ადამიანი, რომელიც ზუსტად გადმოსცემს ქუთაისის ხასიათს და მშობლიური ქალაქის სიყვარულს გულით ატარებს. მისი დიდი აკადემიური ოჯახი აქ ყველამ იცის. თავად კი საზოგადოებამ ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში გაიცნო. უნივერსიტეტში დაწყებულ პედაგოგიურ საქმიანობას სამოქალაქო სექტორი, ხოლო შემდეგ საჯარო სამსახურიც მოჰყვა. ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმოადგენს. ამ საინტერესო და მრავალფეროვან მოღვაწეობაზე სასაუბროდ „OK! ქუთაისი“ ნინო თვალთვაძეს ესტუმრა.
მოდიხართ NGO სექტორიდან, შემდეგ საჯარო მოხელეც იყავით, ახლა საგანმანათლებლო სფეროს წარმოადგენთ. მოგვიყევით თქვენი ახლანდელი სამსახურის შესახებ, რას საქმიანობთ და რა პოზიციაზე?
გახლავართ ქუთაისის „საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ადამიანური კაპიტალის განვითარების მენეჯერი, ამავდროულად, ვარ საგრანტო ოფისის ხელძღვანელიც. ჩემი ფუნქცია არის ადამიანური რესურსების მართვა, თუმცა აქტიურად ვარ ჩართული კერძო სექტორთან პარტნიორობის დამყარებაში, რადგან ვმუშაობ სტუდენტების სტაჟირების პროგრამასა და დასაქმების ხელშეწყობაზე. მეორე დიდი ნაწილია თანამშრომლობისთვის საგრანტო შესაძლებლობების იდენტიფიცირება. როგორც კვლევითი გრანტების მიმართულებით, ასევე უნივერსიტეტისთვის ფონდების მოძიების და პროექტების შედგენის პროცესში ვარ ჩართული. ასე რომ, ჩემი ფუნქცია არის მრავალმხრივი და მხოლოდ ადამიანური რესურსების მართვას არ მოიცავს, რაც ძალიან მომწონს. ასევე, ძირითად საქმიანობასთან ერთად, მაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით და წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვმუშაობ, როგორც ექსპერტი. ჩემი სადოქტორო თემა დეცენტრალიზაციას ეხება და პრაქტიკული ნაწილის თვალსაზრისით მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რაშიც დაგროვილი გამოცდილებაც მეხმარება. ჯერ ძალიან მინდა, რომ დავასრულო ჩემი სადოქტორო, რაც დაუსრულებელი მისია აღმოჩნდა, რაც ჩემს ოჯახს ძალიან ანერვიულებს, პროფესორების შვილი ვარ და მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა კარიერაში სადოქტორო ნაშრომის დაცვაა.
წინა 2 თაობა გყავთ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რა გავლენა იქონია თქვენს პიროვნებაზე ამ ოჯახურმა ტრადიციამ?
ჩემს შემთხვევაში, ოჯახს დიდი გავლენა ჰქონდა. დაწყებული იმით, რომ დღეს ქუთაისში ვცხოვრობ, ბავშვობიდან ამ ქალაქის სიყვარული და ერთგულება მასწავლეს. განსხვავებული პროფესიების მიუხედავად, მე და ჩემი ძმა საგანმანათლებლო ხაზს ვერ ავცდით. პედაგოგიურ საქმიანობაში სტუდენტობიდანვე ჩავერთე. ჯერ კიდევ პირველ კურსზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მოხალისედ ყოფნის დროს, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოსწავლეებს ვასწავლიდი სამართალს, უკვე მეხუთე კურსზე კი 2 სხვადასხვა უნივერსიტეტში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვადასხვა მიმართულებაზე გკითხავთ, ასევე საინტერესოა, რამდენი სტუდენტი ჰყავს ამჟამად უნივერსიტეტს და არის თუ არა მზარდი ინტერესი უნივერსიტეტის მიმართ?
პირველი მიღება გვქონდა 2020 წელს და დღეს 1200-მდე სტუდენტი გვყავს. ვამაყობთ იმით, რომ უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგით, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილზე ვართ საუკეთესო სტუდენტების რაოდენობის მიღების თვალსაზრისით, რაც ნიშნავს დიდ ნდობას. საუკეთესო სტუდენტების დიდი ნაწილი ირჩევს KIU-ს. წელს კურსდამთავრებულების პირველი გამოშვება გვყავს და განსაკუთრებულად ვემზადებით. როდესაც გვეყოლება პირველი კურსდამთავრებული, ესეც ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება ჩვენი საქმიანობის შეფასების.
კურსდამთავრებულები ახსენეთ და დასაქმების კუთხით რა პერსპექტივა აქვთ მათ?
ვფიქრობთ, რომ ჩვენი სტუდენტები მზად არიან ქართული და საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის. ისინი იღებენ ცოდნას და აქვთ ის უნარები, რომლითაც კონკურენციას გაუწევენ ნებისმიერი სხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში მოქმედ მრავალ კომპანიასთან. ჩვენი საბაკალავრო პროგრამების აკადემიური შინაარსიდან გამომდინარე, ვთანამშრომლობთ დარგობრივ მიმართულებებთან, იმავე IT ინდუსტრიასთან და სხვა. წელს აპრილში ვაწყობთ პირველ დასაქმების ფორუმს, სადაც მოწვეული იქნება საქართველოში მომუშავე 50-მდე წამყვანი ორგანიზაცია და კომპანია. ისინი უფრო კარგად გაიცნობენ ჩვენს სტუდენტებს, რაც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას.
გლობალურ კონტექსტში, რა მნიშვნელობა აქვს ქუთაისის „საერთაშორისო უნივერსიტეტს“ ჩვენი ქვეყნის მომავლისა და მთლიანად რეგიონისთვის?
საგანმანათლებლო დაწესებულების სრული მასშტაბი და ზეგავლენა რომ დაინახო, ამისთვის დროა საჭირო. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია და მასშტაბური პროექტი ქვეყნის განვითარებაში. ნამდვილად არაა მნიშვნელოვანი მხოლოდ ქუთაისისთვის, ვიტყოდი, რომ მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის უპრეცედენტოა ფინანსების თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურით, საერთაშორისო ურთიერთობებით და ერთი, რაც უნდა მოუტანოს ქვეყანას, არის ადამიანური კაპიტალის განვითარება, განსაკუთრებით STEM მიმართულებით, რადგან გვჯერა, რომ მომავალი არის STEM დარგებში და უნდა შევქმნათ ის კაპიტალი, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. უნივერსიტეტმა უნდა შეუწყოს ხელი ინოვაციური ეკოსისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს სტარტაპების შექმნას, ახალი იდეების გენერირებას და კვლევითი მიმართულების განვითარებას, რომელიც უნივერსიტეტის პროექტის მეორე დიდი ნაწილია და დიდ გავლენას იქონიებს მთლიანად რეგიონზე. KIU-ს ტერიტორიაზე ერთ-ერთი მასშტაბური, მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტია საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ მიერ დაწყებული ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა.
დიდი ხანია დაანონსდა ადრონული თერაპიის ცენტრის ჩამოყალიბება. რა ეტაპზეა ეს პროცესი და როდის ვიხილავთ დასრულებულ პროექტს, ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს ამ ცენტრის არსებობას საქართველოსთვის?
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე უახლოეს წლებში გაიხსნება სამხრეთ კავკასიაში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრი. ცენტრი აღიჭურვება ნაწილაკების ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლებით, რომელიც განკუთვნილი იქნება სამეცნიერო კვლევებისა და სამკურნალო მიზნებისათვის. ადრონული თერაპიის ცენტრში განთავსდება მოწყობილობები და ლაბორატორიები კვლევებისა და განათლების ხელშესაწყობად შემდეგი ძირითადი მიმართულებების მიხედვით:
– სამედიცინო და ექსპერიმენტული ფიზიკა
– სამედიცინო და რადიაციული ბიოფიზიკა
– რადიოქიმია.
აღნიშნულ ცენტრში განთავსდება IBA (Ion Beam Applications SA) ციკლოტრონები და აქ ჩატარდება როგორც სამეცნიერო კვლევები, ასევე ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა.
რამდენიმე წლის წინ იყავით ქუთაისის მერის მოადგილე. დამეთანხმებით, რომ ეს მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაა. რთულია იყო ქალაქის მმართველობაში, რომელსაც ასეთი დიდი კულტურა და ისტორია აქვს?
