ამერიკული ჟურნალი Variety-ის კრიტიკოსებმა, ოუენ გლეიბერმანმა და პიტერ დებრიუჟმა, 2025 წლის შეაჯამეს და შეგვახსენეს, რომ „ცუდ კინოზე“ მსჯელობაც სასარგებლოა, რადგან მასში, როგორც სახელმძღვანელოში, თავმოყრილია შეცდომები, რომლებსაც სჯობს თავი ავარიდოთ.
ოუენ გლეიბერმანის 2025 წლის ყველაზე ცუდი ფილმების სიაში პირველ ადგილზე რონ ჰოვარდის „Eden“ აღმოჩნდა. ეს არის გალაპაგოსის კუნძულებზე მიმდინარე ისტორიული დრამა, რომელიც, კრიტიკოსის აზრით, ქაოტურ და დამქანცველ მარათონად იქცევა. საბოლოოდ, ფილმი ვერც საჭირო ტემპს პოულობს და ვერც გმირებისადმი თანაგრძნობას აღძრავს.

შემდეგ მოდის „Five Nights at Freddy’s 2“, რომელიც სისხლის, შიშისა და დაძაბულობისგან დაცლილ საშინლებათა ფილმს ჰგავს.

მესამე ადგილზეა „The Testament of Ann Lee“ – მოსაწყენი ფილმი, რომელიც საბოლოოდ გამძლეობის ტესტად იქცევა.

მეოთხე ადგილზეა „Hurry Up Tomorrow“ – ფილმი მუსიკოსზე, რომელიც უძილობით იტანჯება, გამუდმებით პოზირებს და საკუთარი მნიშვნელობით ტკბება. ფილმის სტილი კიდევ უფრო მეტად თრგუნავს მაყურებელს, ვიდრე სიუჟეტი.

მეხუთე ადგილზეა „Anemone“ – თემებით გადატვირთული (ტრავმებიდან და რელიგიური კონფლიქტებიდან დაწყებული, წარსულის პოლიტიკური ტკივილებით დამთავრებული) საოჯახო ისტორია. ამის გამო, ემოციური დარტყმის ნაცვლად, მძიმე და ინერტული სურათი მივიღეთ. ფილმი სრული მარცხისგან ლეგენდარული დენიელ დეი-ლუისის მონაწილეობამაც კი ვერ გადაარჩინა.
![ANEMONE - Official Trailer [HD] - Only in Theaters October 3](https://i.ytimg.com/vi/HVqoyMi98OI/maxresdefault.jpg)
პიტერ დებრიუჟის ხუთეული
პიტერ დებრიუჟმა 2025 წლის ცუდი ფილმების სხვა ხუთეული შეარჩია და სია „The Life of Chuck“-ით გახსნა. კრიტიკოსის მოსაზრებით, ფილმი მეტისმეტად აგრესიულად ცდილობს გრძნობებზე თამაშს, რითაც მაყურებელს აზრის დამოუკიდებლად გამოტანის სივრცეს არ უტოვებს. მუსიკა და კადრსმიღმა ტექსტი კი მანიპულაციის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს.

მეორე ადგილზეა „The Electric State“ – სიმონ სტოლენჰაგის ვიზუალური სამყაროს ეკრანიზაცია, რომელიც მკითხველს ფურცელზე რეტროფუტურიზმის ატმოსფეროთი აჯადოებს, თუმცა ეკრანზე, სულს კარგავს.

მესამე ადგილზეა „War of the Worlds“, სადაც მთელი მოქმედება მოწყობილობების ეკრანებზე ხდება. იდეა შეიძლება საინტერესო ყოფილიყო, მაგრამ კრიტიკოსი შედეგს აღწერს, როგორც მეორად პროდუქტს, რომელიც უცხოპლანეტელთა შემოჭრის ისტორიას თითქმის მიტანის სერვისებისა და აპლიკაციების რეკლამად აქცევს.

მეოთხე ადგილზეა „The Actor“ – ეგზისტენციალური გამოცანა ამნეზიის მქონე მსახიობზე, რომელიც ბუნდოვანი და ემოციურად განყენებულია. ინტრიგის ნაცვლად, ფილმი ცივი ექსპერიმენტის შთაბეჭდილებას ტოვებს, სადაც მსახიობთა თამაშიც კი თითქოს სპეციალურად დისტანციისკენ გვიბიძგებს.

მეხუთე ადგილზე სოდერბერგის „Presence“-ია – საშინელებათა ფილმი, რომელიც მოჩვენების პოზიციიდან არის გადაღებული. ჩანაფიქრი საინტერესოა, თუმცა კრიტიკოსის აზრით, კამერა აქ უფრო აძინებს მაყურებელს, ვიდრე აშინებს, დაძაბულობა კი მონოტონურობაში გადაიზარდა.

პიტერ დებრიუჟის აზრით, ცალკე აღნიშვნის ღირსია„Snow White“. ეს „ფიფქიას“ სათამაშო ვერსიაა, რომელმაც ზღაპარს სასწაული გამოაცალა და ჯადოსნობა მძიმე „კორპორაციულ პროდუქტად“ (IP-mass) აქცია. მსახიობებთან პრეტენზია ნაკლებია, თუმცა პროექტს აშკარად სიცოცხლე და ხასიათი აკლია.

ასევე დაგაინტერესებთ












