დღევანდელი ჩემი რესპონდენტი წარმატებული და თავისი საქმის პროფესიონალია, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ყოველი წარმატების უკან შრომისმოყვარე და ძლიერი ქალი დგას, რომელსაც უპირველესად თავისი შესაძლებლობების სჯერა და არასოდეს სჯერდება მიღწეულს. მიუხედავად მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებისა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ის არ ჩერდება და განაგრძობს განვითარებას. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის გინეკოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, სოფიო კამლაძეს.
რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
ბავშვობიდან მიყვარდა ადამიანებზე ზრუნვა, ყოველთვის ვცდილობდი მათ დახმარებას, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. სხვა პროფესიის არჩევაზე არც არასოდეს მიფიქრია, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ ექიმის პროფესია საკმაოდ რთული, შრომატევადი, საპასუხისმგებლოა და ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
იყო ექიმი, ნიშნავს…
იყო ექიმი, ნიშნავს, იყო მზად ემოციურად რთული პროფესიისთვის. ექიმობა ყველაზე საპასუხისმგებლო, კეთილშობილური და ჰუმანური პროფესიაა, რადგან ის მზადაა დღე და ღამე პაციენტის სამსახურში იდგეს. ექიმი უნდა იყოს მაღალი ინტელექტის და მორალური პრინციპების მქონე ადამიანი. აუცილებელია მას გაწონასწორებული ხასიათი და ძლიერი ფსიქიკა ჰქონდეს, სხვა შემთხვევაში პაციენტის დახმარება გაუჭირდება. იმისათვის, რომ გახდე კარგი ექიმი, საჭიროა მედიცინის საფუძვლიანი ცოდნა, ამისათვის კი აუცილებელია მუდმივად იძენდე ცოდნასა და გამოცდილებას, ეცნობოდე თანამედროვე კვლევებსა და მიღწევებს, რათა მიღებული ცოდნა პაციენტებთან მიმართებაში გამოიყენო. ექიმი ასევე უნდა გამოხატავდეს სიყვარულს და პატივისცემას პაციენტის მიმართ, რის გარეშეც სასურველ შედეგს ვერასოდეს მივიღებთ. ამ პროცესში კი ორივე მხარის ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანია.
რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში პროფესიულ საქმიანობას? როგორია თქვენი მიდგომა პაციენტთან?
როდესაც ექიმის პროფესიას ირჩევ, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ ეს პროფესია საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა. ის პაციენტების ცხოვრებით ცხოვრებას ნიშნავს და მათზე მუდმივ ზრუნვას გულისხმობს. ამას დიდი დრო და ენერგია სჭირდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვცდილობ დავიცვა ბალანსი ოჯახსა და სამსახურს შორის. პაციენტს აქვს უფლება, მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რაც პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია ექიმის პროფესიონალიზმზე, ამიტომ მუდამ ვცდილობ არ შევაჩერო პროფესიული განვითარება, ფეხდაფეხ მივყვე თანამედროვე სიახლეებს და ევროპაში მიღებული გამოცდილება პაციენტებზე ზრუნვას მოვახმარო. გარდა ამისა, აუცილებელია უწყვეტი პროფესიული განვითარება, ამის საუკეთესო პლატფორმა კი საერთაშორისო ტრენინგები და კონფერენციებია.
როგორც ექიმი, ყოველთვის ვცდილობ, ჩემთან მოსული პაციენტის ფსიქოემოციური მდგომარეობა გავითვალისწინო და შევუქმნა კომფორტული გარემო, რათა პაციენტი იყოს მეტად გახსნილი, რაც ერთიორად ზრდის პაციენტის ნდობის ხარისხს და დადებითად აისახება მკურნალობის შედეგზეც.
რაც შეხება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას, 10 წელია ვარ მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ბოლო პერიოდში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც. ეს მიმართულებაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა ჩემთვის. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მაქსიმალურად გავუზიარო ჩემს სტუდენტებს.
რატომაა გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი საჭირო და რამდენად არის საქართველოში CHEK UP კულტურა?
Check Up რეგულარული სამედიცინო შემოწმებაა, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს მუდმივად აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ქალბატონების რეგულარული ვიზიტი გინეკოლოგთან აუცილებელია, რათა მოხდეს გინეკოლოგიური დაავადებების ყოველწლიური და მუდმივი კონტროლი. ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელთაც არანაირი კლინიკური გამოვლინება არა აქვთ დაავადების საწყის ეტაპზე.
საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში და გავრცელებით მეორე ადგილზეა ქალთა სიმსივნურ პათოლოგიებს შორის. მისი დამარცხების საუკეთესო და ეფექტური საშუალებაა, მისი დროული დიაგნოსტიკა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის რეგულარული ჩატარება.
ასევე, აღსანიშნავია პერიმენოპაუზური და მენოპაუზური ასაკის ქალბატონების პერიოდული ვიზიტების აუცილებლობა გინეკოლოგთან, რადგან მნიშვნელოვანი ცვლილებები ქალის ორგანიზმში იწყება მენოპაუზამდე რამდენიმე წლით ადრე, პერინოპაუზურ პერიოდში.
რაც შეეხება მოზარდ გოგონებს, მათი გინეკოლოგიური რეგულარული შემოწმება უნდა მოხდეს მენსტრუალური ციკლის დაწყების პერიოდიდან. თოდუას კლინიკაში არსებული ულტრათანამედროვე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საშუალებას გვაძლევს, დროულად და კომპლექსურად ერთ სივრცეში მოხდეს პაციენტის კვლევა და შესაბამისი მკურნალობა დაენიშნოს.
ბოლო წლებში ქართველი პაციენტების ცნობიერების დონე საკმაოდ ამაღლდა. უკვე ბევრია ისეთი პაციენტი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს პრევენციას და ექიმთან მისასვლელად კონკრეტულ ჩივილებს არ ელოდება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ექიმისთვის რთულდება სასურველი დადებითი შედეგის მიღწევა. ამიტომ რეკომენდებულია, რომ ქალებმა წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ გეგმური პროფილაქტიკური კვლევები, რათა მოხდეს დაავადების დროული აღმოჩენა და შესაბამისი მკურნალობა. ამ მხრივ ცნობიერება განსაკუთრებით მაღალია რეპროდუქციული ასაკის პაციენტებში.
როგორ ფიქრობთ, რომელი თვისება, რა მოცემულობა განაპირობებს ადამიანის წარმატებას?
წარმატების მისაღწევად აუცილებელია აკეთებდე შენთვის საყვარელ საქმეს და მზად იყო ნებისმიერი სირთულისა და ბარიერის გადასალახად. არასოდეს გაჩერდე და დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ნებისმიერ პროფესიაში წარმატების მიღწევა. დაუღალავი შრომა და თავდადება ეს ის თვისებებია, რაც წარმატებას განაპირობებს.
რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?
მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მაქსიმალურად ვცდილობ დრო ოჯახს დავუთმო და თავისუფალ დროს ბავშვებთან ერთად, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, დავგეგმოთ სხვადასხვა აქტივობა, იქნება ეს თეატრსა და კინოში წასვლა თუ ქალაქგარეთ გასეირნება.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი