OK! Men რუბრიკის სტუმარი ამჯერად ნიჭიერი მსახიობი და სცენარისტი, გიორგი მარშანიაა. ვარსკვლავი მოგვიყვება როგორ დაიბადა ჟირაფი ჟოზე 9 წლის წინ და რამდენად რთული გზა გამოიარა პროექტმა წლების მანძილზე.
View this post on Instagram
„ჟირაფი ჟოზე“ 9 წლის წინ დაიბადა ბავშვების საგანმანათლებლო-გასართობ ინტერნეტსივრცეში. მოგვიყევით იდეის ინსპირაციაზე.
ჟოზეს შექმნის იდეა სპონტანურად გაჩნდა. ძალიან მინდოდა მულტფილმების გაკეთება, მით უფრო, რომ სცენარისტის გამოცდილებაც მქონდა. სურვილის გაჩენიდან მალევე გავიცანი ჩემი მეგობარი კემო, მხატვარი, და აღმოჩნდა, რომ რომ მასაც იგივე სურვილი ჰქონდა. მივხვდი, რომ კარგი პარტნიორები ვიქნებოდით: მე – სცენარისტი და იდეის ავტორი, კემო – მხატვარი, რომელიც მარტივ ანიმაციებს აკეთებდა. გადავწყვიტეთ და გავაკეთეთ რამდენიმე ვარიანტი, ერთ-ერთი იყო საბავშვო-საგანმანათლებლო ანიმაცია, რომლის სიმღერის შექმნაში ჩემი მეგობარი, კომპოზიტორი მიშა ცინცაძე დაგვეხმარა. ასე, სამი ადამიანის სურვილების დამთხვევით გაკეთდა „ჟირაფი ჟოზეს“ პირველი სერია.
გიორგი, რატომ აირჩიეთ ანიმაციის მთავარ პერსონაჟად ჟირაფი?
გვინდოდა ისეთი ცხოველი აგვერჩია, რომელიც ხშირად არ გვხვდება მულტფილმებში. ასეთი აღმოჩნდა ჟირაფი. ძირითადად გვხვდება: დათვი, მელია, კატა, ძაღლი, მგელი. ჟირაფი, გარდა იმისა, რომ იშვიათადაა ანიმაციებში, ისედაც ზღაპრული და განსაკუთრებული ცხოველია, ჩვენი დახატული ჟირაფიც ძალიან საყვარელი აღმოჩნდა. ასე ავირჩიეთ ჟოზე. მაშინ სპონტანურად ხდებოდა ყველაფერი. იმ დროს ვერც წარმოვიდგენდით, არც კი გვიოცნებია, რომ ასეთ მნიშვნელოვან ეტაპამდე მოვიდოდით.
View this post on Instagram
ხარისხიანი ანიმაციის შექმნა ბეწვის ხიდზე სიარულს ნიშნავს. მოგვიყევით, რა სირთულეებს შეხვდით ამ პროექტზე მუშაობის პერიოდში?
გეთანხმებით, ეს მართლაც ბეწვის ხიდზე სიარულია. ბევრს ვფიქრობთ, ბევრჯერ ვამოწმებთ თითოეულ დეტალს, სანამ განვახორციელებთ. მქონია იდეები, რომელიც 2-3 წლის ფიქრის შემდეგ გარდაქმნილა სერიებად. ბევრი ვიფიქრე, ბევრჯერ მივუბრუნდი, შევამოწმე, მოვსინჯე და ასე გავაკეთეთ საბოლოოდ ეს სერიები. მთავარი სირთულეა ის, რომ პროდუქტი შემოქმედებითად გამართული და საინტერესო იყოს, მეორე სირთულე არის პროექტის დაფინანსებაში, დედლაინებში და ასე შემდეგ, საორგანიზაციო საკითხებში. დღეს არ არსებობს ანიმაციური სტუდიები, რომლებიც აკეთებენ ისეთ პროდუქტს, როგორსაც ჩვენ ვქმნით. შესაბამისად, ეს გამოუცდელობა დამფუძნებლებისთვის – ჩემთვის და ირაკლი ნადირაძისთვის, სირთულე იყო.
გიორგი, რას ნიშნავს, როცა ბავშვებისთვის მუშაობ? როცა ბავშვების განწყობის, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება თქვენი შრომის ნაყოფი. როგორი განცდაა ეს?
პირველ რიგში, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობის განცდა. ამ კონკრეტულ შეგრძნებას სწორედ ეს სახელი აქვს. მაგრამ იმას, როცა მშობლები მოგვმართავენ, გვხვდებიან, გვიხდიან მადლობას, გვწერენ, რომ ჟოზე მათი ოჯახის განუყოფელი მეგობარია, მიგზავნიან ვიდეოებს, სადაც მთელი ოჯახი მღერის ჟოზეს სიმღერებს, ბევრს უთქვამს, რომ შეზღუდული შესაძლობლების მქონე ბავშვებისთვის საუკეთესო ანიმაციაა, მათი თერაპიის დროს და ასე შემდეგ – ამ ყველაფერს რა ჰქვია, არ ვიცი. ეს არის მადლიერებაც, სიამაყეც, ბედნიერებაც. ზუსტი სახელი რომ ვერ დავარქვი, ჩვენთვის ასეთი ტერმინი მოვიფიქრე – ყვითელი ბედნიერება, რაც ყველაფერს იტევს ჟოზეს ირგვლივ.
View this post on Instagram
და აი, ჟოზემ დაიპყრო ამერიკა. ეს უდიდესი წარმატებაა. სულ ახლახან გაშვებულ ამერიკულ სერიებს უკვე ათეულათასობით ნახვა აქვს იუთუბ არხზე. მოგვიყევით, როგორ მოხდა ჟოზეს გაამერიკელება, რაც ცხადია, არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ გლობალურად მთელ მსოფლიოში გასვლის პერსპექტივას ნიშნავს?
ჟოზეს ჯერ ამერიკა არ დაუპყრია. ამის გაანალიზება და შეფასება უნდა მოხდეს სერიების გაშვებიდან 12-18 თვის შემდეგ, რადგან ეს არის უდიდესი ბაზარი. ჩვენთანაც კი არ ყოფილა ასე, რომ სერია დაგვედო და მაშინვე პოპულარული გამხდარიყო. დიდი დრო და შრომაა საჭირო, რომ პროდუქტი მაყურებელმა შეიყვაროს და ცნობილიც გახდეს, ჩამოყალიბდეს, როგორც ბრენდი. ასე რომ, ცოტა მეტი დრო გვჭირდება იმისთვის, ვთქვათ: ჟოზემ დაიპყრო ამერიკა. თუმცა ეს სწორედ ის სურვილია, რომელიც ამერიკელმა პროდიუსერებმა გამოხატეს და ასე დაასათაურეს პირველი საქმიანი მეილი, რომელიც ჩვენ გამოგვიგზავნეს: Joze takes over America. ჩვენს ერთ ამერიკელ პარტნიორს ჰყავს ქართველი მეუღლე. მათი შვილი უყურებდა ჟოზეს ქართულად. ამას მიაქცია ყურადღება მამამ, პროდიუსერმა, შემდეგ ნახა იუთუბზე ჩვენი შედეგები, არხის 450 მლნ ნახვით, გაუჩნდა ინტერესი და გადაწყვიტა, რომ არა მხოლოდ მისი შვილისთვის ყოფილიყო ჟოზე ცნობილი და საყვარელი, არამედ სხვა ამერიკელი ბავშვებისთვისაც.
ჟოზეს გაამერიკელება გლობალურად მთელ მსოფლიოში გასვლის პერსპექტივას ნიშნავს. პირველ რიგში, ეს განპირობებულია იმით, რომ ანიმაცია უკვე ინგლისურენოვანია, ინგლისური კი საერთაშორისო ენაა და ჟოზეს უყურებენ აბსოლუტურად ყველგან, სადაც ინგლისური იციან. ეს გამოცდილება გვაძლევს მსოფლიოს სხვა ბაზრებზე გასვლის შანსსაც. ამგვარად, ჟოზემ პირველი კარი გააღო მსოფლიო ბაზარზე.
ვერაფრით ავუვლი გვერდს თქვენს სამსახიობო საქმიანობას და აქვე გავიხსენებ თქვენ მიერ ბრწყინვალედ, შესანიშნავად შესრულებულ საბედისწერო როლს პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“. მიმდინარე პერიოდში თუ ხართ დაკავებული მსახიობობით?
ახლა საერთოდ ჩამოშორებული ვარ მსახიობობას. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მსახიობობა სხვა ადამიანებზე დამოკიდებული პროფესიაა, რეჟისორმა, პროდუსერმა, სცენარისტმა უნდა შეგამჩნიოს და დაგიძახოს. გარდა ამისა, ეს ურთულესი პროფესიაა და სჭირდება მუდმივად ფორმაში ყოფნა. ჩემდა სამწუხაროდ, ავცდი ამ პროფესიას და საერთოდ არ მაქვს დრო, რომ დავუთმო. არც განსაკუთრებული შემოთავაზებები მაქვს, რაც სრულიად გასაგებია – ამ წრეში და ამ მიმართულებით არ ვმუშაობ. თუმცა, რომც იყოს წინადადებები, ვერ შევძლებდი. ჟოზეს 24 სთ-იანი ყურადღება სჭირდება, არ არის მარტივი ჟირაფის მოვლა საქართველოში. ასე რომ, ჩამოშორებული ვარ სამსახიობო საქმიანობას, რაზეც გული მწყდება. თუმცა მიხარია, რომ მის სანაცვლოდ ვაკეთებ ჟოზეს, რაც შემოქმედებით სურვილებს მეტ-ნაკლებად მიკმაყოფილებს. დღეს მსახიობ გიორგი მარშანიაზე მეტად პროექტ „ჟირაფი ჟოზეს“ ავტორი ვარ, რაც ძალიან საამაყოა ჩენთვის.
View this post on Instagram
და ბოლოს, სამომავლო გეგმებზეც გკითხავთ.
ჩვენი სამომავლო გეგმები უწყვეტი განვითარებააა. ჟოზეს ბევრი სერია აქვს დაგროვებული, მაგრამ ახალ სერიებს მაინც ვაკეთებთ. გვინდა სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობა და იმედი გვაქვს, რომ დაფინანსებას მოვიპოვებთ. ეს პროექტი 2019 წელს დავიწყეთ და პანდემიამ გაგვაჩერა. ახლა მინდა განვაახლო მასზე მუშაობა, რადგან მგონია, რომ მაყურებელი კარგად მიიღებს ჟოზეს სრულმეტრაჟიან მულტფილმს დიდ ეკრანზე.
გარდა ამისა, ვმუშაობთ ახალ სერიალზე „ღუშები“. ღუშები არიან ეპიზოდური პერსონაჟები, რომლებიც ჟოზეს საახალწლო სერიაში გამოჩნდნენ და აღმოჩნდა, რომ მაყურებელს ძალიან მოეწონა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მათზე ცალკე სერიალი გავაკეთოთ, რომელიც განსხვავებული სტილის და ანიმაციის ხარისხის იქნება, ჟანრით კი, – არა შემეცნებით-საგანმანათლებლო მიმართულების, არამედ უფრო სათავგადასავლო მულტფილმი. 2 სერიაზე უკვე ვმუშაობთ და ვფიქრობ, თებერვალში მაყურებელი უკვე იხილავს ამ პროექტს. ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა ანიმაციის კეთება, ამიტომ შემოქმედებითი გეგმების პარალელურად მუდმივად არის დაფინანსების ძიების პროცესი.
გეგმაში გვაქვს ასევე კიდევ ერთი პროექტი – ანიმაციური სერიალები თინეიჯერებისთვის. ეს იქნება სცენარის მხრივ სრულიად გამართული, ხაზგასმით მაღალხარისხიანი, 20 წუთიანი სერიებისგან შემდგარი ანიმაცია – სუპერგმირები თინეიჯერებისთვის, სადაც გავაცოცხლებთ ქართულ მითოლოგიას. მასში ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია და პერსონაჟია. თუ მას კარგად გადმოვიტანთ ანიმაციურ სერიალში, შესაბამისად, პროექტს მიიღებს როგორც ქართველი, ასევე სხვა ქვეყნების მაყურებელიც.