9 თებერვალს, გამთენიისას აშშ-ში ნაციონალური საფეხბურთო ლიგის, NFL-ის სუპერ ბოული გაიმართა. შესვენების დროს მოედანზე 31 წლის პუერტო-რიკოელი რეპერი Bad Bunny გამოვიდა, რამაც ქვეყნის პრეზიდენტი ძალიან გააღიზიანა. დონალდ ტრამპმა შოუ და რეპერის გამოსვლა გააკრიტიკა და ამის შესახებ სოციალურ მედიაში, Truth Social-ის პლატფორმაზე დაწერა.

Bad Bunny-მ, რომლის ნამდვილი სახელია ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიო, შოუზე თავისი რამდენიმე ყველაზე ცნობილი ესპანური სიმღერა შეასრულა. მასთან ერთად სცენაზე ლედი გაგა და რიკი მარტინი გამოვიდნენ.
„ღმერთმა დალოცოს ამერიკა, იქნება ეს ჩილე თუ არგენტინა“, – თქვა Bad Bunny-მ და ორივე კონტინენტის ყველა ქვეყანა ჩამოთვალა. ამ დროს რეპერი აშშ-ის და პუერტო-რიკოს დროშების გვერდით იდგა. მან კამერას ფეხბურთის ბურთზე წარწერა აჩვენა „ერთად ჩვენ ამერიკა ვართ “.

დონალდ ტრამპმა სუპერბოულის შესვენებაზე ბედ ბანის გამოსვლას „საშინელი“ უწოდა. მან დასძინა, რომ ამ ბიჭის ნათქვამი ერთი სიტყვა არავის ესმის და ცეკვა ამაზრზენია, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის, რომლებიც შოუს აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უყურებენ.

„ეს [შოუ] უაზროა, ამერიკის სიდიადის შეურაცხყოფაა და ჩვენი წარმატების, კრეატიულობისა და სრულყოფილების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ის უბრალოდ „სახეში გარტყმაა“ ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ყოველდღე ახალ სტანდარტებსა და რეკორდებს ამყარებს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის „გრემის“ დაჯილდოებაზე Bad Bunny-ს ალბომი, Debi Tirar Mas Fotos საუკეთესოდ აღიარეს. ეს პირველი ესპანურენოვანი ალბომია, რომელმაც ხმის ჩამწერი აკადემიის მთავარი ჯილდო მოიპოვა. ბედ ბანი სუპერბოულის შესვენებაზე გრემის დაჯილდოებიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ გამოვიდა. ამჟამად ის შეერთებულ შტატებში ლათინური ამერიკის კულტურის წამყვანი პრომოუტერი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მაღალანაზღაურებადი მუსიკოსია.

რაც შეეხება სუპერ ბოულს, ის ამერიკულ ტელევიზიაში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე შოუა. მაყურებელთა რაოდენობის ზრდა განსაკუთრებით, „შესვენების შოუს“ დროს ხდება.
ტრამპმა Bad Bunny, რომელიც სუპერბოულის შესვენების შოუს მთავარი გმირი უნდა გამხდარიყო, იანვარშივე მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მთავარ ამერიკულ თამაშზე „ინგლისურად უნდა იმღერონ“. ტრამპის მხარდამჭერმა ინფლუენსერმა ჯეიკ პოლმა Bad Bunny-ს უწოდა „ყალბი ამერიკელი მოქალაქე, რომელსაც ამერიკა სძულს“.
რაც შეეხება მედია საშუალებებს და შოუბიზნესის წარმომადგენლებს, მათ Bad Bunny-ს გამოსვლას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო უწოდეს.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა












