„წისქვილი ჯგუფი“ და „ არქი“ წარმოგიდგენთ ლეგენდარულ მიუზიკლს „ჩიკაგო“ – იმოგზაურეთ წინა საუკუნის ამერიკაში გემრიელი ვახშმის თანხლებით!
შთამბეჭდავი სცენა და „თეატრი”, ცოცხლად შესრულებული სიმღერები და არაჩვეულებრივი ქორეოგრაფია, ვარსკვლავური დასი, საოცარი კოსტიუმები, შემოქმედებითი გუნდი და შეფ-მზარეულები – თამამად შემიძლია გითხრათ, რომ „თეატრის” სეზონი, წარმოდგენა ვახშმით გრანდიოზულად გაიხსნა!
ლეგენდარული მიუზიკლის „ჩიკაგოს“ ოფიციალური ლიცენზია „წისქვილი ჯგუფმა“ მსოფლიოში ცნობილი თეატრალური კომპანია CONCORD THEATRICALS-ისგან შეიძინა. „ჩიკაგოს“ წარმდგენი და სპონსორია „არქი“, ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს ახალ და საინტერესო პროექტებს.
„როცა გავიგეთ, რომ „თეატრში“ მსოფლიოში ცნობილი, ყველასთვის საყვარელი მიუზიკლის, „ჩიკაგოს“ დადგმა იგეგმებოდა, გადავწყვიტეთ ამ პროექტს წარმდგენის სტატუსით შევერთებოდით. „თეატრის“ პროფესიონალი გუნდისა და „არქის“ მხარდაჭერით გაიმართა ისეთი შოუ, რომელმაც მაყურებელს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები შეუქმნა. გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა გვეთანამშრომლა „წისქვილი ჯგუფთან“ და კიდევ ერთი ინოვაციური, წარმატებული პროექტის თანამონაწილეები გავმხდარიყავით“, – განაცხადა „არქის“ გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა.
„ჩიკაგო“, რომლის ეკრანიზებულ ვერსიასაც კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი, პირველად 1975 წელს დაიდგა. ის მაურინ დალას უოტკინსის მიერ 1926 წელს დაწერილ ამავე სახელწოდების პიესას ეფუძნება, რომელიც რეალურ კრიმინალურ ისტორიებსა და გმირებს აღწერს. მიუზიკლმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოს 36-ზე მეტ ქვეყანაში დაიდგა. 2023 წლის 20 სექტემბრიდან „ჩიკაგოს“ მსოფლიო რუკაზე საქართველო, თბილისი და ქართველი მაყურებელიც გამოჩნდა.
„თეატრმა“ „ჩიკაგოს“ სახით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. ეს საკმაოდ კომპლექსური მიუზიკლია, რომლის დადგმაშიც ჩვენმა პროფესიონალთა გუნდმა დიდი შრომა ჩადო. საბოლოოდ კი შევძელით, მისი ყველა დეტალი მაღალი ხარისხით შეგვესრულებინა – სცენარით, ქორეოგრაფიითა და მუსიკით დაწყებული, კოსტიუმებით, განათებისა და შესაფერისი ატმოსფეროს შექმნით დასრულებული. გვიხარია, რომ ჩვენი შრომის ნაყოფი მაყურებელმა უკვე იხილა და დადებითი უკუკავშირიც მოგვცა. – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და „ჩიკაგოს“ დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა.
როგორც „ჩიკაგოს“ ქართული ტექსტის ავტორი და სცენარისტი, თეა ყიფშიძე აღნიშნავს, „ჩიკაგო“ მწვავე სატირაა.
„მასში კარგად აისახება იმ ეპოქის კულტურა – კორუფცია, კრიმინალი, „სისხლისა“ და სანახაობის მაძიებელი მედია. ამასთან ერთად, მთავარი პერსონაჟი ქალების ისტორია ჯაზის აღზევებისა და გენდერული როლების გადააზრების პერიოდში ვითარდება. ამიტომ „ჩიკაგო“ არა მხოლოდ შოუა, რომელიც მაყურებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს, არამედ წინა საუკუნის 20-იანი წლების ეპოქის გაცნობის, მასზე დაკვირვებისა და, შესაძლოა, დღევანდელობასთან პარალელების გავლების საშუალებაც“.
აღსანიშნავია საოცარი, ერთდროულად თამამი და დახვეწილი კოსტიუმები, რომელიც სპეციალურად მიუზიკლისთვის დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ შექმნა.
„კოსტიუმების თითოეული დეტალი განსაკუთრებული ყურადღებით შევქმენი და დავამუშავე, რადგან ისინი თხრობის განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ატმოსფეროს შექმნაში. მდიდრული ქსოვილების ფენები, დეკორაციები, ფორმები ეპოქის არსსაც აღწერს და პერსონაჟების ხასიათს, განწყობებსაც გამოკვეთს“.
„თეატრის“ ხშირმა სტუმრებმა უკვე კარგად იციან, რომ თითოეული წარმოდგენისთვის ვახშამი საგულდაგულოდ, სპეციალურად შოუს ხასიათისა და ჟანრის მიხედვით მზადდება. გამონაკლისი არც „ჩიკაგოა“, შესაბამისად, მისთვის მომზადებული კერძებიც ისეთივე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო, როგორიც თავად შოუ. ვახშამზე სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ხემსით, აპეტაიზერით, მთავარი კერძითა და დესერტით.
„ჩვენი მენიუს პირველი სეტის აპეტაიზერი ორაგულის ხვეულია, რომელიც კარგად გამოხატავს წარმოდგენის ხასიათს. მასში იგრძნობა სიმჟავეც, სიმლაშეც და გემოების საინტერესო ფონს ქმნის, აქვს ხრაშუნა ტექსტურა და მოლეკულური გასტრონომიის დეტალებს შეიცავს“, – აღნიშნავს „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდშეფი, ალექს ნათაძე.
ნელი მომზადების ხბოს ხორცი, ბადრიჯნის გიოზა, შებოლილი გოგრის პიურე, ნიგვზის ქრამბლი ვასაბით – ამ და სხვა უცხო გემოების გასინჯვას მიუზიკლ „ჩიკაგოს“ მაყურებელი „თეატრში“ შეძლებს. გარდა ამისა, მსურველებს შეუძლიათ არჩევანი ვეგანურ მენიუზე გააკეთონ, რომელიც, ასევე, ინგრედიენტების საინტერესო კომბინაციებითა და უნიკალური გემოებით გამოირჩევა.
შთამბეჭდავი წარმოდგენა და განსხვავებული ატმოსფერო – დიდი პრემიერა 20 სექტემბერს გაიმართა. „წისქვილი ჯგუფმა“ და „არქიმ“ ერთობლივად შეძლეს ამ საოცარი, ლეგენდარული მიუზიკლის ქართველი მაყურებლისთვის წარდგენა. ამ ყველაფერზე კი, რა თქმა უნდა, პროფესიონალების გუნდმა იმუშავა, ვოდევილსა და თითოეულ დეტალში უდიდესი შრომაა ჩადებული. ეს არის მიუზიკლი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს, რადგან ბროდვეი უკვე შენს ქვეყანაში და შენს ქალაქშია.
შემდეგ წარმოდგენებს მაყურებელი 6-24 ოქტომბერს, 7-21 ნოემბერს და 5 დეკემბერს იხილავს. 2024 წლის კალენდარი მალე დაემატება საიტზე: Teatri.ge.
„მალე ახალ მიმართულებასაც შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს. „წისქვილი ჯგუფის“ თეატრი, როგორც კაბარე-რესტორანი, 28 სექტემბრიდან იხსნება და ყოველდღიურ რეჟიმში მივიღებთ სტუმრებს, ამ შემთხვევაში არ არის საჭირო ბილეთის ყიდვა, უბრალოდ, დაჯავშნით მაგიდას და ადგილზე, თქვენთვის სასურველ კერძებს შეუკვეთთ, სცენაზე კი ყოველთვის საინტერესო და გასართობი წარმოდგენა დაგხვდებათ“.’ – აღნიშნა ჟურნალ OK!-სთან საუბარში „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ანანო თავხელიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ჩიკაგო“ – ეს ერთგვარი ცირკია ყველაზე შთამბეჭდავი წარმოდგენითა და სანახაობით, ჯამბაზებითა და მარიონეტებით, ცრუსიყვარულითა და ნამდვილი სიძულვილით. 32 500 წარმოდგენა და 32 მილიონზე მეტი მაყურებელი – ეს ლეგენდად ქცეული მიუზიკლის რეკორდია.
ამ შთამბეჭდავ სამმოქმედებიან წარმოდგენაზე პროფესიონალთა გუნდმა იმუშავა:
დამდგმელი რეჟისორი: ზაალ ჩიქობავა
რეჟისორი: გურანდა იაშვილი
მუსიკალური ხელმძღვანელი: თამუნა არჩვაძე
ქორეოგრაფი: გიორგი ტორიაშვილი
ქართული ტექსტი: თეა ყიფშიძე, სოსო ყიფშიძე
(ფრედ ებისა და ბობ ფოსის წიგნის მიხედვით მორინ დალას უოტკინსის პიესის, „ჩიკაგოს“ მოტივებზე)
სიმღერების ტექსტი: ირინა სანიკიძე
დამდგმელი მხატვარი: ანა ნინუა
კოსტიუმები: ლაშა ჯოხაძე
მხატვარ-გამნათებელი: გელა მუმლაძე
ხმის რეჟისორი: ვლადიმერ ალექსეევი
მაკიაჟი: თამუნა ყამბარაშვილი
ვარცხნილობა: თინათინ რატიშვილი
სადადგმო ნაწილის ხელმძღვანელი: ნიკოლოზ ჯიბუტი
ბრენდშეფი: ალექს ნათაძე
მონაწილეობენ:
მარიამ როინიშვილი, ანა ქურთუბაძე, მარიკო ებრალიძე, გიგი დედალამაზიშვილი, ანდრია გველესიანი, ჯეჯი სხირტლაძე, ანა ზამბახიძე, ანა წერეთელი, თინა წულაძე, თამთა შალამბერიძე, ანა გვანცელაძე, თეკლა სულაქველიძე, გიგა შურღაია, გიორგი კაკალაშვილი, ლუკა ხეჩუმაშვილი, ნიკუშა ხრიკული, ნიკოლოზ ჭკადუა, ანდრია ზაქარაია.
ტექსტი: “თეატრი”
ფოტო: Marina Karpiy