ყველა ქალს სურს ჰქონდეს ჯანსაღი და ბზინვარე თმა. ამისათვის კი საჭიროა მისი სწორად მოვლა და რეკომენდაციების დაცვა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გვყავდეს თმის ისეთი სპეციალისტი, რომელსაც ვენდობით და დარწმუნებული ვართ მის პროფესიონალიზმში. ჟურნალი OK! გთავაზობთ ინტერვიუს ერთ-ერთ წამყვან სტილისტ/ქოლორისტთან, გიორგი ხიდიროვთან.
გიორგი, გვესაუბრეთ თქვენს განვლილ გზაზე…
22 წელია სილამაზის სფეროში ვარ. ამ ხნის მანძილზე არაერთი სირთულე და გამოწვევა გავიარე. წლების მანძილზე ვიყავი მთავარი სპეციალისტი სხვადასხვა ცნობილ სალონებში, ყოველთვის ღია ვიყავი სიახლეებისთვის, ვვითარდებოდი და ვაგროვებდი საერთაშორისო გამოცდილებას.
როდის გადაწყვიტეთ თქვენი სალონის შექმნა?
ალბათ ყველას, ვინც სილამაზის სფეროშია, სურს ჰქონდეს საკუთარი სამუშაო სივრცე. სხვათა შორის, ბევრი მომხმარებელი მეუბნებოდა, თუ რატომ არ ვქმნიდი ჩემს სტუდიას. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დადგა ეს ეტაპი, შევქმენი Giorgi Khidirov Colour Studio – სივრცე, სადაც მაქსიმალურად მაღალი ხარისხის მომსახურებას ვთავაზობთ მომხმარებელს.
რას სთავაზობთ საზოგადოებას?
მნიშვნელოვანია, სპეციალისტი ხვდებოდეს, თუ რას სურს მომხმარებელს, რათა სწორედ ის შესთავაზოს, რაც მისია და მას განსაკუთრებულს ხდის. მიხარია, რომ ჩემს სტუდიაში პროფესიონალი და გამოცდილი სტილისტები ზრუნავენ მომხმარებლის სილამაზეზე. საზოგადოებას მაქსიმალურად ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას ვთავაზობთ.
რა გამოგარჩევთ?
ჩემი, როგორც ქოლორისტის საავტორო თმის შეღებვის ტექნიკა. სტილისა და ფერის შეხამება, რა თქმა უნდა, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდენციების შედეგია, იმ ხედვის, რომელიც მაქვს. როდესაც ქალბატონი ჩვენთან მოდის, ის ავტომატურად ენდობა ჩვენს პროფესიონალიზმსა და გემოვნებას.
გარდა ამისა, აღსანიშნავია გარემო, რომელიც ჩვენს სტუდიაში დაგხვდებათ.
როგორ დავუბრუნოთ სიჯანსაღე თმას და როგორ მოვუაროთ მას?
უპირველესად, მნიშვნელოვანია თმა დავიბანოთ ზომიერად თბილი წყლით, ეს კარგად აისახება როგორც სკალპზე, ასევე თმის ფერზე. პერიოდულად უნდა გამოიყენოთ სკალპის სკრაბი, რათა ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლდეს. შამპუნი აუცილებლად უნდა შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისგან გამომდინარე, ხოლო კონდიციონერსა და ნიღბებს ირჩევთ თმის ტიპიდან და სიგრძიდან გამომდინარე. ანუ თუ კანი არის ცხიმიანი და სიგრძე გამომშრალი, ამ შემთხვევაში შამპუნი ცხიმიანი თმის, შემდგომ – კონდიციონერი ან ნიღაბი დამატენიანებელი ხაზით. ფენით გაშრობის შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენეთ თერმოდამცავი და ბოლოს თმის ზეთი. ამ რუტინის შედეგად თქვენი თმა იქნება ჯანსაღი. ასევე, რეკომენდებულია პერიოდულად თმის სპა-პროცედურები.
თმას არ უყვარს უხეში მოპყრობა, უნდა გვახსოვდეს, რომ თმა უნდა გავიშროთ პირსახოცით ძალიან ფრთხილად – გავჟღინთოთ ნელა და არა მთელი ძალით, სველი თმა ძალიან მგრძნობიარეა და არაა საჭირო მისი ძლიერ დაჭიმვა ან უხეშად დავარცხნა.
სამომავლო გეგმები
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყოველთვის ვისახავდი მიზნებს და თავდაუზოგავად ვისწრაფოდი მათკენ. სამომავლოდ ვფიქრობ სასწავლო აკადემიის გაკეთებას, სადაც დამწყები სტილისტები შეძლებენ მიიღონ სრულფასოვანი ცოდნა თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნიკის შესახებ, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი