დღეს გაგაცნობთ თავისი საქმის პროფესიონალს, ექიმ-ჰემატოლოგს, ლალი ლაბაძეს. პროფესიის არჩევისას დიდხანს არ უფიქრია, რადგან ექიმობა მისი მოწოდება იყო. მისი პროფესიონალიზმი და საქმისადმი სიყვარული პაციენტებთან ურთიერთობაშიც კარგად ჩანს. „ექიმს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ ცოდნა და გამოცდილება, არამედ იმედიანი მზერა, რომელიც თითოეულ პაციენტს ეხმარება ბრძოლასა და გამარჯვებაში“, – აღნიშნა მან ჩვენთან საუბარში. ამას გარდა, ქალბატონი ლალი მუდმივად მიისწრაფვის ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებისკენ და ცდილობს სხვა ქალებიც შთააგონოს, რომ საკუთარი თავის რწმენას და შრომას ყოველთვის აქვს შედეგი.
ბავშვობა
ლალი ლაბაძე: წარმოშობით კახეთიდან ვარ – იმ ულამაზესი კუთხიდან, სადაც ბუნება და ადამიანების სითბო ერთ მთლიან ჰარმონიას ქმნის. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია – ბავშვობის გზა, რომელიც სიყვარულით, შრომითა და დიდი რწმენით, ნამდვილ ტრადიციულ ქართულ ოჯახში გავიარე. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ სხვადასხვა ეტაპზე მიღებული მაცდური წინადადებები საზღვარგარეთ კარიერისა და ცხოვრების გაგრძელებაზე ძალიან ადვილად უარვყავი.
ჩემი გზა მედიცინისკენ ბავშვობიდანვე განისაზღვრა, რადგან ეს იყო არა უბრალოდ პროფესია, არამედ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ოცნება და მოწოდება. მედიცინა ჩემთვის ნიშნავს ადამიანების სიყვარულს, დაცვასა და მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას.
განათლება
თავდაპირველად სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, შემდეგ კი ფთიზიატრიის მიმართულებით რეზიდენტურაში გავაგრძელე სწავლა. საბოლოოდ ჰემატოლოგია იქცა ჩემი პროფესიული ინტერესის უმთავრეს ცენტრად. ამასთანავე, გამიმართლა, რომ ინსტიტუტშიც და რეზიდენტურაშიც საუკეთესო ჯგუფებთან მოვხვდი. პრაქტიკულად, ყველა კურსელი გამორჩეული იყო არა მხოლოდ ნიჭით, არამედ ერთმანეთის მხარდაჭერითა და მეგობრობით. მათგან ბევრმა დიდი წარმატება მოიპოვა და დღეს ისინი ჩემს საუკეთესო კოლეგებად და მეგობრებად რჩებიან.
სახელმწიფო რეზიდენტურის დასრულების შემდეგ ამ სფეროში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას შევუდექი. ეს გზა მარტივი არ ყოფილა, თუმცა იყო უზომოდ საინტერესო და შემეცნებითი, მასწავლიდნენ საუკეთესო ლექტორები და მენტორები. მათმა ადამიანურობამ, სიღრმისეულმა ცოდნამ და სიყვარულმა პროფესიისადმი უდიდესი გავლენა მოახდინეს ჩემზე.
ოჯახი
ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი საყრდენია! ეს ის ჯილდოა, რომელიც განგებამ ალბათ საჩუქრად მარგუნა და ამისთვის განუზომლად მადლობელი ვარ. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარი და თანამზრახველია. ის საქართველოს სამეჯლისო სპორტული ცეკვების ასოციაციის მცხეთა-თიანეთისა და შიდა ქართლის თავმჯდომარეა, ეროვნული კატეგორიის მსაჯი და სტუდია „წეროების“ დამფუძნებელი და მთავარი ქორეოგრაფი. მიუხედავად თავისი დატვირთული გრაფიკისა და შემდგარი სახელოვნებო კარიერისა, მეუღლე ყოველთვის გვერდით მიდგას და მისი თანადგომა ჩემს პროფესიულ წარმატებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
მყავს ორი შესანიშნავი შვილი – სკოლის მოსწავლეები – ვაჟი და ქალიშვილი, რომლებიც უკვე საოცარ დამოუკიდებლობასა და შემოქმედებით უნარებს ამჟღავნებენ.
ჩვენ ერთი დიდი და მეგობრული გუნდი ვართ, სადაც ყველას თავისი ადგილი და როლი აქვს. ჩვენი ოჯახი ერთმანეთისთვის უდიდესი ენერგიის წყაროა. ოჯახში ყველაზე პატარა და გათამამებული წევრიც გვყავს – მიმი – მხიარული, ენერგიული, ჭკვიანი და ერთგული თოი ტერიერი. სამსახურის დატვირთული დღის შემდეგ მისი მხიარული ბუნება საუკეთესო განტვირთვაა. მას საოცარი ინტუიცია აქვს – ყოველთვის გრძნობს ჩემს ემოციებს და ცდილობს, მხიარულ განწყობაზე დამაყენოს.
თავისუფალ დროს
მუსიკა ბავშვობიდანვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყოველთვის მიყვარდა სიმღერა, ჩემი ოჯახიც ძალიან მუსიკალურია – თავისუფალ დროს ხშირად ვმღერით ერთად, რაც უდიდეს სიხარულსა და განტვირთვას გვანიჭებს. ასევე, გვიყვარს ბუნებაში გასეირნება, ახალი ადგილების აღმოჩენა და, უბრალოდ, ოჯახური დროის ერთად გატარება. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ ეს უბრალო, მაგრამ ძვირფასი მომენტებია. მედიცინა არ არის მარტივი პროფესია, სწორედ ამიტომ ოჯახური სიმყუდროვე და სიმშვიდე ძალიან გვეხმარება პროფესიულ საქმიანობაში.
პროფესიის შესახებ
მუდმივი სწავლისა და განვითარების გზაზე ყოველთვის ვცდილობდი, რომ სიყვარულის დახმარებით ჩემსა და სხვა ადამიანების ცხოვრებაში ჰარმონია შემექმნა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ცხოვრებამ მიბოძა, არის შესაძლებლობა, გავზარდო ადამიანების სიცოცხლის ხარისხი. პროფესიისადმი ერთგულება და საყვარელი ადამიანები მეხმარებიან საბოლოო გამარჯვებისკენ გასავლელი სირთულეების დაძლევაში.
კარიერის პირველივე დღეებიდან საოცარ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა, რაც ჩემი პროფესიული განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. დღეს კი ვმუშაობ კლინიკა „ჯერარსში“, რომელიც უმაღლესი სტანდარტების სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს. აქ თითოეული ექიმი არა მხოლოდ მკურნალი, არამედ პაციენტის გულშემატკივარი და თანამგრძნობი მეგობარია.
აღსანიშნავია, რომ ჰემატოლოგია თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. სისხლის დაავადებები საკმაოდ რთული და სპეციფიკურია, თუმცა სამეცნიერო პროგრესი, ინოვაციური მკურნალობის მეთოდები და პერსონალიზებული მედიცინა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროგნოზს. გლობალური სტატისტიკით, ჰემატოლოგიური დაავადებები, განსაკუთრებით ონკოჰემატოლოგიური პათოლოგიები ყოველწლიურად ათასობით ადამიანთან ვერიფიცირდება, თუმცა დროული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტების გადარჩენის შანსს, საქართველოში ამ მიმართულებით პროგრესი შესამჩნევია, თუმცა მუდმივი განვითარება კვლავ საჭირო და აუცილებელია.
ჰემატოლოგიური პაციენტები განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ, რადგან მათი დიაგნოზი ხშირად ხანგრძლივ და რთულ მკურნალობას მოითხოვს. ექიმის ნამდვილი ძალა კი იმაში მდგომარეობს, რომ არასდროს დაკარგოს იმედი, მუდამ ეძებოს ახალი გზები პაციენტების დასახმარებლად და მათი სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ხოლო ამ გზაზე წარმატებას განსაზღვრავს არა მხოლოდ ცოდნა და გამოცდილება, არამედ იმედიანი მზერა, რომელიც თითოეულ პაციენტს ეხმარება ბრძოლასა და გამარჯვებაში.
რჩევა ქალებს
თანამედროვე ქალებს ხშირად უწევთ მრავალროლიანი ცხოვრების წაყვანა – ისინი ერთდროულად არიან პროფესიონალები, დედები, მეუღლეები და მეგობრები. ჩემი რჩევაა, არ შეუშინდნენ გამოწვევებს და ყოველთვის იბრძოლონ საკუთარი ოცნებების ასასრულებლად.
ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და იმ ადამიანების მხარდაჭერის დაფასება, ვინც ცხოვრებაში გვერდით გვიდგანან. ასევე, მინდა ვურჩიო ქალბატონებს, რომ მუდმივად ისწავლონ, განვითარდნენ და არ შეწყვიტონ საკუთარი შესაძლებლობების გაღრმავება. განსაკუთრებით ეს პრინციპები მომავალმა კოლეგებმა უნდა გაიზიარონ, რადგან სწორედ მათ მხრებზე უნდა დადგეს უძველესი ტრადიციის მქონე ქართული მედიცინის წინსვლა.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი