გვირილობა
„გვირილობა“, ანუ „ქუთაისქალაქობა“ უნიკალური დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად, 2 მაისს აღინიშნება. როგორც საქველმოქმედო ღონისძიება, მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრდა. მისი ისტორია გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა (საშა) ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. პირველად დღესასწაული 1921 წელს ჩატარდა. წმინდა ნინოს სასწავლებლის „გიმნაზისტკები“ გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. ამ დღეს ქუთაისში სახალხო სეირნობები, თეატრალიზებული წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები და სხვა გასართობი სანახაობები იმართებოდა.
საშა ჩიქოვანი
გიმნაზისტ გოგონებს წინ საქველმოქმედო აქციის სულისჩამდგმელი, სილამაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი მიუძღოდა. საშა (ალექსანდრა) ჭილაია თავადის, ვექილ ჩიქოვანის მეუღლე გახლდათ. ის გიმნაზიელებს საკუთარი ხელით ურიგებდა ცოცხალ გვირილებს. ამბობენ, რომ გიმნაზიელები ჩუმად იხსნიდნენ მიმაგრებულ ყვავილებს, რომ ხელახლა შეხვედროდნენ საშა ჩიქოვანს. საკინძეზე მიმაგრებული ყვავილი შემდეგ ქუთაისის სიმბოლოდ იქცა. სილამაზისა და განათლების წყალობით, საშამ მალევე დაიკავა შეუცვლელი ადგილი ქალაქის საზოგადოებაში. სწორედ ის იყო ერთ-ერთი იმ ქუთაისელ ქალებს შორის, რომელზეც ამბობდნენ – პარიზში როცა ახალი კაბის მოდელი შემოვიდოდა, ერთ კვირაში ეს კაბა ქუთაისელ ქალებს ეცვათო.
კატო მიქელაძე
ქართული ფემინიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი კატო (ეკატერინე) მიქელაძე ქუთაისელია. მან თავდაპირველი განათლება ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში მიიღო, თუმცა სწავლის დასრულება ხელმოკლეობის გამო ვეღარ შეძლო. მოგვიანებით, ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და 1916 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო. მისი თაოსნობით, 1917-1918 წლებში რეგიონული ქსელი „ქალთა ლიგა“ ჩამოყალიბდა. კატო მიქელაძე გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს „ხმა ქართველი ქალისა“.
იშხნელები
პირველი ქართული ოფიციალური კვარტეტი, დები იშხნელების სახით ქუთაისში შეიქმნა.
სიმღერებს დებ იშხნელებს დედა – ვასასი ლოლაძე ასწავლიდა. იგი იყო გოგონების ლოტბარი. სულ ხუთი და იყო, მაგრამ ერთ-ერთი გარდაცვლილა. ქალაქური მუსიკის პიონერები იყვნენ და დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. როცა გვირილობის დღესასწაულზე დოღი იმართებოდა, დები იშხნელების ბაფთიანი გიტარის ხმები მთელ ქუთაისს ეფინებოდა. მათ სახლში, არქიელის გორაზე, ულამაზესი სალონური შეხვედრები ეწყობოდა. ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, პაოლო იაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ვარინკა წერეთელი, გალაკტიონ ტაბიძე. სწორედ მათ სახლში იმართებოდა პოეზიისა და მუსიკის საღამოები.
ცენტრალურ პარკთან ძეგლიც დაუდგეს. გამორჩეული სიმღერებით მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიის ნაწილად და უკვდავ ლეგენდად იქცა ოთხი ქუთაისელი და: ნინო, თამარი, ზინაიდა და ალექსანდრა.
აგრაფინა ჯაფარიძე
ქუთაისი ბევრი ლამაზი ქალის ისტორიას ინახავს. ერთ-ერთი მათგანია აგრაფინა ჯაფარიძე. ის თავადი ჯაფარიძეების შტოს ეკუთვნოდა, რომელიც ზემო რაჭაში სახლობდა. 21 წლის დაქორწინდა თავად ტარიელ დადიანზე. 80-იანი წლების დამდეგს კი, მისი ბედი რადიკალურად შეიცვალა, რადგან ქუთაისში უცოლო პრინცი ოლდენბურგი დაბანაკდა. ის ქუთაისელი ლამაზმანების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა, მაგრამ თავად მხოლოდ ერთი ქალით დაინტერესდა. ქუთაისში მის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე მოიხიბლა აგრაფინა ჯაფარიძით, მაგრამ აგრაფინა ქმრიანი ქალი იყო. გადმოცემის თანახმად, ტარიელმა თითქოსდა ნარდში, ანდა ბანქოში წააგო ფული და ვალის გადახდის სანაცვლოდ, ოლდენბურგმა აგრაფინასთან განშორება მოსთხოვა. დადიანი დიდხანს უარზე იყო, თუმცა განქორწინებას დასთანხმდა და სათანადო კომპენსაციაც მიიღო. ასე დაკარგა აგრაფინამ მეუღლე.
არსებობს ლეგენდა, რომ შენობა, სადაც ქუთაისში სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დაიდო ბინა, ის სახლი იყო, რომელიც ოლდენბურგმა მეუღლეს, აგრაფინა ჯაფარიძეს აუშენა.
ლილი ნუცუბიძე
მე-20 საუკუნის საქართველოს უდიდეს პოეტ ქალებს შორის ორის სახელი უკავშირდება ქუთაისს – ანა კალანდაძის, რომელიც ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა და ლილი ნუცუბიძის. ის ბოლომდე ქუთისში მოღვაწეობდა. ლექსების წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. ორმოცამდე პოეტური კრებულის ავტორია. სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანების წევრი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქალთა ორგანიზაციებში. ლილი ნუცუბიძის ლექსების მოტივებზე ქართველი კომპოზიტორების, რუსუდან სებისკვერაძის, ნუნუ დუღაშვილის და ნუნუ გაბუნიას მიერ შექმნილია არაერთი სიმღერა – „საყვარელო მამულო“, „შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება“ და სხვა. ლილი ნუცუბიძე ბოლომდე შეყვარებული იყო ქუთაისზე, თეთრ ხიდსა და თეთრ ქვებზე. მისი ლექსები ქალაქის მემორიალურ ადგილებს დღესაც ამშვენებს.
ილო ფოტოგრაფი
ებრაელი კაცის სიყვარული საქართველოსა და ქუთაისისადმი – ილო ფოტოგრაფი ტოლერანტობის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც მსოფლიოს უნდა ვუჩვენოთ. ქუთაისიდან 90-იან წლებში ებრაელები ისრაელში წავიდნენ, მაგრამ ილო ხახიაშვილმა ქუთაისი ვერ დატოვა. მადლიერმა მოსახლეობამ მას უდიდესი სიყვარულის ნიშნად ძეგლი დაუდგა. მისი გაცნობა სირთულეს არ წარმოადგენდა. ილო ფოტოგრაფი ქუთაისში, მასწავლებელთა სახლის შენობის კიბის ქვეშ ცხოვრობდა. ფოტოებს ყველას უფასოდ უღებდა. მისი სახელი ყველა ქუთაისელისთვისაა ცნობილი. მთელ ქალაქს შეაყვარა თავი. გამორიცხულია ძირძველი ქუთაისური ოჯახი, სადაც ილოს ატელიეში არ ჰქონდეს ფოტო გადაღებული. იგი ქუთაისის ნამდვილი კოლორიტი და ისტორიის ნაწილი გახდა. ყოველწლიურად იმართება ფოტოკონკურსი „ილო“, რომელშიც მონაწილეობენ როგორც ქუთაისელი, ასევე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფები. ბოლო წლებში კონკურსი საერთაშორისო მასშტაბის გახდა.
სამი ოთარი
ქუთაისში სამი ოთარის, ოთარ ქორქიას, ოთარ მამფორიასა და ოთარ სულაბერიძის სკვერს შეხვდებით. ქორქია კალათბურთელი იყო. მან 1943 წელს თამაში ქუთაისის „დინამოში“ დაიწყო, შემდეგ თბილისის „დინამოში“ გადავიდა და მისი ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა. მამფორია პოეტი და დრამატურგი გახლდათ. ლექსების კრებულების, პოემების, სატირულ-იუმორისტული და საბავშვო ნაწარმოებების ავტორი. მისი პიესები იდგმებოდა საქართველოს თეატრის სცენებზე. თბილისში მოღვაწეობდა, ცხოვრების ბოლო წლები კი ქუთაისში გაატარა. „მეობა“ – ასე ეძახდნენ სულაბერიძეს. თავადაც ამბობდა, ყველას თავისი მეობა აქვსო, ამ მეობით უნდა შეფასდეს და დაფასდეს ადამიანიო. უსახლკაროდ დარჩენილ „მეობას“, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, მთავრობამ ბინა აჩუქა. ოთარს ამ ბინაში ერთი დღეც კი არ გაუტარებია. მან თავისი ბინის გასაღები მისთვის სრულიად უცხო, მრავალშვილიან ქვრივ ქალბატონს აჩუქა.
რეზო გაბრიაძე და რეზო ჭეიშვილი
ეპოქალური ხელოვანის, რეზო გაბრიაძის შემოქმედება ქუთაისის სიყვარულითაა ნასაზრდოები. მარიონეტების თეატრი, რომელიც ახლა თბილისშია, მან ქუთაისში, ხარების ეკლესიასთან დააარსა. რეზო გაბრიაძის მხატვრული ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული, იგი იყო 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი. ქუთაისი შემოქმედებაში ასე კარგად არც არავის გაუცოცხლებია, მისი გმირები თითოელი ადამიანისთვის კარგად ცნობილია. მონაწილეობდა 35-ზე მეტი ფილმის შექმნაში, რომელთა შორისაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, – რომლის სიმბოლოს „პიკასოს ბიჭს“ თეთრ ხიდზე ახლაც შეხვდებით. ასევე „შერეკილები“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „მიმინო”…
რეზო ჭეიშვილი – ცოცხალი კლასიკოსი გახლდათ, მწერალი და დრამატურგი. მისი ბევრი ნაწარმოები კინოდაა ქცეული და ქუთაისთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ , რომლის რეჟისორი ელდარ შენგელაიაა. ჭეიშვილი ბოლომდე ქუთაისელად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში სახლი ჰქონდა, მაინც მშობლიურ ქალაქში ცხოვრება აირჩია.
ლაღიძის წყლები
საქვეყნოდ ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ლაღიძის წყლების შექმნაც ქუთაისს უკავშირდება. მეცენატი და საზოგადო მოღვაწე მიტროფანე ლაღიძე ჯერ კიდევ 14 წლის იყო, ქუთაისში, პოლონელი ფარმაცევტის აფთიაქში მუშაობა რომ დაიწყო. ფარმაცევტობა არ ისურვა, შრომისმოყვარეობით გამორჩეულმა უალკოჰოლო სასმელების წარმოების მეთოდი კარგად შეისწავლა და ნატურალური ხილის გამოყენებით დაუვიწყარი და გამორჩეული გემოები შექმნა. ლიმონათის ქარხანაც ქუთაისში გამართა და შემდეგ გადავიდა დედაქალაქში. მწერალი აკა მორჩილაძე ამბობს, „მიტროფანე ლაღიძემაც იქიდან (ქუთაისიდან) დაძრა თავისი წყლები თბილისისკენ“..
ოქროს ჩარდახი
ოქროს ჩარდახი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი მოკრძალებით ცხოვრობდნენ იმერეთის მეფეები. მათი რეზიდენცია იყო ქუთაისში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, დღევანდელი რუსთაველისა და თეთრ ხიდებს შორის. იტალიელი მოგზაურის ცნობით, მე-15 საუკუნის II ნახევარში აქ იმერეთის მეფის, ბაგრატ II-ის სასახლე იდგა.
სამეფო რეზიდენცია არაერთხელ დაზიანდა, საუკუნეების გასვლის შემდეგ მიტოვებულიც იყო და ნაწილობრივ იმერეთის უკანასკნელმა მეფემ სოლომონ II-მ აღადგინა. რეზიდენციის ნაგებობათაგან დღეს მხოლოდ ერთი მცირე სახლია შემორჩენილი. ეზოს შუაში აღმოსავლური დიდი ჭადარია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხეა ქვეყანაში, 800 წლისაა და ხეთა პატრიარქს უწოდებენ.
თეთრი ხიდი
ქუთაისში თეთრ ხიდს, რომელიც 1850 წელს ააგეს, ქალაქის სავიზიტო ბარათს, სინდისსა და ნამუსს ეძახიან. აქ მიიჩნევენ, რომ თუ თეთრი ხიდი არ გიყვარს, მაშინ არც ქუთაისს სცემ პატივს. ხიდიდან გადახტომა ერთგვარი ტრადიციაა. თუ აქაური არ იყავი, მდინარეში ჩახტომით ქუთაისელად ინათლებოდი. სწორედ აქედან მოდის ისტორიაც ფილმში „არაჩვეულებრივი გამოფენა“. ფუნდამენტი, რომელსაც ვხედავთ, ჯერ კიდევ მე-14 საუკუნისაა. მანამდე ხის ხიდი არსებობდა. მე-19 საუკუნეში კი იმავე ადგილზე უკვე საფრანგეთიდან ჩამოუტანიათ და დაუმონტაჟებიათ სპეციალურად დამზადებული ხიდის კონსტრუქცია, რომელიც თეთრად შეუღებავთ. სახელიც აქედან დაერქვა.
წითელი ხიდი
წითელი ხიდი პირველი რკინის ხიდია მთელ ამიერკავკასიაში და დიდი მნიშვნელობისაა.
აქვე ხარობს ქუთაისის სიმბოლოც – მაგნოლია, რომელმაც თავი ქუთაისის დედოფლად იქცია. ქალაქში პირველი ხეა, რომელიც მოსახლეობას გაზაფხულის მოსვლას ამცნობს. სხვა სეზონზე ფოთოლიც კი არ აქვს, მარტის თვეში კი საოცრად ყვავილობს. ხშირად შეხვდებით როგორც ქუთაისელი, ასევე უცხოელი ტურისტების რიგს, რომლებიც მაგნოლიასთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებას მოუთმენლად ელიან.
ჯაჭვის ხიდი
ჯაჭვის ხიდი ყველაზე ძველია და ახლა თანამედროვე კონსტრუქცია აქვს. ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდი იყო რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთს შორის. სწორედ აქედან წავიდა აკაკი წერეთელი რაჭა-ლეჩხუმში პირველი ქართული ფილმის „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ გადაღებისას.
სკოლები
პირველი და მესამე სკოლა განათლების ძეგლებია და ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი.
ქუთაისის კლასიკურმა გიმნაზიამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს საზოგადოებრივი მოძრაობის განვითარებაში. აქ აღიზარდა სახალხო განათლების, მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნებისა და რევოლუციური მოძრაობის არაერთი გამოჩენილი მოღვაწე. ეს სკოლა თავისებური მემორიალია იმ მრავალრიცხოვანი შემოქმედი ტალანტებისა, რომლებმაც შორს გაუთქვეს სახელი ქართულ კულტურას, ლიტერატურასა და ხელოვნებას. სხვადასხვა დროს ამ სასწავლებელში სწავლობდნენ: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ვლადიმერ მაიაკოვსკი, სერგეი მესხი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე, იოსებ ოცხელი, დიმიტრი უზნაძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, დავით კაკაბაძე, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, აკაკი ხორავა და სხვა.
წმინდა ნინოს ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებამ და ქუთაისის იმდროინდელი გუბერნატორის მეუღლემ, მარიამ ესპეხომ 1847 წელს ქალთა სასწავლებელი – ამჟამინდელი მესამე სკოლა დააარსა. ის თავდაპირველად ქალთა სასწავლებელი იყო, ხოლო მოგვიანებით აქ სწავლობდნენ როგორც გოგონები, ასევე ვაჟები. სკოლა დამთავრებული აქვს საზოგადოებისათვის არაერთ ცნობილ პიროვნებას. მათ შორის არიან: პირველი პარლამენტარი ქალები – მინატორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე და ქრისტინე (ჩიტო) შარაძიძე, კატო მიქელაძე, დები იშხნელები, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთელი, ვერიკო ანჯაფარიძე, ანა კალანდაძე, ნინო ტყეშელაშვილი, რეზო ჩხეიძე და ბევრი სხვა. და რა თქმა უნდა, პირველი პარლამენტარი ქალები – მინატორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე და ქრისტინე (ჩიტო) შარაძიძე. 1919 წლის არჩევნებში კენჭს 17 ქალი იყრიდა, რომელთაგან ხუთი დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. ორი მათგანი კი, მინადორა და ქრისტინე, ერთ სკოლაში სწავლობდა.
ნიკო ნიკოლაძე
პიროვნება, რომელმაც ევროპაში მიღებული ცოდნა თავისი ქვეყნის კეთილდღეობის შექმნისთვის გამოიყენა, ნიკო ნიკოლაძე გახლდათ. ფოთის პორტის მშენებლობისას 8-ჯერ იმოგზაურა ევროპაში და ჩრდილოეთ აფრიკის 12 სხვადასხვა საპორტო ქალაქი მოიარა სრულყოფილი პროექტის შესადგენად. ნიკოსთვის ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს კარი ღია იყო, თუმცა ქვეყანაზე შეყვარებული ყოველთვის ბრუნდებოდა უკან. მის სახელს უკავშირდება:
თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შექმნა, ვაჭრობის და მრეწველობის განვითარება, თვითმმართველობის შემოღება, უმაღლესი სასწავლებლების გახსნა, პრესის განვითარების ხელშეწყობა, ტყიბულის ქვანახშირის საბადოს განვითარება, რკინიგზის გაყვანა, წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება, თბილისში სადეზინფექციო კამერის აშენება და სანიტარიული ექიმის დანიშვნა, ე. წ. ბოინის შექმნა, დედაქალაქში კანალიზაციის ქსელის მოწყობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.
ვასილ ამაშუკელი
პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორი ვასილ ამაშუკელი 1886 წლის 14 მარტს ქუთაისში დაიბადა. ქართველი რეჟისორი და კინოოპერატორი გახლდათ. 1908 წელს ბაქოში გადაიღო დოკუმენტური ფილმები, ხოლო 1912 წელს გადაიღო „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. ფილმი ქუთაისში კინოთეატრ „რადიუმში“ აჩვენეს, სადაც ამაშუკელი კინომექანიკოსი იყო.
მარჯანიშვილის თეატრი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი ქუთაისში კოტე მარჯანიშვილმა დააარსა. შემდეგ კი თბილისში გადავიდა. 1928 წელს მან ნიჭიერი, ახალგაზრდა მსახიობები, მხატვრები, კომპოზიტორები, ახალგაზრდა რეჟისორები შემოიკრიბა და თეატრალური ტრადიციებით მდიდარ ქუთაისში ქართული სახელმწიფო თეატრი შექმნა. ამ თეატრს ქუთაის-ბათუმის თეატრიც ეწოდებოდა, რადგან თავის სპექტაკლებს ბათუმშიც წარადგენდა. პირველ სეზონში დაიდგა ერნსტ ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“, ბერნარდ შოუს „წმინდა ქალწული“, კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“, კარლო კალაძის „როგორ“, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“. დასს ამშვენებდა ბევრი გამორჩეული მსახიობი: ვერიკო ანჯაფარიძე, ბაბო გამრეკელი, მერი დავითაშვილი, სესილია თაყაიშვილი, ვასო გოძიაშვილი, სერგო ზაქარიაძე, ჟორა შავგულიძე, აკაკი კვანტალიანი, უშანგი ჩხეიძე, მხატვრები: დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი და მარჯანიშვილის აღმოჩენა – პეტრე ოცხელი.
ფოტო: ლანა ვახტანგაძე