ნამ ჯუნ პაიკი კორეაში დაიბადა და იგი ვიდეოხელოვნების ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა. 1950-იანი წლების ბოლოსა და 1960-იანების დასაწყისში, ჯონ ქეიჯის გავლენით, პაიკი ექსპერიმენტულ მუსიკას ქმნიდა. 1963 წელს მან მოდიფიცირებულ ტელემიმღებებთან დაიწყო მუშაობა, 1965-ში კი, როდესაც SONY-იმ პირველი პორტატიული ვიდეოკამერა გამოუშვა, ვიდეოხელოვნების შექმნას შეუდგა. პაიკმა იწინასწარმეტყველა, რომ ტელევიზია აუცილებლად ჩაანაცვლებდა ტილოს.
პაიკმა პირველი ვიდეო 1965 წელს ნიუ იორკში ტაქსით მგზავრობისას ჩაწერა და აშშ-ში რომის პაპის ჩასვლის სცენა იმავე საღამოს გრინვიჩ ვილიჯში, კაფე A GO GO-ში აჩვენა. პირველი ჩვენებიდან მალევე დაწერა მანიფესტი, სადაც თანამედროვე ხელოვანებს მოუწოდებდა, დაეუფლონ ვიდეოარტს, რათა კონკურენცია გაუწიონ პროპაგანდისტულ ტელევიზიას.
მოგვიანებით არტისტმა მუშაობა დაიწყო ცოცხალ, ჩაწერილ და კომპიუტერულ გამოსახულებებზე, რომლებიც სხვადასხვა ზომის მონიტორებზე გადაიცემოდა. ამ გამოსახულებებს პაიკი ხშირად ხელოვნების ნაწარმოებებში რთავდა. ასეთია მაგალითად, ელექტრონული ავტომაგისტრალი: კონტინენტური აშშ, რომელიც ნიუ იორკში მდებარე ჰოლი სოლომონის გალერეისთვის შეიქმნა. შეერთებული შტატების კონტინენტური ნაწილის ეს ცნობილი, ნეონის კონტურით შემოწერილი რუკა განთავსებული იყო იმ კედელთან, რომელზეც კომპიუტერით გაკონტროლებული, ათობით ვიდეომონიტორი იყო დამაგრებული. მონიტორებზე, ფონოგრამის თანხლებით, ძალზე სწრაფად ცვლადი გამოსახულებები აისახებოდა.
ნამუშევარი გვიჩვენებდა ტელევიზიით გადაცემული შერეული გზავნილის ძალასა და ყოვლისმომცველობას. ნიუ იორკის შტატის მონიტორი გადასცემდა პირდაპირ ჩართვას გალერეიდან და დამთვალიერებელთა ვიდეოგამოსახულებებს ასახავდა.
პაიკი ყოველთვის გატაცებული იყო ტექნოლოგიებით. ხელოვანმა მოცარტის მეთვრამეტე სონატის პატივსაცემად შექმნა ჰომომორფული რობოტი და მას K 456 დაარქვა. პაიკმა რობოტი არ დაფარა რაიმე მასალით, იგი შიშველი კონსტრუქციაა, რომელსაც შეუძლია სიარული და ლაპარაკი. 1980-იან წლებში პაიკმა შექმნა „რობოტის ოჯახი“. უჩვეულო ფორმები, კაშკაშა ფერები, ეკრანებზე მოძრავი გამოსახულებები, მუსიკა – ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ მაყურებლისთვის თანამედროვე ფანტაზია ეჩვენებინა.