ქუთაისი განსაკუთრებულია იმითაც, რომ ისტორიული და ლამაზი ადგილებით გარშემორტყმულია. ასე რომ, ქალაქში მცხოვრებ თუ სტუმრად მყოფ ადამიანებს საინტერესო გარემოს აღმოჩენისა და განტვირთვის შესანიშნავი საშუალება გეძლევათ. ამჯერად გირჩევთ რესტორან „შატო გელათს“ ესტუმროთ, რომელიც ქუთაისთან ახლოს, 7კმ-ის დაშორებით, ისტორიულ გელათში მდებარეობს. იქ, სადაც გელათის მონასტერია. რესტორანში მოსახვედრად სტუმრებს სწორედ იმ გზის გავლა უწევთ, სადაც მეფე დავით აღმაშენებელი ფეხით დადიოდა. „შატო გელათი“ რამდენიმე ღია და დახურულ სივრცეს აერთიანებს, თითოეული მათგანი უნიკალურია, გამოირჩევა დახვეწილი ინტერიერითა და შექმნილი ატმოსფეროთი. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა რესტორნის მენეჯერებს, ნესტან კოხრეიძეს და შორენა ფანჩულიძეს.
გვიამბეთ „შატო გელათის“ გახსნის ისტორია.
რესტორანი „შატო გელათი“ 2018 წელს გაიხსნა. დაუღალავი შრომითა და თითოეული ადამიანის განსაკუთრებული მიდგომის შედეგად, ბაზარზე წარმატებით დამკვიდრდა. ჯერ მხოლოდ 5 წლის არის და მისი ცნობადობა უფრო და უფრო იზრდება. ვითარდება და ლამაზდება შატოც. ამ დროის განმავლობაში ადგილობრივებისა და უცხოელი სტუმრების საყვარელ ადგილად იქცა. ეს ისტორიული ადგილია, ამიტომ სახელიც და თემატიკაც გელათის ტაძარმა განაპირობა. სასახლის ტიპის ნაგებობა ნამდვილად ამშვენებს ამ ადგილს, ხოლო პატარა ვენახმა შატოს მნიშვნელობაც მიანიჭა. „შატო გელათს“ როგორც ღია, ასევე რამდენიმე დახურული სივრცე აქვს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ ნებისმიერი გემოვნების სტუმარი თავს კომფორტულად გრძნობს.
რას გვეტყვით მენიუს სპეციფიკურობასთან დაკავშირებით? ყველაზე მეტად რომელი კერძი და სასმელი აღაფრთოვანებს მომხმარებელს?
უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ „შატო გელათი“ მრავალფეროვანი სამზარეულოთი გამოირჩევა. ჩვენს რესტორანში სხვადასხვა რეგიონის (იმერული, სვანური, მეგრული, კახური) კერძის დაგემოვნებას შეძლებთ. ამასთანავე, რამდენიმე საფირმო კერძი გვაქვს, რომელიც მხოლოდ ჩვენს რესტორანში მზადდება. „ხბოს ხორცი შეფისგან“ და „შატოს ხორცის დაფა“, რომელთა გემოც ხორცის მოყვარულ სტუმრებს ნამდვილად აღაფრთოვანებთ. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სერვირებას და მუდმივ ძიებაში ვართ. ჩვენი შეფმზარეული სტუმარს სიახლეებით ანებივრებს. აუცილებლად უნდა გამოვყოთ ცომეულის ხაზი. შობის დღესასწაულისთვის მასტერკლასს ყოველთვის ვატარებთ. ჩვენი მზარეული ღვეზელს ბუხრიან ოთახში, კეცზე უგემრიელესად აცხობს და ვფიქრობ, ეს მხოლოდ მას შეუძლია. სტუმრებს განსაკუთრებით მოსწონთ ნეშოში გამომცხვარი კეცის მჭადი: „ჩიტისთავა“ ფხალთან ერთად. დასამახსოვრებელი გემოთია გამორჩეული და მხოლოდ „შატო გელათში“ თუ შეხვდებით. სეზონური მენიუს შეთავაზებაც გვაქვს, რაც სტუმარს ყოველთვის სიამოვნებს. ჩვენთან სტანდარტული მხოლოდ სადღესასწაულო სუფრებია, თუმცა სიახლეების ჩასმას იქაც ვახერხებთ.
რაც შეეხება სასმელებს, წელს, პირველად, „შატო გელათმა“ თავისსავე მარანში დაწურული ღვინო წარმოადგინა. მის შემადგენლობაში რამდენიმე ყურძნის სახეობა შედის. ჩვენი ღვინის ჯიშებია: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა. ზუსტად მსგავსი ღვინო პირველად 1977 წელს ჩამოისხა. საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი აიღო.
ჩვენი სტუმრისთვის კარგად ცნობილია „შატოს ლიმონათი“, პიტნისა და ციტრუსის არაჩვეულებრივი შეხამება. გამაგრილებელი სასმელი, რომელიც გონებას ამშვიდებს და დამგემოვნებელს სასიამოვნო ემოციებით ავსებს.
გვესაუბრეთ „შატო გელათის“ გარემოზე, რომელიც მოსულ სტუმრებს ხვდებათ.
რესტორნის დარბაზის ინტერიერი მშვიდ ფერებშია გადაწყვეტილი, ზურმუხტისფერი ჭარბობს, რაც მას მედიდურობას მატებს. ღია სივრცე – ტერასა ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად მშვენიერი გამოსავალია. მდინარე წყალწითელა, რომელიც იქვე მიედინება, „შატო გელათს“ კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
არანაკლებ საინტერესოა ეზოში ცალკე მდგომი იმერული ოდა სარდაფით, სადაც სულ მალე ღვინის მარანი გაიხსნება. ოდის ძველებური იერსახე მნახველისთვის ძალიან საინტერესოა. მისი ბუნებრივი სურნელება და სიძველე ქართული მაღალი კულტურის მანიშნებელია. ძველი იმერული კერძებითა და ხალხური სიმღერებით ერთგვარ სამუზეუმო ნაწილს წარმოადგენს.
გამორჩეულია ბუხრიანი და VIP კუპე. ამ სივრცეებს ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორი მუდმივად სტუმრობს. ტრადიციულ კერძებთან ერთად, ისინი ევროპულ გემრიელობებსაც აღმოაჩენენ.
რით არის გამორჩეული „შატო გელათი“ სხვა რესტორნებისგან და რა არის თქვენი ნიშა?
დავიწყოთ იმით, რომ 5 წლის წინ, როცა „შატო გელათი“ გაიხსნა, პირველი იყო, იმერეთში მომხმარებელს ღია სივრცე რომ შესთავაზა. ეს ჩვენი პროექტია და ამ საკითხში ინოვატორები ვართ. ჩვენს კერძებში მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს ვიყენებთ და ჩვენი ნიშაც ეს არის. შატოს სტუმარი გემოვნებიანი მუსიკითაა განებივრებული.
რესტორანში ყოველ საღამოს მუსიკალური შოუპროგრამა იმართება. ჩვენთან მოსულ სტუმარს საუკეთესო მომღერლები ხვდებიან: თამარ ტურაბელიძე, ოთო კვალიაშვილი, ბერიკა ჯაჯანიძე, გიგა კვინიკაძე. მრავალფეროვანი ჰანგებით გაჟღენთილ სიმწვანეში ჩაფლულ ეზოს სტუმარი არასდროს აკლია. შატოში აღნიშნული საქორწილო წვეულება, იუბილე თუ სხვა ღონისძიება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დაუვიწყარ კვალს ტოვებს. სადღესასწაულო დღეებში წვეულებები იმართება, სადაც როგორც ადგილობრივი, ასევე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლები მღერიან. სხვადასხვა დროს მოწვეული გვყავდა სხვადასხვა მომღერალი თუ ჯგუფი, „ოჩოს ქოხი“, სალომე ბაკურაძე, გიორგი ცხადაძე, ანრი ჯოხაძე, დათო გომართელი, ჯგუფი „ალეგრო“…
გვიამბეთ „შატო გელათის“ სამუშაო გუნდის შესახებ.
ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ჩვენთანაა დასაქმებული. ვამაყობთ, რომ მათთან ვთანამშრომლობთ. სუფთა და ნატურალურ პროდუქტს ხშირად სოფლის მცხოვრებლები გვაწვდიან. ჩვენ ასეთ პროდუქტზე ვართ ორიენტირებული, თითოეული კერძისთვის ინგრედიენტი გულდასმით ირჩევა. დიდი ყურადღება ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ენიჭება. რესტორანი ე. წ. HACCP-ის სტანდარტს იცავს, რაც ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხო კვებასა და მომსახურებას განაპირობებს. სტუმრებს სწორედ მიწოდებული პროდუქტის ხარისხი აღაფრთოვანებთ. შატოს გუნდი დაუღალავად და ერთგულად ემსახურება ჩვენთან მოსულ ყველა ადამიანს. მათი ბედნიერება დიდ სიხარულსა და სტიმულს გვანიჭებს.
გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმები.
„შატო გელათს“ 2019 წელს საუკეთესო რესტორნის წოდება მიენიჭა, ხოლო 2022 წელს ქველმოქმედ ორგანიზაციებს შორის დასახელდა. ჩვენი გუნდის მიზანია, ეს მიღწევები წლებთან ერთად კიდევ უფრო გაიზარდოს. „შატო გელათი“ არის იდეალური ადგილი რელაქსაციისთვის. მისი არაჩვეულებრივი ხედები – ეზო და გარემო ყველასათვის საყვარელი უნდა გახდეს!
ტექსტი: მარიამ ირემაძე
ფოტო: ლანა ვახტანგაძე