სამყაროს ეპიცენტრად ქუთაისს მიიჩნევს და წლების შემდეგ საკუთარი თავიც მშობლიურ ქალაქში წარმოუდგენია. ყველაზე მეტად თავისი უბანი და 100-საფეხურიანი კიბე უყვარს, სადაც ბავშვობა გაატარა.
ის ახლა ქართული სამედიცინო საზოგადოების ახალგაზრდა წარმომადგენელია და თანამედროვე რადილოგიის გამოწვევებს ზედმიწევნით მაღალი პასუხისმგებლობით, დიდი შრომითა და საქმისადმი სიყვარულით პასუხობს.
საყვარელ ქალაქსა და პროფესიაზე თბილისის ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკისა და ქუთაისის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ექიმი-რადიოლოგი, ბაია გრძელიძე გვესაუბრება.
რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა და რატომ რადიოლოგია?
ბავშვობიდანვე, მკურნალობაზე მეტად, დიაგნოსტიკა მაინტერესებდა. რადიოლოგიაც დიაგნოსტიკაა, დაადგინო, რა სჭირს ადამიანს, რომ შემდეგ ექიმ-სპეციალისტთან იმკურნალოს. დიაგნოზის გამოცნობა თითქოს გამომძიებლის საქმიანობას ან დეტექტივობას ჰგავს, ყველაზე მთავარი თავსატეხის გადაწყვეტასთან გაქვს საქმე. თანაც, სკოლაში კარგად ვსწავლობდი ფიზიკას, პროგრამისტობა მინდოდა, აიტი მენეჯერობაზე ვოცნებობდი და რადგან რადიოლოგია ფიზიკაზე დაფუძნებული სამედიცინო დარგია, ამიტომ იდეალური იყო ჩემთვის და როგორც კი ექიმობა გადავწყვიტე, ვიცოდი, რომ რადიოლოგი უნდა გამოვსულიყავი.
ანუ, რომ არა რადილოგია, ვინ იქნებოდით, გამომძიებელი თუ პროგრამისტი?
ალბათ, უფრო პროგრამისტი, რადგან ყოველთვის გამორჩეული იყო ჩემთვის.
მოგვიყევით თქვენს ახლანდელ სამუშაო ადგილსა და გამოცდილებაზე.
სამუშაო გამოცდილება სტუდენტობის წლებიდან დამიგროვდა. მესამე კურსზე აქტიურად ჩავერთე გაცვლით პროგრამებში. 6 თვე მომიწია უნგრეთში, სეგედის უნივერსიტეტში სწავლამ, ასევე ბრიტანეთში, თურქეთში და ა.შ. ვცდილობდი, ლექციების გარდა კლინიკებში სამედიცინო პრაქტიკაც მიმეღო. უკვე ოთხი წელია დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ვეწევი. ამჟამად ვმუშაობ თბილისში, „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში და ასევე, ქუთაისში, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში ექიმ-რადიოლოგის პოზიციაზე.
გასულ წელს მონაწილეობდით ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესში. საინტერესოა თქვენი ამერიკული გამოცდილება.
რადიოლოგთა საერთაშორისო კონგრესი ყოველწლიურად ტარდება ჩიკაგოში და უკვე 4 წელია მაქვს მასში მონაწილეობის პატივი. პირველ წელს ძალიან შთამბეჭდავი იყო ამერიკული გამოცდილება, ვინაიდან რადიოლოგია ყოველწლიურად ვითარდება და ხელოვნური ინტელექტი მთლიანად რადიოლოგიას უკავშირდება, რაც ჩვენთან ახლა ინერგება. მეორე და მესამე წელს უკვე მეც შევიტანე ჩემი წვლილი, ვამზადებ სამეცნიერო ნაშრომებს, ვუზიარებ კოლეგებს და ვიღებ იქაური კოლეგების გამოცდილებას, რაც ძალიან მეხმარება პროფესიულ განვითარებაში.
რას ურჩევდით მომავალ თაობებს, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ იყვნენ წარმატებული ექიმები?
მართალია, ჯერ არ ვეკუთვნი იმ თაობას, რჩევა-დარიგება სხვას მივცე, პირიქით, აქეთ ვიღებ რჩევებს და რეკომენდაციებს ჩემზე უფროსი თაობისგან, თუმცა, გავბედავ და ვიტყვი, რომ რადიოლოგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთ ადგილას არ გაჩერდეს, განახლება მისცეს თავის ცოდნას და გაიზიაროს უცხოელი კოლეგების გამოცდილება.
როგორ ფიქრობთ, რატომაა ხელოვნური ინტელექტი რადიოლოგიაში მნიშვნელოვანი, რა თანამედროვე გამოწვევების წინაშე დააყენებს ის ამ დარგს?
ბოლო დროს ბევრს კამათობენ იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს რადიოლოგებს, მაგრამ ეს ასე არაა. რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი რადიოლოგიაში ყველაზე ფართოდ გამოიყენება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩანაცვლდება ექიმი-რადიოლოგი და ადამიანის შრომითი რესურსი. პირიქით, გვიმარტივებს დიაგნოსტიკის შესაძლებლობას და სამუშაოს რაოდენობას. ადამიანზე მორგებული პროგრამაა, რომელიც უფრო ადვილს ხდის სწრაფ დიაგნოსტიკას მწვავე პათოლოგიების დროს. ჯერჯერობით ხელოვნური ინტელექტი ექსპერიმენტულ დონეზე მხოლოდ ჯონ ჰოპკინსის საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოიყენება, ვფიქრობ, საქართველოც ნელ-ნელა აჰყვება თანამედროვე გამოწვევას.
ცალკე თემაა ტექნოლოგიური პროგრესი სამედიცინო მიმართულებით, მაგრამ რამდენად არის საქართველოში ადამიანური რესურსი თანამედროვე გამოწვევებისთვის?
მაქვს პატივი, ვასწავლო რეზიდენტებს და შემიძლია ვთქვა, რომ საოცრად დაინტერესებული და ჩართული არიან სასწავლო პროცესში, ესმით სიახლები და მათი მნიშვნელობა და ეს იმედის მომცემია. ამიტომაც, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა მზად დახვდება ნებისმიერ თანამედროვე გამოწვევას.
ყველაზე დიდი სირთულე რა არის თქვენს პროფესიაში?
ალბათ, მაინც ის, რომ ჩვენთვის არ არსებობს დღე და ღამე, არის დაძაბულობა და სტრესი, მაგრამ იმდენად შევეჩვიე, რომ სხვაგვარად არ შემიძლია. რთულია, როცა დღე და ღამე ერთმანეთისგან არ მაქვს გამიჯნული მაშინ, როცა გამუდმებით უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე, ვიკითხო ბევრი, რადგან ყოველ წელს ახალი შესაძლებლობებია და მათთან ადაპტირებული უნდა ვიყო. ცხოვრების ასეთ რიტმს მოთმინებით და კარგი განწყობით ვეკიდები.
ალბათ, გიწევთ ხოლმე პაციენტებისთვის არასასურველი დიაგნოზის თქმა. რა განცდაა ეს და როგორ ახერხებთ შეუმსუბუქოთ მათ მძიმე დაავადებასთან შეხების პირველი წუთები?
– პირველ რიგში, ჩემს თავს წარმოვიდგენ პაციენტის ადგილას. მე, როგორც რადიოლოგი, დასკვნას ვწერ ექიმისთვის, რომელმაც შემდეგ დიაგნოზი უნდა დასვას. თუმცა, ზოგჯერ მაინც მიხდება პაციენტთან გასაუბრება, რადგან მას აინტერესებს, რა წერია დასკვნაში. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და საკმაოდ რთული და მგრძნობიარე აღმოჩნდა, როდესაც პირველად შევეჯახე ამ სიტუაციას. პაციენტისთვის უნდა მეთქვა, რომ მას მე-4 სტადიის სიმსივნე ჰქონდა. ამის შემდეგ გავიარე 6-თვიანი გადამზადების კურსი, როგორ უნდა მივაწოდო პაციენტს მისთვის რთულად აღსაქმელი ინფორმაცია. ვცდილობ, საკუთარი თავი დავაყენო მათ ადგილზე, მაქსიმალურად დელიკატურად და სწორი დოზით მივაწოდო.
ამბობდით, რომ თქვენი ცხოვრების კრედოა – ,,ვისაც ძალიან უნდა მაღლა ასვლა, ის კიბესაც გამოიგონებს!“ ბაია გრძელიძემ უკვე გამოიგონა კიბე?
– ყოველდღიურად ამ კიბის გამოგონებაში ვარ. ვცდილობ ყოველდღე მეტი შევძლო. ამაში დიდ სტიუმულს და მოტივაციას მაძლევს მამა. ის დიდ გავლენას ახდენს ჩემზე. თუ რაიმესთვის მიმიღწევია, სრულად მისი დამსახურებაა, რადგან ყოველ წამს და წუთს ამის მოტივაციას მაძლევს. თუმცა, რა თქმა უნდა, მისგან ჯანსაღი კრიტიკაც არ მაკლია.
საყვარელი საქმიანობა, რომელსაც თავისუფალ დროს უთმობთ.
რომ გადავხედო ჩემი ცხოვრების რიტმს, ძალიან მწირი თავისუფალი დრო მაქვს. ერთადერთი, რაც განტვირთვაში მეხმარება, რითაც გატაცებული ვარ და მომწყვეტს ყოველდღიური სამუშაოსგან, იოგა და ვარჯიშია. ვცდილობ კვირაში სამჯერ გამომივიდეს და ამით რელაქსი მივიღო.
დაბოლოს, რა არის თქვენთვის ქუთაისი?
2 წლის წინ, როდესაც ჩიგაკოში ვიყავი, 115-ე სართულზე ერთ-ერთ ტერასაზე მიგვიწვიეს და იქ ვთქვი, რომ ჩემს ქუთაისს და თეთრ ხიდს ვერაფერი შეედრება. ჩემი ეს დამოკიდებულება ქუთაისის მიმართ ყველამ იცის. განსაკუთრებით საყვარელი ქალაქია, ჩემთვის სამყაროს ცენტრია. კი ვამბობ, რომ საზღვარგარეთ მინდა გამოცდილების მიღება, მაგრამ საბოლოოდ ჩემი თავი ქუთაისში წარმომიდგენია, ჩემი სიბერეც აქ წარმომიდგენია. განსაკუთრებით მიყვარს ჩემი უბანი ბალახვანი და 100-საფეხურიანი კიბე.
ტექსტი: დეა მანაგაძე
ფოტო: ალექსეი სეროვი