იმდენად კარგად იცნობს საზოგადოება ამ ადამიანს, ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწყო ეს ინტერვიუ, რომ კითხვები-კითხვებისთვის კი არ ყოფილიყო, არამედ ფიქრისთვის… დაფიქრებისთვის, ჩაფიქრებისთვის ერთმანეთის უკეთ გაგებისა და იქნებ, შეყვარებისთვისაც… დროა ადამიანებმა ერთმანეთის მოსმენა ვისწავლოთ, რომელიც მიგვიყვანს დიალოგსა და შეთანხმებასთან, იმისთვის, რომ ერთმანეთის პატივისცემა მაინც შევძლოთ, თუ შეყვარება ვერ გამოგვივა – რადგან ყველას ერთი სამშობლო გვაერთიანებს და ეს საქართველოა – ჩემიც, შენიც – ჩვენი სამშობლო… ჰო, ისე, მთავარია გავიაზროთ, რას ნიშნავს სამშობლო და ალბათ,მერე ყველაფერს შევძლებთ… ფიქრებმა შორს რომ არ წამიყვანოს, მოდი, დავიწყოთ ინტერვიუ მწერალ დათო ტურაშვილთან…
დათო, სამშობლო ვახსენე შესავალში და რას ნიშნავს თქვენთვის სამშობლო?
სამშობლო ჩემთვის იმ სიყვარულს ჰგავს, რომელსაც ვერ ვხსნი, როგორ და რატომ, მაგრამ ვგრძნობ მას სხეულის ყოველი უჯრედით და სულითაც კი.
რამდენად მიჰყვება მწერალი თანამედროვე ეპოქის გამოძახილს – დღეს რაზე ფიქრობთ და წერთ ყველაზე მეტს?
მწერლები არ მიჰყვებიან ეპოქის გამოძახილებს – პირიქით, მწერლები თვითონ ქმნიან ეპოქებს, რადგან ნებისმიერ ეპოქაში მწერალი ყველაზე თანამედროვე და ყველაზე გაბედული ადამიანია.
და მკითხველის როლი? ხშირად ფიქრობთ ხოლმე მკითხველზე? რა არის მთავარი, რასაც ეუბნებით თქვენი წიგნის პირისპირ დარჩენილ ადამიანს?
კარგი შეკითხვაა, მაგრამ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჩემი წიგნების მკითხველებს უფრო ექნებათ, ვიდრე მე. თავად კი მხოლოდ ვარაუდი მაქვს – ალბათ მაინც სიყვარულზე ვესაუბრები მკითხველებს.
როგორ ფიქრობთ, როდის შეიძლება მწერლის მონოლოგი იქცეს დიალოგად – მკითხველსა და ავტორს შორის?
ესეც კარგი შეკითხვაა და ამ დიალოგის მოთხოვნილებამ გააჩინა ახალი ტრადიცია (მათ შორის საქართველოშიც) – მკითხველებს სურთ არამარტო წაიკითხონ წიგნები, არამედ მათ ავტორებსაც შეხვდნენ სწორედ დიალოგისთვის.
ლიტერატურის მთავარი დანიშნულება რა არის-მეთქი, მინდოდა მეკითხა და უცებ დოჩანაშვილი გამახსენდა: „ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ..“ – ამას ემსახურება ჭეშმარიტი ლიტერატურა? და რას ნიშნავს უკეთესობა – ყველაფერი ხომ შედარებითია? უკეთესი ღირსეულის სინონიმად შეგვიძლია გავიგოთ? რა ფასეულობის მატარებელია ლიტერატურა?
გურამ დოჩანაშვილმა ამ ფრაზით თქვა სწორედ ის, რაც ალბათ ნებისმიერ მწერალს გაახარებდა, მაგრამ გარდა ზემოთქმულისა, წიგნი არის მთავარი საკვები და საზრდო გონებისა და სულისთვის. არაფერი ისე არ ზრდის და ამდიდრებს ადამიანს, როგორც წიგნი და ლიტერატურა. ვისურვებდი, რომ წიგნი იყოს მთავარი სათამაშო და გასართობიც პატარებისთვის ბავშვობიდანვე და მერე მთავარი ნარკოტიკი დიდებისთვის სიცოცხლის ბოლომდე.
დათო 30 წლის წინ და დათო დღეს – „ჯინსების თაობიდან“ „თავის უფალ ადამიანამდე“ – შეფასებები და გადაფასებები – რა შეიცვალა და რა არ იცვლება?
გოდერძი ჩოხელისთვის ადამიანი დარდების შემგროვებელი იყო და ადამიანებს შორის ყველაზე მეტი დარდი მაინც მწერლებს უგროვდებათ. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ იმაზე მეტი დარდი დამიგროვდა, ვიდრე წარმოვიდგენდი ოცდაათი ან მეტი წლის წინ და ამიტომაც ახლა ყველაზე ხშირად იმაზე ვფიქრობ, მათ როგორ გავუძლო.
თავისუფლება ყოველთვის მოითხოვს მსხვერპლს. რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფლება?
თავისუფლება ყოველთვის მსხვერპლს არ მოითხოვს – თავისუფლება ზოგჯერ მოითხოვს სწავლას, შრომასა და პასუხისმგებლობას, რადგან თავისუფლება მე მაინც აზროვნების კატეგორია მგონია და ამიტომაც მივაღწიეთ დამოუკიდებლობას უფრო ადრე, ვიდრე თავისუფლებას და ამიტომაც გავდივართ ამ გრძელ გზას დამოუკიდებლობის აღდგენიდან თავისუფლების დაბრუნებამდე.
„დოდოს მოლოდინმა“ გოდოს მოლოდინი გამახსენა… ერთფეროვან სამყაროში, სადაც ყველაფერი მოსაწყენია – სად არის გადარჩენის გზა – ადამიანური, რასაკვირველია, თუ გნებავთ, ჩვენი სულის გადარჩენა დავარქვათ.
გადარჩენა ყოველთვის განათლებაშია (ჩემი სუბიექტური აზრით) და ამდენი არაპროფესიონალი კი ამდენ სამსახურში, მგონი არასოდეს გვყოლია.
ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ ჩატეხილ ხიდებზე, რომელიც არა მხოლოდ სოციუმმა ჩატეხა, არამედ პოლიტიკამ, კულტურამ, ლიტერატურამ – როგორ აღვადგინოთ ეს ხიდები, იქნებ თქვენეული ფორმულა გაქვთ? იქნებ შერეკილების სიყვარულის ფორმულა იყოს გასაღები?
თაობებს შორის ხიდი (რასაც ილია ასე დარდობდა), მეცხრამეტე საუკუნეში იმიტომ ჩატყდა (სინამდვილეში), რომ უფროსმა თაობამ დამპყრობლის სამსახური აირჩია, ახალმა თაობამ კი – თავისუფლება. ილიასა და აკაკის თაობას (სინამდვილეში), ამიტომ უწოდებდნენ ლიბერალებს გრიგოლ ორბელიანის თაობის ქართველები.
ხშირად „ნოველას“ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ჩემზე, ვიდრე რომანს… ნიკო ლორთქიფანიძის „გული“ გამახსენდა… ალბათ, როცა ავტორის სათქმელი ღირებულია – მოცულობას მნიშვნელობა არ აქვს, არა?
ადამიანი ლიტერატურულ არჩევანშიც თავისუფალი უნდა იყოს და ნებისმიერი მკითხველის გადასაწყვეტია, პატარა ლექსის კითხვა ურჩევნია თუ დიდი რომანის. მეტიც, ერთი სტროფიც კი შეიძლება იტევდეს უფრო დიდ სამყაროს, ვიდრე ნებისმიერი სქელტანიანი წიგნი და ამის საილუსტრაციოდ (მაგალითად), შემიძლია ტერენტი გრანელი გავიხსენო – „გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“…
მოთხრობებზე „კურკა“ გამახსენდა… მამაშვილობის პასუხისმგებლობა – რა არის ის მთავარი, რაც უნდა ვასწავლოთ შვილებს?
მთავარი ალბათ, სიყვარულია – არ მინდა რომ ჩვენს შვილებს (ჩვენსავით), ადამიანები განსხვავებული აზრების გამო სძულდეთ…
ამ ქაოსურ სამყაროში, მუდმივად სწორი/არასწორის ჭიდილში, მგონია, რომ „ადამიანმა ძალით უნდა დაიბრუნოს დაკარგული რწმენა. ახლა სულის სიმწარით სჭირდება ეს… დიახ! რაღაც უნდა სწამდეს, ვიღაც უნდა სწამდეს“ – არის თუ არა მთავარი იარაღი რწმენა?
რასაკვირველია, სიყვარულის რწმენა დიდი ძალა და იარაღია და ჩვენი წინაპრებიც ფიქრობდნენ, რომ მტრობით დანგრეულს სიყვარული ააშენებდა.
თბილისზე ძალიან ბევრს და ძალიან საინტერესოდ საუბრობთ ხოლმე – მთავარი ღირსება, რაც ამ ქალაქს აქვს – რას ეტყოდით უცხოელს, რომელიც თბილისს პირველად სტუმრობს?
თბილისი დიდხანს (საუკუნეების მანძილზე) ამართლებდა თავისი სახელის ეტიმოლოგიას – ის იყო თბილი, ტკბილი და სიყვარულით სავსე.
დაბოლოს, როგორია თქვენთვის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“?…
ახლა ამ ქალაქში (სამწუხაროდ), უფრო მეტი სიძულვილი, აგრესია და ზიზღია, ვიდრე სიყვარული და იქ, სადაც უყვართ ლიტერატურა, ასე არ უნდა ხდებოდეს და ადამიანი, ვისაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს, სინამდვილეში კეთილია და არა ბოროტი.
ფოტო: ნანო თენოშვილი
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ტექსტი: მარიამ გაბედავა
ლოკაცია: IQ Studio