ფრანგ მსახიობსა და ცხოველთა დამცველს, ბრიჯიტ ბარდოს საფრანგეთის სამხრეთში მდებარე სახლის ბაღში დაკრძალავენ. ამის შესახებ რადიო Franceinfo-ს ეთერში მსახიობის მეგობარმა, ჟურნალისტმა ვენდი ბუშარმა განაცხადა.

„ბრიჯიტს ზღვის პირას, ბაღში დაკრძალავენ. ასე სურდა და მისი ნება აღსრულდება“, – თქვა მან და დასძინა, რომ დაკრძალვა „მოკრძალებულად და მარტივად“ ჩაივლის.
სენ-ტროპეში მდებარე ვილა „ლა–მადრაგის“ ტერიტორიაზე დაკრძალვის სურვილის შესახებ ბარდომ ჯერ კიდევ 2018 წელს, გაზეთ Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სენ-ტროპეს სასაფლაოზე დაკრძალვა არ სურს, რადგან არ უნდა, რომ თაყვანისმცემლებმა იქ დაკრძალული ნათესავების სიმშვიდე დაარღვიონ. ზღვის პირას მდებარე ვილა კი ბარდოს ფონდის მფლობელობაში უნდა გადავიდეს და მსახიობის სიკვდილის შემდეგ ერთგვარ მუზეუმად იქცეს.

ფრანგული კინოს ლეგენდა, ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფონდის წარმომადგენელს მსახიობის გარდაცვალების მიზეზი არ დაუკონკრეტებია, მხოლოდ აღნიშნა, რომ მისი მემკვიდრეობა „კვლავ იცოცხლებს ფონდის საქმიანობასა და პოლიტიკაში“, რომელიც ცხოველთა დაცვისკენ არის მიმართული.
ოქტომბერში გაზეთი Nice-Matin წერდა, რომ ბრიჯიტ ბარდომ ტულონის საავადმყოფოში „სერიოზული დაავადების“ გამო რამდენიმე კვირა გაატარა. 24 ნოემბერს გაზეთი Var-Matin წერდა, რომ ბრიჯიტ ბარდო ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ტულონის კლინიკაში მოათავსეს. ჰოსპიტალიზაციის მიზეზი არ დაზუსტებულა.
ასევე დაგაინტერესებთ