ეს იყო მოულოდნელი გამოწვევა რამდენიმე მიმართულებით. ერთი ის, რომ რასაც მანამდე სამოქალაქო სექტორიდან ვურჩევდი თვითმმართველობებს, უკვე თავად უნდა მიმეღო გადაწყვეტილებები. სულ ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი და ჩემი ღირებულებების გამოცდა იქნებოდა, შევძლებდი თუ არა იმის გაკეთებას, რასაც გარედან ვურჩევდი, ისე მიმეღო გადაწყვეტილებები, რომ ყველა ამ ღირებულების ერთგული დავრჩენილიყავი და მეორეც, მართლა დიდი პასუხისმგებლობაა იყო იმ ქალაქის მმართველობაში, სადაც გაიზარდე, სადაც შენი მშობლები და წინაპრები ცხოვრობდნენ, სადაც შენი შვილები სწავლობენ და აქ აგრძელებ ცხოვრებას. თვითმმართველობის ხიბლიც ესაა, რომ უშუალო კავშირი გაქვს მოსახლეობასთან და ვცდილობდი, რომ ეს კომუნიკაცია მოქალაქეებთან არ დამეკარგა.
აქვე გკითხავთ, რა არის თქვენთვის ქუთაისი?
ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპი ამ ქალაქს უკავშირდება და ეს არაა იძულებითი არჩევანი. მქონდა სხვა ქალაქებში ცხოვრების შესაძლებლობა, მაგრამ სრულიად შეგნებულად გადავწყვიტეთ, რომ აქ უნდა გვეცხოვრა. მეორე მხრივ, დიდი გამოწვევაა, მოახდინო შენი თვითრეალიზება, როდესაც გეოგრაფიულად იზღუდავ თავს, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ამ ქალაქში თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაკეთდა, დაწყებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და თვითმმართველობიდან, დამთავრებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტით, თითქმის ყველაფრის მონაწილე ვყოფილვარ. სულ ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს ამ ქალაქის ვალი და სულ მცირე დოზით გადავიხადე, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მაქვს დარჩენილი.
სამი შვილის დედა ხართ. ხართ თუ არა ჩართული მათ ცხოვრებაში, ისინი ხომ Gen-Z თაობაა, თავისუფლებისმოყვარე და გაჯეტებზე დამოკიდებული, რამდენად გიადვილდებათ ურთიერთობა?
რაც აქტიური მახსოვს თავი, სულ ოჯახთან ერთად. ჩემი მნიშვნელოვანი კარიერული ნაბიჯები ემთხვევა ჩემი შვილების დაბადებას ან განვითარების ეტაპებს და არ აღმიქვია ეს, როგორც ბარიერი კარიერული წინსვლისთვის. თავიდანვე გათვითცნობიერებული მქონდა სირთულეებიც. არასდროს მინდოდა ჩემი შვილების აღზრდაში ნაკლებად ვყოფილიყავი ჩართული. რაც არ უნდა დაკავებული ვიყო, ყოველთვის საქმის კურსში ვარ, რა ხდება მათ ცხოვრებაში. დილით საუზმეს აუცილებლად მე ვუმზადებ და ეს ყოველდღიური რუტინა გაწერილი გვაქვს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განსხვავებული თაობაა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა შეხედულება გვაქვს, ღირებულებებში რადიკალური განსხვავება არაა. ხანდახან ვკამათობთ კიდეც. მომწონს, რომ გაცილებით დამოუკიდებლები და პრაგმატულები არიან. უყვართ თავიანთი ქვეყანა, შრომის და საკუთარი თავის ფასი იციან და მჯერა, რომ აუცილებლად შეცვლიან რაღაცას.
რით ხართ დაკავებული თავისუფალ დროს, თუკი არსებობს თქვენს ცხოვრებაში მსგავსი რამ?
ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი არის ხატვა. ერთი პერიოდი მხატვარიც კი მინდოდა გამოვსულიყავი, მაგრამ არ გამოვიდა. როდესაც არჩევანის წინაშე დავდექი, რა ფორმით შეიძლებოდა გამომეხატა ჩემი თავი, მხატვრობა ყველაზე უფრო მისაღები აღმოჩნდა და დღემდე ნებისმიერი მოგზაურობის დროს, გვერდს ვერ ვუვლი საგამოფენო დარბაზებს. სკოლის პერიოდში მქონდა გამოფენები, ეკა არსენიძე იყო ჩემი პედაგოგი. იმედია, ოდესმე ახალი გამოფენის დროც დადგება.
ტექსტი: დეა მანაგაძე
ფოტო: ნინი გორდაძე