ძვირფასო მკითხველო, სანამ ისევ გადაფურცლავ, რამდენიმე წუთით შეყოვნდი და ერთად შევიხედოთ საქორწილო კაბების ქათქათა სამყაროში. მოდით, ახლოს გავიცნოთ ადამიანები, რომლებიც შავიზღვისპირა ქალაქში ცხოვრობენ და ცდილობენ თავიანთი საქმიანობით ადამიანებს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე დაუვიწყარ მოგონებად უქციონ.
ნინო ღლონტი მოდის სახლ „მონ პარის“ დამფუძნებელი და დიზაინერია. უკვე 27 წელია, თავის გუნდთან ერთად, ბათუმელი პატარძლებისთვის თეთრ, ზღაპრულ საქორწილო კაბებს ქმნის. ბრენდის განვითარებაში ოჯახის სხვა წევრებიც აქტიურად არიან ჩართული. საინტერესოა, რა გზა განვლო დიზაინერმა სამი ათწლეულის განმავლობაში, რა ეტაპზეა კომპანია და სამომავლოდ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ.
ემსახურო სილამაზის ინდუსტრიას საკმაოდ რთულია და ბევრ კომპონენტს მოიცავს. აღნიშნული საქმიანობა ხელოვნებისა და ბიზნესის სინთეზია, შესაბამისად, მოითხოვს როგორც შემოქმედებით ნიჭს, ასევე საჭიროა ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული უნარების ფლობა. საინტერესოა, როგორ დაიბადა იდეა ზუსტად 27 წლის წინ დადგომოდით ამ დატვირთულ და პასუხისმგებლობებით სავსე გზას.
მოდის სფერო ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი გატაცება იყო. ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა საკუთარი ხელით სამოსის შექმნა. მით უმეტეს, ჩემს ბავშვობაში არცთუ ისე მარტივი იყო ტანსაცმლის შეძენა და არ იყო მრავალფეროვანი არჩევანი. თუმცა ეს მხოლოდ გატაცებად რჩებოდა. მოგვიანებით უკვე სულ სხვა პროფესიას დავეუფლე და გარკვეული პერიოდი საჯარო სექტორში წარმატებით ვიყავი დასაქმებული. ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, მოსწავლეები იყვნენ ცხოვრების მთავარი მამოტივირებელი ძალა. თუმცა, მოდის მიმართ ჩემი სიყვარული არასდროს განელებულა. ყოველთვის განსაკუთრებულ სამოსს ვატარებდი, ვცილობდი საკუთარი დიზაინით შემექმნა ტანსაცმელი. ყველაფერი ერთი პატარა შემთხვევით დაიწყო. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მთხოვა საქორწილო კაბის შეკერვა. 1990-იან წლებში პრაქტიკულად არ არსებობდა საქორწილო კაბების სალონები და მეც გადავწყვიტე მეცადა და მეგობრის გული გამეხარებინა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. პირველი საქორწილო კაბის შექმნის პროცესი ზღვა ემოციებით იყო სავსე. ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და სასიამოვნო პროცესი. ამ შემთხვევის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარება საკმაოდ დამძიმდა. ყველამ დაიწყო დამატებითი ფინანსური რესურსების ძიება. ამ დროს გადავწყვიტე მეცადა ბედი და ქალბატონებისთვის საქორწილო კაბები შემექმნა. დროთა განმავლობაში იმდენად წარმატებული აღმოჩნდა ჩემი მცდელობა, რომ პროფესიის შეცვლა მომიხდა. სრულად ჩავერთე ახალ წამოწყებაში. დღეს, 27 წლის შემდეგ, რეგიონში სილამაზის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს ვხელმძღვანელობ.
მოგვიყევით თქვენი გუნდის შესახებ, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც განაპირობებენ „მონ პარის“ წარმატებას და რატომ ეძახით ოჯახურ საქმიანობას?
„მონ პარი“ დიდი ოჯახია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. თითოეული წარმომადგენელი დაკავშირებულია ჩემს ოჯახთან. პასუხისმგებლობას და პრაქტიკულად ყველა მოვალეობას ინაწილებს ჩემი შვილის მეუღლე, თამარ მარღიშვილი, რომელიც უკვე შვიდი წელია თავისი მოტივაციით და ენერგიით კომპანიის განუყოფელი ნაწილია. ასევე, ქალბატონი ირმაც დიდი ხნის მანძილზე აქტიურადაა ჩართული პატარძლებისთვის განსაკუთრებული სილამაზეების შექმნის პროცესში. ცოტა ხნის წინ „მონ პარის“ ჩემი ქალიშვილი ანა დიასამიძე შემოუერთდა. თავისი მრავალფეროვანი გამოცდილებით, დიზაინის კუთხით ინდივიდუალური ხედვებით, ვფიქრობ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბრენდის განვითარებაში. „მონ პარი“ წარმოუდგენელია ჩვენი პარტნიორებისა და იმ ადამიანების გარეშე, რომლებსაც უშუალო შეხება არ აქვთ მომხმარებლებთან, მაგრამ კომპანიის სრულყოფილად ფუნქციონირებაში დიდი წვლილი შეაქვთ.
კონკურენტუნარიან გარემოში, რამდენად რთული გამოწვევაა იყოთ წარმატებული ბრენდის ხელმძღვანელი? როგორ მოახერხეთ საზოგადოების ნდობის მოპოვება?
ჯანსაღი კონკურენტული გარემო აუცილებელია ბრენდის განვითარებისთვის. არ გვეშინია კონკურენციის, პირიქით, გვინდა ამ სფეროში მოქმედ თითოეულ კომპანიას წარმატება ვუსურვო, რადგან ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის რა კოლოსალურ შრომასთან და სირთულეებთანაა დაკავშირებული ეს საქმიანობა. „მონ პარის“ წარმატების მთავარი მიზეზი კი, ალბათ, თვითგანვითარებაზე მუდმივი მუშაობაა. აუცილებელია, მოუსმინო მომხმარებელს, დროულად იგრძნო მომავალი ტენდენციები და შესთავაზო ახალი, ისეთი რამ, რასაც მომხმარებელი აუცილებლად აიტაცებს. უმნიშვნელოვანესია მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია და უკუკავშირის ქონა. უდიდესი პასუხისმგებლობაა პატარძლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ნაწილი გახდე, ნდობა უნდა გაამართლო. ჩვენთან პირველივე ნაბიჯის შემოდგმისას პატარძლებმა თავი სიყვარულით სავსე, თბილ ზღაპრულ სამყაროში უნდა იგრძნონ, აქ უნდა დაიწყოს მათი მოგზაურობა ახალ ცხოვრებაში. ალბათ, მსგავსი დამოკიდებულების დამსახურებაა, რომ წლების მანძილზე შევინარჩუნეთ საზოგადოების ნდობა და იმედია, ასეც გაგრძელდება მომავალში.
ურჩიო ადამიანს თუ როგორ საპატარძლო კაბას მოიხდენს, საკმაოდ რთული პროცესია. რას აქცევთ ყურადღებას და რას ითვალისწინებთ აღნიშნულ დროს?
საქორწილო მოდის ინდუსტრიაში ტენდენციები მუდმივად იცვლება. აუცილებელია თვალი ადევნო სიახლეებს და მოთხოვნის მიხედვით შეიქმნას მოდელები. თუმცა, ამავდროულად, აუცილებელია საკუთარი ხაზის, ინდივიდუალიზმის შენარჩუნება. სიახლეების არა მხოლოდ მიმღებლები უნდა ვიყოთ, არამედ ჩვენც უნდა შევთავაზოთ.
როდესაც „მონ პარიში“ მოდის პატარძალი, იცის, რომ ჩვენი გამოცდილების მიხედვით ზუსტად შევურჩევთ შესაბამის საქორწილო კაბას. პირველ რიგში, აუცილებელია გავიგოთ როგორ პატარძლად წარმოუდგენია საკუთარი თავი, როგორი სტილის საქორწილო კაბაში იგრძნობს თავს დედოფლად და ამავდროულად კომფორტულად. აუცილებელია ერთმანეთს დავუმთხვიოთ მომხმარებლის წარმოსახვა და რეალობა, ეს ყველაზე რთული ოქროს შუალედია. პატარძალს უნდა შევთავაზოთ კაბა, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს მის პირად მოთხოვნებს და ზუსტად შეესაბამება მის ვიზუალს.
როგორია ნინო საქმიანობის მიღმა… შემოქმედებითი ოჯახი ხართ. ემსახურებით კულტურას, ხელოვნებას. გვინდა უფრო ახლოს გაგვაცნოთ თითოეული მათგანი, მოგვიყვეთ მათ საქმიანობასა და მიღწევებზე.
ხელოვნება არის ის მთავარი დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც ოჯახის ყველა წევრს გვკრავს და ერთიან ჯაჭვად გვაქცევს. სწორედ ხელოვნების სიყვარულმა დაგვაკავშირა მე და ჩემი მეუღლეც. მუსიკა, ლიტერატურა და მხატვრობა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩვენს ოჯახში. ხატვაც ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა, ტილოზე ფერებით საკუთარი გრძნობების გადმოცემა ყველაზე სასიამოვნო განტვირთვის საშუალებაა. პოეზიაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში. დღესაც სითბოთი მევსება გული, როდესაც ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში დაწერილ ლექსებსა და ემოციურ ჩანახატებს გადავიკითხავ ხოლმე, იმ წუთას ისევ ის პატარა ნინო ვხდები, ცხოვრების სირთულეებით, იმედგაცრუებებითა თუ მოულოდნელი ბედნიერი ემოციებით სავსე გოგონა. მიხარია, რომ პოეზიისა და ლიტერატურისადმი განსაკუთრებული სიყვარული ჩემს შვილს, გიორგი დიასამიძეს მემკვიდრეობით გადაეცა. ამჟამად თავისი ლექსებისა და ჩანახატების კრებულზე მუშაობს და ვფიქრობ, მკითხველისგან დადებით შეფასებებს მიიღებს. ყოველთვის მინდოდა და ვოცნებობდი მუსიკალურ ინსტრუმენტს დავუფლებოდი ან ვოკალზე მემუშავა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ აღმომაჩნდა შესაბამისი მონაცემები. საბედნიეროდ, ეს დანაკლისი მეუღლემ ამინაზღაურა. როგორც ზემოთ ვახსენე, მუსიკა იყო ის მთავარი მიზეზი რამაც ჩვენ დაგვაკავშირა. ის ცნობილი როკ-ჯგუფ „ბეთლემის“ დამფუძნებელი, სოლო გიტარისტი და ვოკალისტია. ჯგუფმა უდიდესი მუსიკალური მემკვიდრეობა დაუტოვა როგორც ჩვენს რეგიონს, ასევე მთელ საქართველოს. ხელოვნებისადმი უპირობო სიყვარულიც მემკვიდრეობით გადავეცით ჩვენს შვილებს. ჩემმა მეორე შვილმა, ანამ, ჩემს მსგავსად უარი თქვა გაეგრძელებინა წარმატებული კარიერა საჯარო სექტორში და მოულოდნელად პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა. ჯერ საკუთარი აქსესუარების ბრენდი „ლილეპოპი“ განავითარა და ახლა უკვე „მონ პარის“ გუნდს შემოუერთდა.
ახლა კიდევ უფრო ნათელი გახდა რას ნიშნავს „მონ პარი“, ბრენდი, რომელიც თქვენთვის მხოლოდ საქმიანობა ან სამსახური კი არა, საკუთარი ემოციების, შემოქმედების და უბრალოდ ხელოვნებისადმი სიყვარულის კონკრეტულ საქმიანობაში გადმოტანაა. როგორ ხედავთ თქვენი კომპანიის მომავალს, როგორ „მონ პარის“ უნდა ველოდოთ მომავალში?
დიახ, სწორად აღნიშნეთ, „მონ პარი“ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ალბათ, ვერასდროს შევძლებდი რუტინული საქმიანობით დავკავებულიყავი. მიუხედავად რთული და დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ეს სფერო მაძლევს იმ თავისუფალ სივრცეს, სადაც შემიძლია შეუზღუდავად ვისუნთქო, განვვითარდე და აღმოვაჩინო საკუთარი თავი. ასე რომ, ძიების პროცესი გრძელდება და მეც თქვენთან ერთად დაველოდები „მონ პარის“ მომავალ სახეს.
ტექსტი: ნანა აბულაძე