თანამედროვე სამყაროში HVAC სისტემები ჩვენი ცხოვრებისა და მოღვაწეობის განუყოფელი ნაწილია. ყველა დახურული სივრცე, რომელშიც ადამიანების ყოფნა მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი დროით იგეგმება, უნდა იყოს აღჭურვილი გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებით. თუმცა მთავარი პრიორიტეტი ხარისხი და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებაა. სწორედ ამ პრინციპით მუშაობს ქართული კომპანია Climate Design Company, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ამ საქმიანობის უპირობო ლიდერია. გთავაზობთ ინტერვიუს ლევან მერაბიშვილთან, რომელიც ვრცლად გვიამბობს ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.
უპირველესად, გვიამბეთ კომპანიის დაფუძნების შესახებ
2006 წლიდან ვმუშაობდი HVAC (გათბობა გაგრილება ვენტილაცია) სისტემების სფეროში, სადაც დროთა განმავლობაში ჩემ გარშემო შეიკრა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც რამდენიმე ადამიანისგან შედგებოდა. აქედან გამომდინარე, 2013 წლის დასაწყისში გადავწყვიტეთ დაგვერეგისტრირებინა კომპანია Climate Design Company-ის სახელწოდებით. დაარსებისთანავე წარმატებით შევასრულეთ რამდენიმე პროექტი. თავისი არსებობის განმავლობაში კომპანია სხვადასხვა სირთულისა და დანიშნულების ასობით ობიექტს მოემსახურა.
რა უნდა ვიცოდეთ HVAC სისტემების შესახებ?
კომფორტული ტემპერატურა, ტენიანობა და სუფთა ჰაერი ჩვენი ორგანიზმისთვის ისევე აუცილებელია, როგორც საკვები, წყალი ან ძილი. იდეალურია, თუ HVAC სისტემის გათვალისწინება ჯერ კიდევ შენობის დაპროექტების ეტაპზე ხდება, ანუ HVAC სისტემის პროექტი შენობის პროექტთან ერთად უნდა შეიქმნას და მასში ინტეგრირებული უნდა იყოს, უკიდურეს შემთხვევაში, HVAC სისტემის დაპროექტება და მისი მონტაჟის დაწყება უნდა მოხდეს ე.წ. შავი კარკასის ეტაპზე. ხშირია შეემთხვევა, როცა ბიუჯეტის შემცირების მიზნით, დამკვეთი ცდილობს ყოველგვარი თბოტექნიკური გათვლებისა და პროექტის გარეშე HVAC სისტემა თავად დაგეგმოს და მისი ინსტალაცია იაფი, და შედეგად არაკვალიფიციური მუშახელის მეშვეობით მოახდინოს. უმეტესწილად ასეთი მიდგომის შედეგი ნაწილობრივ ან სრულად გაუმართავი HVAC სისტემაა, რაც, ფაქტობრივად, მისი არარსებობის ეკვივალენტია.
იქიდან გამომდინარე, რომ სისტემის არასწორი დაპროექტების ან/და მისი არაკვალიფიციური მონტაჟის პრობლემების გამოვლენა მხოლოდ რემონტის ფინალურ სტადიაზე, ანუ პოსტფაქტუმ ხდება, პრობლემის გამოსწორება ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე სრულყოფილი და გამართული პროექტი და კვალიფიციური მონტაჟი. ასე რომ, ჩვენი რჩევაა: დაზოგეთ თქვენი ფინანსები და მიმართეთ მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტებს, რათა თქვენს სახლში მუდამ იყოს სუფთა ჰაერი და კომფორტული ტემპერატურა.
გვიამბეთ კომპანიის საქმიანობის შესახებ. ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?
კომპანიის დაარსებიდანვე ჩვენ ვასრულებთ HVAC სისტემების დაპროექტებას, მონტაჟსა და პოსტგარანტულ მომსახურებას უმაღლეს დონეზე. ჩვენი დამკვეთები არიან: სამედიცინო დაწესებულებები – საავადმყოფოები, კლინიკები; საზოგადოებრივი კვების ობიექტები – რესტორნები, კაფეები, ბარები, კლუბები; ოფისები და სავაჭრო ცენტრები, ბანკები; სახელმწიფო ობიექტები – კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, პრემიუმსეგმენტის კერძო სახლები და ბინები.
გვესაუბრეთ კომპანიის პრიორიტეტებზე.
კომპანიის პრიორიტეტია პრემიუმკლასის ხარისხი და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება. ჩვენი კლიენტები არიან რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები, ვისთვისაც ხარისხი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე უხარისხო პროდუქციით ან/და მონტაჟით განპირობებული დაბალი ფასი და საეჭვო დანაზოგი. ასეთი მიდგომის შედეგად ჩვენი კლიენტები მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ მოგებაში რჩებიან.
ჩვენი კომპანია სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის, და ბაზარზე ჩვენი არსებობის განმავლობაში, რაც ათ წელზე მეტს ითვლის, სელექციის მეთოდით შევარჩიეთ მაღალკვალიფიციური და პასუხისმგებელი პერსონალი, შევიმუშავეთ და დავხვეწეთ HVAC სისტემების დაპროექტებისა და ინსტალაციის პროცესების ტექნოლოგია.
საინტერესოა Climate Design Company-ის გამოცდილება.
ჩვენ გაგვაჩნია ფასდაუდებელი გამოცდილება, რომელიც სწავლებისა და მრავალწლიანი საქმიანობის პროცესში მივიღეთ. კომპანია მზად არის გასაფართოებლად და გარკვეული პროდუქციის საწარმოო ხაზის შესაქმნელად. ახლა ამ მიმართულებით აქტიურ საორგანიზაციო-მოსამზადებელ სამუშაოებს ვაწარმოებთ.
ვინ არიან თქვენი პარტნიორი კომპანიები?
კომპანიას ჰყავს მრავალი პარტნიორი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. საქართველოში ჩვენი პარტნიორებია სამშენებლო კომპანიები, რომლებთან ერთადაც სამუშაოებს ვახორციელებთ. ასევე ჩვენი პარტნიორებია ბანკები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები და სასტუმროები, რომლებთანაც არა მხოლოდ დაპროექტების და მონტაჟის ერთჯერად ხელშკრულებებს ვაწერთ ხელს, არამედ გვაქვს მრავალწლიანი ხელშკრულებებიც ზემოთ ხსენებული სისტემების პოსტგარანტულ მომსახურებაზე. ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურების გარდა კომპანიას გააჩნია გარკვეული პროდუქციის სტოკი. პროდუქციას ევროპის და აზიის ქვეყნებიდან ჩვენი პარტნიორები გვაწვდიან. სტოკში საჭირო პროდუქციის არარსებობის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორები მზად არიან შეზღუდულ ვადებში მოგვაწოდონ საჭირო პროდუქცია.
გუნდი, რომელიც კომპანიის უკან დგას.
სამუშაოთა სპეციფიკის, ასევე სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, სამუშაოების შესრულებისას ჩვენ ვქმნით მაქსიმალურად კომფორტულ და უსაფრთხო პირობებს როგორც ჩვენი კომპანიის პერსონალისთვის, ასევე ობიექტებზე ჩვენთან ერთად მომუშავე სხვა კომპანიების თანამშრომლებისთვის. ვიცავთ ყველა არსებულ რეგლამენტს უსაფრთხოების სფეროში, რადგან ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია.
სამომავლო გეგმები.
დღეის მდგომარეობით შეძენილ უზარმაზარ გამოცდილებასა და მყარ პარტნიორობებზე დაყრდნობით, კომპანიის ხელმძღვანელობამ ახლო მომავალში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სეგმენტში შესვლა გადაწყვიტა, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა სირთულის შენობების დაპროექტების, მშენებლობისა და მოწყობა-მოპირკეთების სამუშაოების სრული სპექტრის შესრულებას. კომპანიის სამშენებლო განყოფილების დაარსება იგეგმება ამ წლის დეკემბრამდე.