„OK! ქუთაისი“ წარმოგიდგენთ თავისი საქმის პროფესიონალს, განათლების ადმინისტრირების დოქტორს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტს (მონტანა, სახელმწიფო უნივერსიტეტი), აშშ-ში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასწავლებელთა განათლების საზოგადოების თანათავმჯდომარეს, ამერიკის სავაჭრო პალატის (AMCAM GEORGIA) წევრს, ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქსელის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) დამფუძნებელს/გენერალურ დირექტორსა და ბრენდის ავტორს, და კიდევ არაერთი რეგალიის პატრონს – ნინა ჩიკვაშვილს. მისი ამბავი ქუთაისელებისთვის ორმაგად საინტერესოა, რადგან ის ქუთაისიდანაა. წარმატებულ ქალი, რომელმაც 22 წლის წინ შექმნა პროგრესული სკოლა, რომელიც არა მხოლოდ აკადემიურ სრულყოფილებაზე იქნებოდა ორიენტირებული, არამედ დაეხმარებოდა თითოეულ მოსწავლეს როგორც შემოქმედებითად განვითარებაში, ისე საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში.
როგორი იყო გზა წარმატებამდე? და რას მოაქვს წარმატება?
„პროგრესის“ ისტორია 22 წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში ბევრი სირთულე და დაბრკოლება ყოფილა, თუმცა არასდროს დამიყრია ფარ-ხმალი. ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემს თანამოაზრეებსა და თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერი გამოვიდოდა და ასეც მოხდა – ჩვენი სკოლა დღეს ის ადგილია, სადაც ახალი თაობები იზრდებიან და მერე თავად ქმნიან პროგრესს, მათ მოაქვთ მეტი განვითარება.
იმისთვის, რომ შენი ოცნებები რელობად იქცეს, უპირველესად, ახლის კეთების შიში უნდა დაძლიო. ახალს და ღირებულს მაშინ შექმნი, როცა ამის მძაფრი სურვილი გაქვს. ვერავინ და ვერაფერი გაგაჩერებს, თუ ცვლილებისთვის მზად ხარ.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, Forbes-ის ჟურნალის რეიტინგით მსოფლიოს 45 ყველაზე წარმატებულ მეწარმეს შორის დაგასახელეს. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? და რას ურჩევდით იმ ქალებს, რომლებიც ახლა ცდილობენ საკუთარი ბიზნესის განვითარებას?
დიახ, სულ ცოტა ხნის წინ დამასახელეს მსოფლიოში 45 ყველაზე წარმატებულ მეწარმეს შორის, ეს ჩამონათვალი აღნიშნულია Forbes-ის მიერ, რომელიც არის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესჟურნალი ისეთ თემებზე, როგორიცაა ფინანსები, ინვესტიცია და მარკეტინგი.
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველოს სახელით მოვიპოვე აღიარება, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნისა და განათლების გლობალურ განვითარებას.
უამრავ ქალბატონთან მაქვს კომუნიკაცია, რომლებსაც სურვილი აქვთ, შექმნან ახალი და ღირებული. ამისთვის საჭიროა ძლიერი სურვილი, მუდმივი განვითარება და კრიზისული სიტუაციების სწორად მართვა. დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი ხელშემწყობი მექანიზმია პროექტების, გრანტების სახით, რომლებიც მხარს უჭერენ ქალების მაქსიმალურ ჩართულობასა და განვითარებას.
რა იყო „პროგრესის“ შექმნის მიზანი?
სკოლის პერიოდიდანვე გადავწყვიტე, რომ აუცილებლად ვიქნებოდი ბიზნესში, რომელიც დაუკავშირდებოდა განათლების სფეროს. რატომ „პროგრესი“?! იმიტომ, რომ ვიცოდი, სწორედ ამ ცნების ირგვლივ გაერთიანდებოდა ჩვენი ფუნქციონირების მთავარი კონცეფცია. პროგრესი შეიქმნა განვითარებისთვის, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად და მიუხედავად საგანმანათლებლო სფეროს სენსიტიურობისა, მიმართულებაც მკაფიოდაა შერჩეული.
ამჟამად ბრენდის ქვეშ ერთიანდება სამი სკოლა ქვეყნის სამ დიდ ქალაქში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. სამივე ქალაქის მასშტაბით 2000-ზე მეტი მოსწავლე იღებს თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის განათლებას. ისინი იზრდებიან, როგორც თავისუფალი ადამიანები, რადგან განათლება უკვე თავისუფლებაა.
„პროგრესი“ დაიბადა ახალი ნაბიჯების გადადგმის სურვილით, შთაგონებით, რათა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ახალი სიტყვა გვეთქვა. აღმოჩენილი შესაძლებლობებით უნდა შეგვექმნა სკოლა, რომელიც არა მხოლოდ აკადემიურ სრულყოფილებაზე იქნებოდა ორიენტირებული, არამედ დაეხმარებოდა თითოეულ მოსწავლეს როგორც შემოქმედებითად განვითარებაში, ისე საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში. იდეის სისრულეში მოსაყვანად კი აუცილებელი იყო ფეხი აგვეწყო ან თავად დაგვემკვიდრებინა სტანდარტები, რომელიც საბოლოო მიზნამდე, დამოუკიდებელი და ინტელექტუალური თაობის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანს.
რა გამოარჩევს „პროგრესს“ სხვა სკოლებისგან და დღეს რას სთავაზობთ მსურველებს?
„პროგრესი“ თავის თავში აერთიანებს სკოლამდელი მომზადების, წინასაბაკალავრო პროგრამებს ამერიკული აკრედიტაციით, ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებს და მრავალფეროვან არაფორმალური განათლების სერვისებს.
ჩვენი სკოლა ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს − College Board-ის მიერ.
2019 წლიდან „პროგრესს“ ამერიკული სკოლების მაკრედიტებელი ორგანოსგან მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია − Advanced. „პროგრესს“ აქვს ოფიციალური უფლებამოსილება, ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით, ასევე, გასცეს უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში.
აღასანიშნავია, რომ ამერიკული საერთაშორისო სკოლა იყო პირველი საგანმანათლებლო ბრენდი, რომელსაც ჯერ კიდევ 2004-2006 წლებში ამერიკული საბჭოებისგან (American Councils-ი) მიღებული ჰქონდა აღიარებითი ჯილდო, რაც ხაზს უსვამდა ჩვენი სკოლის განსაკუთრებულ წვლილს ინგლისური ენის სწავლებაში. ასევე, „პროგრესი“ იყო პირველი კერძო სკოლა დასავლეთ საქართველოში, რომელმაც დანერგა მათემატიკასა და STEM საგნების ინგლისურ ენაზე სწავლება და ხელი შეუწყო ინგლისური ენის, როგორც აკადემიური სალიტერატურო ენის განვითარებას.
გარდა ამისა, ფორმალური განათლების პარალელურად, დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალურ სწავლებას, რომელიც საგაკვეთილო პროცესშია ჩაშენებული. მოსწავლეები სხვადასხვა წრისა და კლუბების მეშვეობით ეცნობიან საინტერესო სამყაროს. ამ მიმართულებით სამივე ქალაქის „პროგრესში“ დღეს ათზე მეტი კლუბია წარმოდგენილი: ინტელექტუალური, გაეროს მოდელირების, პიროვნული განვითარების, ვიკიპედიის, სამაგიდო თამაშების კლუბი და სხვ.
