გიამბობთ კომპანია KONFETERY-ს შესახებ, რომელიც უკვე მესამე წელია საქართველოში დამზადებულ უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი შოკოლადის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს, რომელიც არ შეიცავს არანაირ საღებავს, დანამატს და კონსერვანტებს. შოურუმში წარმოდგენილია შოკოლადის 80-ზე მეტი სხვადასხვა ვიზუალის და გემოების ნაკრები, ძალიან მალე კი საზოგადოება შეძლებს KONFETERY-ს კიდევ ორ ფილიალს ესტუმროს და მისი რჩეული არომატი მიირთვას. გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის დამფუძნებელ ანნა სუთიაშვილთან.
უპირველესად გაგვაცანით KONFETERY. რამდენი ხანია რაც ბაზარზე გამოჩნდა და საიდან გაჩნდა იდეა?
მოგესალმებით ხელნაკეთი შოკოლადების ჯადოსნური სამყაროდან.
კომპანია KONFETERY, რომელიც დაარსდა 2021 წლის თებერვალში, მომხმარებელს მესამე წელია საქართველოში დამზადებულ ხელნაკეთი შოკოლადის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. პროფესიით ვარ იურისტი, ამ სფეროში უკვე 15 წელია ვმუშაობ. ბევრს უკვირს, რა საერთო აქვს „იურისტს“ „შოკოლატიესთან“. დავიწყოთ იმით, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში მინდოდა მესწავლა, თუმცა იმ პერიოდში ისე მოხდა, რომ მომავალ პროფესიას მხოლოდ მე არ ვწყვეტდი. ზოგადად, ძალიან მიყვარს შოკოლადი და თუ ვინმე საზღვარგარეთიდან ჩამოდიოდა, ყველამ იცოდა, რომ ჩემთვის „ხარისხიანი“ შოკოლადი უნდა ჩამოეტანა. სწორედ ამიტომ გავაერთიანე ჩემთვის საყვარელი და საოცნებო პროფესია პროდუქტთან, ვუყურებდი ცნობილი ფრანგული „შოკოლატიეს“ მასტერკლასებს და ჩემით ვცადე შოკოლადის დამზადება. და ასე საქმე, რომელიც მიყვარდა, ბუნებრივად იქცა ბიზნესად, რომლის ძირითადი იდეა და მიზანი ხარისხიანი, განსხვავებული დიზაინისა და გემოების შოკოლადის დამზადება იყო და, რაც მთავარია, შოკოლადის ჩუქების დამკვიდრება საქართველოში, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. ვფიქრობ, „კონფეტერი“ უკვე მე-3 წელია, წარმატებით ახორციელებს ამ იდეას.
რას სთავაზობთ მომხმარებელს?
პირველ რიგში, უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი შოკოლადის მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც არ შეიცავს არანაირ საღებავს, დანამატს და კონსერვანტებს. ჩვენთან შოკოლადის 80-ზე მეტი სხვადასხვა ვიზუალისა და გემოების ნაკრებია. ასევე გვაქვს უშაქრო შავი და რძიანი შოკოლადის დიდი არჩევანი, რომლის მომხმარებელი არის არა მხოლოდ დიაბეტით დაავადებული ადამიანი, არამედ ძალიან ბევრი მშობელი, რომელიც უპირატესობას უშაქრო შოკოლადს ანიჭებს. ასევე გვაქვს შოკოლადი გლუტენის გარეშე.
და, რაც მთავარია, განსხვავებული ხაზი – შოკოლადი, რომელიც უხდება ღვინოს. ამ პროდუქციით ბევრი ღვინის კომპანია დაინტერესდა და სხვადასხვა ღონისძიების დროს საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
გვესაუბრეთ წარმოების პროცესზე. რა სახის პროდუქტებს იყენებთ?
KONFETERY-ს ხელნაკეთი შოკოლადები მზადდება საქართველოში. ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ბელგიურ შოკოლადს, ჩვენი კომპანიის მიერ დამზადებულ სუბლიმირებულ ხილს, კარამელიზებულ თხილეულს, ტროპიკულ ხილს და ა. შ. ჩემთვის არ არსებობს სტანდარტული შოკოლადი სტანდარტული ვიზუალით. კონფეტერის შოკოლადების ნაკრებები გამოირჩევა განსხვავებული ვიზუალით, კრეატიულობითა და ესთეტიკით.
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე შოურუმში. შოკოლადების ზღაპრულ სამყაროში გვაქვს შოკოლადების ფართო ასორტიმენტი. ვთანამშრომლობთ კომპანია Bolt Food-თან, ჩვენი პროდუქცია მაისიდან უკვე Glovo-ს აპლიკაციაშიც დაემატება. მალე გაიხსნება ორი პატარა ფილიალი, რომლის შესახებაც მომხმარებელს დიდი სიხარულით შევატყობინებთ.
რა ნიშა აქვს კონფეტერს ბაზარზე?
ერთ-ერთ სტარტაპ კურსზე, რომელსაც ვესწრებოდი, საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენის რჩევა იყო – „თუ წარმატების მიღწევა გსურთ ბიზნესში, ნიშა მოძებნეთ“. გარკვეული პროდუქტის ან მომსახურების სპეციალიზებული, ბაზრის ნიშის მოძებნა მართლაც შესანიშნავი რჩევაა, მაგრამ აქ მთავარი არის არა მხოლოდ ბაზრის მოძებნა, ასევე მისი შენარჩუნებაც აუცილებელია. ამისთვის საჭიროა ხარისხის შენარჩუნება და სულ ახალი პროდუქტის შეთავაზება. სხვებისგან განსხვავებული უნდა იყო, რაც მომხმარებელთა მოზიდვაშიც გეხმარება. ვინაიდან KONFETERY-ს შოკოლადი არის უფრო სასაჩუქრე პროდუქტი, შოკოლადის ნაკრებების ძალიან დიდი მოთხოვნაა დღესასწაულებზე, გვაქვს კორპორაციული შეთავაზება კომპანიებისთვის, ვთანამშრომლობთ ივენთკომპანიებთან. ასევე ვფიქრობ, რომ ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი იმასაც მიუძღვის, რომ ვარ გაბედული, შრომისმოყვარე, მიზანდასახული, რაც ყველაზე მთავარია იმისთვის, რომ ყოველთვის გაუმკლავდე სირთულეს და გამონახო გამოსავალი, ვინაიდან გიყვარს ის საქმე, რომელსაც აკეთებ.
სამომავლო გეგმები.
ძალიან საინტერესო სამომავლო გეგმები გვაქვს. პირველ რიგში, კიდევ ორი ფილიალის გახსნა თბილისში და ასევე ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბუთების მომზადება პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა.
ჩემი მთავარი მოტივაცია კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებელია, მათი პოზიტიური დამოკიდებულება შექმნილი პროდუქტის და ბრენდის მიმართ. არაფერი არ გაძლევს იმაზე მეტ მოტივაციას და სურვილს იმისთვის, რომ გააკეთო მეტი და განვითარდე.