მუსიკალური გზა სამი წლის წინ დაუკავშირეს ერთმანეთს, ორივე მალევე მიხვდა, რომ სცენაზე ზუსტად იმასთან დგას, ვისთანაც უნდა იდგეს. მიაჩნიათ, რომ ორ განსხვავებულ ადამიანს ასე უსიტყვოდ ესმოდეს ერთმანეთის მუსიკალური ენის საიდუმლო, დიდი ფუფუნებაა. გოკას ცხოვრებაში გვიან მოვიდა მუსიკა, უარი თქვა სურვილზე გამხდარიყო ფეხბურთელი და 19 წლის ასაკში გიტარაზე დაკვრა დაიწყო, როგორც ამბობს, საჭირო დროს იპოვა ის, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს. თინა პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა მუსიკა იყო და არის ის, რაც პატარაობიდანვე მოჰყვება და ერთი დღეც არ უცხოვრია მისგან მოგვრილი ემოციების გარეშე. გოკას და თინას დუეტს არაერთი გულშემატკივარი ჰყავს, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. მათი შესრულება სხვანაირი ემოციით იპყრობს მსმენელის გულს, ხვდები, რომ მათგან წამოსული არც ერთი ბგერა არ არის ყალბი, რომ ყველა გულის სიღრმიდან მოდის და სიყვარულს ჩუქნის ირგვლივ მყოფ ადამიანებს. OK! ბათუმის ფურცლებიდან კიდევ უფრო ახლოს გაიცანით ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები, თინა დათიკაშვილი და გოკა კუჭუხიძე.
რას ნიშნავს თქვენთვის მუსიკა…
(თინა) მუსიკა ჩემთვის თავისუფლებაა, რომელსაც სხვა განზომილებაში გადავყავარ. ვგრძნობ, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. როცა ვმღერი, ათასი ვულკანური ემოცია იფრქვევა ჩემში.
(გოკა) ბევრი რაღაცის ერთობლიობაა ჩემთვის მუსიკა, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო. არის მომენტები, როცა ძალიან დაღლილი ვბრუნდები სახლში, მაგრამ ისევ მინდება დაკვრა, იმ ემოციებთან დაბრუნება, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემთვის დასვენებაც მუსიკაა, სასიამოვნოდ დაღლაც ამავდროულად. რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, როცა დაკვრას ვიწყებ, ყველაფერი კარგი იწყება და ვითარდება ჩემში…
დუეტში სიმღერა ნიშნავს დაახლოებით ერთნაირად აღიქვამდე, ფიქრობდე, ერთნაირი სიღრმეებით გრძნობდე მუსიკას და აწვდიდე ემოციებს მსმენელს. როგორ გადაიკვეთა თქვენი მუსიკალური გზები, რა გეხმარებათ იმაში, რომ შექმნათ კარგი პროდუქტი…
(გოკა) ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბენდში, სადაც მასტერთან ვუკრავ, გვჭირდებოდა მომღერალი გოგო და ეს გოგო აღმოჩნდა თინა. თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მახსოვს, ერთხელ, რეპეტიციაზე ადრე მივედით ორივე, იმდენი ხანი ვსაუბრობდით და ისე საინტერესოდ, ჯგუფის სხვა წევრების მოსვლა არც კი გაგვიგია. ისეთი განცდა გვქონდა ორივეს, რომ თითქოს დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. იმ დღიდან ძალიან დავმეგობრდით და ასე მოვდივართ დღემდე.
(თინა) პირველი არხიდან დამირეკეს, დილის გადაცემაში უნდა მივსულიყავი და მემღერა. არჩევანის წინაშე დავდექი, ან კლავიშის აკომპანიმენტით უნდა შემესრულებილა სიმღერა, ან გიტარასთან ერთად, რა თქმა უნდა, გოკა გამახსენდა და ვარჩიე მასთან ერთად წავსულიყავი. ზუსტად ერთი დღე გვქონდა სიმღერების გასაკეთებლად, ყველაფერი იდეალურად გამოგვივიდა და ისეთი ემოციებით დავბრუნდით უკან, გადავწყვიტეთ დუეტი გაგვეკეთებინა. ხშირად მოდიან ჩვენთან და გვეკითხებიან, ასე შეხმატკბილებული მუსიკალური დუეტი იშვიათია, რამდენი წელია უკრავთ და მღერით ერთადო. იმდენად კარგი მეგობრები ვართ, ეს მუსიკაშიც იგრძნობა, მუსიკამ გაგვაერთნაირა, რაც გადამდებია მსმენელისთვის. ბედნიერებაა, რომ ხალხი ჩვენ გამო დადის იმ სივრცეებში, სადაც ვუკრავთ.
თქვენი მოსმენის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, რა ემოციები მიჰყვებათ ადამიანებს…
(თინა) სიმღერის დროს ყოველთვის გულწრფელი ვარ და, ალბათ, ამას ძალიან კარგად გრძნობენ ადამიანები. მინდა ყველა ის ემოცია, რომელიც ჩვენი საღამოების შემდეგ გაჰყვებათ ადამიანებს, იყოს დადებითი, ამაღელვებელი.
რა არის თქვენთვის თავისუფლება…
(გოკა) უბრალო მომენტებით ტკბობა მიყვარს და ვთვლი, რომ ბედნიერებისთვის არ უნდა ველოდით რაღაც გრანდიოზულს. არ მქონია ბევრი რამ ცხოვრებაში, არც ის ყოფილა საკმარისი რაც მქონდა, მაგრამ ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა და ვიყავი ბედნიერი. მუსიკაში რომ ვარ და ეს გზა ავირჩიე, ეს არის ჩემი ბედნიერებაც, თავისუფლებაც. ვთვლი, რომ ბედნიერება საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. შეგვიძლია ვიყიდოთ სიამოვნება, სადმე წავიდეთ, გავისეირნოთ, კარგ ადგილას, კარგი რამე ვჭამოთ, მაგრამ ბედნიერებას ვერასდროს ვერ იყიდი. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება რამე ვერ ვიყიდო, მაინც ბედნიერი ვარ.
(თინა) სწორედ ამ განწყობის გამო მშურს გოკასი. მე ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს, ერთმა პატარა დეტალმა შეიძლება ძალიან ცუდ ხასიათზე დამაყენოს, თუმცა, ამ თვისების დამარცხებისთვის ვიბრძვი, ვმუშაობ საკუთარ თავზე. ნამდვილად ბედნიერი ვარ დღეს, რომ მყავს ძალიან, ძალიან კარგი მეუღლე, კარგი ოჯახი, მაგარი მეგობრები და ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს.
საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა…
(თინა) პირდაპირ ვიტყვი, ძალიან გამიმართლა, რომ გიორგი მჟავიაა ჩემი მეუღლე. ის ჩემზე მეტად მონდომებულია, რომ უფრო და უფრო წარმატებული ვიყო. ძალიან ვაფასებ მის გვერდში დგომას, შრომას, გაგებას. არ მახსოვს რაიმე შეზღუდვა მქონდეს, ეს დიდი ფუფუნებაა ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებით მუსიკოსისთვის. ვიცი, რომ ის მომავალში ჩემი პროდიუსერი იქნება.
რა გეგმები აქვს ნუცას და გოკას დუეტს…
(გოკა) ბათუმიდან რომ დავუბრუნდებით თბილისს, ძალიან გვინდა ჩანაწერების გაკეთება. ბევრი გვეკითხება სად შეიძლება მოგისმინოთო, ჩვენ კი დღემდე არ გვაქვს ჩანაწერები. ასევე არ გვაქვს იუთუბ არხი, შესაბამისად, გვინდა, რომ აღნიშნულ მხარეს მივხედოთ. რა თქმა უნდა, წინ არაერთი გეგმა გვაქვს, ძალიან გვსიამოვნებს ქართული მუსიკის დაკვრა და შესრულება, ამ მიმართულებითაც, მალე, ჩვენს მსმენელს სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ.
დუეტში სიმღერას ვისურვებდი…
(თინა) ბიონსესთან, ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგია.
(გოკა) ჯონ მეიერთან დავუკრავდი სიამოვნებით.
ბათუმური ემოციები….
(თინა) აქაური გარემო, ზღვა, მზე, მთები, სიმშვიდე, უფრო პროდუქტიულს გხდის ადამიანს. თან ისვენებ და ამავდროულად ძალიან ბევრი კარგი იდეა მოდის ტალღებად. მიყვარს ბათუმი, ყველა ამინდით, ემოციით, ხალხით, ყველაფრით.
(გოკა) აქაური ხალხი მომწონს ძალიან. ქუთაისიდან ვარ და ჩემთვის ძალიან ახლოს არის ბათუმური ემოციები. თუ აჭარელ ხალხთან ურთიერთობის ფუფუნება გაქვს, ნიშნავს სასიამოვნოდ გატარებულ ყოველ დღეს. მე ვიცი ბევრი ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში რაღაც სირთულე აქვს და ბათუმში მოდიან, რომ შეივსონ. ისეთი განცდა მაქვს, ახლა აქედან რომ წავალ, ჩემს საქმიანობას უფრო შემართებით გავაგრძელებ. ბათუმი არის ქალაქი, სადაც სულ გინდა დაბრუნდე, სადაც ზუსტად იცი, რომ შთამბეჭდავი ემოციების ზღვა გელოდება.
ტექსტი: ნანა აბულაძე