20 წელია, „წისქვილი ჯგუფი“ პრემიუმკლასის სარესტორნო საქმიანობისა და ამ მიმართულების ლიდერია საქართველოში. ეთნო-წისქვილი, ლუდის მოედანი, ღვინის ეზო, წისქვილი მცხეთაში, წისქვილი ვაკეში, წისქვილი წყნეთში – ყველაფერი ეს, თბილისსა და მისი შემოგარენში გამორჩეული სარესტორნო სივრცეებია. ამასთან ერთად, „წისქვილი ბაზარი“, რომელიც გამორჩეული პროექტია, სადაც საუკეთესო ხარისხის პროდუქცია ერთ სივრცეშია თავმოყრილი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #57-ში მდებარეობს და მალე ავლაბარში, მოედნის პროექტშიც ვიხილავთ. ბოლო და განსაკუთრებული პროექტი კი „თეატრია“.
თეატრი, როგორც მულტიფუნქციური სივრცე, სრულიად ახალი კონცეფციით, რომელიც პირველია საქართველოსა და ამიერკავკასიაში
ეს „თეატრია“ – ახალი მულტიფუნქციური სივრცე თბილისში, სადაც ერთდროულად შეიძლება იმოგზაუროთ კლასიკურ კაბარეში, ნახოთ ამერიკული მიუზიკლი, დატკბეთ ოპერით, ბალეტით, დაესწროთ კონცერტს და მოუსმინოთ თანამედროვე არტისტების შემოქმედებას, ტურისტებს კი შეუძლიათ აღმოაჩინონ ქართული კულტურული ატრაქცია, გასტრონომიის თანხლებით.
ასევე დაესწროთ დაჯილდოებას, კონფერენციას, კერძო წვეულებას, კორპორაციულს, ქორწილს, შესაძლოა იყოს გადაღების ლოკაცია (სატელევიზიო, სარეკლამო), ჩატარდეს ბრენდის პრეზენტაცია და ა. შ. ერთი სიტყვით, ეს არის მრავალფუნქციური პავილიონი, სივრცე, რომელიც მუდმივად ტრანსფორმირდება. ღონისძიების რეჟისორს აქვს შემოქმედებითი თავისუფლება, შექმნას მისთვის სასურველი გარემო.
თეატრის არქიტექტურა და ტექნიკური აღჭურვილობა
ძირითად დარბაზში, რომელიც 400-მდე სტუმარზეა გათვლილი, მინიმალისტური სტილი და კლასიკა მინიმალიზმში იგრძნობა. აქ „მთავარი გმირი“ სცენაა თავისი მოოქრული ჩარჩოთი და წითელი ფარდით, „ქეთო და კოტეს“ აივნითა და სომოვის კომპოზიციებით, რომლის გამოყენების უფლებაც საგანგებოდ ამ თეატრისთვის შეიძინეს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერებსაც. აქ კლასიკური თეატრალური ფარდის ფერი წითელია, რომელიც აისახა კიდეც ავეჯის ფერზე, თათების ვიტრაჟებსა და დარბაზში არსებულ სხვა ნივთებზე. თეატრის პროექტის ავტორი და არქიტექტორი მამუკა ჩხაიძეა, რომელიც ამავდროულად „წისქვილი ჯგუფის“ დამფუძნებელია, ანტონ საღლიანთან და ირაკლი ლოლაშვილთან ერთად.
თეატრში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია განათება, მით უფრო ისეთი მინიმალისტური სტილის დარბაზში, როგორიც „თეატრია“. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ამ მხრივაც განსაკუთრებულად არის ნაფიქრი. თანამედროვე აპარატურა, რომლითაც აღჭურვილია „თეატრი“, იძლევა საშუალებას, შეიქმნას ყველანაირი გარემო და სიტუაცია, აკადემიური წარმოდგენით დაწყებული.
თეატრში არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაყურებლის ყურს არაფერი გამოეპაროს, შესაბამისად, აუდიოსისტემებიც დარბაზის არქიტექტურის გათვალისწინებით შეირჩა და ისეთი ტექნიკით აღიჭურვა, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო სივრცის ათვისება და აუდიოინფორმაციის ყველა ზონაში გადანაწილება.
Dinning Theatre, Show and Dinner, ანუ „წარმოდგენა ვახშმით“
კონცეფცია, რომელმაც ყველა აალაპარაკა, რადგან ერთი შეხედვით მარტივია, განსახორციელებლად რთული. აქ ერთნაირად მნიშვნელოვანია: შოუ, გასტრონომია და სერვისი. „წისქვილი ჯგუფი“ კი გახდა პირველი ამ მიმართულებით და გარისკა გაეკეთებინა რაღაც სხვა, ახალი, ის, რაც გვსმენია, გაგვიგია, თუმცა აქამდე არავის განუხორციელებია.
როგორც უკვე ვთქვით, ამ ყველაფრისთვის საჭიროა სამი პუნქტი: შოუ, გასტრონომია და სერვისი. და გადამწყვეტია პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული დიდი გუნდი, რომელიც ერთდროულად, სინქრონში, შეწყობილად ქმნის თითოეულ დეტალსა და ნიუანსს.
„თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და წარმოდგენების დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავაა, რომლის ბიოგრაფიაშიც არაერთ საინტერესო შტრიხს იპოვით, სწორედ ამ დეტალებმა მიიყვანა ის ამ განსხვავებული ესთეტიკისა და შინაარსის თეატრთან.
როგორც ის აღნიშნავს – „თეატრი“ საშუალებას გაძლევს, მთელი ფანტაზია ამოაფრქვიო და ის ნებისმიერი სტილისა და ჟანრის ღონისძიებას მოარგო. ის ამ სივრცეს ახალი იდეების, ექსპერიმენტებისა და გამოცდილების გაზიარების ჰაბს ადარებს, რომელიც ყველასია და შესაბამისად, თითოეულ სტუმარს მარტივად შეუძლია, თავისი წილი თეატრი იპოვოს და შეიყვაროს.
„თეატრში“ გასტრონომიაც წარმოდგენაა. ახალგაზრდა და იმპროვიზაციის უნარით დაჯილდოებული ბრენდშეფის, ალექს ნათაძის თითოეული კერძი უბრალოდ მომზადებული საკვები არაა, ის შოუს კონცეფციას ეხმიანება და მისი ნაწილი ხდება. ამიტომაც, როცა პერფორმანსი იგეგმება, ბრენდშეფი და მზარეულთა დიდი გუნდიც იქვეა. ასე იქცევა თითოეული აპეტაიზერი, მთავარი კერძი და დესერტი „თეატრის“ თითოეული ღონისძიების ხასიათის, სტილისა და ჟანრის ნაწილად.
რადგან „თეატრში“ ყველა მხრიდან სანახაობას უნდა ველოდოთ, გამონაკლისი არც მომსახურე პერსონალია. მომსახურების ფორმას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. წარმოიდგინეთ, დარბაზში 400-მდე სტუმარია და მათ ერთდროულად უნდა მიეწოდოს აპეტაიზერი, შემდეგ მთავარი კერძი, ბოლოს კი დესერტი. და იწყება საოცარი სვლა სამზარეულოდან მაგიდებისკენ… ეს მუშაობის განსხვავებული სტილია, რომელსაც ადრენალინთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაც ახლავს თან. თუმცა „თეატრის“ გენერალური მენეჯერი დავით ერაძე, რომელიც სერვისის მიმართულებასაც ხელმძღვანელობს და სულ რამდენიმე თვეში საოცარი გუნდი შექმნა, თავს საუკეთესოდ ართმევს.
„თეატრი“ მზადაა უმასპინძლოს დახურულ წვეულებებს, კორპორაციულებს, პრეზენტაციებს, დაჯილდოებებს, ქორწილებსა და ნებისმიერი ტიპის საღამოს.
დაბოლოს, შევაჯამოთ, რა ხდება „თეატრში“?
ამერიკული მიუზიკლი
„და, აი ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“ – მიუზიკლის ქართული ვერსია ეკუთვნის თეატრს, მაყურებელი შოუსთან ერთად იღებს საინტერესო გასტრონომიულ გამოცდილებას. ყველა ბილეთი გაყიდულია! უკვე 10 შოუა, სწორედ ამიტომ, მაყურებლების თხოვნით, ემატება თარიღები. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტიდან TKT.GE, დაგეგმილ კალენდარს კი შეგიძლიათ გაეცნოთ თეატრის Facebook და Instagram გვერდებზე: თეატრი •Theatre , theatre__teatri.
როგორც „თეატრში“ გვიანონსებენ, ქართველი მაყურებელი ქართულ ენაზე იხილავს ლეგენდარულ მიუზიკლს „ჩიკაგოს“, რომელზეც ყველასათვის საყვარელი მომღერლები, მოცეკვავეები, მსახიობები და თეატრის დასი უკვე მუშაობს.
ქართული კულტურული პროგრამა
თეატრის მაყურებელი არაერთხელ დასწრებია თეატრში სუხიშვილების მიერ გამართულ საღამოს, ქართულ თანამედროვე დადგმას, იმპროვიზაციას თუ ცეკვა ქართულს.
არაერთ ქორეოგრაფიულ თუ ფოლკლორულ ანსამბლს უმასპინძლეს.
26 მაისს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თეატრი ქართული პრემიერით წარდგება მაყურებლის წინაშე, რომელიც განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის ტურისტებისთვის იქნება საინტერესო და გააცნობს მათ ქართულ კულტურასა და გასტრონომიას.
კლასიკური პროგრამა
არაერთხელ ვთქვით, რომ აქ ყველაფერი შესაძლებელია. შესაბამისად, კლასიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აქვე დაგიანონსებთ, რომ 9 ივლისს, ბალეტის საერთაშორისო ფესტივალის დახურვას სწორედ „თეატრში“ შეგიძლიათ დაესწროთ, ვახშმის თანხლებით. ბილეთების გაყიდვა შესაძლებელი იქნება საიტიდან tkt.ge და ასევე შესაძლებელია მაგიდების დაჯავშნა წინასწარ: 577 000 888.
კონცერტი
თეატრმა უკვე უმასპინძლა „მგზავრებს“, სტეფანეს, 19 მაისს კი ნიაზ დიასამიძე შეხვდება მსმენელს ამ სივრცეში. თვეში ერთხელ ან ორჯერ, მუდმივად აანონსებენ კონცერტებს და თავისუფალ გარემოში ეპატიჟებიან სტუმრებს, სადაც უგემრიელეს კოქტეილებს და კარგ მუსიკას ჰპირდებიან. აქვე აღნიშნავენ, რომ კონცერტების მერე საუკეთესო AFTER PARTY- ის ლოკაციაა.
კორპორაციული წვეულებები
„თეატრი“ 6 თვეა გაიხსნა და უკვე 50-მდე დახურულ წვეულებას და კორპორაციულს უმასპინძლა, უკუკავშირი კი ყველა შემთხვევაში იყო საუკეთესო.
კერძო წვეულებები/ქორწილები
„თეატრში“ შეძლებთ თქვენი ოცნების ქორწილი რეალობად აქციოთ.
არქიტექტურა და დიზაინი გამორჩეულია და ნებისმიერი გარემოს შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
გასტრონომია „წისქვილი ჯგუფის“ სავიზიტო ბარათია.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მისი გუნდი მრავალფეროვან, სრულიად განსხვავებულ შოუპროგრამას სთავაზობს წყვილებს.
სერვისი მაღალი კლასის მოთხოვნებს პასუხობს.
ტექნიკური აღჭურვილობა და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი კი, ქორწილის სრულყოფილად წარმართვას უზრუნველყოფს.
როგორც „თეატრში“ გვეუბნებიან, ჯავშნების მიღება დაწყებულია და მალე ძალიან საინტერესო და განსხვავებულ ქორწილებს ვიხილავთ.
„თეატრმა“ ხელი შეუწყო ახალი ჟანრის დაბადებას და ეს სივრცე იქცა ქართველი და უცხოელი მაყურებლის საყვარელ ადგილად, სადაც საკუთარ მოგონებებს ერთ განსაკუთრებულ ბოჰემურ თავგადასავალსაც შემატებენ.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: წისქვილი