ექიმი-სტომატოლოგი თენგიზ ლობჟანიძე
ოჯახში ექიმი არავინ ჰყოლია, პროფესიული არჩევანი ადამიანების დახმარების დიდმა სურვილმა განაპირობა. მიიჩნევს, რომ ექიმობა მუდმივ სწავლასა და განვითარებას მოითხოვს. ამჟამად ქუთაისის რეგიონალური სტომატოლოგიური ცენტრის დირექტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორია. წარმატებამდე მისასვლელ გზაზე, გამოწვევებსა და გამოცდილებაზე ჟურნალ OK!-ს ჩვენი რესპონდენტი თენგიზ ლობჟანიძე ესაუბრა.
ბატონო თენგიზ, უპირველესად, გვიამბეთ, როგორი იყო გზა წარმატებამდე?
1961 წელს წარჩინებით დავამთავრე ქუთაისის 22-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1971-1975 წლებში, განაწილებით ვმუშაობდი ბაღდათის რაიონში, ექიმ-სტომატოლოგად. პირველი წარდგენა სტომატოლოგიაში საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მიუხედავად პრაქტიკული გამოუცდელობისა, საკუთარ თავთან მუშაობამ, მონდომებამ და საქმისადმი კეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ რაიონის მოსახლეობაში სიყვარული და პატივისცემა მომიტანა. დღითი დღე იზრდებოდა ჩემი პრაქტიკული გამოცდილება და პაციენტების რიცხვიც. 1975-1977 წლებში მუშაობა ქუთაისის N1 სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში ექიმ-ორდინატორად განვაგრძე. 1977-1979 წლებში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩავირიცხე მოსკოვის სტომატოლოგიის ცენტრალურ, საკავშირო, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორდინატურაში, ხოლო 1979-1982 წლებში ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში გავაგრძელე სწავლა, სადაც ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას უმაღლესი რანგის ყბა-სახის ქირურგებთან ვიღებდი.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამეცნიერო მიმართულებითაც იმუშავეთ…
დიახ. თემა შევარჩიე – ლაზერის სხივით ქსოვილების რეპარაცია-რეგენერაცია პირისახის მიდამოების დეფექტების დასაფარად, სახის მიდამოს სხვადასხვა ადგილიდან, რომელიც ხდებოდა ფილატოვის ყლორტით. ამ მიგრაციას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდებოდა, დაახლოებით ერთი წელი, ვიდრე სასურველ შედეგს მივიღებდით. მიგრაციის პროცესის დაჩქარების მიზნით ექსპერიმენტები დავიწყე ცხოველებზე. თეორიისა და პრაქტიკის შერწყმით მივაღწიე სასურველ შედეგს, რითაც პროცესის ხანგრძლივობა განახევრდა. სწორედ ეს საკითხი გახდა ჩემი საკანდიდატო დისერტაციის თემა. 1982 წელს წარმატებით დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მომენიჭა.
ხომ არ გსურდათ სწავლისა და მუშაობის გაგრძელება იმავე ქვეყანაში?
შემეძლო დოქტორანტურაც იმავე ინსტიტუტში გამეგრძელებინა, მაგრამ ოჯახი სამშობლოში მელოდა. ორი ქალიშვილი უკვე მყავდა, როცა საქართველო დავტოვე და 5 წელი სხვა ქვეყანაში ვიყავი. მინდოდა, ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც შევიძინე, ჩემი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის სამსახურს მოხმარებოდა.
1983 წელს ქუთაისის N2 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის (ამჟამად ქუთაისის რეგიონალური სტომატოლოგიური ცენტრი) მთავარ ექიმად დამნიშნეს. გადავწყვიტე, გარკვეული სიახლეები დამენერგა სტომატოლოგიური მკურნალობის საკითხებში. რეგიონში პირველებმა სტომატოლოგიური ცენტრის ბაზაზე შევიმუშავეთ და პრაქტიკაში დავნერგეთ პირის ღრუს სანაციის მიზნით ზოგადი გაუტკივარება (ნარკოზი), განსაკუთრებით ემოციური და ფსიქონერვული პრობლემების მქონე პაციენტებში. ასევე პირველებმა ჩვენს რეგიონში, ქალაქ კაუნასში კვალიფიკაციის გავლის შემდეგ, 1989 წელს ჩავატარეთ დენტალური იმპლანტაცია, რომელსაც დღესაც წარმატებით ვაგრძელებთ.
იყო ექიმი, ნიშნავს…
ექიმობა დიდი პასუხისმგებლობაა. მუდმივ სწავლასა და განვითარებას მოითხოვს. თუ დღევანდელი ცოდნით კმაყოფილდები, პროფესიონალიზმიც იქ სრულდება. ჩემს სტუდენტებს ხშირად ვაფრთხილებ, რომ ამ პროფესიის არჩევისას ბოლომდე უნდა ჰქონდეთ გათავისებული, რა ელოდებათ მომავალში. როცა ადამიანის სიცოცხლესთან გაქვს საქმე, არაპროფესიონალურ შეცდომას ვერ დაუშვებ, რადგან შეიძლება ფატალურად დასრულდეს. ყოველთვის ვამბობ, თუ პაციენტს სათანადო მკურნალობას ვერ სთავაზობ, არ ავნო მაინც.
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის შექმნაში დიდი წვლილი მიგიძღვით…
1995 წელს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის მაშინდელ რექტორს, პროფესორ მაგალი თოდუას წინადადებით მივმართე, უნივერისიტეტის ბაზაზე გაგვეხსნა სამედიცინო ფაკულტეტი, ვინაიდან ამისთვის უნივერსიტეტში ყველანაირი პირობები არსებობდა: მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შესაბამისი კათედრები, ლაბორატორიები, ადამიანური რესურსები და სხვა. იდეა მოეწონა, შესაბამის ინსტანციებში წარდგინებები გაკეთდა, მხარი დაგვიჭირეს და გავხსენით სამედიცინო ფაკულტეტი, სადაც დასაწყისში ფარმაციისა და სტომატოლოგიის სპეციალობები, შემდგომ პედიატრიისა და სამკურნალო საქმის სპეციალობებიც დაემატა. 10 წელი ამ ფაკულტეტის პირველი დეკანი ვიყავი.
რა მიგაჩნიათ თქვენი პროფესიის ყველაზე რთულ გამოწვევად? გაიხსენეთ საინტერესო შემთხვევა.
ექიმისთვის ყველაზე რთული გამოწვევაა, როცა პაციენტს შენი მკურნალობით ვერ ეხმარები. ხვდები, რომ საკმარისი ცოდნა არ გაქვს და ამ დროს უსუსური ხარ. როცა პირველად ჩემს პროფესიაში ფეხს ვიდგამდი, ხშირად მქონდა იმის განცდა, რამდენად სწორად ჩავუტარე მას მკურნალობა და მერე მთელი ღამე პაციენტის მდგომარეობაზე ფიქრში გამითენებია. ჩემი ცხოვრების წლები შევწირე, რომ მეტი გამოცდილება მიმეღო და დარწმუნებული ვყოფილიყავი ჩემს პროფესიონალიზმში. ბევრი საინტერესო შემთხვევის გახსენება შეიძლება. ახლა რაც მახსენდება – საავადმყოფოში მორიგე ექიმი ვიყავი. მძიმე პაციენტი მოიყვანეს ფლეგმონით, უგონო მდგომარეობაში. მიუხედავად სათანადო ქირურგიული ჩარევისა, ვფიქრობდი, რომ ვერ გადავარჩენდი. მთელი ღამე მის საწოლთან გავატარე. როგორც აღმოჩნდა, ჩამძინებია, პაციენტი ნარკოზიდან გამოვიდა და თვითონ გამაღვიძა. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო.
გაგვიზიარეთ თქვენი წარმატებისა და ბედნიერების ფორმულა.
პირველ რიგში, აუცილებელია, რომ სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა გქონდეს, რადგან ჯანმრთელობა, მართალია ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერი არაფერი არ არის; სიყვარული უნდა შეგეძლოს და გასცე რაც შეიძლება ბევრი; ბედნიერებაა, როცა იმ საქმეს აკეთებ, რომელიც ძალიან გიყვარს; ეკონომიური პირობებიც ხელს უნდა გიწყობდეს; მნიშვნელოვნად მიმაჩნია ფორტუნა, იღბალი უნდა გწყალობდეს…
პაციენტთან ურთიერთობა არ არის მარტივი. არსებობს „ჯადოსნური“ სიტყვა, რომელსაც მათ ეუბნებით?
საკუთარი თავი პაციენტის როლში უნდა წარმოიდგინო. ექიმები ფსიქოლოგებიც ვართ, კომუნიკაციის დამყარება არ უნდა გაგვიჭირდეს. ადამიანი რომ დახმარების იმედით მოდის, ნდობა უნდა გაუჩნდეს და სითბო იგრძნოს. მას არ უნდა აფიქრებინო, რომ მხოლოდ ფინანსურ ანაზღაურებას ელოდები. მომავალ თაობასაც ამას ვეუბნები. მთავარია პროფესიონალიზმი და პაციენტის სიყვარული. თუ ეს არ შეგიძლია, პაციენტიც უარყოფითად განეწყობა და დადებით შედეგსაც არ მოიტანს.
რას იტყვით თქვენი კოლეგებისა და გუნდის შესახებ?
აქ მოსვლისას ძალიან კარგი კოლექტივი დამხვდა, მას შემდეგ ასე გრძელდება. ესეც იღბალთან არის დაკავშირებული. როცა ღირსეულ სტუდენტს ერთგულებას და მონდომებას ვატყობ, სამსახურს ვთავაზობ. ახლა ამ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმების თითქმის ნახევარი ჩემი ყოფილი სტუდენტია.
გვიამბეთ თქვენს ოჯახზე.
ოთხი შვილი მყავს. სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, სიძეები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. ძალიან ბედნიერი ვარ. წარმატება, რომელსაც ცხოვრებაში მივაღწიე, ჩემი მეუღლის, მარინა ჩირგაძის დამსახურებაა. ის შესანიშნავი პიროვნება, საუკეთესო პედაგოგი იყო, რომელიც 2006 წელს გარდაიცვალა და რთული პერიოდიც დაიწყო… გარკვეული დრო გავიდა, სიცოცხლის ხალისი ისევ დამიბრუნდა, როდესაც ბელა ქობულაძეს შევხვდი და ვაჟი ამირან ლობჟანიძე შეგვეძინა. ამიკო წელს შევიდა სკოლაში, მან ჩვენი ცხოვრება შეცვალა.
რას ეტყოდით ჩვენი ჟურნალის მკითხველს გზავნილის სახით?
მე ყველაფერი არ მაქვს, რაც მიყვარს, მაგრამ მიყვარს ყველაფერი, რაც მაქვს. ასე რომ, მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდით იმას, რაც გაქვთ და უფალმა გიბოძათ.
ტექსტი: მარიამ ირემაძე
ფოტო: ლანა ვახტანგაძე