OK! გაესაუბრა „საქართველოს უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლის დირექტორს, ანა ხურციძეს თავისი საქმიანობის, სამომავლო გეგმებისა და ქალი ლიდერის როლთან დაკავშირებით. მისი აზრით, „ბიზნესის წამოწყების სიმარტივე სულ უფრო მეტ ქალს ახალისებს, რომ იყოს არა დასაქმებული, არამედ დამსაქმებელი“.
რას ნიშნავს, თანამედროვე მსოფლიოში იყო ქალი ლიდერი, ქალი ბიზნესლიდერი?
მიუხედავად იმისა, რომ სიტყვათშეთანხმება „თანამედროვე მსოფლიო“ თავისთავად უფრო დიდ მოლოდინს გვიჩენს და გვაფიქრებინებს, რომ სიტუაცია შეიძლება რადიკალურად იყოს შეცვლილი, ეს მთლად სიმართლეც არ არის. შეიძლება ამ მხრივ დღეს უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ შეკითხვის ფორმულირება ასე ხდება, რომლის მიხედვითაც ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე განიხილებიან, მიანიშნებს, რომ ამ მხრივ ჯერაც დიდი პრობლემაა.
მართალია, არცერთ ეტაპზე არ დამიხუჭავს და არ დავხუჭავ თვალს უსამართლო გარემოზე, თუმცა საუბრისას მსგავს დაყოფას ყოველთვის ვერიდები და ვფიქრობ, რაც უფრო მალე დავიწყებთ ქალებისა და მამაკაცების ადამიანებად მოხსენიებას, მით უფრო დროულად დავიწყებთ პრობლემის რეალურად მოგვარებას. პირადად მე, მირჩევნია ვიყო ლიდერი და არა ქალი ლიდერი, ბიზნესლიდერი და არა ქალი ბიზნესლიდერი. თანამედროვეობის მიღწევა სწორედ ეს უნდა იყოს, რომ ქალიც და მამაკაციც ერთმანეთის კონკურენტები არიან. თუკი აქამდე არსებობდა „ქალური ბიზნესი“ და „კაცის საქმე“, ახლა უფრო და უფრო ფერმკრთალდება ეს ზღვარი. ბიზნესის წამოწყების სიმარტივე სულ უფრო მეტ ქალს ახალისებს, რომ იყოს არა დასაქმებული, არამედ დამსაქმებელი.
როგორ გაჩნდა ბიზნესის წამოწყების იდეა? საიდან იღებს სათავეს ბიზნესი, რომელიც დღეს ასე წარმატებულია?
„საქართველოს უნივერსიტეტის“ შექმნის იდეა 2004 წელს გაჩნდა. დამფუძნებლების მიზანი საქართველოს მოქალაქეებისთვის დასავლური განათლების მიღების ხელმისაწვდომობა იყო. თანდათანობით უნივერსიტეტი გაფართოვდა, ბევრი მიმართულებით განვითარდა, საერთაშორისო აღიარებები მიიღო და საერთაშორისო ორგანიზაცია „ვებომეტრიქსის“ რეიტინგით, ქვეყნის კერძო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილზე, ხოლო რეგიონულ უნივერსიტეტებს შორის − ტოპ-ათეულში მოხვდა. განათლების ბიზნესი სპეციფიკურია, რომელიც დიდ შრომასთან ერთად, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. საქმე ხომ მომავალ თაობას და შესაბამისად, ქვეყნის განვითარებას ეხება.
ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც თქვენს პროფესიას ახლავს…
ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც არა მხოლოდ ჩემს პროფესიას, არამედ ყველა პროფესიას, ყველა ბიზნესს ახლავს, განსაკუთრებით კი ჩვენს ქვეყანაში, არის განუსაზღვრელობა. სამწუხაროდ, ისეთ გარემოში გვიწევს არსებობა, სადაც არ ვიცით რა მოხდება თუნდაც ერთ საათში, არათუ რამდენიმე წელიწადში. არასტაბილურობის განცდა ხელს გვიშლის გრძელვადიანი და გრანდიოზული გეგმების დასახვაში, შესაბამისად, სულ უფრო მცირდება მოტივაცია, შექმნა რაიმე ახალი. ამას, თავის მხრივ, საზოგადოების შიში და ახლისადმი მუდამ პროტესტის განცდაც ახლავს.
იმედს ვიტოვებ, მომავალი თაობა, რომელიც დაცლილი იქნება ამ ისტორიული თუ კულტურული მეხსიერებისგან და უფრო მეტად ეყვარება თავისუფლება, ნაკლებად შეიბოჭება ამ განწყობებით და უფრო გაბედული და მეტად რისკიანი იქნება, რაც საბოლოოდ, გაარღვევს ამ კედელს.
რას ნიშნავს თქვენთვის, საკუთარი საქმიანობით წვლილი შეგქონდეთ ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში?
ჩემთვის საკუთარი საქმიანობის ყველაზე დიდი შედეგი სწორედ ის არის, რაც ჩვენს უნივერსიტეტს მიზნად გვაქვს დასახული და არ მგონია, ქვეყნისთვის იმაზე მეტის გაკეთება შემეძლოს, ვიდრე მომავალი თაობისთვის განათლების მიცემაა. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენი „კლიენტი“ შექმნის ამ დოვლათს ჩვენი ხელშეწყობით. განათლებული თაობა ნამდვილად უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნას. ეკონომიკურად ძლიერი და მაღალი განათლების დონის მქონე ქვეყანა კი, უპირველესად, ყველა ასპექტში ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ინდივიდების კეთილდღეობას და მეტ თავისუფლებას ნიშნავს.
მოგვიყევით კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე. როგორ შეაჯამებთ 2020 წელს? რა შეაფერხა და რა გამოავლინა არსებულმა ვითარებამ?
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წამოწყებად, რომელიც ასევე ჩემს სამომავლო მიზნებთანაც მჭიდრო კავშირშია, უნივერსიტეტის ფარგლებში დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის, ე.წ. Think Tank-ის დაარსებაა. ეს ინსტიტუტი ყველა მხრივ განსაკუთრებულია, დაწყებული მისი სახელიდან − Gnomon Wise, რომლის მნიშვნელობაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, დამთავრებული იმით, რომ დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობა ქართული რეალობისთვის მეტად არაპოპულარულად საქმედ რჩება. თუმცა, ჩვენი პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდს მტკიცედ გვწამს, რომ კარგი განათლება, რომლის დეფიციტსაც ასე განიცდის ქვეყანა, მნიშვნელოვნად არის დამყარებული სანდო და კვალიფიციური, აკადემიური კვლევების გზით შექმნილ ცოდნაზე. თუკი მსოფლიოს გამოცდილებას გადავხედავთ, წამყვანი უნივერსიტეტები სწორედ ამ სახის აქტივობებით იწონებენ თავს და ეჯიბრებიან ერთმანეთს. ამიტომაც, ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში მეცნიერების მომავალი სწორედ ამ სახის ინსტიტუტები უნდა იყოს, რომელთა შორის Gnomon Wise ნამდვილად პიონერი და ღირსეული მაგალითი იქნება.
როგორია ქალი მნიშვნელოვან თანამდებობაზე − დომინანტი მამაკაცების გარემოში?
ვეცდები საკუთარი მდგომარეობის განზოგადებისგან თავი შევიკავო. ძალიან ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა − დაწყებული გარემოცვიდან, იმ საქმის გათვალისწინებით, რომლის კეთებაც უწევს ქალს, ასევე თავად ქალის პიროვნულ მახასიათებლებს. ეს უკანასკნელი, ცხადია, არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს თუკი ქალი იჩაგრება, ეს უპირველეს ყოვლისა, მისი თვისებებისა თუ ფსიქოლოგიური მზადყოფნის ნაკლებობის ბრალია. არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ ქალი შეიძლება იყოს მისდამი დისკრიმინაციული მიდგომის გამომწვევი.
პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ საბედნიეროდ, არ ვყოფილვარ ისეთ გარემოში, სადაც ვინმეს დომინანტობას ვიგრძნობდი, მხოლოდ იმის გამო, რომ ის მამაკაცია, ან თუნდაც − ქალი. თუმცა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მომიწია ისეთ საქმეს შევჭიდებოდი, რომელიც ისტორიულად, ქალისთვის წარმოუდგენელი შესასრულებელი იყო. იურისტთან ერთად, ვარ მედიატორი, შესაბამისად, მიწევს დაპირისპირებული მხარეების მორიგება. მოგეხსენებათ, ქალს არათუ სხვის „საქმეში ჩახედვის“ უფლებას აძლევდნენ, არამედ, სამწუხაროდ, დღესაც, საკუთარ თავთან მიმართებითაც კი ვერ იღებს ის გადაწყვეტილებას. სწორედ ასეთ გარემოში, როცა შესაძლოა, რომელიღაც მხარე მსგავსი წინასწარი განწყობის მატარებელი იყოს, უკიდურესად რთულია თავის ისე წარმოჩენა, რომ პირველსავე წამებიდან მოიპოვო ჭარბი ნდობა, რომლის გარეშე საქმეში წარმატება შეუძლებელია. თუმცა მე მჯერა, რომ ქალებს ეს შეუძლიათ და ყველგან ვცდილობ მათ მხარდაჭერას.
3 რამ, რაც ქალს პროფესიული მიზნების მისაღწევად სჭირდება…
ახალს ვერაფერს ვიტყვი, აპრობირებული ფორმულა ასეთია: ადამიანს, მიზნის მისაღწევად 1. უნდა ჰქონდეს მიზანი, 2. სჯეროდეს ამ მიზნისა და საკუთარი თავის, არასდროს დანებდეს და 3. ძალიან ბევრი უნდა იშრომოს მის მისაღწევად.
შეგიძლიათ თქვათ ფრაზა: „მივაღწიე იმას, რაც მსურდა“?
იურისტებს გვახასიათებს − შეკითხვაზე პასუხის სიტყვა „გააჩნია“-თი დაწყება. ამ შემთხვევაშიც თამამად გამოვიყენებ მას. გააჩნია, რას ვგულისხმობთ სურვილში. ხშირად გვეშლება და ის, რაც ჩვენს შესაძლებლობებს მიღმაა და არ არის ჩვენზე დამოკიდებული, სურვილად ვიქცევთ და რომ არ სრულდება, შემდეგ იმედგაცრუებულები ვართ. ამიტომ, თუკი სიტყვა „მიღწევას“ ვახსენებთ, უფრო მიზანშეწონილი იქნება, თუ მიზნებზე ვისაუბრებთ, რომელიც მეტწილად ჩვენზეა დამოკიდებული. ბევრ საკითხთან მიმართებით შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, მივაღწიე იმას, რაც დავისახე მიზნად. უფრო გრძელვადიან მიზნებს თუ შევხედავთ, ხშირად ასეც დამმართნია, რომ დროთა განმავლობაში აღმომიჩენია − ის სულაც არ ყოფილა ჩემი მიზანი ან უბრალოდ, მნიშვნელოვნად მოდიფიცირდა.
ბევრი მიზანი მაქვს ცხოვრებაში და ვერცერთ ეტაპზე ვერ ვიტყვი გადაჭრით ამ ფრაზას, რადგან სანამ ცოცხლები ვართ, მჯერა, რომ მიზნები არ გამოილევა. თუკი მიზანი გამომელევა, მაშინ ამ ფრაზას მით უფრო ვეღარ ვიტყვი.
ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში ვის ან რას მიუძღვის?
შეიძლება ბანალურად გამომივიდეს, მაგრამ ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი წარუმატებელ მომენტებს მიუძღვის. ასევე, ჩემს უნარს, ყველა ასეთი შემთხვევა ვაქციო გამოცდილებად და დანებების ნაცვლად, მეტად გაზრდილი დავხვდე მომდევნო გამოწვევებს. რაც ყველაზე მთავარია, არასდროს ვფიქრობ, რომ პრობლემას უნდა გავექცე, არამედ, სწორედ მასზე უნდა გავძლიერდე, ჯერ უნდა გავიმარჯვო, მაქსიმალურად ვისწავლო ამ გამოწვევისგან და მხოლოდ ამის შემდეგ დავსვა წერტილი და ვეძებო ახალი გამოწვევები. კომფორტი ძალიან მიყვარს, მაგრამ ალბათ სწორედ ამის გამოა, რომ მუდამ დისკომფორტს ვეძებ. ასეთია ჩემი განვითარების გზა.
შეთავსებადია თუ არა წარმატებული ქალი და ოჯახი?
გააჩნია, ვინ როგორ ხედავს წარმატებას. რამდენადაც, ძალიან სუბიექტურია მისი აღქმა. მე ნამდვილად არ მექნება იმის სურვილი, რომ ჩემი პასუხი განზოგადდეს ყველა ქალზე. ჩემთვის წარმატება არის ვაკეთო საქმე, რომელიც მაბედნიერებს და ამისგან ვხედავდე ხელშესახებ შედეგს, თუნდაც იმას, რომ ჩემი გაკეთებული საქმე, ჩემ გარდა, სხვასაც აბედნიერებდეს. ამ „სხვებში“, უპირველეს ყოვლისა, ჩემი ოჯახის წევრები იგულისხმება. ჩემთვის წარმატებული ადამიანი, ოჯახშიც წარმატებულია.
გრჩებათ თავისუფალი დრო? როგორ ატარებთ?
ამ შეკითხვაზე პასუხი გამიჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ არ მიფიქრია, რა შინაარსს შეიძლება შეიცავდეს სიტყვები − „თავისუფალი დრო“. თუ ამაში იგულისხმება ყოველდღიური ვალდებულებებისგან და სამსახურებრივი მოვალეობებისგან თავისუფალი დრო, ფორმალურად შეიძლება ითქვას, რომ მრჩება ამის დრო, მაგრამ მე ასე არ ვუყურებ. ჩემთვის ყოველ წამს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მას პასუხისმგებლობით ვეკიდები. თუნდაც, სამსახურის შემდეგ, შვილთან ურთიერთობა და მასთან ერთად ფილმის ნახვა, წიგნის წაკითხვა თუ თამაში, არანაკლებ რესურსს მოითხოვს. ბავშვების შეკითხვებზე სწორი პასუხის მოძებნა იმაზე უფრო რთულია, ვიდრე კოლეგისთვის ან კლიენტისთვის პასუხის ან ახსნა-განმარტების მიცემა. ამიტომ, ასე, ხელოვნურად ვერ დავყოფდი, რომ მაგალითად, 9-დან 6-მდე დაკავებული ვარ, 6-დან 12-მდე კი თავისუფალი. ვფიქრობ, ნებისმიერი დრო, როცა იმას აკეთებ, რაც ძალიან გსიამოვნებს და გაბედნიერებს, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის დიდი ენერგიის გაღება გჭირდება, მაინც თავისუფალ დროდ უნდა მივიჩნიოთ, რადგანაც, ჩემ შემთხვევაში, სწორედ ამ პერიოდში ვგრძნობ თავისუფლებას.
მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ.
ვფიქრობ, 2020-მა წელმა დაგვანახა, რომ ადამიანების ერთ-ერთი სისუსტე მომავლის განუჭვრეტელობაა. თითქოს დავიბენით, როცა გრანდიოზული გეგმა ჩაგვეშალა და მსოფლიო გაჩერდა. ამაზე დიდი იმედგაცრუება რა შეიძლებოდა ყოფილიყო?.. თუმცა მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი ეფექტურობის შესწავლის მხრივ. ამ წელმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სამომავლო პროგნოზების გაკეთებაზე და დაგეგმვაზე დროის ხარჯვას, სჯობს რესურსი მოკლევადიანი მიზნების განხორციელებისკენ მივმართო.
რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი დევიზი?
ერთი დევიზი არ მაქვს. არ მიყვარს სხვისი და თავის დაპროგრამება. უბრალოდ ვცდილობ, ეს დავიცვა: „მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ“. მჯერა, თუკი ყველა ამ პრინციპით იცხოვრებს, მაშინ ბევრად თავისუფალ საზოგადოებად შევდგებით, რადგან არავინ ჩავერევით ერთმანეთის ცხოვრებაში, არ განვსჯით ერთმანეთს იმისთვის, რაც ვართ, რაც გვინდა, რაც გვიხარია და რაც გვწყინს; რას ვამბობთ, ან რას არ ვამბობთ. არავის გვინდა ასე გვექცეოდნენ, შესაბამისად, არც ჩვენ გავუკეთებთ სხვას იმავეს. ეს ურთიერთპატივისცემას გაამყარებს და გარდა ამისა, უფრო შევიყვარებთ საკუთარ თავს, რადგან სხვისი თვალით არ დავიწყებთ საგნებისა და მოვლენების აღქმას. სხვაც უფრო კარგი მოგვეჩვენება, რადგან აღარ გვექნება ეს მოგონილი „მაღალი სტანდარტები“. ეს ყველაფერი თავისთავად აისახება ჩვენს ეფექტიანობაზეც. ადამიანები რესურსებს მიმართავენ იქით, რაც სურთ აკეთონ და რაც უკეთ გამოდით. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ფოტო: ალექსეი სეროვი