საქართველოში ცოტაა, ან თითქმის არ არის ისეთი კომპანიები, სადაც მმართველ პოზიციებს ქალები იკავებენ. შესაბამისად, იშვიათია ქალები გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად, მნიშვნელოვნად იცვლება წარმოდგენა ბიზნესში ქალების როლის შესახებ. სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ კი ის სასიამოვნო გამონაკლისია, სადაც კომპანიის უმაღლეს მმართველ პოზიციაზე მენეჯერებს შორის 68%-ს სწორედ ქალები შეადგენენ, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი და თანასწორი გარემოს შექმნა. კომპანიაში დასაქმებულთა მთლიანი მოცულობის 91% ქალები არიან. რა გამოწვევების წინაშე დგანან ქალები, ამის შესახებ OK! გაესაუბრა „იმპექსის“ სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორ ნინო დგვეფაძეს, ხარისხის მართვის დეპარტამენტის დირექტორ თამარ ჯინჭველაძეს, კომერციული დეპარტამენტის დირექტორ შორენა აფრიაშვილს და ქსელის მართვის დეპარტამენტის დირექტორ სოფო ბიგანიშვილს.
თამარ ჯინჭველიძე − ხარისხის მართვის დეპარტამენტის დირექტორი
მოგვიყევით „იმპექსში“ თქვენი საქმიანობის შესახებ.
გახლავართ ხარისხის მართვის დეპარტამენტის დირექტორი, სადაც რამდენიმე მიმართულება ერთიანდება: ადამიანური რესურსების განყოფილება, ტრენინგცენტრი, მენტორინგი და უწყვეტი განვითარება, ხარისხის მართვა, შრომის უსაფრთხოება, რეგისტრაცია, რეკლამაცია და იურისტის საქმიანობა. ამ პროცესების ეფექტურად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია ისინი შეესაბამებოდეს კომპანიის სტრატეგიულ მიზნებსა და ღირებულებებს. ხარისხის მართვის დეპარტამენტი მუდმივად ზრუნავს, რომ კომპანიამ შეძლოს კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის მოზიდვა, შენარჩუნება და განვითარება. „იმპექსი“ ფლობს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატს, რაც გვაკისრებს პასუხისმგებლობას უწყვეტად ვაწარმოოთ პროცესებისა და პროცედურების ეფექტიანობის ანალიზი იმისათვის, რომ ჩვენს საბითუმო და საცალო მომხმარებლებს პროდუქცია მივაწოდოთ ყველა სათანადო წესისა და რეგულაციის დაცვით. საცალო ბაზრის საკმაოდ დინამიკური ცვლილებებიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს გამოწვევების გამკლავება, გამოსავლის მოძიება და დროული გადაწყვეტილებების მიღება.
რა გაძლევთ თქვენი საქმის კეთების მოტივაციას?
ჩემი საქმისადმი ერთგულება, სიყვარული და პასუხისმგებლობა მაძლევს ულევ მოტივაციას, ვიყო მუდმივად მომართული, რათა დაკისრებული მოვალეობა შევასრულო კეთილსინდისიერად, ხარისხიანად და ეფექტურად. მაქვს შინაგანი სტიმული, გავაკეთო იმაზე მეტი, ვიდრე ეს შემოსაზღვრულია ჩემი სამუშაო აღწერილობით, რადგან მჯერა, რომ თითოეული თანამშრომლის შინაგანი მოტივაციით, დაუზარებლობით, გუნდური თანადგომითა და შრომით მიიღწევა საერთო წარმატება.
რა სახის სირთულეები და წინააღმდეგობები გქონიათ კარიერულ გზაზე?
ჩემი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების განმავლობაში არაერთ კომპანიაში დამინერგავს თანამედროვე მართვის სისტემები, რაც უზრუნველყოფდა მთელი რიგი პროცესების ახლებურად გადაწყობას. ზოგადად, ნებისმიერი ცვლილება კომპანიაში იწვევს წინააღმდეგობას ადამიანების მხრიდან, თუ ის არ არის კარგად დასაბუთებული და ახსნილი. შესაბამისად, ინიციატივების განხორციელებისას იყო აქტიური დისკუსია სამიზნე აუდიტორიასთან, თუმცა დაუღალავი შრომის, უწყვეტი კომუნიკაციისა და ჩართულობის წყალობით წინააღმდეგობა გარდაიქმნებოდა თანამშრომლობად და საბოლოოდ მიზანიც წარმატებით სრულდებოდა.
შორენა აფრიაშვილი − კომერციული დეპარტამენტის დირექტორი
მოგვიყევით „იმპექსში“ თქვენი საქმიანობის შესახებ.
ჩემი ამოცანაა როგორც ჩვენი ქსელისთვის, ისე სხვა დიდი თუ მცირე პარტნიორი კომპანიისთვის შევძლოთ სასურველი, მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტის შეთავაზება. როგორც მედიკამენტის, ისე სახარჯი მასალის, სამედიცინო ტექნიკისა და კლინიკური სექტორისთვის გამოსაყენებელი პროდუქციის სახით. ეს არ არის მარტივი, რადგან ქართულ ფარმაცევტულ სექტორში მძაფრი კონკურენციაა და ამ პირობებში მომხმარებლისთვის სასურველი შეთავაზების შემუშავება დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
„იმპექსფარმი“ გახლდათ ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო მედიკამენტების აქტიური იმპორტი ევროპიდან, რაც განპირობებული იყო სურვილით, ქართველი მომხმარებლისთვის მიეწოდებინა საუკეთესო ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად.
ხშირად ვსტუმრობ საერთაშორისო გამოფენებს, სადაც ვამყარებთ ახალ, საქმიან და საინტერესო კონტაქტებს. ვცდილობთ მომხმარებლის ნდობა არ გავამტყუნოთ და შევთავაზოთ ის, რაც დღეს სჭირდება − ხარისხი და ხელმისაწვდომობა.
რა სახის სირთულეები და წინააღმდეგობები გქონიათ კარიერულ გზაზე?
2000-იანებში, როდესაც დავამთავრე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, ძალიან რთული იყო ამ პროფესიით ახალგაზრდა ექიმისთვის საკმარისი შემოსავლის მიღება და აქტიური კარიერული წინსვლა. დავიწყე მუშაობა მორიგე კარდიოლოგად.შემდეგ ძალები მოვსინჯე ახალგახსნილ უცხოურ წარმომადგენლობაში. კომპანია „ასფარმასთან“ ერთად გავიზარდე კარიერულადაც და არაერთი წელი ვიმუშავე ტოპმენეჯერის პოზიციაზე. ჩემი განათლება და გამოცდილება დღეს ძალიან მეხმარება, კიდევ უფრო გავითავისო ის მოთხოვნები, რომელიც შესაძლოა ჩვენს მომხმარებელს ჰქონდეს.
ცხოვრების ამ ეტაპზე, რა მიგაჩნიათ წარმატების გასაღებად?
„იმპექსი“ უკვე 20 წელზე მეტია სტაბილური და მზარდი კომპანიაა ქართულ ბაზარზე. მინდა ჩემს გუნდთან ერთად მეც საკუთარი წვლილი შევიტანო ამ პროცესში და შედეგების მუდმივი გაუმჯობესებით ხელი შევუწყო კომპანიის ყოფნას მოწინავეთა რიგებში.
სოფო ბიგანიშვილი − ქსელის მართვის დეპარტამენტის დირექტორი
მოგვიყევით „იმპექსში“ თქვენი საქმიანობის შესახებ.
„იმპექსში“ ჩემი საქმიანობა დაიწყო 2013 წლის პირველი თებერვლიდან. სათავეში ჩავუდექი სააფთიაქო ქსელის მართვასა და განვითარებას. იმ მომენტისათვის სააფთიაქო ქსელი ფლობდა ექვს ობიექტს, 2019 წლისათვის კი – უკვე 56 ობიექტს. ამავე წლის დასაწყისში კომპანიამ შეისყიდა და შემოიერთა კომპანია „ფარმაცევტული სახლის“ 20 ობიექტი. დღეისათვის სააფთიაქო ქსელი ფლობს 99 ობიექტს და განაგრძობს განვითარებას.
როგორია მართვის თქვენეული სტილი?
არ არსებობს მართვის უნივერსალური ფორმულა. ეს ძალზე მრავალფეროვანი და ინდივიდუალური პროცესია. სააფთიაქო ქსელიც ცოცხალი ორგანიზმია. მისი მართვა არ ხდება მართვის რომელიღაც ცნობილი მეთოდის გამოყენებით. ყველა კონკრეტულ სიტუაციას თავისი მართვის მეთოდი აქვს. ყველაზე მთავარი მართვაში არის ის, რომ თანამშრომლები მოვალეობისა და იძულების გარეშე მიმართავდნენ საკუთარ უნარებს საქმის წარმოების ხარისხიანად შესრულებისკენ, რაც პირდაპირპროპორციულად კომპანიის განვითარებისათვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბერკეტს წარმოადგენს.
რა სახის სირთულეები და წინააღმდეგობები გქონიათ კარიერულ გზაზე?
საქართველო პატარა ქვეყანაა. ამ პატარა ქვეყნის ფარმაცევტული სეგმენტი საკმაოდ გაჯერებული და კონკურენტულია. ჩვენ ამ კონკურენციის ფერხულში ჩავებით და 6 ობიექტიდან 99 ობიექტამდე გავიზარდეთ.
ნინო დგვეფაძე − „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის სტრატეგიული განვითარების დირექტორი, ინტეგრირებული კონსულტანტი
მოგვიყევით „იმპექსში“ თქვენი საქმიანობის შესახებ.
