ბიზნესის წარმატებას არაერთი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, საზოგადოებას სტაბილურად შესთავაზო მაღალ სტანდარტზე დაფუძნებული მრავალფეროვანი და მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება.
ეს სასტუმრო კი, მომხმარებელთა უკუკავშირზე დაყრდნობით, სწორედ ამ ინტერესების გამტარია. „ქუთაისი ინნ“ – ადგილი, სადაც იმერული კუთხისათვის დამახასიათებელი ავთენტური გარემო საინტერესო მოგზაურობასა და თავგადასავალს გპირდება.
გაგვაცანით სასტუმრო „ქუთაისი ინნ“ და გვიამბეთ, იდეის განხორციელების პროცესში რა აქცენტებზე ამახვილებდით ყურადღებას, როგორც ბრენდი?
კომპანია „ინნ ჯგუფის სასტუმროების“ ერთ-ერთი მიზანი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში კომპანიის ბრენდის სასტუმროების გახსნა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება იყო, სადაც დამსვენებლებს შევთავაზებდით მაქსიმალურ კომფორტს და ადგილმდებარეობის ღირსშესანიშნაობების გაცნობის საშუალებას. ქუთაისში „ქუთაისი ინნ“-ის გახსნის მთავარი მიზეზი ამ მხარის უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი იყო. ქუთაისსა და ამ ქალაქის შემოგარენში უამრავი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც უცხოელებსაც და ადგილობრივ დამსვენებლებსაც ერთნაირად ხიბლავთ. ქუთაისის ტურისტული პოტენციალის გაღვივებას საერთაშორისო აეროპორტიც უწყობს ხელს.
„ქუთაისი ინნ“-ის დიზაინის შექმნისას მაქსიმალურად ვეცადეთ მოვრგებულიყავით ქუთაისის ისტორიულ უბანს და ფერებიც ბაგრატის ტაძრის შეხამებით ავარჩიეთ. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ სასტუმროს ხასიათიც კი ქუთაისური ჰქონოდა, რადგან ის ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობს. დამატებით, ერთ-ერთი, რასაც ყურადღება მივაქციეთ, იყო კოლორიტული კიბეები, იგივე ბალახვანის კიბეები, რომელიც არის 100-საფეხურიანი და თითქმის 100 წელს ითვლის, გვინდოდა ამ ისტორიულ ნაწილთან ურთიერთშერწყმით ღირებული არქიტექტურა შეგვემატებინა ქალაქისთვის.
ამასთან, კომპანია „ინნ ჯგუფის სასტუმროების“ „ქუთაისი ინნ“ – 2022 წლის ივნისში გაიხსნა და დაარსების დღიდანვე ითვალისწინებდა მომავალი მომხმარებლების სურვილებსაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სტუმარს შესძლებოდა ესარგებლა ბარის მომსახურებით როგორც შიდა, ისე გარე სივრცეშიც. იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ადგილმდებარეობაც ხელს გვიწყობდა და მწვანე საფარიც ჩვენი დიზაინის ნაწილია, გადავწყვიტეთ სასტუმროს ჰქონოდა გამწვანებული ტერასა. სამწუხაროდ, 2023 წელს სტიქიამ ბევრი მრავალწლოვანი ხე დააზიანა, რის გამოც შესაბამისმა უწყებამ მათი ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენც ვცდილობთ ის მწვანე საფარი, რაც გვქონდა და ბუნებრივი მოვლენების გამო განადგურდა, ჩვენი ძალისხმევითაც შევავსოთ და დამსვენებლებს თავი არა მხოლოდ სასტუმროში, არამედ გამწვანებულ ბუნებაშიც ვაგრძნობინოთ.
რა არის სასტუმროს მთავარი კონცეფცია?
სასტუმროს კონცეფცია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის სტუმრების კომფორტი. „ქუთაისი ინნ“ არის სასტუმრო 5-ვარსკვლავიანი სერვისებით, რომლებიც უზრუნველყოფს მათ დასვენებასა და კეთილდღეობას. დამატებით, ეს არის სიმყუდროვე. სასტუმრო ქალაქის ცენტრთან ახლოს, კოლორიტულ უბანში მდებარეობს, მაგრამ ამავე დროს, ქალაქის ხმაურისგან მაქსიმალურად დაცულია. აეროპორტთან სიახლოვე – აეროპორტის მახლობლად „ქუთაისი ინნ“-ის მდებარეობა ითვალისწინებს მოგზაურთა საჭიროებებს, სთავაზობს მათ მოსახერხებელ ადგილს დასასვენებლად უცხო ქვეყნებიდან ჩამოსვლისას ან გამგზავრებამდე.
„ქუთაისი ინნ“ არა მხოლოდ დასვენების, არამედ საქმიანი შეხვედრებისა და კორპორაციული ღონისძიებების ადგილიც არის. ბიზნესისა და საქმიანი შეხვედრებისთვის სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია არის მწვანე ფერის შერწყმა სასტუმროს ექსტერიერსა და ინტერიერში. ბუნების ელემენტების შემოსვლა ქმნის მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს. მთლიანობაში, სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ის კონცეფცია აერთიანებს სტუმრებისთვის მაქსიმალურ კომფორტს, ინდუსტრიაში დანერგილ მაღალ სტანდარტებს, მრავალფეროვან სერვისებს, სიმყუდროვესა და სტუმრებზე მორგებულ საჭიროებებს.
სახასიათო გარემო…
პირველ რიგში, ჩვენს მომსახურებასა და სტუმრებთან ურთიერთობაში ჩავაქსოვეთ იმერული სტუმარმასპინძლობა, რითაც ასე ვამაყობთ ქართველები. ინტერიერიდან დაწყებული, თანამშრომლების ჩათვლით, ვცდილობთ სტუმარს ვაგრძნობინოთ, თუ რა არის 5-ვარსკვლავიანი გარემო და მაქსიმალურად კმაყოფილი და ნასიამოვნები დავტოვოთ ისინი. იმერული სტუმარმასპინძლობისა და ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი სტანდარტების სინთეზი კი ყველა სტუმარს ხიბლავს და უძლიერებს საქართველოსადმი თბილ დამოკიდებულებას.
გვიამბეთ უფრო ვრცლად მრავალფეროვან სერვისებზე, რომლებსაც მომხმარებელს სთავაზობთ.
სასტუმროში განთავსებულია 100 სხვადასხვა კატეგორიის ნომერი, როგორც სტანდარტული ორადგილიანი, ისე სამადგილიანი, საოჯახო, დელაქსი და ეკონომიური ოთახები. ყველა ოთახი აღჭურვილია იმ აუცილებელი ინვენტარით, რაც სტუმარს შეიძლება დასჭირდეს. რაც შეეხება კვებას, ჩვენს რესტორანში სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი, განსაკუთრებით კი იმერული სამზარეულო. შეუძლებელია სტუმარმა ისე დატოვოს ჩვენი სასტუმრო, რომ იმერული ხაჭაპური არ გასინჯოს, ან ჩვენი საუცხოო დესერტებით აღფრთოვანებული არ დარჩეს. ჩვენს რესტორანს ძალიან ხშირად ადგილობრივებიც სტუმრობენ. განსაკუთრებული პოპულარობით კი გამწვანებული ეზო სარგებლობს. ვითვალისწინებთ სტუმრების იმ ნაწილს, რომლებიც დასვენებისას, სასტუმროში ყოფნის დროსაც ვარჯიშობენ. შესაბამისად, გვაქვს პატარა სავარჯიშო დარბაზი. ვარჯიშის შემდეგ კი სტუმარს შეუძლია მშრალ საუნაშიც განიტვირთოს. საკონფერენციო სივრცე, რომელიც მოთხოვნის მიხედვით სხვადასხვა წყობით შეიძლება გამზადდეს, იტევს 150 ადამიანს. საქმიანი შეხვედრებისა და კორპორაციული ღონისძიებებისთვის „ქუთაისი ინნ“ სტუმრებს სთავაზობს, სხვა მნიშვნელოვან ინვეტართან ერთად, სინქრონულ სათარგმნ აპარატურას, მაგიდის მიკროფონებს, თარჯიმანს, ტექნიკურ პერსონალს და ყავის შესვენებას შესაბამის სივრცეში. ასევე გვაქვს მოსახერხებელი ავტოსადგომი, რომელიც დამატებით კომფორტს უქმნის ადგილზე მოსულ სტუმარს. ჩვენთვის, როგორც 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის, ყველა სტუმარი ინდივიდუალური და განსაკუთრებულია, შესაბამისად, ყველა სერვისი თუ პირობა მათ სიამოვნებაზეა მორგებული.
რა გამოარჩევს „ქუთაისი ინნ“-ს ბაზარზე არსებული სხვა სასტუმროებისგან?
„ქუთაისი ინნ“, პირველ რიგში, არის ყველაზე დიდი სასტუმრო ქალაქში. ის შეფასებები და დამოკიდებულება, რაც დამსვენებლებისგან მოდის, სიამაყით გვათქმევინებს, რომ „ქუთაისი ინნ“ არის ქუთაისში საუკეთესო სასტუმრო თავისი სტანდარტებით. ჩვენ ვცდილობთ, რომ იმ რესურსების გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია, სტუმარს მაქსიმალურად კომფორტული დასვენება შევთავაზოთ.
სამომავლო გეგმები…
2025 წლის დასაწყისში ჩვენივე ტერიტორიაზე დახურულ აუზსა და სპას ვხსნით. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქში არ არის ბევრი აუზი და მასზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, აუზით სარგებლობა შეეძლებათ არა მარტო დამსვენებლებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც. დახურული აუზი ნებისმიერ სეზონს მორგებული იქნება და სტუმარს შეეძლება სიამოვნება მიიღოს როგორც მზიან და თბილ, ისე ღრუბლიან და წვიმიან ამინდშიც. „ქუთაისი ინნ“-ში გაიხსნება სპა ცენტრი, რომელიც მრავალფეროვან სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელ სერვისებს შესთავაზებს დამსვენებლებს. ჩვენი სასტუმრო ჰპირდება ყველა სტუმარს, რომ მეტ სიახლეს შევთავაზებთ და ჩვენთვის ისინი ყოველთვის განსაკუთრებულები იქნებიან. ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით და ორიენტირებულები ვართ სერვისების გაუმჯობესებაზე.
ტექსტი: მაკუნა შავგულიძე
ფოტო: ანი ტყეშელიაძე