იყო პოეტი, ნიშნავს ყური მიუგდო შენი ქვეყნის გულისცემას და პოეტურ სახეებს ხატოვნად ათქმევინო ის სათქმელი, რომელიც ეხმიანება საზოგადოების მაჯისცემას, მის სიხარულსა თუ გულისტკივილს. მისი ლექსები ყოველთვის გვახსენებს, რომ სიყვარულია ის ძალა, რომელიც გადაგვარჩენს, გვაპოვნინებს გზას ხსნისას. „Ok! ბათუმის“ სტუმარი ყველასათვის საყვარელი პოეტი, საზოგადო მოღვაწე, არაერთი წიგნის ავტორი და, უბრალოდ, ლამაზი ბათუმელი, ბელა ქებურიაა, ქალი, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით ეფერება „ხმათა ხავერდებისა და ღმერთების ენას“. ამბობს, რომ განსაკუთრებით უყვარს წერა, ხატვა, ქარგვა, ყვავილების მოვლა და გახარება. უყვარს მთელი სამყარო მასში ჩატეული ქარიშხლებით და მიაჩნია, რომ სიყვარულისა და სითბოს გაზიარება არასოდეს არ უნდა დაგვენანოს, რადგან, შესაძლოა ჩვენმა ერთმა გულწრფელმა სიტყვამ, გაზიარებულმა ემოციამ სიცოცხლის წყურვილი დაუბრუნოს ადამიანებს. როდის გრძნობს თავს ბედნიერად, ყველაზე მეტად როგორი ბათუმი ენატრება, რა არის ის, რაც ჯერ არავისთვის უთქვამს, რას ადარებს წერის პროცესს – გაეცანით „OK! ბათუმის“ ინტერვიუს პოეტ ბელა ქებურიასთან.
იყო პოეტი – ნიშნავს…
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კანონით არ უნდა მიჭირდეს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ფიქრის არეალი ღრმავდება და ფართოვდება. მეტი ინტერესით „უმზერ სამყაროს, ცა გაოცებს იდუმალებით“ და იწყებ უამრავი რამის შეფასება-გადაფასებას. საკუთარ თავსაც ხშირად უსვამ კითხვას – ვინ ხარ, საიდან მოხვედი და საით მიემართები, რისთვის გაჩნდი და რას ტოვებ წასვლის შემდეგ… რატომ გაჩნდი აქ, მაინცდამაინც ამ ქვეყანაში და რა მოვალეობა გაკისრია… რატომ მოგეცა ის უნარები, თვისებები და ტალანტი, რაც გაგაჩნია… პირიქითაც ხდება, აგეკვიატება ეკლესიასტესეული, მარადიული წუხილი „ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო…“, მაგრამ როცა ამ სამყაროს ყოველდღური რუტინისგან განთავისუფლებული მზერით შეხედავ – მშვიდდები… იმდენად თავზარდამცემად მშვენივრად, ზუსტად და, ამავდროულად, გაუგებრადაა ის აწყობილი. ჰოდა, პოეტიც იმისთვისაა, ამ მარადიულ კითხვებზე პასუხები ეძებოს. ბარათაშვილისა არ იყოს, თუნდაც იმიტომ – „რომ ჩვენს შემდგომად მოძმესა ჩვენსა, სიძნელე გზისა გაუადვილდეს“. იყო პოეტი, ნიშნავს მარადიულ ძიებას, შენი ქვეყნის, ერისა და რწმენის გადარჩენის გზების მიგნებას, ბევრ რამეზე უარის თქმასაც, თუ გინდა მარტო პოეტად კი არა, ერის შვილადაც დარჩე.
წლები, ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად გენატრებათ…
ჩვეულებრივ, ყველა ბავშვობას, ახალგაზრდობას, მერე მოწიფულობის წლებს მისტირის… წლები არაფერია, ისინი შენზე ძალაუფლებას კარგავენ, თუ საყვარელი ადამიანებით ხარ გარშემორტყმული, შენ ირგვლივ კი სამყარო, სახელმწიფო, ოჯახი, საზოგადოება, მეტწილად ნორმალურადაა აწყობილ-დალაგებული. მაგრამ ასე რომ არაა?! სამყარო, ადამიანი, ბუნება… თითქოს ყველაფერი შეიშალა ჩვენ ირგვლივ. სტიქიური უბედურებები არ მთავრდება. ადამიანის სიცოცხლე გაიაფდა. სიკვდილს შევეჩვიეთ. მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, იმდენი უბედურება გამოვიარეთ, იმდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“უაზრო და გაუთვლელ ამბიციებს, რომ სიზმრისეული მოლანდებები მგონია. არც ახლა ვართ მშვიდად, ბეწვის ხიდზე გადის ჩვენი სახელმწიფოს არსებობა. ვერ ვისწავლეთ მომავლისკენ ერთად ყურება. ალბათ, მხატვრულ ან დოკუმენტურ ფილმებში მაინც გინახავთ ძაღლების ჩხუბი, ჰოდა, ერთმანეთს რომც ხოცავდნენ, მგლის გამოჩენისას, ერთიანდებიან და საერთო ძალებით შეუტევენ მტერს. ეს ვერ ისწავლა ჩვენმა პოზიცია-ოპოზიციამ. არის საერთო ხაზები, რაც არ უნდა გადავკვეთოთ, რაც არ უნდა იდეოლოგიურად ან პიროვნულად ვერ ვიტანდეთ ერთურთს. სხვა დროა, სხვა ეპოქაა… ხელოვნური ინტელექტით გეგმავენ და იმუშავებენ იდეოლოგიურ და სახელმწიფო სტრატეგიებს, ჩვენ კი ემოციებსა და პირად ამბიციებს ვერ გავცდით. ამიტომ წლები კი არა – ეპოქა მენატრება, დავითის და თამარის, გიორგი ბრწყინვალის ეპოქა… მჯერა ჩემი ქვეყნის მომავლის, ოღონდ, მეტი სიყვარული უნდა შევიტანოთ ურთიერთობებში, მომავალ თაობას ვასწავლოთ სამშობლოს, ოჯახის, ფასეულობების მნიშვნელობა. თუ საკუთარი არ გიყვარს ე.ი. სიყვარული საერთოდ არ იცი რაა, და „სიყვარულობანას“ თამაშობ. უსიყვარულოდ კი ოჯახი, სოფელი და ქვეყანა არ შენდება. ეს ნამდვილად ასეა! ისე, ვიწრო, ადამიანურ ფორმატში თუ გადავინაცვლებთ, წლებს არ მივტირი, ადამიანებს – კი! რადგან ისინი ხომ ხიდან ჩამოცვენილი შემოდგომის ფოთლებივით გაჰყვნენ დროის ქარებს… მენატრება მშობლები, ძმა, ბებიები… მერე ის დიდი ადამიანები, რომელთაც ცხოვრების გზაზე შევხვედრივარ და რომელთა განსაკუთრებულად დადებითი ზემოქმედებაც ტვიფარივითაა აღბეჭდილი ჩემს გულსა და სულზე. ადამიანის ბუნება ისეა აწყობილი, რაც აქვს, იმის განუსაზღვრელ ფასს მხოლოდ მისი დაკარგვის მერე ხვდება. გვგონია, მუდამ ვიცოცხლებთ, მოვეფერებით, ვნახავთ, ვიზრუნებთ… არადა, მოიხედავ და უკვე აღარაა, მარადისობის ხალენი მოუხურავს და ცათა სიმაღლეს შემატებია. ამიტომაც უნდა გავუფრთხილდეთ ერთურთს!
პოეზია ხომ სულის გამოძახილია პოეტისთვის, შესაძლებლობაა თავისი სათქმელი მთელი სიმკვეთრით მიაწვდინოს ადამიანებს. რა არის თქვენი შემოქმედების მთავარი გზავნილი სამყაროსათვის…
არ მახსოვს ვისი სიტყვებია, პოეზია თუ მოკვდა, საზოგადოების დაღუპვა გარდაუვალიაო. მაგრამ აქ პოეტებზე ანუ ავტორებზე კი არა, მის მკითხველებზეა საუბარი. დღეს რამე რომც არ დაიწეროს, რაც ანტიკური ეპოქიდან დღემდე კალმის ძალით შექმნილა, კაცობრიობას სულიერ საზრდოდ ეყოფა, თუმცა ყველა ეპოქას თავისი სათქმელი, ენა და სტილი აქვს. მთავარია, ადამიანმა არ დაკარგოს პოეტური აღქმის უნარი. უნდა ესმოდეს, დაინახოს, გაოგნდეს ლექსის, სტრიქონის მაგიით, სილამაზით, სიღრმით და სათავისკენ, აღმა მცურავ კალმახივით, ჰაერში შენავარდებისას, სილაღისა და თავგანწირვის სიდიადე გვაგრძნობინოს. მინდა ადამიანებს თანაალმობის, სიყვარულისა და სიკეთის უნარი არ დაუბლაგვდეთ, სიცოცხლე მარტო ყოფა-ცხოვრების კარგად აწყობა-მოწყობა, ჭამა, ჩაცმა და მთელი ცხოვრების ჰარიჰარალოთი გატარება არაა, სამწუხაროდ, ამას სიცოცხლის ბოლო წუთებში ხვდებიან თურმე….
მუდმივად გვერდში უდგახართ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ ნაბიჯებს პოეზიაში, მწერლობაში…როგორ შეაფასებთ მათ შემოქმედებას, როგორ ფიქრობთ, იტყვიან ისინი ახალ სიტყვას ქართულ ლიტერატურაში?
ამას ნამდვილად ყოველთვის ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ… სწორედ ეს გვქონდა მიზნად, როცა 2009 წელს აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მაშინდელმა დირექტორმა მიმიწვია და ნორჩ შემოქმედთა ლიტერატურული კლუბი „ზღვაური“ დავაარსეთ. დიახ, ეს გახლდათ არა წრე, არამედ ლიტერატურული კლუბი. იმ პერიოდში და ადრეც, ქართულ სინამდვილეში, არსებობდა ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, მაგრამ ვამაყობ, პირველი ლიტერატურული კლუბი რომ სწორედ ჩვენ დავაარსეთ. 2011 წელს, ამავე კლუბის ბაზაზე და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის უშუალო მხარდაჭერით, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე პირველებმა დავაარსეთ საბავშვო ლიტერატურული ჟურნალი „ზღვაური“, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ, ხაზგასმით ვამბობთ, სასკოლო ასაკის ბავშვთა შემოქმედება იბეჭდება, მათ შორის უცხოეთიდანაც… რადგან პანდემიის პერიოდი გამოვტოვეთ, წელს ამიტომაც გამოვა მეათე ნომერი. რადგან საიუბილეოა, მას გვინდა წიგნის სახე მივცეთ და ყველა წინა ნომრიდან საუკეთესო მასალაც შევიდეს. რაც შეეხება საერთოდ ჟურნალს და მის მასალას, 2012 წლიდან ვატარებთ ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურს „ზღვაურს“, სადაც განვლილ წლებში 1400 მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებულ ბავშვთა შემოქმედება ავტომატურად ხვდება ჟურნალის ფურცლებზე. ჟიური კი ცნობილი და პატივსაცემი მწერლებისგან შედგება. ამის გარდა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩვენი არაჩვეულებრივი მინისტრის მეშვეობით, ნორჩ შემოქმედთა მხარდაჭერის უამრავი ბერკეტი არსებობს. მთავარია, ახალგაზრდებმა მოინდომონ და შემოქმედებითად დაიხარჯონ. ვინც შრომობს, იზრდება და წინ მიისწრაფვის… ის აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს და ასეთი არაერთი პიროვნება გვყავს…
ამქვეყნად მოსვლა იმისთვის ღირდა, რომ…
წარმოიდგინეთ, არასდროს რომ არ გავჩენილიყავით, რამდენი რამ დაგვრჩებოდა განუცდელი, შეუგრძნობი, უნახავი…
სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ…
თუ სხვას ამის გაკეთება შეუძლია, ჩვენც შევძლებთ!
ბედნიერი ხართ, როცა…
მზის ამოსვლას ვუყურებ, ქვეყანაში სიმშვიდეა, ოჯახის ყველა წევრი ჯანმრთელად და შინ მყავს, შვილიშვილები კარგი სწავლითა და ქცევით გამახარებენ, მეგობრები შემომეხმიანებიან ან გამომივლიან. კარგ სპექტაკლს ან ფილმს ვნახავ. ვხარობ, როცა ჩვენი მწერლები, მუსიკოსები, სპორტსმენები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელსა და გამარჯვებას მოუტანენ. როცა ახალ ლექსს დავწერ ან ნახატს დავამთავრებ… ერთი სიტყვით, უამრავი რამ მახარებს…
როგორია თქვენეული ბათუმი და თუ არის განსაკუთრებული ადგილი ამ ქალაქში, სადაც ყველაზე მეტად გრძნობთ ბათუმურ სურნელს…
ჩემეული ანუ ბავშვობის დროინდელი ბათუმი აღარაა, წარსულს ჩაჰბარდა მისი ღრმად ქართული გარემო, ევროპული პეწი და სიმყუდროვე, ბულვარიდან მონაქროლ სიოს საზაფხულო თეტრის წინ მდებარე ღია კაფეებიდან ხელის საფქვავით დაფქული ყავის სურნელება ლამის რუსთაველის ქუჩამდე რომ მოჰქონდა… ყველა ერთმანეთს რომ იცნობდა, ესალმებოდა, უღიმოდა… ახლა ჩვენი ქალაქი მეგაპოლისია, ისეთი ჩაბეტონებულ-ჩაკეტილი, რომ ნიავს ყავის სურნელის მოტანა კი არა, თავად უჭირს გამოღწევა უზარმაზარ სახლებს შორის… ბავშვობიდან ძველ ბათუმში ვცხოვრობდით, ახლა ძველისა და ახლის ბუფერულ ზონაში – არდაგანზე, სადაც მხოლოდ მტვრის, ცემენტისა და ახალჩასხმული ბეტონის სუნი იგრძნობა. კიდევ კარგი, სამსახური ძველი ბათუმის ტერიტორიაზეა და სამუშაო დღის ბოლოს, ზოგჯერ ფეხით გავისეირნებ ხოლმე, თუმცა იქაც ბევრი რამ შეიცვალა…
მუზა…
მუზის სტუმრობა ბედნიერებაა, რომელიც მართალია, ხშირად ქანცის გაწყვეტამდე გღლის, მაგრამ არნახულ განცდასაც განიჭებს… და თანაც, რაც მოვიდა, იმის ფურცელზე გადატანა თუ შეძელი ისე, რომ არსი, ტკივილი ან სიხარული, ფერი, სურნელი და მელოდია არ დაუკარგო, ეს ენით აუწერელი სიხარულია.
რა არის ის, რაც დედამიწაზე არსებობას უფრო საინტერესოს ხდის… სიცოცხლის ხანმოკლეობა და… ის, რომ არ ვიცით როდის და როგორ წავალთ ამ ქვეყნიდან…
მოგზაურობთ, ეცნობით ამა თუ იმ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას. როგორია თქვენი თვალით დანახული მათი ყოველდღიურობა და რას ეტყვით „OK! ბათუმის“ მეშვეობით მათ?
მოგზაურობას მე რომ მინდა იმდენად ხშირად ვერ ვახერხებ. მარტო ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ჩემოდანი მუდამ გამზადებული მექნებოდა. მოგზაურობისას ყოველთვის ვცდილობ შევხვდე ჩემს თანამემამულეებს. თუმცა დღევანდელი საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში ქართულად მოსაუბრეს იმდენს ვერ შეხვდები, რამდენსაც ევროპაში… ამას, რა თქმა უნდა, ცოტათი ვაზვიადებ, მაგრამ სიმართლესთანაც ახლოსაა… რაც შეეხება მათ ყოველდღიურობას, იმდენი ცრემლით სავსე თვალები მინახავს, იმდენი გულმხურვალე ამოთქმა და ტკივილი მომისმენია, მათი ცრემლები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კათარზისს უთუოდ გამოიწვევს. ყველა ცოდვაა, ის – ვინც ალალი შრომით ირჩენს თავს და ისიც, ვინც უკუღმართ, არასაკადრის გზას ადგას… ქართველი სხვა ყალიბისაა, სამშობლოს ფასს და მისდამი სიყვარულის სიმძაფრეს ქვეყნიდან წასვლის მერე უფრო ხვდება. არადა, ამაყია, უკან დამარცხებულად დაბრუნებას სიკვდილი ურჩევნია. ამიტომაც ბევრი მათგანი ვერ უძლებს ამ წნეხს და უცხო ცის ქვეშ პოვებს აღსასრულს. რა მოხდებოდა, ამ პატარა ქვეყანას ჯერ მისი ხალხისთვის მიეხედა, მიეცა შრომის, სრულყოფილი და უფასო განათლებისა და ჯანდაცვის შესაძლებლობა, როცა ამის უამრავი რესურსია, თუმცა, ეს უკვე სხვა ფორმატის სასაუბრო თემაა და სხვა დროს იყოს. თქვენი დიდებული ჟურნალის მეშვეობით კი მათ ვეტყოდი: – გაუძელით, ფინიშამდე ანუ თქვენი კეთილი მიზნების განხორციელებამდე მიდით და დაბრუნდით, რადგან თქვენ იმხელა გამოცდილებას იღებთ თავდაუზოგავი შრომით, სწავლითა და საარსებო გზების ძიებით, რომ საქართველოს თქვენი გამოცდილება ახალ რელსებზე გადაიყვანს.
ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებით, გაგვანდეთ საიდუმლო, როგორ ახერხებთ მუდმივად კარგ ფორმაში ყოფნას…
ჩემს გარეგნობაზე დიდად არ ვზრუნავ, მარტივად, სწრაფად და იოლად ვდგები სასურველ სტილზე. ყველაფერი მაინც შიგნიდან მოდის, მჯერა, სიყვარული და სიკეთე გვხდის ლამაზებს, უკეთესებს, მომხიბლავებს… არც ჩაცმას ვაქცევ გადამეტებულ ყურადღებას, თუ რამე ძალიან მომწონს, შეიძლება წლების შემდეგაც გადმოვიღო გარდერობიდან და ჩავიცვა.
ვის შეადარებდით სიყვარულს…
პირველად და სამუდამოდ – დედას…მერე იმას, ვისაც გულის კარს ვუღებთ და ჩვენს საგულეში ორი გულის ხმა ერთიმეორის რიტმზე ეწყობა… და განუზომლად დიდი ბედნიერებაა, თუ ეს ხმა სიცოცხლის ბოლომდე უნისონში გრძელდება.
ლექსი, რომელიც გგავთ…
მგონი ყველა მგავს, ზოგი სუსტად, მაგრამ უმეტესობა ზუსტად. ეს – კი განსაკუთრებით…
ვინ ვარ…
ვინ ვარ?
მზის ერთი სხივი ვარ,
ცისკართან ერთად ავდგები,
წვიმას ღვთის მადლად ვღებულობ,
ქარებს მეგობრად დავყვები,
ზოგჯერ ზღვის მეცხრე ტალღა ვარ,
თეთრად აშლილი აფრებით,
ბაბუაწვერას სუნთქვა ვარ,
მომიქროლებ და… გავქრები…
სამშობლოს ცრემლის წვეთი ვარ,
მისთვის სიცოცხლის გამღები,
რაცა ვარ, აი, ესა ვარ,
არც მეტი და არც ნაკლები.
წერის პროცესი ჰგავს…
ასტრალში გასვლას. თუ მოვიდა და წერა დავიწყე, ჩემ ირგვლივ სამყარო რომ ინგრეოდეს, ვერ გავიგონებ…
ის, რაც ჯერ არავისთვის გითქვამთ…
უკვე ვფიქრობ იმაზე, იქით… რა არის.
ყოვლისშემძლე რომ იყოთ…
ადამიანებს აგრესიისა და სიძულვილის მატარებელ გენებს ამოვაცლიდი.
შეუცვლელი ფიქრი… სურვილი… ოცნება…
სამშობლო, სამშობლო, სამშობლო!
ფოტო: გიორგი კალანდაძე
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე