ამ რუბრიკის მთავარი თემა ყველა მკითხველისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რადგან ის ჩვენთვის ამქვეყნად ყველაზე ძვირფასს, – ჯანმრთელობაზე ზრუნვას ეხება. საქართველოში ეროვნული სკრინინგცენტრის არსებობა უდავოდ უდიდესი ფუფუნებაა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს, სრულიად უსასყიდლოდ გამოიკვლიოს საკუთარი ჯანმრთელობა და მოიპოვოს სიმშვიდე.
საქართველოს სკრინინგცენტრის საქმიანობასა და სულ ახლახან დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეზე სასაუბროდ ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორს, ეთერ კიღურაძეს ვეწვიეთ.
ეთერ, მოდი, ავუხსნათ ქართული OK!-ს მკითხველს, რა მნიშვნელობა აქვს დროულ სკრინინგს?
კიბოს სკრინინგი არის ჯანმრთელი მოსახლეობის მასობრივი გამოკვლევა, ფარულად მიმდინარე კიბოს ან კიბოსწინარე დაავადების აღმოსაჩენად, რომლის დროსაც საკვლევი დაავადების ნიშნების მქონე ჯგუფი გადამისამართდება დამატებით გაღრმავებულ კვლევებზე.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლევა მანამ ჩავიტაროთ, სანამ სიმპტომები გამოჩნდება, რათა დაავადება ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს. ამ შემთხვევაში, დაავადების მართვა გაცილებით მარტივი და ეფექტიანია. ეს, ერთ შემთხვევაში, ჯანმრთელი ცხოვრების და, მეორე შემთხვევაში, სრულად გამოჯანმრთელების საწინდარია.
რა პროგრამებს, რომელი დაავადებების კვლევას მოიცავს საქართველოში სკრინინგი?
მოქმედებს რამდენიმე კომპონენტი: 25-60 წლის ქალებისთვის უფასოა საშვილოსნოს ყელის სკრინინგი. 25-30 წლამდე ქალებში ტარდება ციტოლოგიური კვლევა – PAP-ტესტირება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, ხოლო 30-60 წლის ქალებში HPV კვლევა – ადამიანის პაპილომა ვირუსის დეტექციის ტესტი, გეგმიურად ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება კოლპოსკოპია, ასევე საჭიროებისამებრ, ბიოფსია მორფოლოგიური კვლევით.
ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, 40-70 წლის ქალებში, კვლევის ოქროს სტანდარტი ამ მხრივ მამოგრაფიაა და თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, პაციენტი გადამისამართდება სხვა კვლევებზე, როგორიცაა ექოსკოპია, ბიოფსია, ციტოლოგიური კვლევა. მესამე კომპონენტი მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგია, რომელიც 50-70 წლის ქალებსა და მამაკაცებში ტარდება. საჭიროებისას იგეგმება კოლონოსკოპია ბიოფსია-მორფოლოგიით ან მის გარეშე. ყველა კვლევას აფინანსებს სახელმწიფო, თბილისში რეგისტრირებულთათვის – თბილისის მერია, ხოლო თბილისს გარეთ რეგისტრირებულებისთვის – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
რამდენი ფილიალი აქვს სკრინინგის ცენტრს?
სკრინინგცენტრს თბილისში ოთხი ფილიალი აქვს (საბურთალო – ალექსიძის ქ. N1; დიდუბე – აკ. წერეთლის გამზ. N69; ვარკეთილი – კალოუბნის ქ. N12 და გლდანი – მე-4 მ/რ. N113ა. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი – ტელ.2203535). ასევე, გვყავს მობილური გუნდები, მანქანა-მამომობილი, სადაც განთავსებულია მამოგრაფი, მობილური ექოსკოპი და სხვა საჭირო ტექნიკა და ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი პერიოდულად გადის რეგიონებში. საქართველოს მასშტაბით სხვა კლინიკებიც ჩართულები არიან სკრინინგის პროგრამაში და აწვდიან პაციენტებს უფასო მომსახურებას. როგორც თბილისში მცხოვრებ, ასევე რეგიონების მოსახლეობას თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ ჩვენი სერვისი თბილისში, სადაც მათ დახვდებათ მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი გარემო და მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, რომლებიც მუდმივად გადიან ტრენინგებს და იმაღლებენ კვალიფიკაციას საქართველოსა და საზღვარგარეთ. ჩვენი ცენტრი საერთაშორისო სატრენინგო ბაზაა კოლპოსკოპიის მიმართულებით. წელს კი ეროვნულ სკრინინგცენტრს მიენიჭა საერთაშორისო ჰაბის წოდება ძუძუს რადიოლოგიის მიმართულებით, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ეგიდით გადაამზადებს ექიმებს აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებიდან. აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამოდიან ექიმები და ჩვენთან უტარდებათ ტრენინგები, სადაც ეუფლებიან შესაბამის უნარებს და იმაღლებენ კვალიფიკაციას. ზოგ მეზობელ ქვეყანაში ახლა იწყებენ სკრინინგის პროგრამის დანერგვას და ჩვენგან, როგორც წარმატებული მოდელისგან, იღებენ რეკომენდაციასა და ცოდნას.
როგორია პაციენტთა მომართვიანობის სტატისტიკა?
საერთაშორისო სტანდარტით, იმისთვის, რომ სკრინინგის პროგრამამ მიზანს მიაღწიოს და კიბოთი გამოწვეული ავადობა და სიკვდილიანობა შემცირდეს, აუცილებელია, პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა იყოს მიზნობრივი მოსახლეობის არანაკლებ 60-70%. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან აღნიშნული მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება, და მაგალითად, თბილისის პროგრამით ძუძუს კიბოს მოცვის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და 32% გახდა, სასურველი ნიშნულის მიღწევამდე ბევრი სამუშაოა.
როგორ ფიქრობთ, რა არის ის ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორები, რის გამოც ადამიანები თავს იკავებენ სკრინინგცენტრში ვიზიტისგან?
პირველ რიგში, ინფორმაციის ნაკლებობა. ბოლო წლებში მოსახლეობაში საკმაოდ ამაღლდა ცნობიერება სკრინინგის ირგვლივ, თუმცა რეგიონებში ინფორმაციის დეფიციტის მეტი პრობლემაა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. მომართვიანობის დაბალი მაჩვენებლის მიზეზი დიაგნოზის შიშიცაა, ეშინიათ, რომ დაავადება გამოუვლინდებათ. თუმცა, ცხადია, რაც უფრო ადრე დადასტურდება დაავადება, მისი მკურნალობა ბევრად მარტივია, როგორც სამედიცინო, ასევე, ბიუჯეტური კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთან მოსული მოსახლეობის უმრავლესობა სრულიად ჯანმრთელია საკვლევ დაავადებასთან მიმართებით. და მხოლოდ მცირე პროცენტს აღენიშნება დაავადების საწყისი ეტაპი, რაც მარტივად სამართავია, ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის გამო. არის ასევე, პროცედურების დისკომფორტის შიშიც. სინამდვილეში ყველა პროცედურა უმტკივნეულოა და ახალი თაობის აპარატურა, რომლითაც ჩვენი ოთხივე ფილიალია აღჭურვილი, იძლევა საშუალებას, ყველა პროცედურა, მათ შორის მამოგრაფია, უმტკივნეულოდ ჩატარდეს. ასევე, ხშირად მამოგრაფიის დასხივების შიში აქვთ პაციენტებს, რეალურად კი მამოგრაფიის აპარატს სტომატოლოგიაში გამოყენებული რენტგენის მოცულობის გამოსხივება აქვს მხოლოდ. თვითმფრინავით გრძელ რეისზე ფრენისას გაცილებით მეტია დასხივება, ვიდრე მამოგრაფიული კვლევისას.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საშვილოსნოს ყელის კიბოს კვლევის პროგრამაში საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლე გაქვთ.
დიახ, როგორც ვახსენე, საშვილოსნოს ყელის კვლევა, 30 წლიდან ზემოთ, ახალი ტესტით დაიწყო, რომელიც პაპილომა ვირუსის გამოვლენის ძალიან მგრძნობიარე და თითქმის 100%-მდე (97-98%) სანდო ტესტია. სატრიაჟედ კი გამოყენებული იქნება ასევე უფრო დახვეწილი – სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგია (LBC).
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზი 98% შემთხვევაში ადამიანის პაპილომა ვირუსია. არის ალბათობა, რომ 30 წლამდე ასაკში კარგი იმუნური სისტემის პირობებში, ვირუსმა უკუგანვითარება განიცადოს, ამიტომ HPV ტესტი 30 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებშია რეკომენდებული. ამ პროგრამას წინ უძღოდა სკრინინგცენტრში ჩატარებული საპილოტე პროგრამა 1000 ქალზე, რომელმაც გამოავლინა HPV ტესტის უპირატესობა ციტოლოგიურ ტესტთან შედარებით საქართველოს მოსახლეობაში. ეს ტესტი ევროპის ქვეყნებში გამოიყენება, როგორც პირველადი სკრინინგული ტესტი.
ჩვენი გუნდის მიერ ევროპული და ამერიკული გაიდლაინებისა და ჯანმოს რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა საშვილოსნოს ყელის სკრინინგისა და დიაგნოსტიკის გაიდლაინი, ჯანმოს სხვა რეკომენდაციებთან ერთად (ვაქცინაციისა და სკრინინგის მოცვის გაზრდა და გამოვლენილი კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობა) ახალი სტანდარტის, ბევრად მგრძნობიარე ტესტები მოგვცემს საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის (აღმოფხვრის) საშუალებას, რითაც საქართველო შეუერთდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანალოგიურ სტრატეგიას. ჩვენი ქვეყანა პირველი ქვეყანაა მთელ რეგიონში, რომელმაც ეს მოდელი დაამკვიდრა.
თუ შეიძლება, გაგვაცანით, რა ღონისძიებები ტარდება სკრინინგზე ცნობიერების ამაღლების კუთხით?
ჩვენი ყველა აქტივობა მიმართულია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაზე, რომ გაიზარდოს სკრინინგის ცენტრში მომართვიანობა. არაერთ კამპანიას ვატარებთ ამ მიმართულებით. ასეთებია: „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, ასევე, „გადაარჩინე სიცოცხლე“, რომელშიც ცნობილი სახეები, ხელოვანები იყვნენ ჩართულები. მათ ჩაწერეს ვიდეომიმართვები სკრინინგის მნიშვნელობაზე. მოგვიანებით სხვა სფეროც ჩავრთეთ ამ კამპანიაში, კერძოდ, ოჯახის ექიმები, სოფლის ექიმები, რომლებიც გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს. წელს კამპანიის სლოგანი იქნება „ბიზნესი სიცოცხლის გადასარჩენად“, სადაც ბიზნესკომპანიები იქნებიან ცნობიერების ამაღლების მხრივ ინფორმაციის გამცემები და უფასო სკრინინგის რეკომენდატორები პირველ რიგში, თავიანთ ორგანიზაციებში.
ჩაიტარე სკრინინგი, იყავი დაცული!
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი