როგორ ოპერირებენ მცირე ბიზნესები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში. „ზერო ეფექტის“ მმართველი პარტნიორი თაკო ბარამიძე გვესაუბრება საქართველოსთვის პიონერული, ნულოვანი ნარჩენების კომპანიის გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და ინიციატივებზე.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) ხშირად ასოცირდება მსხვილ კომპანიებთან, კორპორაციებთან, მაგრამ მცირე ბიზნესი გადამწყვეტ როლს ასრულებს ეთიკური პრაქტიკისა და საზოგადოების ჩართულობის განვითარებაში.
შეზღუდული რესურსების მიუხედავად, მცირე ბიზნესს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სოციუმსა და ეკოლოგიაზე. ამას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ მცირე ბიზნესი არსებითად დაკავშირებულია ადგილობრივ თემებთან სათემო ღონისძიებებში მონაწილეობით, ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციების მხარდაჭერით და ადგილობრივებისთვის სამუშაო შესაძლებლობების შექმნით.
მცირე ბიზნესის როლი გარემოს დაცვაში
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და მდგრადობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ყველა ზომის ბიზნესისთვის. მცირე ბიზნესს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ამ საერთო საქმეში ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკის დანერგვით, როგორიცაა ნარჩენების შემცირება, გადამუშავება და ენერგოეფექტური მოწყობილობების გამოყენება. მცირე ნაბიჯებმაც კი, როგორიცაა, მაგალითად, ადგილობრივად მოპოვებული მასალების გამოყენება, საბოლოოდ მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება მოიტანოს.
მცირე ბიზნესი და ეთიკური ბიზნესპრაქტიკა
ეთიკური პრაქტიკა, სამართლიანი შრომითი პრაქტიკის მიღება და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა CSR-ის სასიცოცხლო ასპექტებია. მცირე ბიზნესს შეუძლია მაგალითის მიცემა, თანამშრომლების სამართლიანი მოპყრობა, კარგი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა და მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველყოფა. გამჭვირვალე ბიზნესპრაქტიკა ამყარებს ნდობას როგორც თანამშრომლებთან, ასევე მომხმარებლებთან.
CSR-ის სარგებელი მცირე ბიზნესისთვის
CSR ინიციატივებში ჩართვამ გარკვეული სარგებელიც შეიძლება მოუტანოს მცირე ბიზნესებს. მაგალითად, გააძლიეროს ბრენდის რეპუტაცია, მოიზიდოს მომხმარებლები, რომლებიც ეთიკურ პრაქტიკას აფასებენ. გარდა ამისა, მას შეუძლია გახსნას კარი ახალი ბაზრებისა და პარტნიორობისთვის, რადგან მეტ მომხმარებელს და ბიზნესს ურჩევნია ასოცირდეს სოციალურად პასუხისმგებელ კომპანიებთან.
Zero Effect – „ზერო ეფექტი“
საქართველოში პირველი ნულოვანი ნარჩენების კონცეფციის სივრცის მმართველ პარტნიორთან, თაკო ბარამიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ჩვენ ჩავუღრმავდებით მათი კომპანიის ღირებულებებსა და მუშაობის სტრატეგიას. „ზერო ეფექტი“ ნამდვილი პიონერია საქართველოში, ის საზოგადოებას არა მხოლოდ სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ფართო არჩევანს, არამედ პრაქტიკულ და ეთიკურ რჩევებსაც მწვანე და პასუხისმგებლიანი ცხოვრების შესახებ. ეს მცირე ბიზნესი ყველანაირად უწყობს ხელს ნულოვანი ნარჩენების ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
რას ნიშნავს თქვენი კომპანიისთვის პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკა?
პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკის ქონა ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანია ფუნქციონირებს ეთიკურად, მდგრადად და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, მათ შორის თანამშრომლების, მომხმარებლების, მომწოდებლების, საზოგადოებისა და გარემოს გათვალისწინებით.
ჩვენი სივრცის მიზანია, შევამციროთ გარემოზე ზემოქმედება, ხელი შევუწყოთ მეწარმეებს აწარმოონ ნატურალური, ეკომეგობრული პროდუქცია ეკომეგობრული შეფუთვით ან შეფუთვის გარეშე. ამასთან, მომხმარებლებს ჰქონდეთ წვდომა და შესაძლებლობა, მარტივად მიუწვდებოდეთ ხელი ეკომეგობრულ პროდუქციაზე. გარდა ამისა, ვდგამთ პროაქტიურ ნაბიჯებს საზოგადოებაში პოზიტიური წვლილის შესატანად და ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ინკლუზიას სამუშაო ძალაში.
კომპანიის მწვანე ინიციატივაზე უფრო ვრცლად რომ გვესაუბროთ…
ჩვენ ვართ ნული ნარჩენის მაღაზია, შესაბამისად, ჩვენი ინიციატივებით ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ნეგატიური გავლენა გარემოზე და ხელი შევუწყოთ მდგრად ცხოვრებას.
სივრცეში წარმოდგენილი პროდუქციის 100% არის ან შეფუთვის გარეშე, ან გადამუშავებად მასალაში წარმოდგენილი. ასევე გვაქვს პროდუქცია, რომელიც უკვე გადამუშავებულ მასალაშია შეფუთული.
მომხმარებლებს ვთავაზობთ შევსების პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ მაგალითად, თუ შეიძენენ თავის მოვლის პროდუქტებს, ამოწურვის შემდეგ შეუძლიათ მოიტანონ არსებული შეფუთვა და მიიღონ შეფუთვის ფასდაკლება. (ეგრეთ წოდებული მაწვნის პრინციპი, როდესაც ახალი მაწვნის აღებისას ძველ ქილას აბარებ).
ვმასპინძლობთ ღონისძიებებს, რომლის მიზანია, ადამიანებსა თუ ბიზნესს მივაწოდოთ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია, დავეხმაროთ საკუთარი ნარჩენის შემცირებაში და დავაახლოოთ მსგავსი პრიორიტეტების მქონე სხვა ადამიანებს.
გაგვიზიარეთ, რა გამოწვევების გადალახვამ მოგიწიათ ამ ინიციატივების განხორციელებისას?
გამოწვევები მუდამ თან სდევს ცოცხალ ბიზნესს. საწყის ეტაპზე მთავარი გამოწვევა იყო, რომ საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა არ იცოდნენ, თუ რა თემას ეხმიანებოდა ჩვენი სივრცე, ნელ-ნელა კი, დაუღალავი ვორქშოფების, საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სოციალურ ქსელში კომუნიკაციის შედეგად, უკვე ყველამ კარგად იცის, რა არის ნული ნარჩენის პრინციპით ცხოვრება. რომ არ არის აუცილებელი, იყო იდეალური, ერთი უარიც თუნდაც ერთ პლასტმასის პროდუქტზე ძალიან ბევრს ნიშნავს გარემოსთვის.
„ეს მხოლოდ 1 საწრუპია“, – თქვა 8 მილიონმა ადამიანმა და უკვე 8 მილიონი პლასტმასის საწრუპისგან დავიცავით დედამიწა.
როგორ აფასებთ თქვენს ძალისხმევას თქვენი ბიზნესისა და მომხმარებლისთვის?
„ზერო ეფექტი“ არის პირველი და ერთადერთი ნული ნარჩენის სივრცე როგორც საქართველოში, ისე კავკასიაში. 6 წელია უკვე ბაზარზე ვართ და, შესაბამისად, რადგან ამ დროის განმავლობაში არსებულ გამოწვევებს და კოვიდპანდემიას გადავურჩით, მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება.
იდეალურები არ ვართ, თუმცა ვცდილობთ, რომ შესაძლებლობებიდან და რესურსებიდან გამომდინარე, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ.
რაც მთავარია, ქართული საზოგადოება ძალიან გვიდგას გვერდში, გვაძლევენ უდიდეს მოტივაციას თავიანთი დამოკიდებულებით. ჩვენთვის მსგავსი მხარდაჭერა მამოძრავებელი ძალა და მოტივაციაა, რათა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი, რომ ყველამ ერთად უფრო მარტივად შევძლოთ გარემოზე ზრუნვა!
ტექსტი: კესარია კაჭარავა
ფოტოების წყაროა: “ზერო ეფექტი”