სუფთა და მოწესრიგებული გარემო მხოლოდ ვიზუალურად არ გამოირჩევა, ის მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, პროდუქტიულობასა და სულიერ სიმშვიდეზე. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დღესდღეობით უკვე არაერთი პროფესიონალური კომპანიაა, რომელიც ზრუნავს სახლისა თუ სამუშაო სივრცის სისუფთავეზე, მათ შორისაა, “Fresh Clean”, რომლის გამოცდილი და პასუხისმგებლიანი გუნდიც საქმეს ხარისხიანად და უსაფრთხოდ ასრულებს. კომპანიის დამფუძნებელი, მანანა ბერაძე, გვესაუბრება მათი მომსახურების უპირატესობებზე, გვიზიარებს საჭირო რჩევებს, რომლებიც დასუფთავების სერვისით სარგებლობამდე უნდა გავითვალისწინოთ და გვიყვება, თუ რით იყო დაკავებული სანამ „Fresh Clean”-ს შექმნიდა.
რა სახის მომსახურებას სთავაზობს „Fresh Clean“ მომხმარებელს?
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთი ტიპის მომსახურებას, როგორებიცაა: რემონტის შემდგომი და/ან გენერალური დასუფთავება, ეზოს მოწესრიგება, ფასადების წმენდა და რბილი ავეჯის ქიმწმენდა. ჩვენთვის პრიორიტეტული მაინც რემონტის შემდგომია, რადგან პროცესში ბევრი სირთულეებია, რაც უფრო საინტერესოს ხდის საქმეს. აღსანიშნავია, რომ ბევრი გამოცდილი და წარმატებული კომპანიები ზოგჯერ ვერ უმკლავდებიან მსგავს გამოწვევებს.
რატომ გადაწყვიტეთ პროფესიონალური დასუფთავების კომპანია დაგეფუძნებინათ?
სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია, თუმცა, არც სპონტანურად მიმიღია გადაწყვეტილება. დადგა საჭიროება, რომ წამომეწყო არამხოლოდ საინტერესო, არამედ შემოსავლიანი საქმე. თავიდანვე მონდომებული არ ვყოფილვარ, ჯერ დავიწყე და შემდეგ ვეცადე ჩემთვის საინტერესო გამეხადა. იყო დრო, როდესაც საქმეს არა სარგებლის, არამედ ინტერესის გამო ვაკეთებდი. პანდემიის შემდეგ ბევრი რამ ვცადე, მათ შორის, დავიწყე კერვა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გავიარე კონსტრუირება-მოდელირების კურსები, შევქმენი ჩემი ტანსაცმლის ხაზი და ასე წამოვიწყე პატარა ბიზნესი. მოგვიანებით ჩემ თავში სხვა უნარებიც აღმოვაჩინე და დავიწყე ინგლისური ენის შესწავლა. სულ რაღაცის კეთება მინდოდა და საინტერესოა, რომ ეს სურვილი ასაკში გამიჩნდა. აუცილებელია შემოსავალიც, მაგრამ საყვარელი საქმის ძიების პროცესში პირველად გავაცნობიერე ცხოვრებაში, რომ მე მაქვს ჩემი თავის იმედი, დავაფასე საკუთარი უნარები და სხვანაირად შევხედე საკუთარ შესაძლებლობებს.

დღესდღეობით საკმაოდ დიდი არჩევანია დასუფთავების კომპანიებს შორის. რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა თქვენი სერვისი? რა უპირატესობები ექნებათ მათ?
ძალიან დიდი კონკურენციაა და რაღაცით ნამდვილად უნდა გამოირჩეოდე. მე გადავწყვიტე, რომ ძვირადღირებული და ხარისხიანი ხსნარებითა და სწორი ტექნიკით მემუშავა. იმისათვის, რომ საკუთარი ნიშა მეპოვა, უნდა გამეკეთებინა ის, რასაც სხვები ვერ გაუმკლავდებოდნენ. სხვა კომპანიებისგან გამოვირჩევით იმით, რომ სივრცეს ვასუფთავებთ დაზიანებისა და მომხმარებლის საყვედურების გარეშე. შედეგად, საკმაოდ დადებით უკუკავშირს ვიღებთ.
თქვენი აზრით, როგორ მოქმედებს სუფთა და მოწესრიგებული გარემო პროდუქტიულობასა და განწყობაზე?
მოწესრიგებული გარემო, რა თქმა უნდა, პოზიტიურ გავლენას ახდენს ადამიანზე. ყველა სწორ იდეას, საღ აზრსა თუ წარმატებულ დღეს განაპირობებს კარგი, დადებითი ენერგიით სავსე გარემო.
გაგვიზიარეთ რამდენიმე რჩევა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ სანამ დასუფთავების სერვისით ვისარგებლებთ
პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რომელი ხსნარებით მუშაობს კომპანია. გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტი უსაფრთხო და ეფექტური იყოს სხვადასხვა სახის ზედაპირისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია გამოცდილება და პროფესიონალიზმი, სწორედ ამაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ გაუმკლავდებიან თანამშრომლები სირთულეებს პროცესში. დარწმუნდით იმაში, რომ კომპანია არ დააზიანებს თქვენს საკუთრებას, ხოლო სხვა შემთხვევაში ის აიღებს პასუხისმგებლობას.

როგორც ხელმძღვანელი, თქვენი აზრით, ლიდერის რა თვისებები განაპირობებს საქმიანობაში გრძელვადიან წარმატებას?
არ ვიცი რამდენად მქონდა აქამდე თვისებები, რომლებიც ლიდერს საქმის სწორად წარმართვაში ეხმარება, თუმცა დღესდღეობით მიწევს ვუხელმძღვანელო არცთუ ისე ცოტა ადამიანს. ვფიქრობ, პირველ რიგში, უნდა დაიმსახურო სხვების პატივისცემა არა როგორც ლიდერმა, არამედ, როგორც ადამიანმა. ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობა თანამშრომლების მიმართ. მათ უნდა იცოდნენ, რომ არასდროს მიიღებენ საყვედურს დაუმსახურებლად.












