საამაყო წარსულის ღირსეული გაგრძელება
ქუთაისის ქალთა გიმნაზია – ერთ-ერთი პირველი ქალთა სასწავლებელი საქართველოს ისტორიაში. ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ ის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებამ 1847 წელს, კერძო შემოწირულობებით დააარსა. 1901 წელს ქალთა გიმნაზია სულ 50-მა მოსწავლემ დაამთავრა. არადა, 1847 წელს ქალთა სასწავლებელი 30 გოგონასთვის გაიხსნა. სწავლა ფასიანი იყო, 75 მანეთი, ამასთან, არსებობდა შემოწირულობების სისტემაც. 1860 წელს სასწავლებელმა ბინა ამჟამინდელი, მესამე საჯარო სკოლის შენობაში დაიდო. 2012 წელს მას სსიპ წმინდა ნინოს სახელობის N3 საჯარო სკოლა დაერქვა, ეს საგანმანათლებლო დაწესებულების რიგით მეთორმეტე სახელწოდებაა.
სკოლა დღესაც წარმატებით გამოირჩევა და საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. ჟურნალი OK! საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ ხათუნა ფუტკარაძესთან, რომელიც სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
ქალბატონო ხათუნა, ისტორიაზე საუბრით რომ დავიწყოთ, რა გამოარჩევდა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიას?
ქალთა გიმნაზია უზრუნველყოფდა ფართო და მრავალფეროვან განათლებას, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა დისციპლინას. მისი საგანმანათლებლო კონცეფცია მიზნად ყოვლისმომცველი განათლების შეთავაზებას ისახავდა. სწავლება მოიცავდა უფრო სპეციალიზებულ და მოწინავე საგნებს: ენები და ლიტერატურა – რუსული ენა და ლიტერატურა, უცხო ენები, კლასიკური ენები, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ფიზიკა და ქიმია, ისტორია და გეოგრაფია. მართლმადიდებლური ქრისტიანობის სწავლება სავალდებულო იყო, მათ შორის ბიბლიის, ეკლესიის ისტორიისა და რელიგიური ეთიკის ჩათვლით. ხელოვნება და მუსიკა – ხატვასა და ფერწერაში ძირითადად ხელოვნების ისტორიას ასწავლიდნენ. მუსიკა მოიცავდა ვოკალურ და ინსტრუმენტულ ვარჯიშს, ასევე სიმღერას. საოჯახო ეკონომიკა – კერვა, ქსოვა, საჭმლის მომზადება. პედაგოგიკა – გიმნაზიაში სთავაზობდნენ პედაგოგიურ კურსებს, რათა გოგონები მასწავლებლის როლისთვის მოემზადებინათ. თეორიულად მიიჩნევდნენ, რომ გოგონებს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა უნდა მიეღოთ, არამედ საზოგადოებაში მოსალოდნელი როლებისთვის შემზადებულიყვნენ, მაგალითად: კარგი მეუღლეობისთვის, დედობისთვის, მასწავლებლობისთვის. თუმცა სასწავლო პროგრამა ძალზე მკაცრი გახლდათ და ძირითადი აქცენტი სულ უფრო და უფრო აკადემიური დისციპლინების სასარგებლოდ გადაიხარა, რამაც კარგი წამოწყების მიმართ ენთუზიაზმი მალევე ჩააცხრო. ქუთაისის ქალთა გიმნაზიას გააჩნდა პედაგოგიური საბჭო, რომელიც კურსდამთავრებულებს ოჯახის დიასახლისისა და მასწავლებლის წოდებას ანიჭებდა.
სკოლა ეწოდა ქველმოქმედებას, ყოველ გაზაფხულზე ტუბერკულოზით დაავადებულთა დასახმარებლად იმართებოდა – „გვირილობა“. აქცია გაზაფხულზე, აპრილის ან მაისის დასაწყისში ტარდებოდა. ამ დღეს ქუთაისში სახალხო სეირნობები, თეატრალიზებული წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები და სხვა გასართობი სანახაობები იმართებოდა. დღესაც, სიმბოლურად, ჩვენი სკოლის გოგონები იმოსებიან გიმნაზისტი გოგონების ტანისამოსით და ქალაქის დღესასწაულზე გამვლელებს გვირილებს ურიგებენ. ამ ტრადიციის უკვდავსამყოფად ქალაქის მერიის მიერ, სკოლის წინ „გიმნაზისტი გოგონას“ ქანდაკება (მოქანდაკე გიორგი კიკვაძე) დაიდგა.
რამდენწლიანი იყო სწავლება და რა სირთულეები ახლდა?
სწავლა, ჩვეულებრივ, შვიდ წელს გრძელდებოდა. 1918-21 წლებში სწავლება თორმეტ წლამდე გაიზარდა. სწავლის დაწყების ასაკი რვა წლიდან იწყებოდა. წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის წინაშე არსებული სირთულეები და დაბრკოლებები ტიპური ხასიათისა იყო და ძირითადად ცარისტული საგანმანათლებლო პოლიტიკიდან, მთელი რიგი სოციალური და ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა, რუსიფიკაციის იმპერიული პოლიტიკის შავრაზმულობაზე რომ არაფერი ვთქვათ. მეტი აქცენტი კეთდებოდა ზეპირად სწავლაზე, მთავარი იყო ტექსტის დამახსოვრება, რაც გიმნაზიაში მკაცრი დისციპლინის დამყარებას ითხოვდა. ეს კი სწავლების ეფექტურობასა და გიმნაზიელი გოგონების ბუნებრივ ჩართულობას აფერხებდა. გასული საუკუნის დასაწყისში რევოლუციური მოძრაობები და პოლიტიკური არეულობა ასევე ქმნიდა არასტაბილურ გარემოს, რაც გავლენას მოახდენდა უცხო, არაქართული იდეოლოგიების ძალადობრივი გზით გავრცელებას, რამაც გიმნაზიის არაერთი სტუდენტისა და მასწავლებლის სიკვდილიც გამოიწვია.
მე-17 საუკუნიდან მოყოლებული ქართული სახელმწიფოების რღვევის პროცესებმა მთელ რიგ საკითხებში, და განსაკუთრებით – ქალთა განათლებასთან დაკავშირებით ქართველ ერში განათლების მომხრეთა რაოდენობა ვერ შეამცირა. დაპყრობილი და დამოუკიდებლობააღკვეთილი ერის პრობლემას წარმოადგენდა არა განათლების საჭიროება, არამედ იმპერიული იდეოლოგიისა და პროპაგანდის განათლებად წარმოჩენა. ამ დილემის წინაშე წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაც პირისპირ იდგა.
წარმოიდგინეთ რვა-ცხრა წლის გოგონა, რომელიც: მკაცრი სასწავლო დისციპლინის ქვეშ მოჰყვა, მასწავლებლების ენის (რუსული ენის) გაგება უჭირს, ქართულ ენაზე მეტყველებისთვის დაისჯება, სასწავლებელში სასწავლო პროცესი რუსულ ენაზე მიმდინარეობს, სოციალ-დემოკრატიული აგრესიული და ანტიქართული პროპაგანდა მას სასწავლებლის გარედან უტევს – ნიჰილიზმის და ეროვნული სკეპტიციზმის მსხვერპლად აქცევს. რამდენად შეძლებს ამ გარემოში მოხვედრილი გოგონა შვიდი-რვა წლის მანძილზე ეროვნული ღირებულებებისა და ქრისტიალური პრინციპების შენარჩუნებას? რომ არა ქალთა სასწავლებლებისა და გიმნაზიების მიმართ ქართველი საზოგადოების ძლიერი დაინტერესება, მდგომარეობა ბევრად უფრო შემაშფოთებელი იქნებოდა. საზოგადოებას მიაჩნდა, რომ ქალთა გიმნაზიის დანიშნულება, პირველ რიგში, ღირსეული, განათლებული და მეოჯახე ქართველი დედის აღზრდა იყო, თუმცა იმავდროულად ეჭვობდა, რომ სასწავლებელი, სადაც რუსული ენის პროპაგანდა ძლიერი იყო, ძნელად თუ შეძლებდა ამ ნამდვილად ღირსეული წამოწყების კეთილად დაგვირგვინებას. სწორედ ეს იყო იმჟამინდელი მთავარი გამოწვევა, არა მარტო წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის, არამედ მთელი საგანმანათლებლო სისტემისაც.