სკოლა, როგორც წარმატებული საგანმანათლებლო ბიზნესორგანიზაცია, მოსწავლეებში პირველი კლასიდანვე უწყობს ხელს პროგრამირების, რობოტიკის, ბიზნესის, STEM-ისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარებას. პროგრამები მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკული სწავლების კურსებს. მოსწავლეები, მეცნიერების გამოყენებით, ქმნიან რეალური პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებულ პროექტებს, პროგრამებსა და პროდუქტებს. ეცნობიან სხვადასხვა ბიზნესდაწესებულების მუშაობას, მონაწილეობენ კონკურსებში და აწყობენ საკუთარი სამეწარმეო პროდუქტის გამოფენა-გაყიდვას. მოსწავლეების ტექნოლოგიური განვითარების მიზნით, პროგრესის სკოლებში, ბათუმსა და ქუთაისში, გაიხსნა საბავშვო ტექსკოლა Re:School, რომელიც 9-14 წლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ ვებპროგრამირების საფუძვლები, კიბერუსაფრთხოება, ვებდიზაინი და თამაშების შექმნა.
რა თქმა უნდა, ცალკე აღსანიშნავია გაცვლითი პროგრამები, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. სკოლა წლებია აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს საგანმანათლებლო ბაზარზე წარმატებით მოღვაწე საერთაშორისო უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებთან. გაფორმებული აქვს მემორანდუმები საერთაშორისო, ადგილობრივ საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებთან. პროგრესელები ყოველწლიურად მონაწილეობენ ისეთ საერთაშორისო აქტივობებში, როგორებიცაა: გაეროს მოდელირებული კონფერენციები ნიუ-იორკსა და რომში, დიპლომატიური ვიზიტები ბრიუსელში – ევროკაშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციებში, ლონდონისა და პრაღის საზაფხულო და ზამთრის სკოლებში.
გასულ წელს „პროგრესის“ ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო საერთაშორისო განათლების ცენტრმა. ცენტრი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს მოსამზადებელ კურსებს სხვადასხვა მიმართულებით:
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი (ძირითადი და არჩევითი საგნები); AP საგნები; SAT-ის, IELTS-ის, FCE-ის, TOEFL-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები. ცენტრის მიზანია, ეროვნული და საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსწავლეების სრულფასოვანი მომზადება. თანამედროვე, აპრობირებული მეთოდოლოგიითა და რესურსებით, მოსამზადებელი პროგრამები სრულად შეესაბამება როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო გამოცდების სტანდარტებს.
რა განაპირობებს სკოლა „პროგრესის“ წარმატებას?
„პროგრესის“ წარმატების საიდუმლოა მუდმივი სწრაფვა – ფეხი ავუწყოთ თანამედროვე გამოწვევებს, დაგროვილი გამოცდილება და კონკურენტუნარიანი გარემო.
თითოეული ბიზნესი ვალდებულია, ზრდის პარალელურად, განავითაროს მისი წილი სოციალური პასუხისმგებლობა, კიდევ უფრო მეტად მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს საგანმანათლებლო ბიზნესთან. მიუხედავად იმისა, რომ პოზიციონირება დავიწყე ძალიან პატარა მასშტაბით, ისტორიულ, მაგრამ პატარა ქალაქ ქუთაისში, თავიდანვე სრულად მქონდა გააზრებული სოციალური პასუხისმგებლობა. „პროგრესი“ 2002 წლიდან მოყოლებული, CSR სამყაროში საკმაოდ აქტიურ და მკაფიო ნაბიჯებს დგამს. ამის მაგალითებია იმ ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა და მათთვის სწავლის დაფინანსება როგორც „პროგრესში“, ასევე მის გარეთ, რომლებსაც არ აქვთ ამის შესაძლებლობა. წლებთან ერთად, ჩემი საქმიანობის პროპორციულად იზრდება ჩემი წვლილი ამ მნიშვნელოვან საქმეში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განვითარებასთან ერთად, პასუხისმგებლები ვართ, აღვზარდოთ პიროვნებები, რომლებიც შექმნიან უკეთეს მომავალს საკუთარი თავისთვის, ქვეყნისა და მსოფლიოსთვის.
აქვე მინდა დავაანონსო მასშტაბური სიახლე CSR Soft მიმართულებით, რაზეც უფრო დეტალურად მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას. „პროგრესი“ იქნება პირველი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში, რომელიც მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო მეტად განვითარდნენ, იყვნენ უფრო პროდუქტიულები და კონკურენტუნარიანები.
ქუთაისი მთელი დასავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ამ ქალაქმა ბევრი გამოჩენილი პიროვნება აღზარდა. დღევანდელ ქუთაისზე რომ ვისაუბროთ, რა გამოწვევების წინაშეა? როგორია განათლების დონე?
ქუთაისი გამორჩეული ქალაქია თავისი უძველესი კულტურული თუ საგანმანათლებლო ისტორიით. წლების მანძილზე ეს ქალაქი იყო ლიტერატურული და კულტურული გავლენის ცენტრი, სადაც სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდნენ ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.
ამჟამად უმაღლეს სასწავლებლებში დგას უცხო ენის პროფესიულ დონემდე მიღწევის პრობლემა, ამიტომ ჩვენ საკუთარი რესურსებით ყოველწლიურად ვახორციელებთ პროფესიული განვითარების პროექტს „გახდი პროგრესის მასწავლებელი“, სადაც ყოველწლიურად ვარჩევთ 25 მოტივირებულ ახალგაზრდას, რომლებიც გადიან როგორც პროფესიული განვითარებისა და სტაჟირების კურსს, ასევე გადამზადდებიან და აიმაღლებენ ინგლისური ენის პროფესიულ კომპეტენციას. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი პროგრესს აქვს მზაობა, წვლილი შეიტანოს მათ დასაქმებაში.
გვიამბეთ გუნდის შესახებ და იმ გარემოზე, რომელიც მოსწავლეებს ხვდებათ
გუნდის სწორმა ხედვამ და მისიამ მოიტანა, რომ „პროგრესი“ დღეს ერთ-ერთი ძლიერი, საათივით აწყობილი მექანიზმია, რომელიც არასოდეს ჩერდება. ამ მექანიზმის მუშაობას სრულყოფილს სწორად შერჩეული პროფესიონალთა გუნდი ხდის. ბიზნესის მმართველ რგოლს წარმოადგენს მოტივირებული და პროფესიონალი გუნდი, რომელიც მიმართულია თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე. სწორედ ამ მიზნით, პროგრესის სკოლებში დაინერგა „360-გრადუსიანი შეფასების“ მოდელი, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ უკუკავშირი ერთდროულად ყველა იმ ადამიანისგან, ვინც მათ გარშემო მუშაობს – უშუალო ხელმძღვანელი, კოლეგები და მშობლები.
ვინ ან რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი?
„პროგრესი“ ზრდის ლიდერებს, რომლებიც მუდამ მოწინავე პოზიციებზე გვხვდებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. აქ მიღებული ცოდნითა და უნარებით ისინი ხდებიან სხვადასხვა კონკურსისა და პროგრამის საერთაშორისო პრიზიორები, იღებენ დაფინანსებას მსოფლიოს საუკეთესი უნივერსიტეტებიდან. სწორედ ეს პროგრესული თაობა იყო და არის ჩემი მთავარი მოტივატორი და მამოძრავებელი ძალა, რომელიც სულ მიბიძგებს მეტი განვითარებისკენ და არასოდეს მაძლევს მოდუნების საშუალებას.
სამომავლო გეგმები
„პროგრესის“სამომავლო გეგმები კიდევ უფრო გაფართოებას და, მათ შორის, საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც უკავშირდება. საქართველოს რეგიონების განვითარებაში შეტანილი წვლილის შემდეგ, გვაქვს ამბიცია, ახალი, ინოვაციური და თანამედროვე ინსტიტუცია მეზობელ ქვეყნებშიც გავიდეს. თუმცა, მანამდე თბილისში, 2026-2027 სასწავლო წლიდან მოსწავლეებს ახალ კამპუსში ვუმასპინძლებთ. პროექტი თითქმის 10 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციით ჩვენს ბიზნესპარტნიორ „ანაგი განათლებასთან“ ერთად ხორციელდება.
ტექსტი: მარიამ ირემაძე, სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი