ერთი შეხედვით თითქოს იოლი საქმე, ცეკვა-სიმღერა რომ ჰქვია, დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. ქუთაისში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი წლების წინ დაარსდა. ზეინაბ ბურჯანაძის ხელმძღვანელობით, მისივე კოლეგების თანადგომითა და გუნდის წევრების მხარდაჭერით, ის დღეს ქუთაისის სიამაყესა და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. ანსამბლი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობს, საკუთარ პროფესიონალიზმს სცენაზე შეუდარებლად აჩვენებს და ქვეყანაში წარმატებით ასპარეზობს. დეტალური ინფორმაციისთვის ჟურნალი „OK! ქუთაისი“ დამფუძნებელს, ზეინაბ ბურჯანაძეს გაესაუბრა.
გვესაუბრეთ ანსამბლის შექმნის ისტორიასა და პირველ ნაბიჯებზე.
ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი მე-13 წელია არსებობს. თავიდან ახალგაზრდული ანსამბლი იყო, მოცეკვავეები შევკრიბეთ, პროგრამა შევადგინეთ, აბსოლუტურად ყველაფერი მოვაწესრიგეთ და პირველი საჩვენებელი საღამო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გავმართეთ. სპეციალურად ჩვენი საღამოსთვის ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა. მოცეკვავეებს ფორმები არ ეცვათ, ცეკვები ჩვეულებრივ სარეპეტიციო ფორმებში შეასრულეს. მახსოვს, ილიკო სუხიშვილი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, ჩოხა არ ცეკვავს, პიროვნება ცეკვავსო.
ვინ ქმნის ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს?
ანსამბლში 83 წევრია. მის შემადგენლობაში უმრავლესობა მოცეკვავე ვაჟია, რომელთაც მიჰყავთ ცეკვა, ასევე, 16 გოგონა, 13 მომღერალი ბიჭი, კონცერტმაისტერები, ტექნიკური პერსონალი, ოპერატორი, რომელიც ანსამბლს ემსახურება.
ვინ არიან ქორეოგრაფები?
ქორეოგრაფი პირველი თაობის მოცეკვავე შოთა ჯიშკარიანია. სწორედ ის გახლავთ „ქუთაისურის“ავტორი. იმ ცეკვის, რომელიც დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს. ძალიან ნიჭიერი პიროვნება და ქორეოგრაფია ია ესვანჯია, რომელიც გამორჩეული და თავისი საქმის პროფესიონალია.
რას გვეტყვით მუსიკოსებზე?
ქეთი ბანცაძის ხელმძღვანელობით უძლიერესი ხალხური ანსამბლი გვაქვს. ურთულეს რეპერტუარს მღერიან. არის ანსამბლები, რომელთა შემოქმედებაში „ნადური“ საერთოდ არ არის, რადგან ყველაზე რთული სამღერაა, 8-დან 10 წუთამდე გრძელდება. ყველა კონცერტის წინ გამოსვლა ტრადიციად მექცა. განსაკუთრებულ მიმართვას ვაკეთებ, ახალგაზრდა მსმენელებს ვთხოვ, ყურადღებითა და სიმშვიდით მოუსმინონ ამ არაჩვეულებრივ შესრულებას. ჩვენს ბოლო კონცერტზე მაყურებელი გუნდს შემოსვლისთანავე ტაშის დაკვრით შეხვდა და ეს ფაქტი, რასაკვირველია, ძალიან მახარებს.
გვესაუბრეთ რეპერტუარის შესახებ.
შესანიშნავი რეპერტუარი გვაქვს. შესულია ის ცეკვები, რომელიც ქართული ფოლკლორისთვის აუცილებელია და ნებისმიერ სახელმწიფო ანსამბლს უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ინდივიდუალურ ცეკვებს, ია ესვანჯიამ „ნანინასი“ დადგა. ეს იას ცეკვაა, რომელიც მან ბრწყინვალედ შექმნა. შინაარსით, პლასტიკითა და ერთნაირობით გამორჩეულია. ოთხი ქალი ცეკვავს და როდესაც უყურებ, გგონია, რომ ერთი ასრულებს. ია მაღალი გემოვნების ქორეოგრაფია და მის სიტყვას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ. „იმერული სახალისო“ და „ქუთაისური“ – ეს ცეკვები შოთა ჯიშკარიანის სახელისაა. მახსოვს, ერთხელ შოთა მოვიდა და მითხრა, ერთ-ერთ ცეკვაზე ბავშვობიდან ვფიქრობო. თურმე, „მოხევურის“ დადგმა 12 წელი უნდოდა. აი, ასეთი სიღრმიდან მოდის. ამიტომ არის განსაკუთრებული ეს ცეკვები. ასე ძლიერ უყვართ თავიანთი საქმე. შოთამ საკუთარი ჯანმრთელობაც კი მიუძღვნა ხელოვნებას. ის ცეკვით ცხოვრობს. ასევეა, მუსიკოლოგი ქეთი ბანცაძე. უნიჭიერესია და თამამად ვიტყვი, რომ მსგავსი ცოდნა ქართულ ფოლკლორში ბევრს არ აქვს.
გამოარჩევდით თუ არა რომელიმე მოცეკვავეს ან სოლისტს?
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ქორეოგრაფია ძალიან რთულია. ნამდვილად გამორჩეული სოლისტები გვყავს, მაგრამ ვერავის გამოვყოფ. სუსტი აქ არავინ არის, ძლიერი მოცეკვავეები არიან და თითოეული მათგანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქორეოგრაფი სხვა შემთხვევაში არ გააჩერებს მოცეკვავეს, არც შოთა და არც ია. ძალიან ერთგულები არიან, ერთი დიდი ოჯახია.
ცოტა ხნის წინ, ანსამბლს სტატუსი მიენიჭა და სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ეწოდა. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
ჩემთვის ორდენები და მედლები არაფერს ნიშნავს, რადგან ხელოვნება ისაა, რასაც სცენაზე ვხედავ. მაგრამ, როდესაც ჩემი გოგო-ბიჭების გაბრწყინებულ თვალებს შევხედე, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მათთვის აკადემიურობის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დარწმუნდნენ, რომ მათ შრომას ტყუილად არ ჩაუვლია. ახალი წლიდან უკვე ეს სტატუსი გვაქვს.
როგორია წარმატების თქვენეული ფორმულა?
უპირველესად, ენთუზიაზმი და საქმისადმი სიყვარული, რომელიც დღემდე გრძელდება. სახელმწიფო ანსამბლის შექმნა უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ხელმძღვანელობა ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელოვნების მიმართულებას უძღვები. გვერდით ნიჭიერი და ერთგული ადამიანები დავიყენე. სწორი უნარი უნდა გქონდეს განჭვრიტო, რომელია სწორი გადაწყვეტილება. ასევე, რასაც საფუძვლად სიყვარული არ უდევს, ის საქმე კარგად არასდროს გვირგვინდება. შეიძლება ვინმესთვის უცხოც კი იყოს, თუმცა ვიტყვი, რომ ამ ანსამბლში არავინ ჩხუბობს. განა არ ვკამათობთ?! თუნდაც პროგრამაზე, ხანგრძლივობაზე, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენი საქმე ყველას ძალიან გვიყვარს. სასურველი შედეგი კი სხვანაირად არ მიიღწევა. შეიძლება საუკეთესოდ იცეკვონ და იმღერონ, მაგრამ სითბო, სიყვარული და დისციპლინა თუ არ იქნება, მაყურებელიც, რასაკვირველია, შეატყობს.
კონკურენცია…
კონკურენცია ხელოვნებაში წარმოუდგენელია. ვინმეს შეეჯიბრო, მდაბიო საქციელია, ხელოვნება მაყურებლისა და მსმენელისთვის სიამოვნების მინიჭებაა და როგორ მოახერხებ ამას, თუ საქმეს ვინმეს ჯიბრისა და ჯინისთვის აკეთებ?! ჩვენს ანსამბლს შეიძლება ძვირად ღირებული ფორმები არ აქვს, მაგრამ ყველას ძალიან მოსწონს. ვთვლით, რომ სამოსი დასამახსოვრებელი უნდა იყოს. გადატვირთული არ არის, მაგრამ ფერების მონაცვლეობაა და ვიზუალურად აღქმადია. მე და ჩემი ქორეოგრაფები კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, ვინმეს მივბაძოთ ან სტანდარტი გადმოვიღოთ. ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია ფორმის მიმსგავსება ან სხვისი ცეკვის შესრულება. ანსამბლი მაშინაა ძლიერი, როცა თავისი ხელწერა აქვს და ჩვენ გვაქვს, ავთენტური მუსიკითა და ურთულესი რეპერტუარით.
ქუთაისი დიდი ტრადიციების ქალაქია. როგორია მისი დღევანდელი კულტურული ცხოვრება?
ქუთაისი განსაკუთრებულია. ის ფაქტიც, რომ აქედან არ წავედი, იმის მანიშნებელია, რომ ქალაქი ძალიან მიყვარს. სულ მინდა, რომ ეს არ იყოს მხოლოდ წარსულისა და ტრადიციების ქალაქი. აქ ძვირფასი ხელოვანი ადამიანები გვყავს, მხატვრები, მწერლები, მსახიობები… ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სხვებს, თუ როგორი კარგია. ქუთაისს ჰყავს ისეთი სახელმწიფო ანსამბლი, როგორიც ეკადრება. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ხელოვნება, რომელიც არავისას ჰგავს. გამორჩეულია თავისი ხელწერით.
დაბოლოს, გაგვიმხილეთ სამომავლო გეგმები.
ანსამბლი ქუთაისის სავიზიტო ბარათია, სიახლეები აუცილებლად შევა პროგრამაში, სხვანაირად წარმოუდგენელია. ამავდროულად, ჩვენს დაძმობილებულ ქალაქებს ვეწვევით და კონცერტებს გავმართავთ. მაისის თვეში ბათუმში, ივნისში კი თბილისში იქნება კონცერტი. 15 წლის იუბილეს აღნიშვნის სურვილი გვაქვს. იმ ხალხს მოვიწვევთ, ვინც წლებია ჩვენი სამეგობროა.
ტექსტი: მარიამ ირემაძე