ქალთა მიმართ ძალადობა მთელ მსოფლიოში ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. 2020 წელს კი პანდემიის გამო, იზოლაციაში ყოფნის შედეგად გაიზარდა დაზარალებულთა რაოდენობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ყოველი სამი ქალბატონიდან ერთი ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის გამო, The Body Shop-მა გადაწყვიტა გლობალურად ეწარმოებინა კამპანია „იზოლაციაში არ ხარ მარტო“, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალბატონებს, რომლებსაც იზოლაციის გატარება მოუწიათ მოძალადეებთან ერთად, გამოუცხადეს მხარდაჭერა. მაისში გამოკრულ იქნა ბილბორდები, რომლებზეც დატანილი იყო ცხელი ხაზის ნომერი, რათა ქალბატონებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ძალადობის შემთხვევაში ვის დაკავშირებოდნენ.
The Body Shop-მა ნოემბერში ჩაატარა ექსპერიმენტი და ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზიის ფანჯარაში განათავსა სპეციალური სარკე, შემდეგ კი გამვლელებს მასში ჩახედვა სთხოვა. როდესაც ისინი ამას აკეთებდნენ, მათ ანარეკლს სახეზე უჩნდებოდა დალურჯებები… ყოველივე ამის საკუთარ თავზე დანახვის შემდეგ, ადამიანები უფრო მეტად იზიარებდნენ ძალადობის მსხვერპლი ქალბატონების პრობლემას. The Body Shop-ის მიზანია ძალადობის მსხვერპლი ქალების თვალში იმედის დანახვა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. The Body Shop-მა თებერვალში მემორანდუმი გააფორმა გაეროს მოსახლეობის ფონდთან, რის შედეგადაც 2020 წელს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, OK! გაესაუბრა The Body Shop-ის მარკეტინგის ხელმძღვანელს, ირინა ადეიშვილსა და გენერალურ მენეჯერ ქეთი კოზმანაშვილს.
რა გახდა კამპანიის „იზოლაციაში არ ხარ მარტო“ წარმოების ინსპირაცია?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, „კოვიდ 19“-ის გამო მთელი მსოფლიო მოექცა იზოლაციაში, ბევრი ადამიანი აღმოჩნდა იზოლირებული პოტენციურ მოძალადეებთან ერთად და შესაბამისად, დრამატულად იმატა ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა. სწორედ ეს ფაქტი გახდა გლობალურად The Body Shop-ის მთავარი მიზანი, თუ რატომ დაიწყო „იზოლაციაში არ ხარ მარტო“ კამპანიის ჩატარება. რა თქმა უნდა, ჩვენც ჩავთვალეთ საჭიროდ აქტიურად გვესაუბრა ამ პრობლემაზე, რადგან, სამწუხაროდ, საქართველო არ არის გამონაკლისი და ყოველდღე ვხედავთ ოჯახში ძალადობის შემთხვევებს.
რა დრო დაგჭირდათ ამ პროექტის განსახორციელებლად?
გასულ წელს The Body Shop-ის გლობალურმა ოფისმა დაგეგმა კამპანია − „იზოლაციაში არ ხარ მარტო“. ჩვენც, The Body Shop-ის ქართული ოფისი, დიდი ენთუზიაზმით შევუერთდით მას. კამპანიის განხორციელება დავიწყეთ გასული წლის მაისის თვიდან, რომლის ფარგლებში მრავალი აქტივობა განვახორციელეთ. აღნიშნული კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია The Body Shop საქართველოსთვის ბევრი მიზეზით. უპირველესად, ეს არის პირველი აქტივისტური კამპანია, რომელიც განახორციელა The Body Shop-ის ქართულმა ფრენჩაიზმა და შესაბამისაც, ჩვენთვის პერსონალურად სხვა დატვირთვა აქვს. თუმცაღა, ცხადია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ საკითხს სხვა რამ სძენს − თავად პრობლემატიკა, რომელიც, სამწუხაროდ, განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის პერიოდში − როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოში. ამ პერიოდში, საგანგაშოდ დამძიმდა ოჯახური ძალადობის სტატისტიკა და სწორედ ამიტომ დაიგეგმა ეს კამპანია The Body Shop-ის ცენტრალური ოფისიდან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალურ ოფისთან ერთან, The Body Shop Georgia-მ, კამპანიის ფარგლებში, საკმაოდ ქმედითი ნაბიჯები განვახორციელეთ.
გვესაუბრეთ ამ პროექტში თქვენი პარტნიორი ორგანიზაციის მიერ გაწეული დახმარების შესახებ.
თებერვალში გავაფორმეთ მემორანდუმი გაეროს მოსახლეობის ფონდთან. ისინი გახდნენ The Body Shop Georgia-ს ოფიციალური პარტნიორები. ოჯახში ძალადობის პროექტის გარდა, ჩვენ გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად ჩავერთეთ ადრეული ქორწინების შესახებ პროექტში. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ დავუნიშნეთ სტიპენდია გოგონას, რომელიც არის ადრეულ ქორწინებას განრიდებული და ის ამ სტიპენდიას იყენებს განათლების მისაღებად.
სირთულეები, რომლებიც ამ პროექტს ახლდა.
ზოგადად, ძნელად მოიძებნება ქალი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გამხდარა ძალადობისა და უთანასწორობის მსხვერპლი. სკოლაში გვასწავლიან, რომ ეს ქალის საქმე არ არის, დასაქმების დროს უპირატესობას მამაკაცს ანიჭებენ. ეს დამოკიდებულება თავს იჩენს ანაზღაურების განსაზღვრის დროსაც… ასევე გვხვდება სქესობრივი დისკრიმინაციის კიდევ უფრო მძიმე და რთული ფორმები. ყველა ტიპის ძალადობა ტრაგედიაა და დასაგმობია, მაგრამ, ალბათ, ყველაზე დიდი ტრაგედია, საბოლოოდ, მაინც ოჯახური ძალადობაა. რადგან ოჯახი ხომ არის ერთგვარი ციხე-სიმაგრე, თავშესაფარი, ადგილი, სადაც უპირობოდ უნდა უყვარდე, უპირობოდ უნდა მიგიღონ და განსაკუთრებული საშინელება ალბათ სწორედ ეს არის, როცა ოჯახი გადაიქცევა ძალადობის ადგილად. მთავარი სირთულე, რაც პროექტის განხორციელებას ახლდა, თავად თემა იყო, რომელიც დღემდე ტაბუდადებულია ჩვენი საზოგადოებისთვის. ადამიანებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია საუბარი ძალადობაზე, რომელიც ოჯახში ხდება. ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო და იქნება ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებაში მსჯელობის დაწყება ოჯახური ძალადობისა და ზოგადად, ქალის მიმართ ძალადობის თემაზე.
როდის დაიწყეთ ადრეული ქორწინების პრობლემის წინაშე მყოფი ახალგაზრდა გოგონების დახმარება?
პროექტის ჩაშვებიდან ძალიან მალე გაეროს მოსახლეობის ფონდი დაგვიკავშირდა. მათ გვიამბეს ისტორია ახალგაზრდა გოგონას შესახებ, რომელიც განარიდეს ადრეულ ქორწინებას და გვთხოვეს დავხმარებოდით მას, ამიტომ ჩვენ ამ გოგონას დავუნიშნეთ სტიპენდია. ჯერჯერობით ერთი ბენეფიციარი გვყავს, თუმცა წელს ვაპირებთ, რომ გავზარდოთ ეს რაოდენობა და რამდენიმე ახალგაზრდა გოგოს დავუფინანსოთ განათლება ან დავუნიშნოთ სტიპენდია.
გვესაუბრეთ ბენეფიციარების შესახებ და მათი დახმარების თქვენეულ გზებზე.
პროექტის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა დავგეგმეთ. მათ შორის, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, რომლის ფარგლებში The Body Shop-ის როგორც მაღაზიების, ასევე სააფთიაქო ქსელების − „ჯიპისისა“ და „ფარმადეპოს“ გაყიდვებიდან შემოსული თანხის 2%-ით დავეხმარეთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს მსხვერპლი ქალებისთვის და მათი შვილებისთვის. თავშესაფარი ამ ქალებს აძლევს ჭერს, მათ შვილებს უზრუნველყოფს საკვებით და მაქსიმალურად ეხმარება მათ დამოუკიდებელ ცხოვრებასთან ადაპტირების პროცესში. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი პროექტი, ვაპირებთ, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ ამ ტიპის თავშესაფრებთან და ვიდგეთ მათ გვერდით, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ზოგადად, ვფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლთა ადაპტაცია საზოგადოებაში − შიშის დაძლევა და ცხოვრების თავიდან დამოუკიდებლად დაწყება. სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდ აქცენტებს ვამახვილებთ დასაქმების კუთხითაც − ერთ-ერთი ბენეფიციარი უკვე დავასაქმეთ პარტნიორ კომპანიაში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი ბენეფიციარების რიცხვი მიმდინარე წელს კიდევ უფრო გავზარდოთ.
სამომავლო გეგმები.
ქალების გაძლიერება არის The Body Shop‑ის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ჩვენთვისაც, აქაური წარმომადგენლებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი, ამიტომ წელსაც გავაგრძელებთ აქტიურად ქალების უფლებებზე საუბარს სხვადასხვა ჭრილში. გავაგრძელებთ ისევ სხვადასხვა პროექტს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად; ვაპირებთ ჩავუშვათ დასაქმების პროექტი. სამწუხაროდ, ძალადობის მსხვერპლნი ძალიან ხშირად ეკონომიკურად დამოკიდებულები არიან ოჯახის წევრებზე, ამიტომ ჩვენ გვინდა დავეხმაროთ მათ, ვასწავლოთ როგორ შეიძლება დამოუკიდებლად ცხოვრება და საკუთარი უფლებების დაცვა. წელს ასევე ვიწყებთ ძალიან საინტერესო პროექტს, რომელსაც ერქმევა „შეიყვარე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ“. ეს პროექტი შეეხება ქალების თვითშეფასების ამაღლებას, შინაგანი „მე“-ს წინ წამოწევას, საკუთარი თავის ისე შეყვარებას, როგორიც ვართ. სილამაზეს არ გააჩნია სტანდარტი. საერთოდ, სიტყვა „სტანდარტიც“ არასწორია. ამ სტანდარტის გამო კომპლექსდება ადამიანი, ეს კომპლექსები კი უკვე ხელს უშლის მას საკუთარი მიზნებისა და ოცნებების განხორციელებაში. სამწუხაროდ, ბულინგი ძალიან ხშირად ხდება ისეთ ასაკში, როდესაც ჩვენი ფსიქიკა ყველაზე დაუცველია. ზუსტად ამ თემის გარშემო ვისაუბრებთ წელს აქტიურად და ვაპირებთ სხვადასხვა საინტერესო პროექტის განხორციელებას. ჩვენი მაღაზიები და განსაკუთრებით ჩვენი თანამშრომლები არიან The Body Shop-ის ყველაზე კარგი ელჩები, მათ ზუსტად მიაქვთ თითოეულ მომხმარებლამდე ის ფასეულობები, რომლებიც The Body Shop-ს აქვს. მათი დაუღალავი შრომის შედეგად, ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან კარგი შედეგი აჩვენა The Body Shop Georgia-მ, მეტიც − იანვრის ბოლოს გაიმართა The Body Shop-ის ფრენჩაიზბაზრების გლობალური ფორუმი, სადაც The Body Shop Georgia-ს კამპანია „იზოლაციაში არ ხარ მარტო“ დაჯილდოვდა, როგორც 2020 წელს ყველაზე კარგი აქტივიზმ-კამპანიის ჩამტარებელი ქვეყანა − best activism campaign 2020. 2021 წელს ვაპირებთ დამატებითი ახალი ფორმატის მაღაზიების გახსნას და რაც მთავარია, The Body Shop-ის ოფიციალური ვებგვერდის გაშვებას. გეგმები ძალიან დიდი გვაქვს და ვიმედოვნებთ, ქალების გაძლიერების კუთხით შევძლებთ მცირედი წვლილის შეტანას.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი