პროექტის წარმდგენია Ocean Capital • ოუშენ კაპიტალი.
„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – ზურაბ ჟვანიას ეს სიტყვები ჩვენი უახლესი წარსულიდან ერთგვარ ლოზუნგად იქცა. რა თქმა უნდა, გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე არ იყო საუბარი. გზა, რომელსაც მივყვებით, პროგრესისკენ უნდა მიდიოდეს, ამას მთელი ჩვენი ისტორია მოწმობს.
ისევ ფრაზა თენგიზ აბულაძის გენიალური ფილმიდან: „ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?“
ყველას საკუთარი „ევროპა“ აქვს. აქ არ ვაპირებთ საუბარს იმ მავნებლურ ნარატივზე, რომლის აქტიურ პროპაგანდასაც ყოველდღიურად ვაწყდებით სხვადასხვა სივრცეში. ჟურნალმა OK!-მ შეკრიბა იმ ადამიანების ნაწილი, ვინც იცის, სად მიდის და რატომ მიდის. მათი რიცხვი ძალიან დიდია. რა არის შენი გზა პროგრესისკენ, ძვირფასო მკითხველო?
გია მურღულია, ფილოლოგიის დოქტორი
ევროპა ჩვენი არჩევანია − დიდი ხნის წინ გაკეთებული. ქრისტიანობის გამოცხადება სახელმწიფო რელიგიად, ეს უკვე არჩევანი იყო. ქრისტიანობა საფუძვლად უდევს ევროპულ ცნობიერებას. როდესაც არჩევანის საშუალება გვქონდა, ყოველთვის ამ გზას ვირჩევდით. „ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასა“, − ვახტანგ გორგასლის ეს სიტყვები ყველას გულის კედელზე წერია.
რატომ არის რუსთაველი დიდი პოეტი? პიროვნების პირველადობა სახელმწიფოზე, პიროვნება ქმნის სახელმწიფოს, − ამას ეფუძნება ევროპული იდეა. პიროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. ევროპამ ეს ნამდვილი ღირებულებები აიღო და დაამკვიდრა, დაიცვა.
ევროპა არის ცნობიერება. ჩვენ ამ ცნობიერებას სხვებზე ადრე მივხვდით, მაგრამ ისტორიულად ვერ დავამკვიდრეთ და ვერ განვავითარეთ. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მთავარი შინაარსი, მთავარი საფიქრალი არის ის, რომ გავაცნობიეროთ ვინ ვართ ჩვენ, სად მივდივართ და სად მივდიოდით ისტორიულად.
განათლება მთავარია, ამაზეა სამუშაო. მხოლოდ განათლება დაგვაყენებს სწორ გზაზე. პასუხისმგებლობის გარეშე თავისუფლება სიშლეგეა. თავისუფლება სტარტია, რომელიც განვითარების საშუალებას გაძლევს. თავისუფლებას შრომა უნდა, ეს შესაძლებლობაა.
ღმერთი თავისუფლება, სიყვარული და შემოქმედებაა. აი, ეს არის ევროპა, ამ სამს რომ გაახარებ საკუთარ თავში.
დათო გორგილაძე, ტელეწამყვანი
ევროპა ჩემთვის გეოგრაფიულ ერთეულზე მეტად ფასეულობებისა და ღირებულებების ერთობაა. სივრცეა, სადაც თამაშის სამართლიანი წესები მოქმედებს: ხარ თავისუფალი, გაქვს პასუხისმგებლობები, აღჭურვილი ხარ უფლებებით და იცი, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებებს დაიცავენ. ამაში დარწმუნებული კი, მშვიდად ასრულებ შენს ყოველდღიურ მოვალეობებს. ამიტომაც, ევროპა ჩემთვის ხელშესახები სიკეთეა საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ღირებულებებსა და ფასეულობებს შეგნებულად და გაუცნობიერებლად ატარებენ. ბავშვებისთვის, რომლებსაც უსაფრთხო გარემო და განათლების მიღების შესაძლებლობა სჭირდებათ; მოხუცებისთვის, რომლებმაც ხარისხიანი ჯანდაცვა და ღირსეული სიბერე დაიმსახურეს. ზოგადად, ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ, ზრუნავენ, უყვართ, შრომობენ და იციან, რომ ეს შრომა დაუფასდებათ.
ბექა ადამაშვილი, მწერალი
ევროპა მხოლოდ ვრცელ ფართობზე გადაჭიმული ტერიტორია არაა. ევროპა, უპირველეს ყოვლისა, ის ღირებულებებია, რომლებიც ამ ტერიტორიის ფარგლებში მოქცეულ ქვეყანათა უმეტესობას აერთიანებს − თავისუფლება, თანასწორობა, დემოკრატია, სამართლიანობა და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის ცენტრში დგას. ჩემთვის ევროპა ნიშნავს ცხოვრებას ისეთ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში, სადაც ბუნდოვან მომავალზე ნაკლებად შფოთავ და მთლიანად ახერხებ საყვარელ საქმეზე კონცენტრირდე. ეს კი, საბოლოო ჯამში, არამხოლოდ შენთვის, საზოგადოებისთვისაც სასარგებლო გამოდის. ცხადია, ევროპა არ არის „ჯადოსნური ჯოხი“, რომლის ერთი მოქნევა ყველაფერს წამიერად შეცვლის, თუმცა ევროპასთან ინტეგრაცია ამ „ჯადოსნურ ჯოხს“ გვიგდებს ხელში და ერთადერთი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება, ისაა, რომ ეს „ჯადოსნურჯოხიანი“ ხელი სწორი მიმართულებით გავიქნიოთ ხოლმე.
ლუკა კუხალაშვილი, მოცურავე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი
ბევრს ვშრომობ იმისათვის, რომ ჩემი ქვეყნის სახელი ევროპაში ღირსეულად გავიტანო. მინდა, ჩემი ქვეყანა მოწინავე იყოს მსოფლიოში ისევე, როგორც ევროპული ქვეყნები არიან. უსაფრთხოება, განათლება, ადამიანის დაცული უფლება, თავისუფლება, წინსვლა და განვითარება ევროპული ღირებულებების გარეშე შეუძლებელია.
განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, თან ისე, რომ იდენტობა არ დაკარგო. ეს გახლავთ ჩემთვის ევროპა − იყო განვითარებული და ინდივიდუალური, პატივისცემით მოეკიდო სხვებს.
ირინა ონაშვილი, ტელეწამყვანი
უამრავი მიზეზი მაქვს, რატომ მინდა ევროპა. არ მეგულება ადამიანი, ვისაც ოდნავი საშუალება მაინც ჰქონდეს და შვილი განათლებისთვის ევროპაში არ გაუშვას, არ აქვს მნიშვნელობა მის რელიგიურ თუ სხვა შეხედულებას. მათ შორის ე.წ. ევროპამოძულეებიც ძალიან ინდომებენ ამას.
მინდა, ასეთი განათლების სისტემა ჩვენც გვქონდეს, ევროპული დონის განათლების მიღების საშუალება ყველას ჰქონდეს. მინდა, როდესაც ადამიანი ასაკში შედის, მისი ცხოვრება იყოს სრულყოფილი, არ იდარდოს ელემენტარულ საჭიროებებზე. მინდა, ცხოვრების მაღალი ხარისხი და განვითარება.
დიახ, ღირებულებები, რომლებზეც ევროპაა დაფუძნებული, ჩვენს უშორეს ისტორიულ წარსულში გვქონდა და სწორედ ეს გზა არ უნდა დავივიწყოთ. მაშინ რატომ იყო 9 აპრილი?.. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით ჩვენი გზა.
გოგა ჩანადირი, მოგზაური, ფოტოგრაფი
ადამიანზე დაფუძნებული ფასეულობები: სამართლიანი სასამართლო, ღირსეული ცხოვრება, სამართლიანი არჩევნები, სიმშვიდე, განვითარება და კეთილდღეობა − ეს არის ევროპული ღირებულებები.
სადაც განათლების მაღალი დონეა, ფასეულობებიც სხვაა. გაუნათლებლობა იწვევს უნდობლობას სიახლეების მიმართ. ჩვენ რომ უნდობლები ვყოფილიყავით, არ ვიქნებოდით ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანა მსოფლიოში. მეოთხე საუკუნეში ამხელა პროგრესი გაუნათლებელ ქვეყანას ვერ ექნებოდა.
მხოლოდ სამი წელი იყო საქართველო დამოუკიდებელი პირველი რესპუბლიკის დროს და იმ პერიოდში სხვა ევროპულ სახელმწიფოებს ბევრ რამეში უკვე ვუსწრებდით. გავიხსენოთ პირველი პარლამენტარი ქალები, ქართველები.
ზაზა ფანასკერტელის „კარაბადინი“ ნამდვილი რევოლუცია გახლდათ. ჩვენი დიდი მეფეების მხარდამხარ ჯვაროსნები იბრძოდნენ. ევროპულ აღორძინებას წინ უსწრებდა ყინწვისის ანგელოზი, ატენის სიონი და „ვეფხისტყაოსანი“.
მეცხრამეტე საუკუნის თბილისი − სასტუმრო „ლონდონი“, სასტუმრო „მაჯესტიკი“, არქიტექტურა, მხატვრობა, სოლოლაკისა და ჩუღურეთის სადარბაზოები, კარი − ყველაფერი ევროპულია. არქიტექტურა ერის ფსიქოლოგიური სახეა. ქართველი სახლში შესასვლელად სწორედ ევროპულ კარს აღებდა.
ანი პირველი, ღონისძიებების ორგანიზატორი
ევროპა იმიტომ, რომ… პირადად ჩემთვის სილამაზის აღქმა ევროპიდან მაქვს შთაგონებული. პარიზი, ევროპული ქალაქები, ევროპული ხელოვნება თუ თანამედროვე ევროპული ცხოვრება − ამაში ვცნობ, ვხედავ ჩემს თავს და ქართველებიც ბოლო რამდენიმე საუკუნეა აქედან ვიღებთ შთაგონებას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი მეჩვენება, ვიყოთ ევროპის ნაწილი.
ვფიქრობ, ასეთ დროს გარდაუვალია, როდესაც ევროპულ ღირებულებებს ამდენი ადამიანი ვიზიარებთ, როდესაც გლობალიზაცია არის მთავარი გზა, სჯობს ვიყოთ ევროპელები და ქართული კულტურა შევინარჩუნოთ. ამასაც, მე მგონი ევროპა უწყობს ხელს ყველაზე სწორად.