საქართველოს ბაზარზე Starbucks-ის ყავა შემოდის. BMG-ის ინფორმაციით, Starbucks-ის რესტორნები საქართველოში 2026 წლიდან გაიხსნება. პირველ ეტაპზე, ბრენდი ობიექტებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გახსნის, 7-8 წლიან პერსპექტივაში კი საქართველოს მასშტაბით 50-მდე ფილიალის გაიხსნება.

მსოფლიო ბრენდი საქართველოში არაბულ Alshaya group შემოჰყავს. როგორც ცნობილია, ბრენდის ოპერირებას ქართულ ბაზარზე თურქული კომპანია Shaya Turkey მოახდენს, რომელიც Starbucks-ის რესტორნებს თურქეთსა და აზერბაიჯანში მართავს.
ამ ეტაპზე უცნობია რა ეღირება „სტარბაქსის“ ყავა საქართველოში.
ინფორმაციისთვის, Starbucks-ი ამერიკული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ქსელური რესტორნების კომპანიებს შორის შემოსავლით პირველ ადგილზეა. ის 65-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მსოფლიოში 20 000-ზე მეტ ყავის მაღაზიას ფლობს. მმართველი კომპანიის – Starbucks Corporation-ის სათავო ოფისი – აშშ-ში, სიეტლში მდებარეობს.

ბრენდის ისტორია 1971 წელს დაიწყო, როდესაც სამმა ყავის მოყვარულმა 1350-1350 დოლარი შეკრიბა, ნასესხები 5000 დოლარი დაამატა და სიეტლში გახსნა მაღაზია, სადაც ყავის მარცვლები იყიდებოდა. Starbucks -ის დამფუძნებლები ენთუზიაზმით სავსე, განათლებული ადამიანები იყვნენ: ჯერი ბოლდუინი ინგლისურის მასწავლებელი იყო, ზევ სიგლი ისტორიკოსი, ხოლო გორდონ ბოუკერი -მწერალი. მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ მაღაზიისთვის სახელი ჰერმან მელვილის რომანის, „მობი დიკის“, ერთ-ერთი პერსონაჟის საპატივცემულოდ დაერქმიათ. რაც შეეხება ბრენდის ლოგოს, მასზე ქალთევზაა გამოსახული, რომელსაც თავისი მომხიბვლელი გარეგნობითა და ლამაზი ხმით მეზღვაურების მოხიბვლა შეუძლია. Starbucks -ის ლოგოს მიზანიც ადამიანების მიზიდვა და მათთვის გემრიელი ყავის შეთავაზებაა.


იმ დროს Starbucks-ის ძირითადი საქმიანობა ყავის მარცვლების გაყიდვა და რესტორნების, კაფეებისა და ბარებისთვის ყავის მიწოდება იყო. 1980-იანი წლების დასაწყისში კომპანიას ჰოვარდ შულცი შეუერთდა, რომელიც მარკეტინგის განყოფილების მმართველი გახდა. მალე შულცსა და კომპანიის დამფუძნებლებს შორის თავი უთანხმოებამ იჩინა. ჰოვარდი კომპანიის მომავალს ყავის მაღაზიებში ხედავდა, რომლებიც იტალიური ყავის ბარების მსგავსად, შეკრების ადგილებად იქცეოდნენ, ამიტომ „სტარბაქსი“ დატოვა და საკუთარი ყავის მაღაზიების ქსელი, Il Giornale დააარსა.

1987 წელს Starbucks-ის მფლობელებმა თავიანთი კომპანია ჰოვარდ შულცს მიჰყიდეს, რომელმაც თავისი ყავახანების ქსელი Starbucks-ის ქსელს შეუერთა და ერთ კომპანიად აქცია.

სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ, 1992 წელს, Starbucks-ის ქსელს 165 მაღაზია ჰქონდა. მისი წლიური შემოსავალი 1987 წლის 1.3 მილიონი დოლარიდან 1992 წელს 73.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ჰოვარდ შულცმა ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ პირველი მაღაზია 1996 წელს, ტოკიოში გახსნა, 1998 წელს – ლონდონში, ხოლო 1999 წელს პეკინში. 2000 წლისთვის შეერთებულ შტატებში „სტარბაქსის“ 2400 ლოკაცია იყო, ხოლო კანადაში, ევროპასა და აზიაში 350. 2016 წლის დეკემბრისთვის ამ რიცხვმა 26000-ს მიაღწია. მხოლოდ პეკინში ამჟამად მწვანე ნიშნის ქვეშ 3600 ლოკაციაა ცნობილი.

2002 წელს Starbucks-ის ყავის დაგემოვნება ლათინური ამერიკის მაცხოვრებლებმა დაიწყეს და ახლა მექსიკაში 250-ზე მეტი მაღაზიაა.
ათი წლის განმავლობაში, 1990 წლიდან 2000 წლამდე, Starbucks ყავის მაღაზიას ყოველდღე ხსნიდა. ამჟამად კომპანიას მთელს მსოფლიოს 86 ქვეყანაში 38 ათასზე მეტი ობიექტი აქვს გახსნილი. თანამშრომელთა რაოდენობა კი მთელი მსოფლიო მასშტაბით 400 ათასს აღემატება.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! რატომ ვიმატებთ წონას ზამთარში და როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა












