„…და ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვი ამ წიგნს გადაშლის, ეს ამბავიც ახლიდან გაცოცხლდება“… მე რომ საბავშვო ლიტერატურის მწერალი ვიყო, ამ იმედით შევქმნიდი სამყაროს, სადაც თითოეულ ბავშვს ყველაფერი შესაძლებლად მოეჩვენოდა, ფრთები გამოესხმოდა, ცისარტყელაზე ციყვებთან ერთად ირბენდა, ხის მონსტრებს ღრუბლებთან სათამაშოდ წაიყვანდა და ფურცლებზე დახატულ გზებს უსასრულო მინდვრებად აქცევდა. როდესაც ჩემს შვილებს ვუყურებ, ვხვდები, რომ ჩვენ ვერასდროს ვწყვეტთ კავშირს ჩვენს ბავშვობასთან. პირველი ზღაპარი ბებიას ხმასთან ასოცირდება, პირველი ჯადოსნური თავგადასავალი – „პეპი გრძელიწინდასთან“ და პირველი შიში – დევების სამფლობელოსთან. მაგრამ როდესაც ვიზრდებით, ვსწავლობთ ზრდასრულობას და ვკარგავთ წარმოსახვას. და აი, სწორედ აქ ჩნდებიან ის ადამიანები, რომლებმაც ბავშვობის სინათლე არ ჩააქრეს საკუთარ თავში და წერა მხოლოდ იმიტომ დაიწყეს, რომ ბავშვებისთვის ფრთები დაებრუნებინათ. მარიამ წიკლაური სწორედ ასეთი სამყაროს შემქმნელია, სადაც ბავშვი და ლიტერატურა ერთმანეთს პირველად ხვდებიან, იწყებენ ერთად თამაშს, ოცნებასა და გართობას – ამის შემდეგ კი, ალბათ, არასდროს შორდებიან ერთმანეთს.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საბავშვო ლიტერატურის მწერლები საკუთარი ბავშვობის შთაგონებით ქმნიდნენ ჯადოსნურ ამბებს. თქვენს შემთხვევაში რამ განაპირობა ეს სურვილი, ყოფილიყავით საბავშვო ლიტერატურის მწერალი?
ბავშვობასთან ვერასდროს წყვეტ კავშირს. სულ თან დაატარებ. ბავშვობა „პერპეტუუმ მობილეა“ – არასოდეს ელევა ენერგია, რომლითაც გმართავს, გამოძრავებს, ის ცოცხალი ხსოვნაა, ხან გამოწვევაა, ხან მოტივატორიც, ხან სიურპრიზებით გეცხადება. მე მიყვარს ჩემი ბავშვობა, თუმცა ბავშვებისთვის წერის სურვილი უფრო შვილებთანაა დაკავშირებული, მე მათთვის დავიწყე წერა. შვილებისთვის დაწყებული საქმე კი ძვირფასია და მთელი მონდომებით აკეთებ. თავადაც ბედნიერდები ამ საქმით. მერე აღმოაჩენ, რომ ამას შენში ჩარჩენილი ბავშვისთვის აკეთებ და ძალიანაც კარგია, რომ ასეა. მერე იმასაც ხვდები, რომ ყველა წიგნიდან შენი ბავშვობა გიყურებს…
გახსოვთ თუ არა თქვენი პირველი წაკითხული წიგნი და ის ემოცია, რაც მისი კითხვის დროს დაგეუფლათ?
სახლში ბევრი წიგნი, დიდი ბიბლიოთეკა გვქონდა. ჯერ მიკითხავდა ხოლმე ჩემი ნინო ბებო, მახსოვს, როგორ ვტიროდი „შვილის ნუკრის ნაამბობზე“, მერე მახსოვს „თინას ლეკური“ და მძაფრი განცდები. ბევრს ვიცინოდით „მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი“-ზე. მაშინ ყველა ბავშვი ვკითხულობდით ამ წიგნს რატომღაც. მაგრამ ბავშვებს ხომ წიგნებისგან მიღებულ პირველ ემოციებს უქმნით ნახატები. ტექსტამდე არის ილუსტრაციები. ჩემი პირადი ბიბლიოთეკიდან მახსოვს შალვა ცხადაძის დახატული „დათუნია-დრუნჩა“. მაყვალა მრევლიშვილის „ვისია ზიზია?“ გრიშაშვილის „ბაბაჯანას ქოშები“, შარლ პეროს ზღაპრები ულამაზესი ილუსტრაციებით. ემოციურად მახსოვს რადიოთი გადმოცემული „ძილისპირულის“ ზღაპრები. რადიოდან მოსმენილი განუმეორებელი ბგერითი მისტიკის შეგრძნება…
ერთია, შექმნა საინტერესო ტექსტი პატარებისთვის და მეორეა, რომ ეს ტექსტი ადრესატამდე მიიტანო. ეს გზა ზოგი მწერლისთვის ადვილად გასავლელია, თუმცა თქვენ დიდი ძალისხმევა დაგჭირდათ იმისთვის, რომ თქვენი წიგნები დაებეჭდათ. მახსოვს არაერთი უარის მიუხედავად, საკმაოდ კრეატიული და მოულოდნელი ნაბიჯი გადადგით, რათა თქვენი წიგნი მაღაზიების თაროებზე მოხვედრილიყო. მოგვიყევით, როგორ დაიბეჭდა თქვენი პირველი წიგნი?
პირველი საბავშვო წიგნის გამოცემა მინდოდა, მაგრამ სიტუაცია ძალიან რთული იყო. ნაომარი, დანგრეული თბილისი, ახლად მოპოვებული დამოუკიდებლობა და ყველა თანამდევი სირთულე… ვის ეცალა ჩემთვის? ნახატები მეგობარმა დამიხატა საჩუქრად, ქაღალდი ძმამ მაჩუქა, მეუღლის კლასელმა კი მოხვია ხელი ყველაფერს და სადღაც, მანქანის ფარეხში გამართულ კუსტარული სტამბის დანადგარზე დაბეჭდა და ააწყო ჩემი პირველი საბავშვო წიგნი. ასეთი საჩუქარი არასდროს მიმეღო, მეგონა ხელახლა დავიბადე. პრინციპში, ასეც მოხდა, წიგნიდან სხვა რაკურსით ჩანხარ, ავტორადაც იბადები და მკითხველიც იბადება – სრულიად ახალი სუბიექტი. მასთან ერთადაც იწყებ ახლებურ არსებობას. ზოგი შენს ლექსს სიმღერად აქცევს, ვიღაცას სახელმძღვანელოში შეაქვს, ასე იწყებენ დამოუკიდებელ სვლას ეს ლექსები. თვითგამოცემის მერე უკვე იწყება ნელ-ნელა კიდევ უფრო საინტერესო საფეხური – ხდები გამომცემლობის ავტორი. მაშინ არ ვიცოდი, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მასალის სწორად შეფუთვას. ნამდვილი სიხარული მომიტანა ბაკურ სულაკაურის მიერ გამოცემულმა ჩემმა საანბანო ლექსებმა, ნანა მელქაძის შესანიშნავი ნახატებით. დღეს რატომღაც პოეზიას არაკომერციულად მიიჩნევენ და ეს პირადად მე მიქმნის პრობლემებს. ამიტომაც ჩავატარეთ ათი წლის წინ კრეატიული აქცია – „წმლანდია“, მეგობრებსა და მკითხველებთან ერთად. გამოუცემელი წიგნი გავყიდეთ წინასწარ! ამ ფულით დაიბეჭდა „მხიარული რეცეპტები“ და წინასწარ მყიდველებს – წმ-ებს დაურიგდათ. ეს იყო მეგობრობის, ნდობის, სოლიდარობის და საბავშვო ლექსების მხარდაჭერის უნიკალური ისტორია – ულამაზესი ამბავი ჩემს ცხოვრებაში. მერე პროზაც ვცადე და დღეს უკვე ბევრი წიგნის ავტორი ვარ …უკვე მაქვს საზღვარგარეთული გამოცემებიც… საზოგადოდ კი, იმხელა სიკეთე მოაქვს კარგი საბავშვო ლექსებისა თუ მოთხრობების კითხვას, რომელ არაკომერციულობაზეა ლაპარაკი?! ესაა სნობური ახირებულობა. ჩვენს საზოგადოებას ბევრი რამ აქვს გასააზრებელი, მაგრამ ფიქრი და სიახლის ძებნა ცოტა ეზარებათ… მიხარია, რომ წელს გამომცემლობა „პალიტრა L“ ჩემი საბავშვო ლექსების კრებულს გამოსცემს. მენანება, იმდენი გამოსაცემი მასალა მაქვს და რეალიზებას ვერ ვახდენ თითქოს… პროდუქტიული ვარ, მაგრამ ხანდახან ეს ტვირთად მექცევა…
როდესაც ბავშვი თქვენს წიგნს იღებს ხელში, ამ დროს რა არის თქვენი მთავარი სურვილი, რა გინდათ განიცადოს პატარა მკითხველმა?
შეიძლება 3 წლის ბავშვმა ნახატი შეიყვაროს, 5 წლისამ – ხალისიანი რითმები და რიტმებიც შეიგრძნოს, 7 წლისას პერსონაჟების ინტერესი გაუჩნდეს, 9 წლისა უკვე თავგადასავლის ძებნაში გამოგყვეს. ზოგადად კი, მინდა მოეწონოთ წიგნი, უხაროდეთ მისი ფურცვლა, კითხვა, იცინონ, იტირონ, იმოგზაურონ, იფიქრონ, დამეგობრდნენ წიგნთან. ენდობოდნენ წიგნს, მოთხოვნილებად ექცეთ კითხვა. იქცნენ წიგნიერ ადამიანებად, სამშობლო შეიყვარონ…
საბავშვო ლიტერატურა სწორედ ის საწყისი საფეხურია, რითიც ადამიანისა და წიგნის მეგობრობა იწყება. სწორედ თქვენ მიერ შექმნილი წიგნებია ის პირველი ნაბიჯები, რომლითაც ბავშვები ლიტერატურის სამყაროში იწყებენ მოგზაურობას. აღიქვამთ თუ არა ამას როგორც თქვენს უდიდეს პასუხისმგებლობას და რა არის თქვენი მთავარი გზავნილი, პატარა მკითხველებისათვის?
დიახ, ნამდვილად უდიდესი პასუხისმგებლობაა. მაქვს ამის განცდა, და არა მხოლოდ მკითხველის, ქართული ენის მიმართაც, იმ მწერლების მიმართაც, ვისმა წიგნებმაც გაგვზარდეს და შეგვაყვარეს სამყარო და ადამიანი. ბავშვისადმი პასუხისმგებლობა კი – უმთავრესია!
მადლობა მინდა ვუთხრა გამომცემლებს ყველა კარგი საბავშვო წიგნისთვის. მადლობა ყველა გონიერ, გემოვნებიან მასწავლებელს, რომელიც ეძებს კარგ წიგნებს, ეცნობა და დღეს ერთადერთი შუამავალიღაა წიგნებსა და ბავშვებს შორის. უმაგათოდ გაცილებით ცუდ დღეში ვიქნებოდით…
გამიხარდება, თუ ჩემი წიგნები ბავშვს განავითარებს, გაზრდის გონებრივად, შემოქმედებითობას გაუღვივებს, კითხვას ასწავლის, ლექსიკას გაუმდიდრებს, თუ ადამიანებსა და სამყაროს შეაყვარებს, მოეხმარება ემოციების გამოხატვაში, თვალსაწიერს გაუფართოებს, გაახალისებს, ფიქრს მიაჩვევს, პრობლემების დაძლევაში დაეხმარება. მე ბავშვები დედამიწის ყველაზე კარგ რასად მიმაჩნია და მინდა, მათ მაინც შეძლონ სამყაროს ავსება სიხარულით, სიკეთით, სიყვარულით. შეძლონ მშვიდობიან, კეთილგანწყობილ სამყაროში ბედნიერი ცხოვრება. არ იყვნენ მერკანტილურები, მომხმარებლები, ძალაუფლების მოყვარულები, მჩაგვრელები, ომების გამჩაღებლები. არ იყვნენ შეუწყნარებლები, იფიქრონ სხვებზე, იყვნენ ის ადამიანები, ვისაც მთელი გულით მივენდობით… მსურს სიკეთის მსახურებად გაიზარდონ.
ყველაზე მოულოდნელი, ემოციური ან სახალისო რეაქცია, რაც თქვენს წიგნზე პატარა მკითხველისგან მიგიღიათ?
ბევრნაირი ემოცია გაუზიარებიათ ბავშვებს… სახლში მათი წერილების არქივი მაქვს, და ყველა მათგანი განუმეორებელია, მაგრამ არ მავიწყდება ერთი ნამცეცა გოგონა, რომელმაც ერთ-ერთ სკოლაში, შეხვედრის დასრულებისას, სულ ბოლოს ასწია ხელი და ნებართვა ითხოვა. მეგონა, რაღაც უნდა ეკითხა და გულისყურით მივაჩერდი. პაწაწუნა, კაფანდარა, ათრთოლებული ხმით მეუბნება: „თუ შეიძლება არ მოკვდეთ“…
ახლა ჩემ ნაცვლად თქვენი წიგნის რომელიმე გმირი რომ გისვამდეთ კითხვებს, როგორ ფიქრობთ, რას გკითხავდათ იგი? საინტერესოა ასევე, თუ რომელ პერსონაჟს გააცოცხლებდით და მისცემდით ჟურნალისტის უნარ-ჩვევებს?
ჩემი ნაწარმოებები, – ლექსები იქნება, მოთხრობები თუ ზღაპრები, სავსეა პერსონაჟებით. წერისას ყველა იმათგანი ვყოფილვარ, მსახიობივით მითამაშია მათი როლი, მომირგია მათი ბუნება, ხასიათი. ნებისმიერი გმირი ალბათ შემეკითხება, რატომ ვარ ასეთი, როგორიც ვარო? იქნებ სულაც სხვანაირი სურდათ ყოფილიყვნენ, ვინ იცის? ზოგს იქნებ მადლობაც გადაეხადა, რომ სწორედ ისეთია, როგორიცაა… ახლა ალბათ ჩემი ახალი და ჯერჯერობით ბოლო წიგნის „იოს არდადეგების“ ზღარბ იოს მივცემდი უნარს, ყოფილიყო ჟურნალისტი და გვესაუბრა ამ სასწაულზე, რასაც „საბავშვო ლიტერატურა“ ჰქვია და გვყოლოდა ბევრი რესპონდენტი-ბავშვი. იო ისეთი ჭკვიანი არსებაა, სულ სხვა თვალით დამანახებდა მათაც და საკუთარ თავსაც. ლიტერატურას ხომ ეს საქმეც ავალია, დავინახოთ ჩვენივე თავი.
თქვენი აზრით, რომელია ყველაზე ზღაპრული და ჯადოსნური სიტყვა, რომელიც ყველა ამბავს კეთილ დასასრულს უქადის? სწორედ ამ სიტყვითა თუ წინადადებით მინდა დავასრულოთ ჩვენი ინტერვიუ და ჩვენს მკითხველებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ „ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად“ მხოლოდ წიგნის ფურცლებზე დაბეჭდილი სიტყვების ერთობლიობა არ არის…
ეს ჯადოსნური სიტყვა ერთადერთია და ასე იწერება „სიყვარული“. იქ, სადაც სიყვარულია, არის სიკეთეც, მადლიც, სიხარულიც და ტკივილებიც გასაძლისია. სიყვარული გულიდან მოედინება. ადამიანებს ბედნიერებისთვის უნდა უძგერდეთ გული. გულში იცით, ვინც მკვიდრობს. სიყვარული ძლევს ეგოიზმს. თუ გულს გაუხსნი ადამიანებს, ბუნებას, შემეცნებას, წარმოუდგენელია არ იცხოვრო დიდხანს და ბედნიერად. იაპონელი პოეტის, მისუძუ კანეკოს, საბავშვო ლექსებს ვთარგმნიდი და მაშინ შევიტყვე, რომ არ მქონდა უფლება, ისე დამელაგებინა წინადადება, ფრაზა, რომ პირველი სიტყვა ყოფილიყო „მე“. ის აუცილებლად უნდა მომეხვედრებინა წინადადების ბოლოს, რადგან ეს ყოფილა იაპონელთა წესი – „მე“ მხოლოდ ბოლოს! რაღაც ამდაგვარი დამოკიდებულება გვაკლია ჩვენ. სხვების მსახურება, სხვების სიყვარული, თავმდაბლობა – ამის გათვალისწინებაც დაგვეხმარება ბედნიერ ცხოვრებაში.
ტექსტი: თაკო დარახველიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი