ხშირად გვსმენია, „ვინ ძალადობს ქალზე“ , „ეს ადრე იყო, ახლა ქალს კაცზე მეტი უფლებები აქვს“… თანამედროვე საზოგადოება თითქოს ირიდებს ფაქტებს, რომლებიც გვამცნობენ უამრავ ამბავს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ფემიციდი, ადრეული ქორწინება, ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება – ეს ყველაფერი წარსულს ჯერ არ ჩაბარებია.
25 ნოემბერი გაეროს გენერალურ ასამბლეას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ აქვს გამოცხადებული, რაც გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლის 16 დღიან კამპანიას ხსნის. ამ კამპანიის ერთ-ერთი მიზანია მოცემული საკითხის მასშტაბისა და სინამდვილის წარმოჩენა, რაც ხშირად დამალული რჩება.
სულ ცოტა ხნის წინ ისევ გაისმა ერთი ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლის ამბავი – 14 წლის „გათხოვილი“ მოზარდი გოგო, რომელიც ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკას ემსხვერპლა. ქართული OK! ეხმიანება თემას. ჩვენ ვეცადეთ, გამოსავლის ძიებაში დავეხმაროთ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება. საბედნიეროდ, უფრო მეტი პირი და კომპანია ერთიანდება ამ ბრძოლაში. დიდი მადლობა გაეროს მოსახლეობის ფონდს გაწეული დახმარებისთვის.
OK! ასევე ესაუბრა AVON საქართველოს გენერალურ დირექტორს, ანა ცხადაძეს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შესახებ.
ანა, თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ, რატომ აირჩიეთ ოჯახში ძალადობის თემა თქვენს მთავარ სამუშაო ფოკუსად მიმდინარე წელს?
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისადმი Avon-ის თავდადება ემყარება ჩვენს მრავალწლიან ჩართულობას ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროექტებში. უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახში ძალადობა არის დღემდე გავრცელებული პრობლემა საქართველოში, რომელიც გავლენას ახდენს ათასობით ქალზე და არის კრიტიკული ბარიერი მათი გაძლიერებისა და კეთილდღეობის გზაზე.
საქველმოქმედო ინიციატივების მეშვეობით ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი სამყაროს შექმნაში, რომელშიც ქალებს შეეძლებათ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი. ოჯახში ძალადობა ძალიან მგრძნობიარე და ემოციურად დატვირთული საკითხია, ამიტომ ჩვენ ყოველთვის თანამოაზრე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ერთგულებას გენდერული თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის კუთხით.
თუ შეიძლება მოგვიყევით, როგორ არის ჩართული AVON-ი ამ კვირეულის ფარგლებში და რა ღონისძიებებს ახორციელებს?
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჩვენ ვმუშაობთ UNFPA-სთან ერთად, რათა შევაგროვოთ თანხა, რომელიც პრიორიტეტულ საჭიროებებს დაუფინანსებს ძალადობაგამოვლილ ქალებსა და მათ შვილებს. „აქტივიზმის 16 დღის“ ფარგლებში ვგეგმავთ კიდევ უფრო ხმაურიან ღონისძიებებს ამ საკითხის გარშემო სოციალური მობილიზაციის გაზრდისა და თანხების შეგროვების მიზნით.
როგორ ხორციელდება თქვენი საქველმოქმედო საქმიანობა?
AVON-ის კატალოგში ყოველთვის გვაქვს სპეციალურად ცისფერი ლენტით გამოყოფილი პროდუქტები. მათი გაყიდვით შემოსული თანხა ირიცხება „ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში“, რათა დავაკმაყოფილოთ ამ ქალების საჭიროებები. სამწუხაროდ, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ძალადობას აქვს უამრავი ფორმა, იქნება ეს ფიზიკური, სექსუალური თუ ფსიქოლოგიური, ამიტომ ძალადობაგამოვლილ ქალებს სჭირდებათ ექიმის, გინეკოლოგის, ფსიქოლოგის დახმარება. ასევე გვაქვს საბანკო ანგარიშის ნომერი, რომლის მეშვეობით უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადმორიცხოს ნებისმიერი რაოდენობის თანხა, რომელიც ზემოთ აღნიშნული სერვისების მიწოდებას მოხმარდება.
ცნობიერების ამაღლებაზე რას გვეტყოდით, როგორ ცდილობთ ფართო საზოგადოებას მიაწვდინოთ ხმა?
ყველა აქტივობას ვაშუქებთ სოციალურ ქსელში და ჩვენს ბლოგზე. გვყავს ძალიან დიდი გუნდი – 20 000 ქალი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვებს და ჩართულნი არიან ამ პროცესებში. მათ მუდმივად ვაწვდით განახლებულ ინფორმაციას და ასევე ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ ძალადობას არ აქვს მხოლოდ ფიზიკური სახე. ჩვენ ყველაზე მეტს ვიბრძვით მათი გაძლიერებისა და ეკონიმიკური თავისუფლებისთვის.
რას ეტყოდით ქალებს, როგორ უნდა დაიცვან მათ საკუთარი თავი?
პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ კრიტიკულ შემთხვევაში მათ უნდა გაბედონ და ისაუბრონ ამის შესახებ. ზოგჯერ რთულია იმის დაჯერება, რომ გამოსავალი არსებობს. მათ უნდა ისაუბრონ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და მიმართონ შესაბამის ორგანიზაციებს. ასევე მნიშვნელოვანია ქალებმა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. რაც შეიძლება მეტ ქალს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და ვიბრძოლოთ ერთმანეთის გაძლიერებისთვის.