოვანი რკალის“ გარშემო, სადაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მიწისძვრების დაახლოებით 80% აღინიშნება, სეისმური აქტივობის მომატებულ საფუძველს ქმნის. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, წყნარი ოკეანე „დაიკეტება“, ჩრდილოეთი და სამხრეთ ამერიკა ევროპასა და აფრიკას კიდევ უფრო დაშორდებიან და ანტარქტიდას შეეჯახებიან, რომელიც ჩრდილოეთისკენ მიიწევს. მოგვიანებით მათ აზია, ევროპა და აფრიკა შეუერთდება, ხოლო ავსტრალია აღმოსავლეთ აზიას დაუკავშირდება. ასე შეიქმნება სუპერკონტინენტი, რომელსაც მკვლევარები „ახალ პანგეას“ უწოდებენ.

მეორე სცენარი, რომელსაც „პანგეა პროქსიმა“ უწოდეს ითვალისწინებს, რომ ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეები გარკვეული დროის განმავლობაში გაფართოვებას გააგრძელებენ, თუმცა საბოლოოდ, შეიძლება სუბდუქციის ახალი ზონები ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ოკეანურ ქერქს „ჩაყლაპავენ“. ეს კონტინენტებს ისევ დააახლოებს, ოღონდ სხვა განლაგებით – რგოლის ფორმის სუპერკონტინენტის სახით, რომელიც ოკეანის შიდა აუზს შემოერტყმება.
მესამე მოდელი – აურიკა ტექტონისტმა ჟოან დუარტემ წამოაყენა. ის ეფუძნება მოსაზრებას, რომ წყნარიცა და ატლანტის ოკეანეც საბოლოოდ დაიკეტება. შესაძლოა, მათზე ბევრად ახალგაზრდა ინდოეთის ოკეანემ გაფართოება განაგრძოს. ასეთ შემთხვევაში, ყველა კონტინენტი ეკვატორის გასწვრივ გაერთიანდება და ტროპიკულ განედებზე განლაგებულ სუპერკონტინენტს წარმოქმნის.

მეოთხე და უკანასკნელი სცენარის, ამაზიის თანახმად, ატლანტისა და წყნარი ოკეანეები ღია რჩება, თუმცა ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე ტექტონიკური ფილების მოძრაობის გამო გაქრება. ყველა კონტინენტი ანტარქტიდის გარდა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ჩრდილოეთ პოლუსთან მოიყრის თავს.
რას გამოიწვევს ხმელეთის ახალი განლაგება
2021 წელს ჟურნალში Geochemistry, Geophysics, Geosystems გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სუპერკონტინენტის ჩამოყალიბების მოდელებს კლიმატის რადიკალურად შეცვლა შეუძლიათ:
ამაზიის შემთხვევაში, ხმელეთის პოლუსებთან გადანაცვლება ოკეანის სიღრმისეულ მიმოქცევას დაარღვევს, რომელსაც სითბო ეკვატორიდან გადააქვს. პოლუსები კიდევ უფრო გაცივდება და ყინულის საფარი გაიზრდება, რაც გლობალურ აცივებას გამოიწვევს.

აურიკა, პირიქით, უფრო თბილ და მშრალ დედამიწას მოასწავებს. ამ სცენარის მოდელირება ტემპერატურის დაახლოებით 3 °C-ით მატებაზე და ბრაზილიის სანაპიროების მსგავსი, გრძელი, თბილი სანაპიროების შექმნაზე მიუთითებს.

„ არც ერთი ეს სამყარო მშვიდი არ იქნება. კონტინენტების გაერთიანებისას სახეობებს შორის რესურსებისთვის მძაფრი კონკურენცია დაიწყება, რაც მასობრივი გადაშენების რისკს გაზრდის. ამაზიის სცენარის შემთხვევაში, საყოველთაო გამყინვარებამ შეიძლება ხმელეთზე სიცოცხლის დიდი ნაწილი გაანადგუროს, ოკეანეში მცხოვრები ორგანიზმები კი უცვლელად დატოვოს“, – ვკითხულობთ სტატიაში.
უცნობი ფაქტორები და ადამიანის როლი
ასობით მილიონ წელზე გათვლილი პროგნოზები ბევრ უზუსტობას და გაურკვევლობას შეიცავენ. მეცნიერები აღიარებენ, რომ შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება როგორი იქნება მცენარეული საფარი, ვულკანური ამოფრქვევები ან ოკეანის დინებები მომავალში.

NASA-ს მკვლევარმა მაიკლ ვეიმ აღნიშნა, რომ ადამიანის საქმიანობაც გაურკვეველია. კლიმატის ცვლილებამ, ოკეანეების დაბინძურებამ და პლასტიკატის დაგროვებამ შეიძლება პლანეტის განვითარების ტრაექტორია შეცვალოს. მან აღნიშნა, რომ ბოლო ოთხი მილიარდი წლის განმავლობაში, დედამიწის ზედაპირზე ხანმოკლე ექსტრემალურ შემთხვევბს თუ არ ჩავთვლით, შედარებით სტაბილური და ზომიერი პირობებია.
„კვლევის შედეგების თანახმად, მხოლოდ ინტელექტი გრძელვადიანი წარმატების გარანტიას არ იძლევა. ტექნოლოგიური შესაძლებლობები თვითგანადგურების უნარსაც მოიცავს, რისი მაგალითიც ბირთვული იარაღია. იმისათვის, რომ ადამიანის სახეობამ მომავალში 50-დან 250 მილიონ წლამდე იარსებოს, მისი საკუთარ ეკოსისტემასთან ჰარმონიაში უნდა იცხოვროს“ – აღნიშნულია სტატიაში.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?












