დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი მიზანდასახული და ძლიერი ქალია. მან შეძლო პირადი ცხოვრებისა და კარიერის დაბალანსება. ის უკვე წლებია არ ღალატობს თავის პრინციპებს, მიჰყვება არჩეულ გზას და ყველა გამოწვევას გამოცდილებად აქცევს. ის არასოდეს ნებდება და მიაჩნია, რომ წარმატების ფორმულაც სწორედ მოძრაობაში, მუდმივ განვითარებასა და სიახლისკენ სწრაფვაშია. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ მაღაზიათა ქსელის, „ჭიტას“ დამაარსებელს, ხათუნა ჩხიკვაძეს, რომელიც თავის ოჯახზე, „ჭიტას“ რებრენდინგსა და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრა.
ქალბატონო ხათუნა, დავიწყოთ თავიდან, როგორი ბავშვობა გქონდათ?
იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახში უმცროსი, მესამე შვილი ვიყავი, მამა ძალიან მანებივრებდა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მომავალში ჩემს ხასიათსა და ცხოვრებაზე დადებითად აისახა, ის სილაღე და თავისუფლად აღზრდა დამეხმარა წარმატების მიღწევაში. ბავშვობიდან მიზანდასახული, ოპტიმისტი, კომუნიკაბელური, მეგობრული და, როგორც ამბობენ, მზრუნველი ვიყავი.
თქვენ ადრეულ ასაკში დაოჯახდით…
16 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი. რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია პროფესიულ განვითარებაში. 19 წლის ასაკში, სწავლის პარალელურად, ორი შვილი მყავდა, მაგრამ ამან უფრო გამაძლიერა და შევძელი ბალანსის დაცვა ოჯახსა და კარიერას შორის, რაც ასევე მეუღლისა და ჩემი ოჯახის დამსახურებაა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მიზანდასახულობა, თუმცა, თუ არ გაქვს ოჯახის ხელშეწყობა, მაშინ უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდება. ჩემი მეუღლე ჩემი პირველი მხარდამჭერი და მოტივატორია.
როგორია მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ შექმნის ისტორია?
90-იან წლებში, უშუქობისა და უტრანსპორტობის დროს, გავხსენით „ჭიტას“ პირველი მაღაზია, მაშინ, როცა ქვეყანაში ამის კულტურა ჯერ არ არსებობდა. როგორც აღვნიშნე, 19 წლისა უკვე ორი ვაჟის დედა ვიყავი, შესაბამისად, ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი იყო სათამაშო. საქართველოში კი იმ დროს არ იყო სათამაშოებისა და სუპერმარკეტების ცნება, მახსოვს, ქუჩის ბაზრობებსა და ჯიხურებში გვიწევდა სათამაშოს შეძენა და ამასთანავე, ძალიან მცირე არჩევანის საშუალება გვქონდა. სწორედ აქედან გამომდინარე, დაიბადა „ჭიტას“ გახსნის იდეა – შემექმნა ისეთი სივრცე, სადაც სათამაშოების ფართო არჩევანი იქნებოდა წარმოდგენილი. მახსოვს, ბევრს უკვირდა, ვერ ხვდებოდნენ, იმ რთულ პერიოდში როგორ იქნებოდა სათამაშოების მაღაზია მომგებიანი, თუმცა პირველი მაღაზიის გახსნისთანავე საზოგადოებამ ძალიან დადებითად მიიღო „ჭიტა“ და მალევე დავიწყეთ ზრუნვა ქსელის გაფართოებაზე.
27 წელია ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ხართ ბაზარზე, როგორ ინარჩუნებთ ამას?
ახლა რომ ვუფიქრდები, ძალიან ბევრი გამოწვევა და სირთულე გამოვიარეთ ამ 27 წლის განმავლობაში და შესაძლოა აქამდე ბევრს ფარ-ხმალიც კი დაეყარა, მაგრამ ისევ და ისევ ჩემი ოჯახისა და ერთგული გუნდის დახმარებით გადავლახეთ ყველაფერი.
„ჭიტას“ ერთგულ გუნდს აერთიანებს საერთო ღირებულებები, თითოეულ მათგანს აქვს დროის სწორად მართვის უნარი, ჯანსაღი დამოკიდებულება კონკურენტებთან და კორპორაციული პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ „ჭიტა“ ბოლო წლებია აქტიურ ქველმოქმედებას ეწევა. სწორედ ამ ღირებულებების დამსახურებაა, რომ ბაზარზე ჩვენს ადგილს ვინარჩუნებთ.
დღეს, „ჭიტა“ აერთიანებს 16 ფილიალს თბილისსა და რუსთავში, სადაც 10 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი დაგხვდებათ. ეს არის სივრცე, სადაც 0 თვიდან დაწყებული, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მოიძებნება საჩუქარი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან მოთხოვნად პროდუქციასთან ერთად, დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ბავშვისთვის განმავითარებელ სათამაშოებს. რა თქმა უნდა, „ჭიტაში“ წარმოდგენილი პროდუქცია სერტიფიცირებულია, თითოეული ნივთის აღწერაში მითითებულია, რომ პროდუქცია ტესტირებულია და ეკოლოგიურად სუფთა. თავად აქტიურად ვიყავი ჩართული ევროპული სტანდარტის კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესში. გარდა ამისა, ჩვენს ყველა პროდუქციაზე დატანებულია ანოტაცია ქართულ ენაზე, ასაკობრივი კატეგორიისა და ფუნქციების მიხედვით.
ჩვენთვის ცნობილია, რომ „ჭიტამ“ სულ ახლახან ვიზუალური იდენტობა განაახლა…
დიახ, სიახლე გვაქვს, გადავწყვიტეთ ბრენდბუქის განახლება და ვიზუალური იდენტობის გათანამედროვება. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, ბრენდმა უსმინოს მომხმარებელს, ბაზრის მოთხოვნებს და მუდმივად მიჰყვეს სიახლეებს, რამაც განაპირობა ახალი ბრენდბუქისა და ლოგოს განახლების საჭიროება. ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ 27-წლიანი ბრენდის ვიზუალური იდენტობის ცვლილებისას შენარჩუნებულიყო ჩვენი მთავარი ღირებულებები. ბრენდბუქის განახლება მივანდეთ კომპანია Grapevine-სა და მის გუნდს.
ქალბატონო ხათუნა, გაგვაცანით თქვენი ოჯახი…
ჩემი მეუღლე არის ზვიად ბოჭორიშვილი, პროფესიით გეოლოგი და ჩემი ბიზნესპარტნიოირი. მყავს ორი ვაჟი – ბექა და ბაჩო ბოჭორიშვილები. ბაჩო სამედიცინო სფეროშია, პროფესიით რეაბილიტოლოგი, ხოლო ბექა ჩვენი მეორე კომპანიის ბიზნესცენტრის Dream Tower-ის დირექტორია და ასევე „ჭიტას“ ბიზნესპროცესებშიცაა ჩართული. ორივე დაოჯახებულია, ბექას ჰყავს ვაჟი, დემეტრე და ახლა მეორე შვილიშვილის მოლოდინში ვართ.
გვიამბეთ Dream Tower-ის შესახებ…
ჩვენი ბიზნესცენტრი საზოგადოებას სთავაზობს მაღალი კლასის კეთილმოწყობილ საოფისე ფართებს, რომელიც საუკეთესოა შეხვედრებისა და ბიზნესსაქმიანობისთვის. ასევე ბოლო სართულზე განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი,რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით. ბიზნესცენტრი მდებარეობს დიღმის ტყე-პარკთან ახლოს, აღმაშენებლის ხეივანის N19-ში, გამწვანებულ და ეკოლოგიურად სუფთა ადგილას.
ვინ ან რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი?
ამ კითხვაზე პასუხად შემიძლია ბევრი წარმატებული ადამიანი დავასახელო, თუმცა არ ვიქნები ბოლომდე გულწრფელი, რადგან ჩემი მთავარი მოტივატორები არიან ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი. ზოგადად, მომწონს წარმატებული ადამიანების ისტორიების კითხვა, მიყვარს ფილმი – The Secret, რადგან მისი ყურების შემდეგ ბევრი რამ შევცვალე ჩემს ცხოვრებაში და ყველას ვურჩევ ამ ფილმის ნახვას.
თავისუფალ დროს…
ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ვცდილობ, წელიწადში რამდენჯერმე მაინც მოვახერხო ჩემს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად მოვინახულო სხვადასხვა ადგილი საქართველოსა თუ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში. ასევე მიყვარს წიგნების კითხვა.
დაგვიტოვეთ ერთი რჩევა…
იმის გათვალისწინებით, რომ სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, ყოველდღე, ყოველ წუთს მუდმივად უნდა ვიყოთ სწავლებისა და განვითარების პროცესში, ეს აქტიური პროცესი, ენერგიების გაცვლა აუცილებელია ცხოვრებაში.
სამომავლო გეგმები…
განვაგრძობთ როგორც ქსელის გაფართოებას, ისე საინტერესო პროექტების შეთავაზებას. გარდა ამისა, უკვე რვა წელია გვაქვს საქველმოქმედო ფონდი, საახალწლოდ მრავალშვილიანი ოჯახების გახარებას ვგეგმავთ.
დაბოლოს, თქვენი საახალწლო სურვილი…
2024 წელს მოეტანოს ბევრი სიყვარული, სიხარული და მთელ მსოფლიოში სიმშვიდე. ასევე ვისურვებდი, რომ ადამიანები უფრო მეტად ზრუნავდნენ ერთმანეთზე.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი