რამდენიმე კვირის წინ, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. მომხდარმა ტრაგედიამ ყველა შეძრა. პროკურატურის განცხადებით, მძღოლი ავტომობილს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა. აღსანიშნავია, რომ სიჩქარის გადაჭარბება საქართველოში საგზაო შემთხვევის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 2021 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში დაშავდა 7705 და დაიღუპა 449 ადამიანი, რაც წინა წლის დაშავებულთა რაოდენობასთან შედარებით 17%-ით მეტია. როგორც ვხედავთ, დღეს საგზაო მოძრაობის წესების დაცვა ძალიან აქტუალური პრობლემაა, სწორედ ამიტომ ჟურნალი OK! იწყებს ახალ კამპანიას − #შეანელესვლა, რომლის მიზანიცაა საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
აღნიშნულ კამპანიას შემოუერთდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ქართველ მძღოლებს მოუწოდებენ, იარონ ფრთხილად.
მევლუდ მელაძე, ავტომრბოლელი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი: პრობლემა, რომელიც დღეს გვაქვს ქუჩებში, დღეს არ დაბადებულა − ათეულობით წლის წინ გაჩნდა, მაშინ, როდესაც ცოდნას ვუთხარით უარი, ანუ მივიღეთ საგამოცდო სისტემა ისე, როგორიც არის − ვსწავლობთ და ვაბარებთ მხოლოდ გამოცდას და არა ავტომობილის მართვას, და გამოვდივართ ქუჩაში პოტენციური მკვლელები.
უნდა გავიაზროთ, რომ საჭესთან უცოდინარ მძღოლი პოტენციური მკვლელია… როცა უკვე საგზაო შემთხვევის წინაშე ვდგებით, მხოლოდ მაშინ ვხვდებით, რომ რაღაც არ გვცოდნია − ის მნიშვნელოვანი, რის ცოდნაც აგვარიდებდა ამ საგზაო შემთხვევას. ხშირად ვამბობ ხოლმე მოსწავლეებთან: საფრთხეს არ სჭირდება ძებნა, ის ისედაც ყველგან არის დამალული.
ნუ გავაღვიძებთ საფრთხეს, მაქსიმალურად ვიყოთ ფოკუსირებული, იმიტომ, რომ არც ერთი წამი არ არის, როცა საჭესთან ვართ, რომელიც ჩვენზე მუშაობს. საფრთხე მაშინაც დიდია, როცა ნულოვანი შემთხვევაა, ანუ ჩვენ გვგონია, რომ არაფერი არ გვიქადის, მაგრამ ის მაშინაც არის ჩასაფრებული. სწორედ ამიტომ, ავტომობილის მართვა მეტად საფრთხის შემცველია. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში უნდა ვიყოთ ფრთხილად და ყოველთვის უნდა ველოდოთ საფრთხეს.
მარიამ გულედანი, ტელეწამყვანი: „ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, არაფრით გამორჩეული. არ მახსოვს რა მოხდა, შესაძლოა ჩემი დაუდევრობის ბრალიც იყო ან მისი, ან თუნდაც ორივესი… როდესაც გავიღვიძე, ვიყავი საავადმყოფოში და მითხრეს, რომ მანქანამ დამარტყა… მე გამიმართლა და გადავრჩი, სხვას კი შესაძლოა არ გაუმართლოს… როცა გადიხარ ქუჩაში, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, უკვე თითქოს პასუხს აგებ ყველაფერზე და არამხოლოდ საკუთარ თავზე.
ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ფეხს მივაჭერ სატერფულს და სწრაფად გავივლი. უნდა გვახსოვდეს, რომ ამით შესაძლოა სხვას შევუქმნათ საფრთხე. ძალიან ხშირად, როცა ადამიანები ქუჩაში „გაზაობენ“, ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება და ეწირება სხვა ადამიანის სიცოცხლე.
ადამიანს შესაძლოა მანქანით სწრაფად სიარული მოსწონდეს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ შენი სწრაფად სიარულით ვერ აკონტროლებ, სხვას შეექმნება თუ არა საფრთხე.
თუ სვლას არ შეანელებ და ივლი დიდი სიჩქარით, შესაძლოა სხვას დაარტყა და მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ამით არა მხოლოდ სხვას, არამედ საკუთარ ცხოვრებასაც აზიანებ.
ჩემს შემთხვევაში, საბედნიეროდ გადავრჩი, მაგრამ შესაძლოა სხვა ჩემ ადგილას ვერ გადარჩენილიყო…“
გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი: „ის, რომ მაღალია საგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა, ნიშნავს შემდეგს − საგზაო მოძრაობის კულტურა არ არის ჯერ კიდევ საკმარის დონეზე. ამისათვის აუცილებელია არა მხოლოდ რეპრესიული მეთოდები, არამედ ცნობიერების ამაღლებაც.
ვფიქრობ, ცნობიერების ასამაღლებლად ერთ-ერთი გზა − მოხატული ზებრა ხაზების, ის არის, რომ მას ყურადღება გაუმახვილდეს, რომ ეს არის გადასასვლელი, რომელიც იმისთვისაა, რათა მძღოლმა შეანელოს სვლა, მით უფრო ქალაქში, მზად იყოს დასამუხრუჭებლად და ქვეითის გასატარებლად, ოღონდ მკვეთრად კი არა, გონივრულად უნდა დაამუხრუჭოს, რათა ქვეითს არ ჰქონდეს განცდა, რომ მას ეჯახებიან ან არ უთმობენ გზას, მით უფრო წვიმიან ამინდსა და სიცივეში. როდესაც შენ კომფორტულად ზიხარ მანქანაში, ამ დროს კი ქვეითს აწვიმს, ათოვს და შენ არ უთმობ გზას, ეს უკვე ნიშნავს, რომ შენ არა მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე, არამედ ადამიანებზეც არ ფიქრობ.
ცნობიერების ასამაღლებლად საბავშვო ბაღიდანვე აუცილებელია მუშაობა.
ჩვენ არ გვყავს დასაღუპი ადამიანები, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამდენმა ადამიანმა შავი ჩაიცვას, იგლოვოს და იტიროს იმიტომ, რომ რკინის მსხვერპლი აღმოჩნდა…“
ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“, გამგეობის თავმჯდომარე: „წლის განმავლობაში საქართველოში 450-მდე ადამიანი იღუპება და შვიდიათასზე მეტი იღებს მძიმე ტრავმას. საგზაო შემთხვევების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია სიჩქარის გადაჭარბება. მნიშვნელოვანია სიჩქარის ლიმიტები იყოს შეზღუდული ქალაქის გზებზე და მეორე მხრივ ეს ლიმიტები იყოს დაცული მძღოლების მიერ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ სიჩქარის გადაჭარბებით შეიძლება საკუთარი თავი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდონ და სხვა ადამიანსაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ.
ბოლოში სინანული არავის არაფერს შველის. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ დავდივართ 50 კმ/სთ სიჩქარით და მოხდა შეჯახება, ქვეითად მოსიარულის გადარჩენის შანსი ბევრად მაღალია, ვიდრე თუ დავდივართ 70 კმ/სთ სიჩქარით. 10 და 20-კილომეტრიან სხვაობას მოძრაობის დროს გადამწყვეტი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ეს ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს.
ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მძღოლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, იმიტომ, რომ მათი არასწორი ქცევით შესაძლოა როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვასაც მიაყენონ ზიანი“.
ლაშა ღუღუნიშვილი, ფოტოგრაფი: ბოლო დროს კიდევ უფრო გააქტიურდა ტრაგიკული შემთხვევები. მე ტყუპისცალი მყავს დაღუპული, ძალიან დიდი ტკივილია… მინდა ვთხოვო, მოვუწოდო ყველას, იარონ მშვიდად, ნელა. არსად საჩქარო არ არის… გაიხედონ ხშირად სარკეებში და ყურადღებით იარონ, რაც ყველაზე მთავარია. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!
ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი: მე, როგორც მძღოლმა, მინდა ყველა მძღოლს ძალიან ვთხოვო, დაიცვან ის ელემენტარული წესები, რაც აუცილებელია. ამით თავიდან ავიცილებთ მოვკლათ ადამიანი ან მოვიკლათ თავი…
ჩვენ ყველანი პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რაც გზებზე ხდება.
დავიცვათ ერთმანეთი და ამაზე ხშირად ვიფიქროთ − ნუ გვგონია, რომ ერთი პატარა წესის არდაცვით და ნიშნის არცოდნით არაფერს ვაშავებთ. ჩვენ, ყველა ვაშავებთ!
ზაქარია ჭელიძე, ფოტოგრაფი: „ეგოიზმია, როდესაც საკუთარ თავზე არ ფიქრობ ან პირიქით − არ ფიქრობ შენ გარშემო ადამიანებზე, იმ სიყვარულზე და მათდამი ზრუნვაზე არ ფიქრობ. რაღაც ორი ჭიქა დალიე ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ხარ, ან თუნდაც სტრესის ქვეშ, და გადაწყვიტე, რომ აღარ გინდა ეს ყველაფერი, და ამიტომ ძალიან დიდ პრობლემას უქმნი ნებისმიერ ადამიანს შენ ირგვლივ… ნიახური მართლა არ ხარ, რომ მეორედ მოხვიდე…
უნდა გაუფრთხილდე უპირველესად საკუთარ და შემდეგ უკვე სხვის სიცოცხლეს. დღეს სოციალური მედია იმდენად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ყოველ წამს ჩვენ ვიგებთ ინფორმაციას, რომ ახლაც შესაძლოა შევიდე და უცებ შემხვდეს მსგავსი ინფორმაცია, შემახსენოს და გამომაფხიზლოს, ამიტომაც ყოველთვის უნდა გადაიდგას მსგავსი ნაბიჯები ცნობიერების ამაღლების კუთხით, ამაში კი მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, რათა ნაკლები სიცოცხლე იმსხვერპლოს ავტოსაგზაო შემთხვევებმა“.
დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: ვფიქრობ, ყველამ უნდა გაითავისოს ფაქტი, რომ გადაჭარბებული სიჩქარე და ზოგადად წესების დარღვევა, ხშირ შემთხვევაში დამღუპველია და ჩვენ რისკის წინაშე ვაყენებთ ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს − სიცოცხლეს. ყველა მძღოლმა უნდა გაიაზროს, რომ მას აქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად უნდა დაიცვას საგზაო უსაფრთხოების წესები, რომ გაუფრთხილდეს ჩვენი და ისევ ჩვენი ბავშვების სიცოცხლეს, რათა თავიდან ავირიდოთ ის მდგომარეობა, რაც, სამწუხაროდ, გვაქვს ჩვენს ქვეყანაში.
მაია ცირამუა, ფსიქოლოგი: „ადამიანი განვითარების მრავალმხრივ გზას გადის − იზრდება ფიზიკურად, ემოციურად, სოციალურად და მათ შორის მორალურადაც. ე.წ. კონვენციური მორალი ყალიბდება უკვე მაშინ, როდესაც ზრდასრულობის ასაკს ვუახლოვდებით, დაახლოებით საშუალო ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის.
რას ნიშნავს ეს? − შენ ითვალისწინებ სხვა ადამიანებს.
როდესაც ვფიქრობ ქართველ მძღოლებზე, ძალიან ხშირად მიჩნდება განცდა, რომ ისინი ავტომობილის მართვისას დაბალი მორალით ხელმძღვანელობენ. ღვედი გადავიკარით მას შემდეგ, რაც დაგვიწესეს ჯარიმა, ანუ ღვედის გადაკვრა ის კი არ არის, რომ შენ საკუთარ ან სხვა ადამიანის სიცოცხლეს რამედ აგდებ, არამედ აქ მნიშვნელოვანია ჯარიმა აირიდო თავიდან.
შესაბამისად, როდესაც ქართველი მძღოლების უმრავლესობა აი, ამ მორალით მართავს ავტომობილს, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობა. მოვუწოდებდი საზოგადოებას, ნუ ვიცხოვრებთ დაბალი მორალით, რაც ნიშნავს იმას, რომ შენ საკუთარი და სხვა ადამიანის სიცოცხლე 50 ლარად გიღირს და სხვა არაფერი“.
ალექსი ჩიქოვანი, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „ლაივის“ დამფუძნებელი: „ყველა მოქალაქეს, რომელიც საჭესთან ზის, მინდა ვთხოვო, გაითვალისწინოს სხვა და არ იფიქროს მხოლოდ საკუთარ გზასა და მიზნებზე.
ეს არის ელემენტარული კულტურა, სხვა გაითვალისწინო, იყო ყურადღებით და იყო ფრთხილად. არ გადააჭარბო სიჩქარეს, არ იარო გაუმართავი მანქანით და უბრალოდ იფიქრო ადამიანებზე.
ვფიქრობ ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანების უსაფრთხოებაზე, ძალიან მკაცრად უნდა აკონტროლებდეს სიჩქარის გადაჭარბებისა და ყველანაირი დარღვევის ფაქტებს ქალაქში. უნდა იყოს ძალიან მკაცრი და პერმანენტული კონტროლი ამ ყველაფრის. ადამიანებს სჭირდებათ მუდმივი შეხსენება, იმოძრაონ ფრთხილად, იარონ ფრთხილად და გაითვალისწინონ სხვა. სწორედ ამიტომ, მუდმივი კომუნიკაციის გარეშე არაფერი გამოვა“.
ირინა ონაშვილი, პიარ სპეციალისტი, ტელეწამყვანი: „მოვუწოდებ ყველა მძღოლს, დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები, განსაკუთრებით ე.წ. ზებრაზე. დაუთმონ ქვეითად მოსიარულეებს. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ქვეითად მოსიარულე ადამიანებიც ყურადღებით უნდა იყვნენ. მნიშვნელოვანია, მანქანის გამართულ მდგომარეობაში მართვა. აუცილებელია, ავტომანქანა იყოს გამართული − დაწყებული საბურავებიდან, დამთავრებული სხვა ავტონაწილებით, რომელიც უკვე შემდგომ სრულყოფილად მოძრაობაში უწყობს ხელს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მძღოლს: დაუფიქრებლად და აჩქარებული მანქანით სიარულმა შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. შესაბამისად ყოველთვის ეცადეთ და გაითვალისწინეთ, რომ გაუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.
ტექსტი: სოფიო მალანია
პორტრეტები: სოფო პაპიაშვილი