2015 წლიდან „არგოს“ სახით ქალაქს ულამაზესი და მაღალი სტანდარტების ობიექტი აქვს. სასტუმროს დაარსების იდეა არაჩვეულებრივ ქალბატონ მარინა მაწკეპლაძე-ფურცხვანიძის და მისი ოჯახის სახელს უკავშირდება. სასტუმროსთვის სახლი ქალაქის ცენტრში, მისი გემოვნებით შეირჩა. არამარტო სახლი, მომავალი სასტუმროს კონცეფცია, დიზაინი, ყველა დეტალი მისი ხედვითა და საგულდაგულო მეთვალყურეობით დაიგეგმა და მოეწყო.
Boutique Hotel Argo განსხვავებულობას დღემდე ინარჩუნებს. სასტუმროს საქმიანობას მენეჯერი ნათია კახიანი წარმატებით უძღვება. სწორედ ის გვესაუბრება განსხვავებული კონცეფციის, მიღწევებისა და სიახლეების შესახებ.
,,არგო“ 10 წლის ხდება. გვიამბეთ, როგორ ახერხებს სასტუმრო დღემდე წარმატების შენარჩუნებას?
სასტუმროს საიუბილეო წელი აქვს და ეს თარიღი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასტუმროს პროფესიონალურად დაგეგმარებამ, სწორმა მიმართულებამ და ხარისხზე გათვლამ მოგვცა შესაძლებლებლობა, კონკურენტული გარემოს მიუხედავად, ღირსეული ადგილი დაგვეკავებინა ქალაქის სტუმარმასპინძლობის სექტორში.
სასტუმროს კონცეფცია…
სასტუმროსთვის შენობა სპეციალურად შეირჩა. მე-19 საუკუნის სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ჰქონდა და ეს ისტორული ფაქტორი კარგად ესადაგებოდა ისეთი სივრცის შექმნის იდეას, რომელიც თავისი წარსულით ალაპარაკდებოდა და სტუმარს იმ ეპოქის ქუთაისში ამოგზაურებდა. კონცეფციამ გაამართლა, უმეტესწილად უცხოელ სტუმარს აინტერესებს ჩვენი ქალაქის ავთენტური სახე, რომელიც სასტუმროს იდეალურად აქვს შენარჩუნებული.
სტუმართა დინამიკა და უპირატესობები
დაბალი სეზონიდან განსხვავებით, მაღალი სეზონი გაცილებით დატვირთულია. დინამიკაც შედარებით სტაბილურია. სტუმრები არიან როგორც ევროპიდან, ასევე აზიის ქვეყნებიდან.
ქვეყნისთვის მარტივი წელი ნამდვილად არ ყოფილა, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა სასტუმრო „არგო“ და როგორ გაუმკლავდა სირთულეებს?
ტურიზმი და, შესაბამისად, სასტუმრო სექტორი არის ის სფერო, რომლის გამართულად ფუნქციონირებაზე ქვეყნის სტაბილურობას ძალიან დიდი გავლენა აქვს. მიმდინარე პოლიტიკურმა ვითარებამ მეტწილად გამოიწვია ჯავშნების გაუქმება, ვიზიტის თარიღების გადადება. რა თქმა უნდა, ჩვენც მოგვიხდა სტრატეგიის შეცვლა და რეალურად ახალ მოცემულობასთან ფეხის აწყობა, რაც, მინდა გითხრათ, რომ წარმატებით შევძელით.
რა სიახლეები შესთავაზეთ საზოგადოებას?
ნამდვილად გვაქვს სიახლეებისა და საინტერესო პროექტების წელი. სტუმრებს და განსაკუთრებით უცხოელ სტუმრებს ვთავაზობთ სპეციალურად „არგოსთვის“ შექმნილ ფოლკლორულ საღამოებს პროფესიონალების შესრულებით, სხვადასხვა ექსტრემალურ თუ სათავგადასავლო პროექტებს.
გვესაუბრეთ ღონისძიებების შესახებ, რომელიც სასტუმროში იმართება. ყველაზე დასამახსოვრებელ რომელ ღონისძიებას გაიხსენებდით?
გვახარებს ის ფაქტი, რომ სასტუმრო არ არის მხოლოდ განთავსების ობიექტი. ჩვენთვის პრინციპულად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო ვიყოთ. ეწყობა გამოფენები, იმართება კინოჩვენება. ვართ სხვადასხვა ფესტივალის პარტნიორები. აქვე აღვნიშნავ, რომ ქუთაისში ჯაზფესტივალი ჩამოყალიბდა, რომელიც ყოველ ოქტომბერს გაიმართება, „არგო“ კი მისი მუდმივი პარტნიორი იქნება.
ვამაყობთ, რომ სასტუმრო „სამოქალაქო თეატრის“ დაბადების ადგილია. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ღონისძიება იყო „ქუთაისური ისტორიების“ პრემიერა, რომელიც ჩვენს სივრცეში გაიმართა. ასევე, ეს გახლდათ თავად თეატრის პრემიერის დღე – 2023 წლის 13 ოქტომბერი. მიგვაჩნია, რომ ჩვენივე ქალაქის და თანაქალაქელებისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო. გარდა ამისა, სწორედ ჩვენს სასტუმროში მიმდინარეობდა „ავანტიურისტების“ რეპეტიციები, რომლის პრემიერაც საზოგადოებამ 2024 წელს ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე იხილა. დღემდე აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სპექტაკლის რეპეტიცია და პრემიერის მოლოდინში ვართ.
გამოვარჩევდი ყველასათვის საყვარელი მხატვრის, ქალბატონი ნინო ჩაკვეტაძის გამოფენას, რომელიც ქართული ენის დღეს მიეძღვნა. გამოფენამ უდიდესი დაინტერესება გამოიწვია და უამრავი მნახველი ჰყავდა.
ასევე, ქალაქს მალე შევთავაზებთ ერთ-ერთი მხატვრის (სიურპრიზად დავტოვებთ ვინაობას) ნამუშევრების გამოფენას.
სამომავლო გეგმები
ჩვენს სამომავლო გეგმებში ისეთი პროექტებისა და სიახლეების შეთავაზებაა ვიზიტორებისთვის, რაც უფრო მიმზიდველს გახდის სტუმრობას არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ თავად ჩვენს ქალაქში. ამის საკმაოდ დიდი რესურსი აქვს როგორც ქუთაისს, ასევე სასტუმროს.
ტექსტი: მარიამ ირემაძე
ფოტო: ანუკი კახიძე, ზაზა კერძევაძე