მნიშვნელოვანია ქალებმა ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების …
საქართველოში ცოტაა ისეთი კომპანიები, სადაც მმართველ პოზიციას ქალი იკავებს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი ფიქრობს, რომ ქალ და კაც მენეჯერს ერთმანეთისგან საქმისადმი დამოკიდებულება გამოარჩევს და არა სქესი. როგორც ის აღნიშნავს, სამართლიანობა, დისციპლინა და ცოტა რისკი, ეს არის ის, რაც მენეჯერს უნდა ახასიათებდეს. „მმართველს უნდა ენდობოდეს გუნდი და პირიქით“ – ჟურნალი OK! გაგაცნობთ ფარმაცევტული კომპანიის „ევროფარმა ჯორჯიას“ დირექტორს, ალისა არსლანს.
გაეცანით ჩვენს მკითხველს…
ჩემი განათლება და საქმიანობა ყოველთვის ჯანდაცვის სფეროს უკავშირდებოდა, თუმცა ექიმად არასოდეს მიმუშავია. ამჟამად ვცხოვრობ სტამბოლში, სადაც ვმუშაობ ჩემს ნაშრომზე – მედიკამენტების მენეჯმენტის თემაზე ჯანდაცვის მენეჯმენტში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. მიუხედავად ჩემი გადატვირთული რეჟიმისა, მუდმივად ხაზზე ვარ საქართველოსთან და დისტანციურად ვახერხებ მუშაობას. დაარსების დღიდან ვარ „ევროფარმა ჯორჯიას“ დირექტორი. მყავს მეუღლე და ორი შვილი.
რა იყო „ევროფარმა ჯორჯიას“ შექმნის მიზანი?
ფარმაცევტული კომპანია „ევროფარმა ჯორჯია“ 11 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის მიზანი იყო მომხმარებელთა მოთხოვნების გამოვლენა და მათზე ორიენტირებული უანალოგო, სანდო და ინოვაციური პროდუქციის შეთავაზება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევძელით ბაზარზე დამკვიდრება და საზოგადოების ნდობის მოპოვება, რაც ადვილი არ ყოფილა.
გვესაუბრეთ, როგორი იყო თქვენი გზა წარმატებამდე, გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები კარიერაში…
სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 23წლის ასაკში აღმოვჩნდი ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში. მალევე, 5 თვეში მენეჯერი გავხდი.
ამის შემდეგ კიდევ ერთ კომპანიაში მქონდა მარკეტინგის და პროდუქციის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ თვითონ არასოდეს მიძებნია სამუშაო, ყოველთვის რეკომენდაციით შემოთავაზებული სამსახურებით მქონდა პოზიციური წინსვლა. ასე აღმოვჩნდი „ევროფარმა ჯორჯიაშიც“ დირექტორის პოზიციაზე.
ცხოვრების ამ ეტაპზე რა მიგაჩნიათ წარმატების გასაღებად?
წარმატების გზაზე მიზანდასახულობა, სამართლიანობა და დისციპლინაა აუცილებელი. ასევე, არ უნდა შეუშინდეთ რისკს და უნდა იყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ ყველაფერი გამოვა. ნებისმიერ საქმეს გულწრფელობით, ენთუზიაზმით და გამარჯვების მოლოდინით ვეკიდები, მატერიალური მოლოდინი კი ბოლო ადგილზე გადადის. ზუსტად ეს დამეხმარა იმაში, რომ დღეს კომპანია ასეთი წარმატებულია.
როგორი ხელმძღვანელი ხართ?
ერთია, გუნდის წევრებმა ან ხელმძღვანელობამ აგირჩიოს მენეჯერად, მეორე და უფრო მნიშვნელოვანი კი, შეინარჩუნო და კიდევ უფრო გაზარდო შენი წარმატება, რაც საკმაოდ რთულია ქართულ რეალობაში.
ვცდილობ, ჰუმანურობის ჩარჩოებში ვიყო მკაცრი და დისციპლინირებული მმართველი, რამდენად გამომდის ეს, რა თქმა უნდა, გუნდის წევრებმა უნდა შეაფასონ.
ვფიქრობ, ყველაზე მთავარი მართვაში არის ის, რომ თანამშრომლებს უყვარდეთ თავიანთი საქმე და იძულების გარეშე ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას.
ასევე, მნიშვნელოვანია სუბორდინაცია, რაც გამოიხატება სამსახურებრივი და მეგობრული ურთიერთობების ბალანსსა და საერთო ღირებულებების პატივისცემაში. სწორედ ამიტომ ჩამოვყალიბდით არა როგორც კოლექტივი, არამედ ერთი გუნდი; არა როგორც სამსახური, არამედ ერთი ოჯახი.
რა გაძლევთ საქმიანობაში მოტივაციას?
როცა 30-კაციან გუნდს სჯერა იმის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მათი ხელმძღვანელი გამოსავალს იპოვის და არასოდეს ეშინიათ არანაირი დაბრკოლების, ეს არის უდიდესი მოტივაცია, რომელმაც შეიძლება მართლაც მთა გადამადგმევინოს.
ბოლო წლების მთავარი გამოწვევა – პანდემია უმტკივნეულოდ გადავიტანეთ, რადგან კრიზისი შესაძლებლობად ვაქციეთ და ამ პერიოდში გუნდის თითოეული წევრი დარწმუნდა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საერთო ღირებულებებს. ჩემთვის საქმეშიც და ნებისმიერ ურთიერთობაშიც ნდობა უმთავრესია და ეს აუცილებლად უნდა იყოს ორმხრივი. დიდი მადლობა ჩემს გუნდს ამ ნდობისთვის.
ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანი მოტივატორი არის დედა, რომლის გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდი ვყოფილიყავი კარგი ხელმძღვანელი. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს დედას.
როგორ ფიქრობთ, დღეს რა სახის გამოწვევების წინაშე დგანან ქალები? როგორ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი?
მთავარია ქალებმა ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, სჯეროდეთ, რომ ოცნებების ახდენა შესაძლებელია. შრომის, მიზანდასახულობისა და იმ შინაგანი მზის წყალობით, რომელიც მათშია, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას!
გაუჩერებლად იმუშაონ თავიანთ თავზე და ყოველდღე იყვნენ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: თორნიკე სააკაძე