წარმოგიდგენთ OK! Fashion Book-ის მოწვეულ რედაქტორს, რომელიც მუდმივად გამოირჩევა და თავისი ცხოვრების სტილით ყურადღებას იპყრობს. ჩვენი რუბრიკის სტუმარი მიიჩნევს, რომ მოდა არის არა მხოლოდ ჩაცმა, არამედ ცხოვრების მიმართ მიდგომა და დამოკიდებულება. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გთავაზობთ ინტერვიუს ეკო ფანგანთან, რომელმაც ჩვენი მკითხველისთვის უამრავ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
ეკო, თქვენ ხართ OK! Fashion Book-ის მოწვეული რედაქტორი. გვესაუბრეთ ამ გამოცდილებაზე, რამდენად საინტერესო იყო ჟურნალზე მუშაობის პროცესი?
OK! Fashion Book-ზე მუშაობა ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო ჩემთვის. სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად, როდესაც ეს შემოთავაზება მივიღე, ცოტა შევცბი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გამოცდილება აქამდე არ მქონია, იმდენად მომხიბვლელი წინადადება იყო, ბევრი არც მიფიქრია, ისე დავთანხმდი. ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ და ამ შანსის გამოტოვება არ მსურდა. ყველაფერი ის, რაც ჟურნალი OK!-ის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად გავაკეთე, ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო და ორგანული იქნება.
როგორც აღვნიშნე, გამოცდილება აქამდე არ მქონია, თუმცა ძალიან შემოქმედებითი ბავშვი ვიყავი, ყოველთვის მიყვარდა წერა და გამოვცემდი გაზეთს. აკინძული მქონდა და ვწერდი შავი კალმით, როგორც პოეტურ, ასევე პროზაულ ბავშვურ ნაწარმოებებს. ასევე გამოვცემდი ჟურნალს, რომელიც ძალიან ეროვნულ მოტივებზე დაყრდნობით იყო შექმნილი.
რა თემები შეარჩიეთ მკითხველისთვის?
მინდოდა, რომ თემები, რომლებსაც მკითხველს შევთავაზებდი, ჩემთან ძალიან ახლოს ყოფილიყო. გამომდინარე იქიდან, რომ გადაცემაში ჩემი რუბრიკა მაქვს და ვაშუქებ მოდის კვირეულებს, ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მოდის ისტორიაში, ვიხსენებთ ბევრი წარმატებული დიზაინერის, ფოტოგრაფის ცხოვრების ისტორიას. შემეძლო ბევრ სხვადასხვა თემაზე მესაუბრა, მაგრამ შეიძლებოდა არ ყოფილიყო საინტერესო ყველასთვის, ამიტომ ვეცადე შემერჩია ისეთი საკითხები, რომლებიც მკითხველს დააინტერესებდა.
ერთ-ერთი თემა არის საგაზაფხულო ტენდენციები, არჩევანი ქართველ დიზაინერებზე შევაჩერეთ, კონკრეტულად INGOROKVA-ს ბრენდზე.
თანამედროვე ცხოვრებაში სპორტი ძალიან აქტუალურია და ის ბევრი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, რამაც დიდი გავლენა იქონია მსოფლიო მოდის ტენდენციებზე. ბევრი ლუქს და სპორტული ბრენდების კოლაბორაციის შედეგად შექმნილი სამოსი და ფეხსაცმელი ვიხილეთ, რაც უმალვე გახდა ტრენდული და აქტუალური. ასევე, ცალკეული მოდის სახლების კოლექციების ინსპირაციის წყაროც ხშირად სწორედ სპორტის სხვადასხვა სახეობა გამხდარა.
ძალიან აქტუალურია გარემოს დაცვა და მე კონკრეტულად ცხოველთა დაცვაზე ვისაუბრე, რადგან მოდის სამყარო უკვე პროპაგანდას ეწევა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ ნატურალური ქურქები. დიდი იმედი მაქვს, ასევე მალე შეცვლის ხელოვნური ტყავი ნატურალურს. ამასთან დაკავშირებით უკვე არაერთმა მოდის სახლმა გააკეთა განაცხადი.
გიამბობთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოჯახის – ჰადიდების შესახებ, რადგან ძალიან საინტერესოა მათი ცხოვრება პოდიუმს მიღმა. რთულია შეუმჩნეველი დაგრჩეს, თუ როგორი თბილი ურთიერთობები აქვთ ოჯახის წევრებს, როგორ ზრუნავენ და გვერდში უდგანან ერთმანეთს. ბავშვობიდან ძალიან მეგობრულ გარემოში იზრდებოდნენ. აქტიურად იყვნენ და დღემდე არიან ჩართულები ფერმერულ ცხოვრებაში. ჰყავთ სხვადასხვა სახეობის ცხოველები და საკმაოდ დიდ დროს უთმობენ მათ მოვლას. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა მათი ცხოვრების სტილი საზოგადოებისთვის.
კიდევ ერთი თემაა ქუჩის სტილის ევოლუცია, რომელიც ბოლო წლებში არანაკლებ მნიშვნელოვანია მოდის ინდუსტრიაში.
ვისაუბრეთ სუპერმოდელებზეც, რომლებიც აქტიურად დაუბრუნდნენ პოდიუმს.
დაბოლოს ვისაუბრეთ სილამაზის სფეროზე, რომელშიც შედის კანის, თმისა და ფრჩხილის მოვლა. მინდა აღვნიშნო, რომ ლუქს არ აქვს ქართული შესატყვისი, თუმცა აღნიშნავს იმას, თუ როგორ გამოვიყურებით ჩვენ. ეს, რა თქმა უნდა, არ მოიცავს მხოლოდ სამოსს, ესაა ჩვენი ვარცხნილობა, მაკიაჟი… შესაბამისად, ყოველ სეზონზე არის ახალი ტენდენციები.
თქვენთვის რა არის მოდა?
როგორც აღვნიშნე, მოდა ჩემთვის არის ცხოვრების სტილი. არ შეიძლება მოდა იყოს მხოლოდ ტანისამოსი ან აქსესუარი. არ არის აუცილებელი ძვირფასი ტანისამოსის ჩაცმა იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდე. ეს ნიშნავს სტილის შეგრძნებას. შეიძლება გარდერობიდან გამოვიღოთ ჩვენი ბებიის ან ბაბუის პიჯაკი და ისე შევფუთოთ საკუთარი თავი ამ სამოსში, რომ ძალიან მოდურები ვიყოთ. თემები, რომლებიც შევარჩიე, ერთმანეთთან არის დაკავშირებული. როგორ ვიმოსებით, რამდენად ჯანსაღად ვცხოვრობთ, რამდენად ლოიალურები ვართ ცხოველებისა და ადამიანების მიმართ. საბოლოოდ მოდა არის ამ ყველაფრის ერთობლიობა.
თავად ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
რაც შეეხება ჩაცმის სტილს, შემიძლია ჩავიცვა ნებისმიერი სამოსი. ჩემთვის არ არსებობს – მე ამას არ ან ვერ ჩავიცვამ.
ხშირად მიმყავს საღამოები, სადაც, შესაბამისად, ვიცვამ საღამოს კაბებს, თუმცა ყველაზე მოხერხებულად და კომფორტულად სპორტულ სამოსში ვგრძნობ თავს. ძალიან მიყვარს სპორტული ეკიპირებები და შესაფერის სიტუაციებში აუცილებლად ამ ტიპის სამოსით ვიმოსები.
თავის მოვლის რუტინაც გაგვიზიარეთ.
თავის მოვლის განსაკუთრებული ხრიკები არ მაქვს, თუმცა მაქვს დღის და ღამის რუტინა. არასოდეს ვიძინებ დაუბანელი სახის კანით, მაშინაც კი, თუ მაკიაჟი არ მაქვს. ეს არის ერთ-ერთი საბაზისო და მთავარი, რაც ყველა ქალმა უნდა გააკეთოს, რადგან ამის გარეშე სხვა არანაირ პროცედურას არ აქვს აზრი.
ვიყენებ დამატენიანებელ თვალის საცხსა და შრატს. წელიწადში ორჯერ ვიკეთებ ინტენსიურ ბიორევიტალიზაციას. დანარჩენი დამოკიდებულია ჯანსაღი ცხოვრების სტილზე. მიუხედავად იმისა, რომ მივირთმევ ყველაფერს შეუზღუდავად – ცომს, კარაქს, არაჟანს, მაინც ვთვლი, რომ ჯანსაღად ვიკვებები. არ ვსვამ გაზიან სასმელებს და არ ვარ „ფასთ ფუდის“ მომხმარებელი. ვცდილობ ვიკვებო ისეთ ადგილას, სადაც ვიცი, რომ კერძებს ჯანსაღად ამზადებენ. არ ვარ თამბაქოს მომხმარებელი და მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ჯანსაღად გამოვიყურებოდეთ.
წლებია გადაცემის წამყვანი ხართ. როგორი მოლოდინები გქონდათ თავდაპირველად და საბოლოოდ რა მოგცათ ამ გამოცდილებამ?
ძალიან მოულოდნელად მოხდა ტელევიზიაში ჩემი, როგორც ტელეწამყვანის გამოჩენა. ამ პოზიციაზე უკვე 10 წელია ვმუშაობ. პარალელურად, ამ წლების განმავლობაში რადიოშიც მქონდა გადაცემა. ბევრი პროექტი იყო, რომელშიც ვმონაწილეობდი. ძალიან ადრე იყო „უკანასკნელი გმირი“, შემდეგ სხვადასხვა გადაცემაში სტუმრობა. მერე „ცეკვავენ ვარსკვლავები“, რის შემდეგაც მიმიწვიეს ტელევიზიაში და მას შემდეგ იქ ვარ. დიდი გამოცდილება დამიგროვდა და ბევრი რამ ვისწავლე ზოგადად, ცხოვრებისეული თვალსაზრისით.
თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ?
თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ჩემს მეგობრებთან ერთად მიყვარს დროის გატარება. მყავს ბევრი ძალიან ახლო მეგობარი, რომლებიც სკოლასა და უნივერსიტეტში შევიძინე და მას შემდეგ ერთად ვართ.
ასევე მიყვარს ფილმების ყურება, კითხვა, განსაკუთრებით ზაფხულში, ზამთარში კი უფრო მეტად თხილამურებით სრიალი. ზოგადად ბევრი სხვადასხვა რამის კეთება მიყვარს. გავდივარ კურსებს, ვაკეთებ მედიტაციებს. ძალიან მიყვარს ქალაქგარეთ გასვლა, ასევე მანქანით და ფეხით სიარული.
როგორც აღნიშნეთ, აქტიურად ხართ დაკავებული სპორტის სხვადასხვა სახეობით. რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი ადამიანისთვის?
ცხოვრების ჯანსაღი წესი ჩემთვის ყველაფერია. მით უფრო იმ დაბინძურებულ გარემოში, რომელშიც ცხოვრება გვიწევს. ბავშვობიდან აქტიურად ვარ სპორტით დაკავებული, ვარ ძალიან სპორტული როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად. მაქვს სპორტული აღნაგობა და განვითარებული კუნთები. ბოლო ექვსი წელია აქტიურად ვვარჯიშობ დარბაზში ფიტნესზე წონებით, რადგან ამ დროს ნეგატიური ენერგეტიკისგან ვიცლები. ახლა დავიწყე პილატეს რეფორმერი, რომელიც ფანტასტიკურია ჯანმრთელობისთვის. ამ დროს ყველა მყესს, კუნთს და სახსარს სწორად გრძნობ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის სწორი განვითარებისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება ცხენზე ჯირითია, მე სვანი ვარ და ვფიქრობ, გენეტიკამ დიდი როლი ითამაშა ამ საკითხში. ასევე, სრიალი მინდოდა მთელი ცხოვრება და უკვე 2 წელია დავიწყე, საოცარი ადრენალინია. კიდევ მოტოსპორტის სწავლას შევუდექი და კიდევ ვგეგმავ, რომ სპორტის ორ სახეობას დავეუფლო.
მთავარია ბევრი მოძრაობა, თუნდაც სიარული. შევეცადოთ ვიკვებოთ ჯანსაღად სახლში მომზადებული საკვებით. ძალიან ცუდი და უსარგებლოა თამბაქოს მოხმარება და ჭარბად ალკოჰოლის მიღება. ეს ყველაფერი აუცილებელია ჩვენი სულიერი, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
ხშირად უსვამთ თქვენს სტუმრებს კითხვას, თუ ვინაა მათი სტილის სიმბოლო. თქვენ თვითონ რას უპასუხებდით ამ კითხვას?
ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი სტილის სიმბოლოზე ჩემი რუბრიკის ფარგლებში და ძალიან მიჭირს პასუხის გაცემა. ბავშვობიდან სულ სხვადასხვა ქალით ვიყავი აღფრთოვანებული. ბავშვობაში ჩემი პირველი სიყვარული ოდრი ჰეპბერნი იყო და დარჩა კიდეც, მაგრამ ყველა სხვა პერიოდულად იცვლებოდა. ბოლო დროს აბსოლუტურად შემეცვალა წარმოდგენა. სტილის სიმბოლო ჩემთვის არის ადამიანი, რომლის ცხოვრების სტილიც ჩემთვის მისაბაძი და სამაგალითოა. ასეთი ადამიანები ხშირად არ არიან ცნობილები და ვერ გამოვარჩევ, მაგრამ თუ სტილის შეგრძნებაზე ჩაცმის მხრივ ვსაუბრობთ, მინდა გამოვყო მამიდაჩემი – სვეტა ფანგანი, რომელიც 82 წლისაა და ფანტასტიკურად გამოიყურება. სახლიდან ყოველთვის ისე გამოდის, ძალიან ბევრი ახალგაზრდა გოგონას ყურადღებას რომ მიიპყრობს.
ფოტო: მაკა მეგრელიძე
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ვიზაჟი: მაკა შავერდაშვილი
ჩაცმულობა: თამუნა ინგოროყვა
ლოკაცია: IQ Studio