თანამედროვე სამყაროში თავის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს, რაც ასაკთან ბრძოლაში შეგვიძლია გამოვიყენოთ. ადამიანზე წლების ასახვა, პირველ რიგში, კანიდან იწყება. კანის მოვლა წლის ნებისმიერ სეზონზე აქტუალური თემაა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კანზე არა მხოლოდ ასაკობრივმა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი, არამედ სხვადასხვა დაავადებამაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. შესაბამისად, კანის სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას კონკრეტული ასაკი არ აქვს. ამ სტატიაში პროფესიონალ დერმატოლოგთან, ვერიკო აბრალავასთან ერთად ვისაუბრებთ დერმატოლოგიურ პრობლემებზე.
რომელი დერმატოლოგიური დაავადებებია ყველაზე მეტად გავრცელებული და რამდენად უწყობს ხელს მათ გავრცელებას ის არაჯანსაღი გარემო თუ საკვები პროდუქტები, რაც XXI საუკუნეს ახასიათებს?
მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებულ დაავადებებში გამოვყოფ აკნეს, რომელიც დაკავშირებულია კანის ფოლეკულების ანთებით პროცესთან, ცხიმიან კანთან, ფორების დახშობასა და კომედოგენური კოსმეტიკის გამოყენებასთან. შემდეგ გამოვყოფ ალოპეციას, იმავე თმის ცვენას. ალოპეციას აქვს მრავალი სხვადასხვა ფორმა, რომელიც მიეკუთვნება აუტოიმუნურ დაავადებას. შემდეგი ერთ-ერთი ხშირი პრობლემა არის ეგზემა, იგივე ატოპიური დერმატიტი, რომლის ძირითადი მიზეზი კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევაა, იგი განპირობებულია კანის სიმშრალით. რაც შეეხება ჯანსაღ გარემოსა და საკვებ პროდუქტებს, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება პირდაპირპროპორციულია კანის მდგომარეობასთან.
რა ადგილი უკავია ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და განწყობას დერმატოლოგიურ პრობლემებთან მიმართებაში?
კანის მდგომარეობას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ფსიქო-სოციალურ ფაქტორებზე. განსაკუთრებით ხშირია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, როდესაც პაციენტს გამონაყარი აქვს სხეულის ხილულ უბნებზე. ეს იწვევს სტიგმატიზაციას: მაგალითად, მათ აქვთ შიში იმის, რომ არიან გადამდები, იწვევს სირცხვილის, უხერხულობის, დეპრესიისა და სოციალურ შფოთვით შეგრძნებებს. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტიგმები და ჩარჩოები, რომელიც გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობისგან, ადამიანებს უჭირთ იმის გააზრება, რომ ხშირად ეს დაავადებები არ არის გადამდები. ყოველივე ეს ძალიან ამცირებს ცხოვრების ხარისხსა და თვითშეფასებას. განსაკუთრებით რთულია მკურნალობის პროცესის წარმართვა პუბერტატული ასაკის მქონე პაციენტებთან, რადგან ძალიან ემოციურად არიან განწყობილები და ზოგჯერ არც კი მიჰყვებიან ბოლომდე მკურნალობის პროცესს. ამ შემთხვევაში მთავარია სწორი კომუნიკაცია და თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა. გამონაყარი იწვევს სტრესს, სტრესი – გამონაყარს და ჩვენ ეს მანკიერი წრე უნდა დავარღვიოთ.
როგორი უნდა იყოს ნებისმიერი კანის ტიპის მქონე ადამიანისთვის სახის მოვლის რუტინა?
პირველი, რაც კანს სჭირდება, ეს არის მისი სწორად გასუფთავება. თუ გვაქვს მაკიაჟი, ჯერ უნდა მოხდეს მისი გაწმენდა მიცერალური წყლით, შემდეგ კი კანის ტიპის მიხედვით შერჩეული საშუალებით დაბანა. შემდეგი ეტაპი არის დატენიანება და ბოლოს მზისგან დამცავი საშუალების დატანება. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოვლის რუტინა იცვლება, როგორც კანის ტიპის, ასაკის, ასევე სეზონის მიხედვით. ძირითადი არსი ერთია: გაწმენდა; დაბანა; დატენიანება და დაცვა. საღამოს – იმავე ეტაპების გავლა დამცავი საშუალების გარეშე. თუმცა, უმჯობესია დერმატოლოგთან კონსულტაცია გავიაროთ, რომელიც თქვენს კანზე მორგებულ სწორ რუტინას შეარჩევს.
რომელია სახის კანისთვის ძირითადი სასარგებლო ნივთიერებები?
C ვიტამინი, რომელიც კანს სძენს ბზინვარებას და სიპრიალეს; ჰიალურონის მჟავა, რომელიც ყველაზე ეფექტურია ნაოჭებთან ბრძოლაში; სალიცილის მჟავა ეფექტურად ებრძვის აკნეს და ცხიმიან კანს; გლიკოლის მჟავა, ეს არის ნაზი ექსფოლიანტი (ამქერცლავი), იგი აახლებს სახის კანს; ცერამიდები ატენიანებს კანს ღრმად და აღადგენს მის ბარიერულ ფუნქციას; ნიაცინამიდი, რომელიც არეგულირებს ცხიმის გამოყოფას; E ვიტამინი, რომელიც ამცირებს გაღიზიანებას, იგი C ვიტამინთან ერთად ქმნის საუკეთესო ტანდემს და ბოლოს A ვიტამინი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სიმძლავრის სამკურნალო ნივთიერებებს, მაგალითად: რეტინოიდს; რეტინოლს და ა.შ. ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება, როგორც დაბერების, აკნესა და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ.
ვინაიდან ზაფხულის სეზონია, ჩამოთვლილთაგან რომელი ნივთიერების გამოყენებაა მიზანშეწონილი და რომლის არა?
ზაფხულში კანის მოვლა განსხვავებულია სხვა სეზონისგან, რადგანაც კანზე ცხიმიანობა იმატებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანს დატენიანება არ სჭირდება, იმიტომ, რომ სითხის კარგვა ზაფხულში უფრო გაძლიერებულია, ვიდრე ზამთარში. დამატენიანებელი უნდა იყოს მსუბუქი ტექსტურის, რომელიც შესაძლოა კომბინირებული იყოს მზისგან დამცავთან ერთად. კანის ძლიერ ამქერცლავი საშუალებებისგან უმჯობესია თავი შევიკავოთ, რადგან დათხელებული ეპიდერმისი არის დაუცველი და შესაძლოა გაჩნდეს პიგმენტური ლაქები. პიგმენტური ლაქების გაჩენა ასევე შეიძლება გამოიწვიოს მზის სხივების უარყოფითმა მოქმედებამ. თავად პიგმენტური ლაქების მკურნალობისთვის საუკეთესო პერიოდია გვიანი შემოდგომა და ზამთარი. ცხიმის გამომუშავების შემცირება უნდა მოხდეს დასაბანი საშუალების ხარჯზე. გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულის სეზონზე თქვენი კანის საუკეთესო მეგობარი არის მზისგან დამცავი მინიმუმ SPF 30-ით.
ინტერვიუს ბოლოს დერმატოლოგ ვერიკო აბრალავას „რეცეპტი“ ჯანმრთელი და ლამაზი კანის შესანარჩუნებლად.
უპირველესად, უმჯობესია კანის მოვლა დაიწყოთ გარდატეხის ასაკიდანვე. მეორე მნიშვნელოვანი არის სწორი კვება, არ არის სასარგებლო კანისთვის კარბოჰიდრატები, იგივე ნახშირწყლები. შეეცადეთ მიიღოთ ცილებითა და ვიტამინებით გამდიდრებული საკვები. უარი თქვით მავნე ჩვევებზე. იგულისხმება: თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, რადგანაც ნიკოტინი კანის დაბერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, იგი აფერხებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. დიდი რაოდენობით ალკოჰოლი იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებას, რაც უარყოფითად აისახება კანზე. აუცილებელია ძილის რეჟიმის დაცვა, რადგან არასაკმირისი ძილის დროს გამომუშავდება ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც კანის სხვადასხვა პრობლემას იწვევს. მოერიდეთ სტრესულ გარემოს, რადგანაც სტრესი და კანის დაავადებები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მიიღეთ წყლის საჭირო რაოდენობა, რათა არ მოხდეს კანის დეჰიდრატაცია-გამოშრობა. აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მზისგან დამცავი საშუალებები ნებისმიერ სეზონზე ნებისმიერი კანის ტიპის მქონე ადამიანებმა უნდა გამოიყენოს. დაბოლოს, გახსოვდეთ: „არ არსებობს სილამაზის სტანდარტები, არსებობს ჯანმრთელობა, რომელიც გვალამაზებს!“