იტალიელი ინჟინერი, მრბოლელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდის Ferrari-ს დამაარსებელი ენცო ფერარი თავის ავტოგრაფიულ წიგნში „ჩემი საშინელი სიხარული. ჩემი ცხოვრების ისტორია“ გულწრფელად საუბრობს იმაზე, თუ რა დგას მისი წარმატებების უკან. მაინც ვინ იყო ლეგენდარული იტალიელი, რომელსაც 17 თებერვალს 127 წელი შეუსრულდებოდა და რა სირთულეების გადალახვა მოუწია მას დიდებისკენ მიმავალ გზაზე.

ენცო ფერარი 1898 წელს, ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ მოდენაში დაიბადა. 1908 წელს 10 წლის ენცო მამასთან ერთად ბოლონიაში ავტორბოლას დაესწრო და ფელიჩე ნაძაროს ბრწყინვალე გამარჯვება იხილა. ამ სანახაობამ ბიჭს სისწრაფისა და გამარჯვების უდიდესი სიყვარული ჩაუნერგა და ავტომრბოლელის კარიერისკენ უბიძგა..
თავდაპირველად, ენცო მძღოლ-გამომცდელი გახდა, მოგვიანებით კი, მრბოლელად დააწინაურეს. რამდენიმე მოგებისა და მარცხის, ასევე საფრანგეთის გრან-პრიზე ანტონიო ასკარის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ფერარიმ გადაწყვიტა, რომ სარბოლო ავტომობილების მართვას მათი დაპროექტება სჯობდა. სწორედ აქედან იწყება Ferrari-ს ბრენდის ისტორია.

1929 წელს ენცო ფერარიმ სარბოლო გუნდი – Scuderia Ferrari დააარსა. თავდაპირველად, გუნდი რბოლებისთვის Alfa Romeo-ს ავტომობილებს ამზადებდა, თუმცა, უთანხმოებებმა და ფინანსურმა სირთულეებმა ენცო თანდათან საკუთარი ავტომობილების წარმოებამდე მიიყვანა.
1939 წელს ფერარიმ კომპანია Auto-Avio Costruzioni დააარსა, რომელიც ბაზარს სარბოლო ავტომობილების სათადარიგო ნაწილებს აწვდიდა. 1947 წელს მან Ferrari-ს მარკით პირველი ავტომობილი – 125 S გამოუშვა. ეს მოდელი მძლავრი V12 ძრავითა და ელეგანტური დიზაინით გამოირჩეოდა, თუმცა მის წარმატებას მეორე მსოფლიო ომმა ხელი შეუშალა. ამ პერიოდში ენცოს ქარხანა მუსოლინის მთავრობისთვის მუშაობდა, რის გამოც დაიბომბა კიდეც. ომის შემდეგ, 1947 წელს, ფერარიმ ახალი კომპანია — Ferrari S.p.A. დააფუძნა, რათა ავტომობილები საკუთარი სახელით ეწარმოებინა. კომპანიის პირველი მოდელი გახდა 125 GT, რომელსაც მოჰყვა 125S, 159S და 166.

1950-იანი და 1960-იანი წლები Ferrari-სთვის ფორმულა 1-ში „ოქროს ხანად“ იქცა. გუნდმა არაერთხელ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, რამაც ბრენდს საუკეთესო სპორტული ავტომობილების მწარმოებლის სახელი დაუმკვიდრა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ისეთი ცნობილი მოდელები, როგორებიცაა Ferrari 250 GTO და Ferrari Daytona, რომლებიც დღემდე ავტომშენებლობის შედევრებად ითვლება.


1969 წელს კომპანია Fiat-მა Ferrari-ს აქციების 50% შეისყიდა, რამაც ბრენდს წარმოების გაფართოებისა და ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირების საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, ენცო ფერარი 1988 წელს გარდაცვალებამდე სარბოლო გუნდზე კონტროლს ინარჩუნებდა.
როგორ იქცა ბრენდი ფუფუნებისა და სისწრაფის სიმბოლოდ
Ferrari-მ მწვერვალებს დიდწილად, ავტოსპორტში დაგროვილი მდიდარი მემკვიდრეობისა და მუდმივი ტექნოლოგიური ინოვაციების წყალობით მიაღწია. ფერარის ხელმძღვანელობისას ფორმულა 1-ში Ferrari -ს მრბოლელმა მოიგო ცხრა მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო როგორც კონსტრუქტორმა – რვა მსოფლიო ჩემპიონატი. წარმატებები რბოლებში კომპანიის დაარსების პირველივე დღეებიდან დაიწყო. 1950 წელს, როდესაც ფორმულა 1 დაარსდა, Ferrari ერთ-ერთი პირველი გუნდი იყო, რომელიც ჩემპიონატში ჩაება. უკვე 1951 წელს გუნდმა ბრიტანეთის გრან-პრიზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

Ferrari ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდია და ტიტულების სარეკორდო რაოდენობას ფლობს. ათწლეულების განმავლობაში მან 15-ზე მეტი კონსტრუქტორთა თასი და 15-ზე მეტი პილოტთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ლეგენდარულმა მრბოლელებმა — ნიკი ლაუდამ, მიხაელ შუმახერმა და კიმი რაიკონენმა გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მიხაელ შუმახერის ეპოქა, რომელმაც 2000-იანი წლების დასაწყისში ზედიზედ ხუთჯერ გაიმარჯვა ჩემპიონატში (2000-2004), რამაც Ferrari-ს დომინანტური პოზიცია ავტოსპორტში საბოლოოდ დაამკვიდრა.

1927 წელს ერის წინაშე სპორტში გაწეული ღვაწლის ასანიშნავად, Commendatore მიენიჭა.
ენცო ფერარი 1988 წლის 14 აგვისტოს გარდაიცვალა, თუმცა მისი შექმნილი Ferrari დღესაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო მარკად რჩება. მფლობელობისა და მართვის თვალსაზრისით, Ferrari საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) სიმბოლოთი – RACE ივაჭრება.
გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს ენცო ფერარის ცხოვრებიდან.
- გატაცება
ახალგაზრდა ენცოსთვის პროფესიის არჩევა ადვილი არ ყოფილა. თავიდან ის „ლა სკალაში“ სიმღერაზე და LaGazzetta dello Sport-ში სტატიების წერაზე ოცნებობდა, თუმცა მისი კიდევ ერთი გატაცების – მსუბუქი ათლეტიკის შესახებ თითქმის არავინ იცოდა.
სკოლის პერიოდში, ენცომ და მისმა ძმამ, ალფრედომ, სახლიდან კამურის ქუჩამდე 100-მეტრიანი დისტანცია მონიშნეს და რეგულარულად მართავდნენ რბენებს მეგობრებთან ერთად. ბიჭებს ამბიციური მიზანი ჰქონდათ – სამხრეთ აფრიკელი ოლიმპიური ჩემპიონის – რეჯინალდ უოკერის ოლიმპიური რეკორდის (10,8 წამი) მოხსნას ცდილობდნენ. ენცო უფროს ძმას ვერაფრით უსწრებდა, რის გამოც ათლეტიკისადმი ინტერესი მალევე გაუნელდა.
- ცუდი მოსწავლე
ბევრმა არ იცის, რომ ადამიანი, რომელსაც ხშირად XX საუკუნის უდიდეს იტალიელად მოიხსენიებენ, სკოლაში ცუდად სწავლობდა. ენცოს უფროსი ძმა, ალფრედო, არა მარტო სწრაფად დარბოდა, სკოლაშიც შესანიშნავად სწავლობდა. სკოლის დირექტორი უმცროსი ფერარისგანაც იგივეს ითხოვდა, თუმცა ენცოს სწავლა არ აინტერესებდა.
„სწავლა არ მინდა, მუშაობა მინდა!“ – ამბობდა პატარა ოროსანი, თუმცა წლების შემდეგ „კომენდატორე“ გულწრფელად ნანობდა, რომ სკოლაში მეტი მონდომება არ გამოიჩინა.
- ენცო პირველი მსოფლიო ომის დროს სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა, თუმცა ბრძოლებში არ მონაწილეობდა
ცოტამ თუ იცის, რომ ომის დროს, რომელმაც მამა და ძმა წაართვა, ენცო მძიმე პნევმონიის გამო სიკვდილის პირას აღმოჩნდა. მდგომარეობა იმდენად სერიოზული იყო, რომ ის ბრეშიას ჰოსპიტლიდან ბოლონიაში გადაიყვანეს და უიმედო პაციენტებისთვის განკუთვნილ პალატაში მოათავსეს. ახალგაზრდამ მხოლოდ ორი ოპერაციისა და ძლიერი ორგანიზმის წყალობით შეძლო გამოკეთება.
- ცრუმორწმუნე
როგორც იტალიელთა უმეტესობა, ენცოც ცრუმორწმუნე იყო. მისი გუნდის მრბოლელის, ალბერტო ასკარისგან განსხვავებით, შავი კატის არ ეშინოდა, სამაგიეროდ, სასტარტო ნომერი „17“ ძალიან აღიზიანებდა. ცნობისთვის, იტალიაში ამ რიცხვს ისე უფრთხიან, როგორც დანარჩენ მსოფლიოში 13-ს.

„კომენდატორეს“ შვილი, პიერო ფერარი იხსენებს, რომ მამამისს ლიფტით მგზავრობა და თვითმფრინავით ფრენა სძულდა და ზღვაში ცხოვრებაში არცერთხელ არ უბანავია.
- 5. ფერარი თავს დიდ მრბოლელად არ მიიჩნევდა
ენცომ კარიერა პილოტის ამპლუაში დაიწყო და საკმაოდ წარმატებულიც იყო, თუმცა, რბოლებში მონაწილეობა 1932 წელს, შვილის – დინოს დაბადების შემდეგ შეწყვიტა.
თავის წიგნში ენცო აღიარებს, რომ დიდი მრბოლელი ვერასოდეს გახდებოდა. მიზეზი არა ნიჭის ან სიმამაცის ნაკლებობა, არამედ მანქანის მოფრთხილება იყო.
„თუ გინდა დიდ შედეგებს მიაღწიო, მანქანა არ უნდა დაინდო, მე კი არ შემეძლო, მანქანა მეწამებინა“ – ამბობდა ის.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! მილტონ ჰერში – „შოკოლადის მეფე“, რომელმაც „მსოფლიოს ყველაზე ტკბილი ადგილი“ შექმნა












