ქართული OK! სიამოვნებით წარმოგიდგენთ ულამაზეს, წარმატებულ, ახალგაზრდა წყვილს: „დინამო თბილისის“ ფეხბურთელს, დავით სხირტლაძეს და The Hershey Company-ს რეგიონულ დირექტორს, სალი ჯანაშვილს. როგორია დავითისა და სალის სიყვარულის ისტორია, მათი ოჯახური ცხოვრების პირველი თვეები და რა სირთულე ახლავს ფეხბურთელის ცოლობას, ამას სალისთან და დავითთან ინტერვიუში წაიკითხავთ.
სალი, დავით, თქვენი სიყვარულის ისტორია მოგვიყევით.
(დავითი): ერთ-ერთი თამაშის შემდეგ ბიჭებმა დასასვენებლად ყაზბეგში წასვლა გადავწყვიტეთ. იქ, სასტუმროში დავინახე სალი და, ასე ვთქვათ, „თვალი დავადგი“, გამოველაპარაკე, გავიცანი და მერე როგორც ხდება თანამედროვე სამყაროში, ინსტაგრამზე გადაინაცვლა ურთერთობამ. დიდი ხანი კი დამჭირდა, რომ შეხვედრაზე დამეთანხმებინა. ასე დაიწყო ჩვენი ამბავი. ყაზბეგს ვუმადლი ყველაფერს.
(სალი): მერე საჩუქრებს, ყვავილებს მიგზავნიდა დიდხანს და ვერ ვხვდებოდი, ვისგან იყო. შემდეგ ისეთ წარწერებს უკეთებდა საჩუქრებს, რომ მივხვდი, ვინც მიგზავნიდა. ცოტა ხანში შევხვდი და ასე დაიწყო ყველაფერი.
სალი, დავითზე თქვენი პირველი შთაბეჭდილება როგორი იყო?
(სალი): იმ პერიოდში „დინამო თბილისი“ ჩემპიონი გახდა. მამას ძალიან უყვარს ფეხბურთი და იმ თამაშზე მე, მამაჩემი და ჩემი ძმა ვიყავით. დათი მახსოვდა ამ თამაშიდან და ყაზბეგში რომ დავინახე, მაშინვე ვიცანი. ინსტაგრამზე რომ დამამატა და მომწერა, დავიწყეთ საუბარი. შეყვარებულობის პერიოდი დაახლოებით წელიწადი გაგრძელდა.
(დავითი): პატარ-პატარა დრამებით გაგრძელდა, ალბათ წელიწადზე ნაკლებ დროს. სალი: შემდეგ ხელი მთხოვა დინამოს სტადიონზე, 7 დეკემბერს და უკვე 9 თვეა, რაც ცოლ-ქმარი ვართ.
როგორი აღმოჩნდა ოჯახური თანაცხოვრება?
(დავითი): ძალიან ჰარმონიული. იყო პატარა სირთულეებიც, რადგან, 3 კვირის ერთად ცხოვრების მერე აღმოჩნდა, რომ უცებ თურქეთში მივდივარ. სალისაც მოუწია სამსახურის დატოვებამ და ჩემთან ერთად წამოსვლამ. თუმცა ეს რთულთან ერთად საინტერესო გამოწვევაც აღმოჩნდა. ფეხბურთელის ცოლობა ისედაც ცოტა რთულია და მერე კიდევ უცხო ქვეყანაში, უცხო კულტურის, რელიგიის, უცხო საზოგადოების პირობებში არ იყო სალისთვის მარტივი გასამკლავებელი.
სალი, თურქეთში ცხოვრების პერიოდზე მოგვიყევით. ძალიან გაგიჭირდათ?
(სალი): რომ შევუღლდით, მალევე ერთი თვით წავიდა თურქეთში, საფეხბურთო შეკრებაზე. ბოლო 1 კვირის განმავლობაში მეც ჩავედი, რომ დამესვენა. სეზონის სატრანსფერო ფანჯარა იკეტებოდა და 3 საათით ადრე გადაწყდა, რომ განათხოვრებით უნდა ეთამაშა თურქულ კლუბში. სამ საათში მოხდა ყველაფერი. უცნაური ის იყო, რომ იქაური გულშემატკივრები გაცილებით მეტად ჩართულები არიან ფეხბურთში. ძალიან ბევრი კომენტარი და მესიჯები იყო დათის ინსტაგრამზე და პირველად იქიდან გავიგეთ, რომ ტრანსფერი დადასტურდა. ორ კვირაში მომიწია სამსახურიდან წამოსვლამ, არ მინდოდა ცალ-ცალკე ვყოფილიყავით. ჩვენი სახლი სტამბულიდან 40 წუთის გზაზე იყო, პატარა გარეუბანში, აზიურ მხარეში და აზიური ცხოვრების სტილზე შეგუება გამიჭირდა. მაგრამ ჩემი მეუღლის თამაშებზე დასწრება იმდენად მაბედნიერებს, რომ ამისთვის ყველაფერი ღირდა. მას ფეხბურთი გაგიჟებით უყვარს და თამაშებზე მის გვერდით ყოფნა ძალიან მახარებს.
(დავითი): სტამბული კი ძალიან თანამედროვეა, მაგრამ ჩვენ ქალაქის გარეთ, აზიურ მხარეში ვიყავით და იქ ევროპული ქალაქებისა და თბილისისგან განსხვავებული ცხოვრების სტილია, მეტად ტრადიციული.
(სალი): თამაში რომ ჰქონდა, ხშირად რამდენიმე დღე მარტო ვიყავი. ძირითადად ასაკოვანი ხალხი ცხოვრობდა ჩვენს ქალაქში, რადგან იქაური ახალგაზრდების უმრავლესობა, ქალაქების ერთმანეთთან ახლომდებარეობის გამო, სასწავლებლად და სამუშაოდ სტამბულში მიდიან. სხვანაირი ცხოვრების სტილს ვარ მიჩვეული და იქაურ ყოფასთან ადაპტაცია ცოტა გამიჭირდა. დისტანციურად მუშაობაც რთული იყო, რადგან სამუშაო სივრცეები არ იყო ახლოს. ძირითადად ვსეირნობდი ან მოლში დავდიოდი, რთული იყო დროის გაყვანა.
როგორია თქვენი ერთი დღე?
(დავითი): ჩემთვის – ვარჯიში, მერე დამატებით სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში და თავისუფალ დროს მაქსიმალურად სალისთან ერთად გატარება, რადგან ჩემთვის დღის ყველაზე საყვარელი და სახალისო პერიოდი ესაა.
(სალი): სულ ვახერხებთ, რომ კინოში ან რესტორანში წავიდეთ, ჩვენს მშობლებს ვეწვიოთ. ისევ პაემნებზე დავდივართ.
ერთმანეთში რა სიახლეები აღმოაჩინეთ დაოჯახების შემდეგ? შეყვარებულობის დროს ხომ ძირითადად ეპრანჭება ერთმანეთს წყვილი და ცდილობს საუკეთესო მხარეებით გაეცნოს, ხომ ასეა? შეუღლების შემდეგ რა ხდება?
(დავითი): ბევრად სახალისო და სასიამოვნოა მასთან თანაცხოვრება. ახერხებს, რომ ხშირად გამაცინოს და კარგი განწყობა შემიქმნას. კი, ასეა, შეყვარებულობის დროს ერთმანეთს კარგ მხარეებს ვანახვებთ, თურქეთში ხომ ბევრი სირთულე იყო, რომ დავბრუნდით, აქაც არის რაღაც გამოწვევები, მაგრამ სულ კარგ განწყობას ქმნის, ძლიერი პიროვნებაა, ხალისიანი.
(სალი): რაც დავოჯახდით, ბევრად უფრო შემიყვარდა. შეყვარებულობის დროინდელი ყველა უთანხმოება თანაცხოვრებაში გაქრა. ერთმანეთს იმდენად ვენდობით, რომ უთანხმოება, ფაქტობრივად, არაფერზე გვაქვს. ახლა ბევრად მეტი სიმყუდროვეა ურთიერთობაში, ვიდრე შეყვარებულობის დროს, როცა სისულელეებზე გვქონდა კონფლიქტები. მე პირადად ჯერ არ ვგეგმავდი ოჯახის შექმნას და დათიმ მომანდომა. ახლა სხვანაირად ვეღარც წარმომიდგენია ცხოვრება.
კონფლიქტის დროს ვინ თმობს პირველი?
(დავითი): მე მიწევს. ჩვენი იდილიისთვის ასეა საჭირო, რომ მე დავთმო.
რომელი უფრო თბილი ხართ?
(დავითი): სალი უფრო თბილია.
დილას ჩაი თუ ყავა?
(სალი): ყავა, და მე ვადუღებ ან ვიძახებთ.
სამზარეულოში ფუსფუსი გამოგდით?
(დავითი): დიდხანს, 10 წელზე მეტხანს მარტო ვცხოვრობდი, მაგრამ მაინც ვერ ვისწავლე საჭმლის მზადება. სალიც არ იყო დიდი ექსპერტი, მაგრამ ბოლო დროს ისე დახელოვნდა, რომ შოკში ვარ. სულ ამბობდა, არ მიყვარს საჭმლის მომზადებაო, მაგრამ ძალიან კარგად გამოსდის.
სალი, რას ამზადებთ ყველაზე გემრიელად?
(სალი): მე მგონი, სტეიკს. ადრე არ ვამზადებდი კერძებს, არ ვიცოდი. ხშირად დროის უქონლობის გამო ახლაც ვერ ვაკეთებ, თუმცა ძალიან მსიამოვნებს დათისთვის სადილების კეთება. მერე მაქებს და მიხარია. ამიტომ ყოველთვის სახარულით ვამზადებ. მე თვითონაც მიკვირს, ვერ წარმომედგინა, კერძის ასეთი სიამოვნებით მომზადება თუ შეიძლებოდა.
თქვენს საქმიანობაზე მოგვიყევით, სალი.
(სალი): ამერიკული ყველაზე დიდი შოკოლადის მწარმებელი კომპანიის, „ჰერშის“ (Harshey’s) აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია მიჭირავს აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოში 2022 წლიდან გვაქვს „ჰერშის“ იმპორტი. შევედით სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის ბაზარზე. და მოდი, აქვე დავაანონსებ, რომ მალე, 1-ელი დეკემბრიდან გვექნება „ჰერშის“ ერთ-ერთი ქვებრენდის, „რიზესის“ (Reese’s) ფრანჩაიზ კაფე-გალერეა თბილისში. წარმოდგენილი ვართ ქსელურ მარკეტებში, „ნიკორაში“, „აგროჰაბში“ და ა.შ. ასე რომ, ძირითადად ჩემი საქმიანობა ბიზნესია. ჩვენს პორტფოლიოში 20-მდე ბრენდია გაერთიანებული. წლის ბოლოდან იქმნება საქართველო-ამერიკის ჰორეკა სადისტრიბუციო კომპანია. ამერიკაში დამზადებული პროდუქციით მომარაგდება საქართველოს სასტუმროები, რესტორნები და ჩვენს კაფეში წარმოდგენილი ყველა პროდუქტის ინგრედიენტი ამერიკული იქნება.
დავით, თქვენ ამჟამად კლუბ „დინამოს“ ფეხბურთელი და საპატიო 10 ნომერი მაისურის მფლობელი ხართ. მოგვიყევით თქვენს კარიერაზე.
(დავითი): 17 წლისამ, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტის შემდეგ, კარიერა გავაგრძელე დანიაში, ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ კლუბ – Aarhus FC-ში, სადაც ასევე 17 წლისა წავედი, ასაკობრივ ჯგუფში. 18 წლიდან დამაწინაურეს, დავრჩი დანიაში და იქ ვითამაშე 8 წელზე მეტი, პარალელურად იყო საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრები. შემდეგ იყო პატარ-პატარა პერიოდებით სლოვაკეთი და ლატვია – FC Riga, ერთი წელი ვითამაშე პოლონეთში, კოვიდის პერიოდში. შემდეგ დავბრუნდი „დინამოში“, კლუბს ჩემპიონობაში დავეხმარე. მერე კვლავ წავედი დანიაში 6 თვით, ბოლო 6 თვე თურქეთში ვითამაშე განათხოვრებით და ახლა კვლავ „დინამოს“ ფეხბურთელი ვარ, დეკემბრამდე და მერე ვნახოთ.
ფიქრობთ საქართველოში დარჩენას?
(დავითი): ზუსტად ვერ გეტყვით. ფეხბურთში როდის რა მოხდება, არასდროს იცი. სხვისთვის ცოტა რთულია ასეთი დაუგეგმავი ცხოვრება, მაგრამ ფეხბურთი ამით არის საინტერესო, რომ ეს თავისებურება აქვს, რაც ჩემთვის სასიამოვნო და კომფორტულია. ბოლო პეროდში ქართული ფეხბურთის წარმატებამ ძალიან გამახარა. ბევრ გულშემატკივარს გული მოუბრუნდა ქართულ ფეხბურთზე. სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა ჯერ არ ისახება ქვეყნის ჩემპიონატზე, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი, მგონია, რომ იქნება სწორედ ის, რომ საქართველოს ჩემპიონატიც დაიხვეწოს და უფრო აქტუალური გახდეს.
თქვენ ხართ საპატიო 10 ნომერი მაისურის მფლობელი. ამაზეც მოუყევით ჩვენს მკითხველს.
(დავითი): დინამოსთვის ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანია 10 ნომერი მაისური, რადგან დავით ყიფიანს ეცვა და ბევრი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ მოირგოს 10 ნომერი. დიდხნიანი პაუზის, 6-7 წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს ადამიანი მე ვყოფილიყავი. დიდი პატივია ჩემთვის, რომ ასეთი დაფასება მივიღე – როცა„ დინამოს“ კაპიტანი გავხდი, ძალიან მალევე ჩავიცვი 10 ნომერი მაისური. ამ გადაწყვეტილებას დინამოს ხელმძღვანელობასთან ერთად ფანებიც იღებენ, ხმას აძლევენ მათ რჩეულ ფეხბურთელს და სწორედ მათ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, ჩემი არჩევისა და ნდობის გამოცხადებისთვის.
დარწმუნებული ვარ, მალე ისევ გიხილავთ საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის.
(დავითი): იმედი მაქვს. დიდი მადლობა თქვენ.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ნონო თენოშვილი