მერი ფხაკაძე ქართველი დიზაინერია, რომელიც 25 წელია საზღვარგარეთ მოღვაწეობს… პროფესიით ფინანსისტი და ერთ-ერთი წამყვანი ბანკის მთავარი მენეჯერია. იგი პარალელურად რამდენიმე წელია მოდის სფეროში მოღვაწეობს. მისთვის თავიდან ეს ერთგვარი ჰობი იყო, შემდეგ კი მნიშვნელოვან საქმედ გადაიქცა.
სულ ახლახან ბავშვობის ოცნება აისრულა და საკუთარი ბრენდი Meriko Pkhakadze დააფუძნა. როგორც თავად ამბობს, მოდასთან ბავშვობიდან იყო დაკავშირებული, რადგან ოჯახის წევრებიც სწორედ ამ სფეროში მოღვაწეობდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა თავის ოცნებას ფრთები შეასხა და გადაწყვიტა საზოგადოებისთვის ხარისხიანი და კომფორტული სამოსი შეეთავაზებინა. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს მერიკო ფხაკაძესთან, რომელიც უფრო ვრცლად და დეტალურად გვიამბობს ბრენდის შესახებ.
მერიკო, საიდან გაგიჩნდათ ინტერესი და სურვილი, დაგეარსებინათ საკუთარი ბრენდი?
ბავშვობიდან საზღვარგარეთ ვცხოვრობ, განათლებაც იქ მივიღე, თუმცა საქართველოსთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია. თბილისში დაბრუნებას საფუძველი 10 წლის წინ ჩავუყარე, როცა საკუთარი ბინა შევიძინე. ჩემი ძირითადი პროფესია საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს უკავშირდება. თუმცა ბავშვობის ოცნება იყო დამეარსებინა ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი.
ჩემი ოჯახის წევრები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი მოდის სფეროსთან, ჩემი ბებიის დედა მკერავი იყო და უამრავი ადამიანის ჩაცმულობაზე ზრუნავდა. ბაბუაჩემი ცნობილი მეწაღე იყო სამტრედიაში. მე კი ძალიან ხშირად ვხატავდი ესკიზებს, თოჯინებს ვუკერავდი ტანსაცმელს, მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სფეროსთან ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავი.
მთელი ცხოვრება ხინჯად მქონდა, რომ ჩემი სურვილი ვერ განვახორციელე და 2 წლის წინ გადავწყვიტე ჩემი ამდენი ხნის ოცნება სისრულეში მომეყვანა. ამაში ძალიან დამიჭირა მხარი ჩემმა მეუღლემ. საბოლოოდ დავაარსე ჩემი ბრენდი მოსკოვში, თუმცა ჩემს კოლექციებში თავიდანვე მკაფიოდ იგრძნობოდა ქართული აქცენტები.
გვიამბეთ თქვენს ბრენდზე…
ჩემს ბრენდს ჰქვია Meriko Pkhakadze, მაქვს ონლაინმაღაზია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს საშუალება აქვს დაათვალიეროს და შეარჩიოს მისთვის სასურველი სამოსი, რის შემდეგაც ვუგზავნით მისთვის სასურველ ლოკაციაზე.
როდესაც ბრენდი დავაარსე, დიდი პოპულარობა მოიპოვა რუსეთში მცხოვრებ ქართველებში. დაიწყო შეკვეთები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, – ამერიკაში, კანადაში. მალევე დაინახა მომხმარებელმა ჩემი ბრენდის ხარისხი და გაუჩნდა ნდობა, რაც ჩემთვის დიდი სტიმული და მოტივაცია იყო.
აღსანიშნავია, რომ ამ მოკლე დროში უკვე მქონდა ჩემი პერსონალური ჩვენება, ასევე რამდენჯერმე მივიღე მონაწილეობა გამოფენებში სხვადასხვა ცნობილ დიზაინერთან ერთად.
გავაკეთე პრემიალური ხაზი, სადაც თითო მოდელის 2-3 ეგზემპლარია წარმოდგენილი. მომხმარებელს ვთავაზობ როგორც ყოველდღიურ, ასევე კლასიკურ სამოსს.
როგორც ვიცით, სამტრედიაში შოურუმი გაქვთ.
დიახ, წარმოშობით სამტრედიელი ვარ, იქვე მქონდა ფართი, რომელიც მანამდე ბაბუაჩემს ეკუთვნოდა. ძველი იერსახის შენარჩუნებით განვაახლეთ ყველაფერი და გავხსენით შოურუმი. მყავს მკერავი, რომელიც ჩემი შექმნილი თარგებით კერავს სამოსს. მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც ჩემი ბრენდის ხარისხს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
სად და როგორ შეგვიძლია თქვენი სამოსის შეძენა?
სამოსის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ჩვენს ოფიციალურ გვერდზე. გვაქვს უფასო მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაძლებელია შეკვეთა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მცხოვრები ადამიანებისთვისაც.
როგორ ფიქრობთ, რა ნიშა აქვს თქვენს ბრენდს ქართულ ბაზარზე?
უპირველესად ხარისხი და კომფორტი. სწორედ ეს იყო ჩემი უმთავრესი მიზანი. ჩვენი სამოსის მორგება შეუძლია ნებისმიერი აღნაგობის მქონე ადამიანს ისე, რომ თავი იგრძნოს ძალიან მოხერხებულად და კომფორტულად.
გარდა ამისა, მინდა ბრენდი ასოცირდებოდეს სითბოსა და სიყვარულთან, ამიტომ თითოეულ სამოსს ამოქარგული აქვს ასო „მ“, რაც ნიშნავს – მიყვარხარ.
რა სახის ქსოვილებს იყენებთ?
ვიყენებ იტალიურ ხავერდს, მაღალი ხარისხის ბაიკას, ჰიპოალერგიულ ქსოვილებს.
რა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი თქვენი სამოსი?
ჩვენთან წარმოდგენილი სამოსი გათვლილია როგორც ზრდასრულ, ასევე მცირეწლოვან ბავშვებზე. შესაბამისად, მორგება შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლო გეგმები გრანდიოზული, რადგან მაქსიმალისტი ვარ. ვგეგმავ არამარტო წარმოების, არამედ პროდუქციის გაფართოებასაც. ჩემი მთავარი მიზანია გამიცნოს ქართულმა საზოგადოებამ და ჩემი ყველა მომხმარებელი გრძნობდეს იმ სითბოს და სიყვარულს, რასაც ჩემს შექმნილ სამოსში ვაქსოვ.