საგანმანათლებლო თვალსაზრისით იყო თუ არა მოწინავე?
მიუხედავად იმ პერიოდში საგანმანათლებლო სივრცეში არსებული მთავარი გამოწვევებისა, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ, სკოლა გამოირჩეოდა გარკვეული მიღწევებით. ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში, მე-20 საუკუნის დასაწყისში სწავლობდნენ ქართველი საზოგადო მოღვაწე ქალები – კატო მიქელაძე და ნინო ტყეშელაშვილი. პირველი ქალი პარლამენტარები საქართველოს ისტორიაში – დამფუძნებელი კრების წევრები სოციალ-დემოკრატების სიით: მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე და ჩიტო (ქრისტინე) შარაშიძე. ქრისტინე და მინადორა აქტიურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სწორედ გიმნაზიაში სწავლისას ჩაერთვნენ. აკრძალული ლიტერატურისა და ხელნაწერი გაზეთების გავრცელების გამო ქრისტინე შარაშიძე სასწავლებლიდან გარიცხეს კიდეც.
ვინ იყვნენ ცნობილი მოსწავლეები. რა შეგიძლიათ თქვათ მათ შესახებ?
უშუალოდ, სანამ ჩვენი სკოლის კურსამთავრებულთა შესახებ ვისაუბრებდეთ, მინდა გითხრათ, რომ სკოლის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ბატონ თეიმურაზ ჭაბუკიანისა და ისტორიის ღვაწლმოსილი პედაგოგის, ქალბატონ მარინა ლომთაძის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემულ პუბლიკაციებში: „ჩემი სკოლის მატიანე“, „ჩემი სკოლა 170“ სკოლის ისტორიის შესახებ საინტერესო და მნიშვნელოვან ფაქტებს ვკითხულობთ, სადაც მოცემულია სკოლის ისტორიული სახელწოდებების, მთავარი კონცეფციის, ხელმძღვანელების, მასწავლებლების, კურსდამთავრებულების შესახებ. ეს პუბლიკაციები სკოლისათვის სამაგიდო წიგნს წარმოადგენს. მოსწავლეთა სასკოლო სივრცეში ადაპტაციისთვის მნიშვნელოვანია იმ ღირებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რასაც სკოლის იდენტობა ჰქვია. სწორედ ამ პუბლიკაციებით ხელმძღვანელობენ სკოლის ისტორიის გადმოსაცემად. სკოლამ, დირექტორის ინიციატივით: მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მრავალ ტრენინგს უმასპინძლა, ის დღემდე მასწავლებლების პროფესიული განვითარების ავანგარდში დგას, მას წვლილი შეაქვს ინგლისურენოვანი გიდების მომზადებასა და კომპეტენციების განვითარებაში.
ახლა კი გეტყვით იმ მრავალ სახელოვან კურსდამთავრებულთა შორის, ჩემთვის ყველაზე საყვარელ პიროვნებებს: ვერიკო ანჯაფარიძე, ანა კალანდაძე, მერი დავითაშვილი, რეზო ჩხეიძე. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები დღესაც წამყვან საჯარო და პროფესიულ საკვანძო თანამდებობებს იკავებენ, ამასთან, სკოლასთან ურთიერთობას მუდმივად აგრძელებენ. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩემთან ინტერვიუც ამის დასტურია. თეკლა ბაბუნაშვილი ხომ ჩვენი სკოლის საუკეთესო კურსდამთავრებულია, რომელსაც ახსოვს სკოლა და მას მუდამ გულშემატკივრობს.
პარალელი რომ გავავლოთ, როგორი იყო საუკუნეების წინ და როგორია დღეს? რა სიახლეებია ამ დროისთვის სკოლაში?
ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, სკოლა საუკუნეების წინაც და დღესაც მოწინავეთა რიგებში დგას, ტრადიციების შენარჩუნებითა და სიახლეების მიმღებლობით. პარალელების გავლება ადვილი არ იქნება. განსხვავებული ეპოქები, სოციოკულტურული გამოწვევები და რეალობები თავისას შვრება. თუმცა პარალელების გავლებამ შეიძლება წარმოაჩინოს: საგანმანათლებლო დაწესებულების ევოლუცია და ხარისხიანი განათლების მდგრადი პრინციპები. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ეფუძნება ადრეული ინსტიტუტების მემკვიდრეობას, ის ცდილობს, საზოგადოებას შესთავაზოს ინკლუზიური, მოწინავე და ჰოლისტიკური განათლება, რათა მოამზადოს მოსწავლეები თანამედროვე სამყაროს სირთულეებთან გასამკლავებლად.
დამეთანხმებით, რომ სკოლის წარმატება დაკავშირებულია ლიდერის მმართველობით უნარებზე, იმაზე, თუ რამდენად კარგად ესმის მას სფეროსა და დარგის წინაშე არსებული გამოწვევები, რამდენად აქვს გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა. 2001 წლიდან სკოლას ჰყავს ძლიერი მმართველი, ბატონი თეიმურაზ ჭაბუკიანი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე. ის მუდმივად ზრუნავს, რომ სკოლა იყოს კონკურენტუნარიანი, განვითარებაზე ორიენტირებული, მდგრადი, იდენტობის მატარებელი. ამის დასტურია მისი ინიციატივით შექმნილი სასკოლო სიმბოლოები (გერბი, დროშა, ჰიმნი), დამხმარე სახელმძღვანელოები: „გელათი“, „მოწამეთა“, „გეგუთი“, „ბაგრატი“, „როგორ ვასწავლოთ უკეთესად“, ასევე წიგნები: „ჩემი სკოლა“, „რიონის პირად შფოთავს ქალაქი“. სულ მალე გამოიცემა: „ჟამთა სიმაღლეზე აფრენილი უკვდავება“. მისი თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა მრავალ სასკოლო ტრადიციას (საუკეთესო მასწავლებელი, საუკეთესო დამრიგებელი, საუკეთესო მოსწავლე, აქტიური მშობელი და სხვა). სკოლას ჰყავს მასწავლებელთა ძლიერი გუნდი, რომლებიც სასკოლო თემის აქტიური მონაწილეობით ახორციელებენ ადგილობრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებს. სკოლამ სტრატეგიულ მიმართულებად აირჩია ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება და ყველა სასკოლო აქტივობაც ამ მიზნის მისაღწევადაა მიმართული. სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობენ ითვინინგის საერთაშორისო პროექტებში; მასწავლებლები გადიან ERASMUS-ის მიერ ინიცირებულ პროფესიული განვითარების კურსებს; სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა საერთაშორისო TOEFEL-ის ოლიმპიადა; ამერიკის კუთხესთან აქტიური თანამშრომლობით ჩატარდა მართლწერის კონკურსი SPELINGBEE-2024 და სხვა მრავალი საინტერესო ღონისძიება, რომელიც მიმართულია ახალგაზრდების როგორც საგნობრივი ცოდნით აღჭურვისაკენ, ასევე მათ ლიდერებად ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და სწორი ღირებულებების განსაზღვრისკენ.
როგორც ვიცით, სკოლა Erasmus-ის პროგრამაში ჩაერთო და საზღვარგარეთ იმყოფებოდით.
სკოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებად მიმაჩნია Erasmus-ის პროგრამაში ჩართვა. იანვრის თვეში მე, ჩემს კოლეგებთან: თინათინ კუტივაძესთან, ნინო ახალაძესთან და მოსწავლეებთან: ელიზბარ კიკნაველიძესთან, თეკლა ჯღამაძესათან, თომა ერაძესთან ერთად ERASMUS+ KA1- 2023 -2024 გაცვლითი პროგრამისა და ითვინინგის პროექტის New Life For a S.C.R.A.P. ფარგლებში იტალიის ქალაქ კასტელანეტას „ერასმუსის“ აკრედიტებულ სკოლაში ვიმყოფებოდით. კასტელანეტაში ერთი კვირის განმავლობაში გავიარეთ ტრენინგი საპროექტო მუშაობის შესახებ. აღნიშნული ვიზიტი 2023 წლის წარმატებული ითვინინგის პროექტის Let’s take a breath-ის კოლაბორაციით გაგრძელდა. პროექტმა, რომლის დამფუძნებელიც ჩემი იტალიელი კოლეგა, როზა მარია კონტე იყო, ხოლო თანადამფუძნებელი მე, ევროპული და ეროვნული ჯილდო აიღო. პროექტი წარდგენილია ევროპის პრიზზე. უნდა ითქვას, რომ ჩვენმა მასპინძლებმა მაღალპროფესიულად შექმნილი პროგრამა დაგვახვედრეს. ქალაქის მერმა, ჯიამბატისტა დი პიპამ და მისმა აპარატმა – საოცრად გულთბილი შეხვედრა მოგვიწყვეს ქალაქ კასტელანეტას მერიაში (შეხვედრა გაშუქდა რეგიონულ გაზეთში). აგრეთვე განსაკუთრებული შეხვედრა გაიმართა IISS Mauro Perones-ის სკოლაში (დირექტორი: ვიტა მარია სურიკო).
დამეთანხმებით ალბათ, რომ საერთაშორისო პროექტის წარმატება ნაწილობრივ დამოკიდებულია დონორ და მხარდამჭერ ორგანიზაციებზე. მადლობელი ვართ მასწავლებელთა სახლის, კერძოდ, ქალბატონ ხატია მატკავასი, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, ჩავრთულიყავით ამ პროექტში. ყველა ეტაპზე ვგრძნობდით ჩვენი რესურსცენტრის, ქალბატონ მაია ცქიტიშვილის მხარდაჭერას, ჩვენი მერიისა და გუბერნიის გვერდში დგომას, რომლებმაც ჩვენი პროექტის მხარდასაჭერად იტალიის მერთან სამადლობელი წერილი გაგვატანეს. საპასუხოდ ჩვენმა გუნდმა ქალაქ ქუთაისის მერიას გადასცა ოფიციალური წერილი ქალაქ კასტელანეტას მერიიდან ორი ქალაქის მომავალი დაძმობილების შესახებ.
გვესაუბრეთ სამომავლო გეგმების შესახებ…
რაც შეეხება მომავლის გეგმებს, ჩვენი სკოლა სტრატეგიული მიმართულებებიდან ყველა მათგანზე აკეთებს აქცენტებს, მაგრამ გამოვყოფდი რამდენიმეს. მე და ჩემი „ერასმუსის“ გუნდი გაისად საერთაშორისო საგრანტო პროექტის წარდგენას ვაპირებთ.
მიმაჩნია, რომ საზოგადოებასთან, სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების ადამიანებთან ურთიერთობა მოსწავლის თვალსაწიერს აფართოებს და ეხმარება მას, სკოლის დასრულების შემდგომ თავად გახდეს ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და იზრუნოს იმ ინსტიტუციაზე, რომელშიც გაიზარდა. ვცდილობ, რომ ჩემი საუნივერსიტეტო და სასკოლო საქმე ერთმანეთს დავუკავშირო იმ გამოწვევების დასაძლევის ხელშესაწყობად, რაც ზოგადად განათლების სისტემაში არსებობს.
უნდა გითხრათ, რომ წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (უკვე მესამედ), უმასპინძლებს პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს, რომლის რეგიონალური დირექტორი იყო ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი, ბატონი თეოდორე ზარქუა, ამჟამად კი მისი ვაჟი, იასონ ზარქუა განაგრძობს მამის საქმეს. ამ ორგანიზაციის წევრი გახლავართ და მიმაჩნია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და შემდგომში დასაქმება საერთაშორისო სარბიელზე მნიშვნელოვანი საქმეა. სწორედ ამ საქმეს აკეთებს ჩვენი ორგანიზაცია და სიახლეა ის, რომ წელს პირველად, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ ტიპის საერთაშორისო დონის შეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა.
ტექსტი: მარიამ ირემაძე
ფოტო: ლანა ვახტანგაძე
დათო მირზაშვილი