მაია დერენი − წარმოშობით უკრაინელი სიურრეალისტი ქალი რეჟისორი
კიევში დაბადებული ელეანორა დერენკოვსკა, იგივე მაია დერენი ექსპერიმენტატორი რეჟისორი და ერთ-ერთი პირველი ავანგარდისტია. ის ასევე გახლდათ მოცეკვავე, ქორეოგრაფი, პოეტი, მწერალი და ფოტოგრაფი.
1922 წელს სსრკ-მ უკრაინაში ანტისემიტურ ნიადაგზე დევნა მოაწყო. დერენკოვსკების ოჯახს აშშ-ში გადაბარგება და გვარის გადაკეთება მოუწია. 1939 წელს მაია დერენმა მიიღო მაგისტრის ხარისხი ინგლისურ ლიტერატურაში, შემდეგ კი საცხოვრებლად ლოს ანჯელესში გადავიდა. როდესაც მისი ფილმები 1940-იან წლებში გამოჩნდა, მაშინ ჯერ კიდევ წარმოუდგენლად იშვიათი იყო ქალი კინორეჟისორები. მიუხედავად მაია დერენის ხანმოკლე ცხოვრებისა, მან დატოვა მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, რამდენიმე ავანგარდული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ორი წიგნი და უამრავი სტატია. მისი ფილმები დღესაც ეხმიანება თანამედროვე მაყურებელს. ასევე, ხშირად არის წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენებზე.
1941 წელს გასტროლებზე დერენმა გაიცნო ჩეხოსლოვაკიელი ოპერატორი, ფოტოგრაფი და რეჟისორი ალექსანდერ ჰამიდი, რომელზეც მოგვიანებით დაქორწინდა. 1943 წელს კი დერენმა მასთან ერთად ითანამშრომლა საკუთარ პირველ ფილმზე.
სწორედ მის პირველ ფილმს − „ნაშუადღევის ქსელები“ უკავშირებენ მაია დერენის სახელს ყველაზე ხშირად, სადაც თავად ასახიერებს იდუმალებით მოცულ ქალს, რომელიც საკუთარი შინაგანი სამყაროს კვლევითაა გართული. აღსანიშნავია, რომ დერენი უმეტესად თავადვე იყო საკუთარ ფილმებში მთავარი როლის შემსრულებელი. ფილმს ამერიკაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „ნიუ იორკ თაიმსის“ კრიტიკოსებმა მას „ქორეოსინემა“ უწოდეს. ფილმში ფორმა, ჩრდილი, მოძრაობის სტრუქტურა უმთავრეს ადგილს იკავებს. დერენი უმეტესად ფორმის ძიებით იყო დაკავებული.
მეორე ფილმის შემდეგ დერენმა სრულად გააცნობიერა ადამიანის სხეულის ხედვა მოძრაობაში – ის იწყებს ცნობილ მოცეკვავე ტერი ბეტლისთან თანამშრომლობას, რომელიც საფუძველი ხდება ახალი ექსპერიმენტისა „ქორეოგრაფიის სწავლება კამერისთვის“, თუ როგორ თავისუფლდება სხეული ოთახიდან ტყეში და შემდგომ სამუზეუმო სივრცეში. მისი ფილმები იყო ილუზიური, ჯადოსნური და წარმოსახვითი; დროის ფორმა, მიბმული ფსიქოლოგიურ რეალობასთან. ამ ყველაფერმა აღაფრთოვანა დერენის თანამედროვეები და ავანგარდისტ თუ ფემინისტ კინორეჟისორებს საინტერესო, რთული და ზოგჯერ საკამათო მემკვიდრეობა დაუტოვა.
1947 წელს დერენი გახდა პირველი ქალი და ამერიკელი, რომელმაც კანის კინოფესტივალის საერთაშორისო გრანპრი მოიგო.
1947-1951 წლებში მან ოთხჯერ იმოგზაურა ჰაიტიში, ვუდუს კულტურის რიტუალებისა და ცერემონიების შესასწავლად, ნიუ იორკში დაბრუნებულმა კი ეთნოგრაფიული კვლევა და პროექტი „ღვთაებრივი მხედრები: ჰაიტის ცოცხალი ღმერთები“ წარადგინა.
მოძრაობისა და ცეკვის რიტმით, ენერგიით დამუხტული დერენის თითოეული ფილმი თანდათან ღრმად იჭრებოდა სხეულის, რიტუალისა და ტრანსფორმაციის თემებში. დერენი თავის ფილმებს ასე უწოდებდა – „ქორეოგრაფიები კამერისთვის“ ან „კინოლექსები“. მან ერთხელ დაწერა: „ფილმში მე შემიძლია მსოფლიო ავაცეკვო“. ეს არის ზუსტად ის, რაც მან გააკეთა.
1956 წელს რეჟისორმა კატეგორიულად უარყო კომერციული კინოინდუსტრიის ეკონომიკური მოდელი, მან დააარსა კრეატიული კინოს ფონდი დამოუკიდებელი ავანგარდული კინოს მხარდასაჭერად.
1961 წელს რეჟისორი 44 წლის ასაკში ინსულტისაგან გარდაიცვალა. 1986 წელს ამერიკის კინოინსტიტუტმა დერენის სახელობის ჯილდო დააწესა, რომელიც დამოუკიდებელ კინოში მომუშავე ადამიანებს გადაეცემათ.