საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კრივის დარბაზი – „12 რაუნდი“ 2021 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და საზოგადოებას კრივისა და ჯგუფური ვარჯიშების მიმართულებით მომსახურების მაღალ სტანდარტს სთავაზობს. ამ ხნის განმავლობაში კლუბმა მოახერხა ერთგული მომხმარებლების შემოკრება და ბევრი ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. მაღალი ხარისხის სპორტული ინვენტარი, ოჯახური გარემო, პროფესიონალი და მეგობრული სტაფი – ეს იმ უპირატესობების მცირე ჩამონათვალია, რითაც „12 რაუნდი“ გამოირჩევა ბაზარზე. ჟურნალი OK! გაგაცნობთ „12 რაუნდის“ წევრებს, რომელთაც კრივისა და ფიტნესის სიყვარული აერთიანებთ.
როგორია „12 რაუნდის“ შექმნის ისტორია?
(ბაჩო წიკლაური – თანადამფუძნებელი და დირექტორი): ბავშვობიდან ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ორი მიმართულება – ფოლკლორი და სპორტი მიზიდავდა. სამი წლის ასაკიდან ვთამაშობდი წყალბურთს, შემდეგ იყო ძალისმიერი სამჭიდი (საქართველოს სამგზის ჩემპიონი), პარალელურად კი გაჩნდა კრივი. ცოტა მოგვიანებით კი ბოდიბილდინგი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ამ მიმართულებითაც არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ჩემპიონატში ვმონაწილეობდი. 2023 წელს 6 ოქრო მოვიპოვე, ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი ვაჩვენე – IFBB World Championship Master Men’s Physique 40-44 Years, Open -top 5(finale – historical result ; IFbb president santonja world cup 2023; Master Men’s Physique 40-49 Years, Open – historical result.
ამით მინდოდა მეჩვენებინა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, რაც არ უნდა ბევრი საქმე გქონდეს, ყოველთვის არის შესაძლებელი ვარჯიშისთვის დრო გამონახო და საკუთარ თავზე გამოცადო ყველაფერი ის, რისკენაც შენს დარბაზში მოსული მომხმარებელი მიისწრაფვის – იყო მაგალითი და არა მხოლოდ მმართველი.
როგორც აღვნიშნე, მთელი შეგნებული ცხოვრება სპორტით ვარ დაკავებული, სხვა საქმიანობებთან ერთად. წარმოსახვაში ყოველთვის მქონდა იდეალური დარბაზი, სადაც აუცილებლად იქნებოდა ბევრი კრივის ტომარა, რინგი და უამრავი სავარჯიშო დანადგარი. პანდემიის პერიოდში კი, ჩემმა მეგობარმა შემახვედრა თავის ძმას, რომელსაც დარბაზის შექმნის იდეა ჰქონდა. როცა ამიხსნეს კონცეფცია, მახსოვს, ვუთხარი – „ოცნება მომპარეთ-მეთქი“. ზუსტად ისეთი სივრცე შევქმენით, რაზეც ამდენი წელი ვოცნებობდით – აქ კრივის და ჯანსაღი დამოკიდებულებების აურა ტრიალებს. დარბაზში შემთხვევით არაფერი შეგვიძენია, ყველა ინვენტარი ერთი დიდი კონცეფციის ნაწილია, რომელიც ფილიალიდან შემდგომი ფილიალის გახსნამდე პროგრესსა და განახლებას განიცდის. თამამად შეიძლება განვაცხადო – კრივის მიმართულებით ასე ფართოდ და სრულყოფილად თბილისში არცერთი დარბაზი არ არის წარმოდგენილი და აქ N1 ვართ!
რას სთავაზობთ საზოგადოებას?
„სითი მოლის“ ფილიალში არის კრივისა და ფუნქციონალური ტრენინგის შერწყმული სივრცე. ყველა ის ელემენტი და ვარჯიში, რაც სრულდება ამ სივრცეში, თავიდან ბოლომდე მორგებულია როგორც კრივზე, ასევე ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. ვაკის ფილიალში უფრო ფართო სპექტრით ვარ წარმოდგენილი, 4 კონცეპტუალური სივრცე სრულყოფილად გაძლევს საშუალებას, ივარჯიშო: კრივი, სხვადასხვა ინტენსივობის წრიული ვარჯიშები, იოგა, გამოიყენო GYM-ის თანამედროვე ზონა. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი ყავა, კერძები და თუნდაც დარბაზიდან გაუსვლელად იმუშაოთ ონლაინრეჟიმში.
ჩვენი აბონემენტი მოიცავს აბსოლუტურად ყველა ჯგუფურ ვარჯიშს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ჯგუფურ ვარჯიშს არა ერთი, არამედ ორი მწვრთნელი ატარებს, რათა ყურადღება თანაბრად დაეთმოს ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც ჯგუფური ვარჯიშების სივრცეს სტუმრობს. გარდა ამისა, ჩვენ მოვახერხეთ და კრივის სამყაროში წამყვანი ბრენდი TITLE BOXING-ის ოფიციალური დისტრიბუტორები გავხდით. შესაბამისად, ჩვენს მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის კრივისა და სპორტული ინვენტარის აქსესუარებს ვთავაზობთ.
გვესაუბრეთ სამწვრთნელო სკოლაზე (12 Rounds Coaching school)
ეს სკოლა მე და ნათია ღარიბაშვილმა დავაფუძნეთ. იდეა ძალიან დიდი ხანია მაქვს, შესაბამის სივრცეს და სასწავლო პროგრამის სრულყოფას დიდი დრო დავუთმე. ყოველთვის მქონდა სურვილი, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც სპორტული კარიერის დროს დავაგროვე, სხვებისთვისაც გამეზიარებინა.
სკოლაში გვაქვს ორი მიმართულება: მწვრთნელის და საბაზისო. საბაზისო განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქამდე არ ჰქონია ვარჯიშსა და თეორიასთან შეხება, თუმცა აქვთ სწავლის სურვილი. კურსი მოიცავს ზოგად ანატომიას, ბიომექანიკას, ნუტრიციოლოგიის საფუძვლებს და სხვ. მწვრთნელის კურსი კი ბევრად მოცულობითია როგორც თეორიულ-პრაქტიკულ ნაწილში, ასევე სასესიო საათებით.
სამომავლო გეგმები
გეგმები ძალიან ბევრი და რეალური გვაქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი მომდევნო ფილიალის გახსნაა. ეს იქნება გლდანი–ნაძალადევის ტერიტორიაზე ძალიან მაგარი ფილიალი, ახალი „მოლის“ სივრცეში. მასშტაბებით ვაკის ფილიალზე დიდი და ბევრი სიახლით, ახალი ბრენდებით და მომხმარებლებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული.
„12 რაუნდის“ გუნდის წევრები:
(ნათია ღარიბაშვილი, „12 რაუნდის“ საბურთალოს ფილიალის მენეჯერი, ჯგუფური და პერსონალური ვარჯიშების მწვრთნელი):
წლების წინ ჩემი ცხოვრება რადიკალურად განსხვავდებოდა ამჟამინდელისგან. პროფესიით იურისტი ვარ, სისხლის სამართლის მაგისტრი, პრეზიდენტის სტიპენდიანტი, 100%-იანი გრანტის მფლობელი და პირველ ინსტანციაში სისხლის სამართლის კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე 3 წლის მანძილზე. დღესაც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის იურისტი ვარ. 13 წლის წინ, სტრესისგან გასათავისუფლებლად, პირველად მივედი სპორტდარბაზში – სრულიად სხვა სამყაროში, სადაც არაფერი არ ვიცოდი. ძალიან ჯიუტი და შრომისმოყვარე ვარ და სწორედ ამ თვისებებმა მომიყვანა იმ გამოუცდელი, მოვარჯიშე გოგოდან საქართველოს აბსოლუტურ ჩემპიონობამდე ბოდიბილდინგში. სპორტმა უფრო პრინციპული, მიზანმიმართული და დისციპლინირებული გამხადა. ძალიან მინდოდა ეს ყველაფერი სხვებსაც ეგრძნოთ, მეკეთებინა ის საქმე, სადაც ადამიანების ცხოვრებას როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური მიმართულებით, უკეთესობისკენ შევცვლიდი.
რატომ „12 რაუნდი“?
აქ მომუშავე თითოეული ადამიანი სპორტზეა შეყვარებული, აქ არცერთი კადრი არ მუშაობს მხოლოდ ფინანსური სარგებლისთვის. როგორც ჩვენი კლუბის თითოეული მომხმარებელი აღნიშნავს, ჩვენთან მხოლოდ სავარჯიშოდ არ დადიან. რთული სამუშაო დღის ბოლოს მათ აქვთ ადგილი, სადაც ელოდებიან როგორც ოჯახის წევრს და სადაც, სტანდარტული მომსახურების მიღმა, მიიღებენ დამატებით მეგობრულ ურთიერთობებს, გაერთობიან და კავშირებს დაამყარებენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან. ჩვენ ფიზიკურს მიღმა, ფსიქოლოგიურადაც ვცვლით ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ.
(მარიამ დალალიშვილი, „12 რაუნდის“ სოციალური მედია/მარკეტინგის მენეჯერი):
სპორტთან ბავშვობიდან მაქვს აქტიური შეხება. მოგეხსენებათ, ადრე არ იყო დიდი არჩევანი და ამიტომაც მხოლოდ ტანვარჯიშით და ცეკვით შემოვიფარგლებოდი. ფიტნესსივრცეში ჩემი პირველი გამოცდილება გახლდათ ოქტოპუს ფიტნესი, სადაც აქტიურად ვიყავი ჩართული და ვითავსებდი სხვადასხვა პოზიციას.
უკვე მესამე წელია „12 რაუნდის“ ოჯახის წევრი ვარ, მოსვლისთანავე დამხვდა აქტიური, განსხვავებული და ჯანსაღი გარემო. მიუხედავად იმისა, რომ კრივის მიმართულებით საერთოდ არ მქონდა არანაირი გამოცდილება, ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, გავზრდილიყავი კლუბთან ერთად. პრემიუმ კლასის კრივის დარბაზი სრულიად ახალი სიტყვა იყო ბაზარზე და ჩემთვის აქ მუშაობა საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა.
ჩემი საქმიანობა ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც სოციალური მედიის და მარკეტინგის მართვას, ისე მრავალ სხვა ფუნქციას, მაგალითად, ბოლო პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული აპლიკაციის შექმნის პროცესში. ყოველდღიურად კი ვმუშაობთ ახალი პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნაზე, რათა მაქსიმალურად მოვერგოთ ჩვენი მომხმარებლების სურვილებს და მოთხოვნებს. ამავდროულად, აქტიურად ვაგრძელებ სწავლას ჩემი პროფესიული მიმართულებით, რის საშუალებასაც „12 რაუნდი“ ყოველთვის მაძლევს.
რატომ „12 რაუნდი“?
ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მასზე მორგებული სხვადასხვა ჯგუფური აქტივობა, რაც კრივის გარდა მოიცავს ფუნქციონალურ ვარჯიშებს, იოგას, პილატესს, კიკბოქსინგს, კლასიკურ ჯიმს და მოსასვენებელ ზონებს. საქართველოში „12 რაუნდი“ არის წამყვანი კრივის დარბაზი, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის პროფესიონალური რინგით, ტომრებით და კრივის სხვა ინვენტარით, ხოლო მეორე სართულზე განთავსებულ სატრენაჟორო სივრცეში წარმოდგენილია ბოლო თაობის TECHNOGYM–ის მულტიფუნქციური სავარჯიშო ტრენაჟორები. ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის იპოვი შენთვის რაიმე ახალს – ისეთს, რაც ყოველთვის მოგცემს სტიმულს და საშუალებას, გახდე შენი თავის ჩემპიონი.
(დეა ჯავახიშვილი, „12 რაუნდის“ ვაკის ფილიალის მენეჯერი. ჯგუფური და პერსონალური ვარჯიშების მწვრთნელი)
ჩემი ამ სფეროში მოღვაწეობა 10 წლის წინ ჰობით დაიწყო, შემდეგ უფრო სიღრმისეულად შევისწავლე ეს სფერო და 2019 წელს ჩემი ჰობი პროფესიად ვაქციე. მუშაობა დავიწყე ოქტოპუს ფიტნეს კლუბში, სადაც გავიარე Life fitness-ის ფუნქციონალური პერსონალური და სპინინგის ჯგუფური ვარჯიშების კურსი. ასევე ვარ ProLife fitness georgia-ს პერსონალური და დარბაზის სერტიფიცირებული მწვრთნელი. 2023 წლიდან დავიწყე მუშაობა „12 რაუნდში“.
რატომ „12 რაუნდი“?
ვფიქრობ, ამ სფეროს ყველაზე დიდი ხიბლი ის პროცესი და შედეგია, რომელსაც ადამიანები თავიანთი შრომითა და დისციპლინით, შესაძლოა სირთულეებით, თუმცა მაინც აღწევენ დასახულ მიზანს. სწორედ ეს შედეგი, თითოეულის პირადი პროგრესი და მიზნის მიღწევა პირდაპირპროპორციულია მათივე ცხოვრების ხარისხის ამაღლებასთან, გაუმჯობესებასა და დიდ ცვლილებასთან. „12რაუნდში“ მოსული მომხმარებელი პოულობს საერთო ინტერესების ადამიანებს სხვადასხვა ჯგუფში. ჩვენი პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული გუნდის დახმარებითა და გვერდში დგომით მიზნების მიღწევა გაცილებით მარტივი ხდება.
(თეონა ფიროსმანაშვილი, 24 წლის, კრივის მწვრთნელი):
18 წლის ასაკში გამიჩნდა ორთაბრძოლების მიმართ ინტერესი და პირველი სპორტი კიკბოქსინგი იყო, რაშიც 4-გზის საქართველოს ჩემპიონი ვარ. შემდეგ გაჩნდა კრივი, რამაც უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში. პირველივე კრივის შეჯიბრზე გადავწყვიტე, რომ ამ მიმართულებით წავიდოდი და 2020 წელს გავხდი პირველად საქართველოს ჩემპიონი, წელსაც წარმატებით შევინარჩუნე ეს ტიტული… მართალია, პროფესიით არქეოლოგი ვარ, თუმცა მთელი ჩემი ინტერესი კრივის სფეროს დავუკავშირე.
ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც გავიაზრე, რომ ჩემი გამოცდილება და ცოდნა უკვე იყო იმ დონის, რომ შემეძლო სხვა ადამიანებისთვის გაზიარება, დავიწყე მწვრთნელობა…
რატომ „12 რაუნდი“?
„12 რაუნდი“ არის კრივის სამყარო, ამიტომ ვარ აქ, ამ დარბაზში თავი მოიყარა კრივზე უზომოდ შეყვარებულმა ყველა ადამიანმა და ზუსტად ეს გვაძლევს შედეგებს. ერთ გუნდად ვართ შეკრული და გვინდა ყველას გავაგებინოთ, რომ კრივი არ არის უბრალოდ ერთმანეთის ცემა, რომ ეს არის ხელოვნება, რომელიც ძალიან რთული, საინტერესო და უსასრულოა…
(თამარ ვადაჭკორია, მაღალი ინტენსიური ჯგუფური ვარჯიშებისა და პერსონალური მწვრთნელი):
სპორტული და ფიზიკური აქტივობა მანამდეც იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა 2014 წელს დავიწყე დარბაზის სივრცეში კონცენტრირებულად, რაღაც მიზანზე ორიენტირებული ვარჯიში. ამ ყველაფერს ადამიანების მხრიდან პოზიტიური უკუკავშირი და სხვადასხვა დარბაზისგან შემოთავაზებები მოჰყვა. თავდაპირველად სულ სხვა სფეროში ვსაქმიანობდი და აღნიშნულ შემოთავაზებებზე უარს ვამბობდი, თუმცა პანდემიის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ცოდნის გაზიარება და ადამიანების ამ მიმართულებით მოტივაციის მიცემა შემეძლო. ამიტომ დავთანხმდი ერთ-ერთ სტუდიოს ჯგუფური ვარჯიშების ჩატარებაზე, მოგვიანებით კი ბაჩო წიკლაურისგან მივიღე შემოთავაზება, „12 რაუნდის“ გუნდს კი ვაკის ფილიალის გახსნის პირველივე დღიდან შემოვუერთდი.
რატომ „12 რაუნდი“?
„12 რაუნდი“ ჩემთვის არის ოჯახი, სითბო, სპორტი, ოფლი, შრომა, შედეგი, ურთიერთობები, პოზიტივი, მეგობრები – ანუ ყველაფერი ის, რასაც ადამიანები ეძებენ იდეალური სამსახურის ცნებაში. იგივეა ჩემთვის ჩემი მეორე/პირველი სამსახური „რესპუბლიკა“, სხვანაირად მე არ შემიძლია. რატომ „12 რაუნდი“? იმიტომ, რომ სხვა არჩევანს ეს სივრცე არ გიტოვებს. ეს სივრცე ყველა საშუალებას მაძლევს იმისთვის, რომ ჩავატარო ხარისხიანი ჯგუფური ვარჯიშები და ჩემი ვარჯიშებიც იდეალურად დავგეგმო. სუბიექტურობისგან დაცლილი ვიტყვი, რომ აქ ყველა ორიენტირებულია ხარისხზე, მომხმარებლის რეალურ კმაყოფილებაზე, ამასთანავე, ჯგუფებზე სოციუმები იქმნება და ეს არ არის მხოლოდ ის სივრცე, სადაც მოდიხარ, ვარჯიშობ და მიდიხარ – აქ უფრო მეტი „ვაიბია“.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: პირადი არქივიდან