მარიამ ბეგალაშვილი (კონსულტანტი) − ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებისკენ − ეს არის ჩემი ცხოვრებისეული დევიზი. PSP-ს გუნდს 2016 წლიდან შემოვუერთდი და წლიდან წლამდე, მუდმივად ვიზრდები. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მსურდა საკუთარი ფინანსებით სწავლის გადასახადის დაფარვა. PSP-ში მოვიპოვე ის პიროვნული დამოუკიდებლობა, რომელსაც ასე ველოდებოდი. თავიდან, კონსულტანტის თანაშემწე ვიყავი. პროდუქციის მიღება-დალაგება ჩემთვის საინტერესო პროცესი გახდა, რადგან თითოეულ პროდუქტს ვეცნობოდი სიღრმისეულად. მენეჯერის, ტრენინგებისა და PSP-ს აკადემიის უდიდესი დამსახურებაა ის, რასაც მივაღწიე. როდესაც დავაგროვე ცოდნა, გამიჩნდა იმის სურვილი, რომ მომხმარებლისთვის კონსულტაცია გამეწია. ასეც მოხდა − დღემდე აქტიურად ვცდილობ ჩემი ცოდნა მაქსიმალურად გადავცე მომხმარებელს, ამაში ხელს მიწყობს ჩემი მეორე პროფესია − ვარ ბიოლოგი და ვიცი, როგორ უნდა მივაწოდო მომხმარებელს ინფორმაცია მარტივად, მისთვის გასაგებად და რაც მთავარია, ამ გზით ვაყვარებ მას პროდუქტს. გარდა ამისა, ვისწავლე დაფასება და ზრუნვა, როგორც საკუთარი თავის, ისე თითოეული მომხმარებლის.
თამარ ჩუბინიძე (კონსულტანტი) − როდესაც რაიმე მთელი გულით გსურს, აუცილებლად გამოგივა. PSP-ს გუნდში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო და უკვე 5 წელია, რაც ამ გუნდის წევრი ვარ.
თითოეულ ადამიანს, რომელიც დღის განმავლობაში შემოდის აფთიაქში, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, ორმაგად საინტერესო გახდა მუშაობა და კონსულტაცია − საქმე, რომლისგანაც ვიღებ სიამოვნებას. როგორც ჩანს, ეს შესამჩნევიც არის, რადგან ჩემი 10 წლის გოგონა დაინტერესდა დედის პროფესიით, რაც ორმაგად მახარებს და მძენს მოტივაციას, დღიდან დღემდე კიდევ უფრო გავიზარდო და გავიღრმაო გამოცდილება, ჩემი შვილისთვის კი გავხდე გმირი და სამაგალითო დედა.
ნატალია ქაჯაია (ფარმაცევტი) − გყავთ ისეთ ადამიანები, რომლებიც თქვენი მოტივაციის წყარო არიან? ჩემთვის, ასეთი ადამიანი არის დედა, წარმოშობით აფხაზეთიდან. მისი სწავლის ბოლო წელს დაემთხვა ომი, ამიტომაც ვერ მიიღო ისეთი განათლება, როგორიც უნდოდა.
მე კი ყოველთვის მინდოდა მისი სურვილი ამესრულებინა და ჩემ შემთხვევაში ეხილა ის, რაც თვითონ სურდა. ამიტომაც გამოცდები ჩავაბარე ფარმაცევტულ ფაკულტეტზე. PSP-ში, 2016 წელს სტუდენტური პროგრამით მოვხვდი. მაშინ მივხვდი, რომ ეს არის ადგილი, სადაც ნამდვილად მინდოდა ყოფნა. ჩემი მშობლები რეგიონში ცხოვრობენ, მე კი, კარიერული წინსვლისთვის, თბილისში განვაგრძე საქმიანობა. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ დანაკლისი, რომელსაც განვიცდიდი საყვარელი ადამიანებისგან მოშორებით ყოფნის გამო, PSP-მ შემივსო და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღემდე ჩემი მეორე სახლია. ასე გრძელდება ჩემი და PSP-ს ურთიერთობა, უკვე 5 წელია.
ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია გადამხდა თავს. ერთ-ერთს მოგიყვებით: გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენთან ხშირად შემოდიოდა მომხმარებელი ბიჭი, რომელიც ყოველ მეორე დღეს ყიდულობდა 2 შეკვრა წამალს, კონკრეტულად − „დექსალგინს“. ყველას გვაინტერესებდა, ნეტავ რაში იყენებდა, ან ვის სჭირდებოდა ამდენი „დექსალგინის“ შეკვრა. გავიდა ცოტა ხანი და ამ ადამიანმა სოციალურ ქსელში მიპოვა. თებერვლის თვე იყო, თოვდა და დავინახე, რომ ეს ბიჭი, ავტობუსის გაჩერებასთან, ყვავილებით ხელში მელოდა. მაგრამ ისტორია აქ არ მთავრდება, მეორე დღეს, აფთიაქიდან მირეკავენ და მეუბნებიან: „ნატალი, მალე მოდი, აფთიაქი ყვავილებით გაივსო…“
მართალია, რომანტიკული ნაწილი აქ მთავრდება, მაგრამ ალბათ თქვენც დაინტერესდებოდით, სად მიდიოდა ამდენი „დექსალგინი“?!
გადის დრო და ისევ ამ მომხმარებელს მოაქვს დიდი PSP-ს ჩანთა და მეუბნება: „რაც კი „დექსალგინები“ შენგან ვიყიდე, უკან გიბრუნებ“. ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა რეაქცია გვქონდა ყველა იქ მყოფს.
ჩანთაში კი, „დექსალგინების“ გარდა, იყო სათამაშოები, სუნამოები და კრემები.
ნათია გოგილაშვილი (ფარმაცევტი) − სიყვარული ფარმაციის მიმართ დედასგან წამოვიდა. მას იმდენად უყვარს სამედიცინო სფერო და ერკვევა ყველაფერში, მიკვირს, რომ პროფესიით ფარმაცევტი არ არის.
ჩემი ისტორია იწყება პანდემიის დასაწყისიდან. მაშინ, როდესაც გვაკლდა ერთმანეთთან ურთიერთობა და ემოციები, PSP-ში მოსვლა ჩემთვის მოტივატორი გახდა. ხალხთან ურთიერთობის დანაკლისი და ემოციები სწორედ აქ დავიბრუნე.
თავიდანვე მინდოდა, ფარმაცია თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკული კუთხითაც შემესწავლა. ამისთვის, PSP იდეალური ადგილი აღმოჩნდა ჩემთვის.
გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი თანაშემწედ, რამაც ხელი შემიწყო სრულყოფილ ფარმაცევტად ჩამოვყალიბებულიყავი.
ხალხზე ზრუნვა და მათი დადებითი ემოციები არის ის, რაც მაბედნიერებს და მაქვს შეგრძნება, რომ ვარ იქ, სადაც აუცილებლად უნდა ვიყო.
მარიამ ლალიაშვილი (ფარმაცევტი) − ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სამსახური არ უნდა იყოს მხოლოდ მოვალეობრივი საქმიანობების შესრულება, არამედ უფრო მეტი. აქ შევიძინე საუკეთესო ადამიანები − როგორც პროფესიული, ასევე მეგობრული თვალსაზრისით.
დამეთანხმებით, ურთიერთობა მთავარია. სწორედ ეს განაპირობებს ადამიანის პროდუქტიულობას. შესაბამისად, მომხმარებელს, რომელიც შემოდის, ხვდება მასზე მზრუნველი გუნდი, რომლის ერთ-ერთი წევრი მე ვარ.
ნინო ორჯონიკიძე (ფარმაცევტი) − ფარმაცევტი მომხმარებლისთვის მანუგეშებელი პერსონაა. ჩვენ მათთვის იმედი ვართ, ეს გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობასა და მოტივაციას, ვიყოთ მუდმივად მათ სამსახურში.
ასაკოვანი მომხმარებელი არის ადამიანი, რომელიც უფრო მეტ მოვლასა და თანადგომას ელის, ვიდრე სხვა. სიმართლე რომ ვთქვა, მოხუცი მომხმარებლების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს, რადგან მათ ადგილას საკუთარ ბებიასა და ბაბუას წარმოვიდგენ და ვეხმარები ისე, როგორც მათ დავეხმარებოდი.
მინდა გავიხსენო ემოციური ისტორია, რომელიც ყოველ გახსენებაზე გულს სიყვარულით მივსებს: ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს შორის, იყო მოხუცი ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობდა. რატომღაც მე ამომირჩია, ხშირად შემოდიოდა და მიყვებოდა სხვადასხვა ისტორიას თავისი ცხოვრებიდან, თვითონ კი, ჩემს ფარმაცევტულ რჩევებს ყოველთვის ითვალისწინებდა. ეს ქალბატონი ერთ მოხუც მამაკაცს ჩავარდნია გულში, რომელსაც ვარდების ბაღი ჰქონდა. ყოველდღე, ამ ვარდების ბაღიდან, ულამაზეს თაიგულებს უკეთებდა და ჩუქნიდა. ეს ქალბატონი მორიდებული და მორცხვი იყო, ამიტომ ხშირად მოჰქონდა თაიგულები ჩემთან და მჩუქნიდა. არ ვიცი, ისტორია როგორ გაგრძელდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ვიხსენებ ამ ამბავს, ვხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერია და მას უფრო ძვირფასს ხდის ადამიანური გრძნობები და ლამაზი მოგონებები.
ეკა ნუცუბიძე (ფარმაცევტი) − ცოდნა ძალაა. დაგროვებული ცოდნის მაქსიმალური რეალიზება და კმაყოფილი მომხმარებლების მუდმივი სიმრავლე − ეს არის ის, რაც მაძლევს ყოველდღიურ მოტივაციას და მიღრმავებს სურვილს, კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარო. შეუძლებელია იმ ემოციის სიტყვიერად გადმოცემა, რომელსაც განიცდი მაშინ, როდესაც კმაყოფილი მომხმარებელი გეუბნება: „შენ მე გადამარჩინე“, „შენი რჩევით შეძენილმა პროდუქტმა გაამართლა“, „თავს უკეთ ვგრძნობ“.
ანი თვალაბეიშვილი (კონსულტანტი) − იბრძოლე, ვიდრე მიზანს არ მიაღწევ! თითოეული წინგადადგმული ნაბიჯი ნიშნავს მიზანთან მიახლოებას. მაგრამ ხომ არსებობს მიზანი, რომელსაც ყოველდღიურად ისახავ? ასეთი მიზანი ჩემთვის არის დღის ნაყოფიერი დასასრული. როდესაც გრძნობ, რომ დღეს, უამრავი ადამიანი შენ გამო უკეთ გრძნობს თავს, ამაზე უკეთესი შეგრძნება ჩემთვის არ არსებობს. ამიტომაც არის, რომ ჩვენი კომპანიისა და თითოეული თანამშრომლის სლოგანია – „შენზე ზრუნვა მაბედნიერებს“.
მილენა (კონსულტანტი) − კმაყოფილი მომხმარებელი ჩემი მოტივატორია. ის მაძლევს შემართებასა და ძალას, კიდევ უფრო მეტად დავიხარჯო.
ეს არის ადამიანური ურთიერთობის პროცესი, სიყვარულისა და სითბოს ერთმანეთში გაცვლა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი გრძნობაა, როდესაც მომხმარებელი მოდის და მეუბნება, რომ ჩემი რეკომენდაციით შეძენილმა პროდუქტმა კარგი შედეგი გამოიღო. ამიტომაც, ჩემი სამუშაო დღეები არასდროს არის ერთნაირი. თითოეული დღე თავისებურად საინტერესოა. ზოგი იმდენად კმაყოფილია, რომ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც კი გვეპატიჟება.
აქ ვხვდები, რომ ადამიანური ურთიერთობები ყველაზე სასიამოვნო პროცესია, განსაკუთრებით კი მზრუნველობა, რადგან როდესაც ზრუნავ სხვაზე, შენ ორმაგად ბედნიერი ხდები.
მაია ჯახუნაშვილი (მენეჯერი)− PSP-ში მუშაობის დაწყება ჩემთვის ბავშვობის ერთ-ერთმა ემოციურმა ისტორიამ განაპირობა: ფარმაცევტი მეზობელი მყავდა. როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა შემექმნებოდა, ყოველთვის მეხმარებოდა და გამოსავალს იმდენად მარტივად პოულობდა, რომ ეს ადამიანი ჩემს მეხსიერებაში დარჩა, როგორც გადამრჩენელი, და იქცა მოტივატორად იმისა, რომ მეც მეზრუნა სხვებზე.
დღეს კი მეც აქ ვარ, ხალხის ჯანმრთელობის სამსახურში, PSP-სთან ერთად.
ფოტო: თიკო ჭიღლაძე