სააფთიაქო ქსელ „იმპექსს“ სტრატეგიული განვითარების დირექტორის პოზიციაზე შემოვუერთდი, „იმპექსში“ საკონსულტაციო პროექტის განხორციელების შემდეგ. იმ ეტაპზე, 2019 წელს ეს პოზიცია სიახლე და უცხო იყო საქართველოს ბიზნესგარემოსთვის, თუმცა უკვე საკმაოდ აქტიურად მიმართავდნენ Fortune 500-ის სიაში მყოფი გლობალური კომპანიები. თანამედროვე რეალობაში, როდესაც სულ უფრო და უფრო კომპლექსური ხდება ბიზნესგარემო და შესაბამისად კიდევ უფრო აქტუალური და არსებითია სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი გეგმის არსებობა, როგორც კომპანიის ინტეგრირებული კონსულტანტის პოზიციაზე მყოფი სტრატეგიული განვითარების დირექტორი, პასუხისმგებელი ვარ გენერალური დირექტორის მხარდაჭერაზე, როგორც სტრატეგიული გეგმის შემუშავების, ისე მისი განხორციელების ყოველთვიური მონიტორინგის მხრივ. გენერალურ დირექტორთან და დეპარტამენტის დირექტორების ჩართულობით ხორციელდება ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების გამოკვეთა − ბაზრის, ინდუსტრიის, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და საფრთხეების იდენტიფიცირებით, რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით.
ჩემი დეპარტამენტის მიზანია ხელი შეუწყოს ყველა ახალი სტრუქტურის განვითარებას, ახალი ინიციატივის თუ პროექტის განხორციელებას, ზოგადად, კომპანიის სტრატეგიული მიზნების მიღწევას. ასევე, ვმართავ კომპანიის მარკეტინგულ და სტრატეგიული კომუნიკაციების პროცესებს. ჩართული ვარ „იმპექსის“ კორპორაციულ ღირებულებებზე დაფუძნებული კორპორაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობაში, რაც არსებითია კორპორაციული სტრატეგიის განხორციელების ეტაპზე.
როგორ ფიქრობთ, დღეს რა სახის გამოწვევების წინაშე დგანან ქალები? და როგორ უნდა გავაძლიეროთ ქალებმა ერთმანეთი?
ქალების გაძლიერების ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ ლიდერ ქალებს. ვფიქრობ, ეს ყველა მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი ქალის პასუხისმგებლობაა და მნიშვნელოვანია, გააზრებული გვქონდეს ეს პასუხისმგებლობა.
მთავარ გამოწვევად მიმაჩნია ქალების რწმენა საკუთარ შესაძლებლობებში, მათი საკუთარი თავის დაკნინებულად აღქმა. ასევე, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი ქალების მხრიდან კოლეგა ქალების ნაკლები ხელშეწყობა, მათი ე.წ. პირდაპირ კონკურენტად აღქმა, რაც დაკავშირებულია ისევ საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობასთან. ქალები ლოიალურად ხვდებიან ფაქტს, რომ კოლეგა მამაკაცებმა იმავე სამუშაოს განხორციელებაში მიიღონ უფრო მაღალი ანაზღაურება, მაგრამ განსაკუთრებით კრიტიკულები არიან კოლეგა ქალების მიმართ, რაც არასამართლიანია. როგორც კი შიგნიდან ხსნი ფსიქოლოგიურ ბლოკებს, იხსნება თავისუფალი სამყარო, სადაც ყველა ადამიანის შესაძლებლობა უსაზღვროა, მიუხედავად სქესისა. „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში გამოიკვეთა ქალ ლიდერთა ძლიერი მხარეები, როგორიცაა კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვა, ძლიერი ემოციური კავშირი სამუშაოსადმი, ემპათიის გრძნობა… მიჩნეულია, რომ ქალ ლიდერებში ყველაზე მეტად გავრცელებულია ტრანსფორმაციული მენეჯმენტის სტილი, მათ უადვილდებათ საერთო ხედვისა და მიზნების ირგვლივ თანამშრომლების გაერთიანება მაღალი შედეგების მისაღწევად; მათთვის ფასეულია ბიზნესეთიკა, გუნდური მუშაობა. შესაბამისად, გლობალური ტენდენცია ქალების გაძლიერების მხოლოდ პოზიტიური შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ბიზნესისთვის და საერთოდ, საზოგადოებისთვის.
ზოგადად, ქალების შემთხვევაში განსაკუთრებით აქტიურად საუბრობენ ე.წ. work/life-ბალანსზე, რომ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრებისა და სამსახურის გამიჯვნა, მათ შორის − ბალანსი. თუმცა, მე არ მწამს ამ ბალანსის, რადგან როგორც კი ზღვარს აწესებ, წყდება შენი ცხოვრების ერთიანობა, ცხოვრებაში შემოდის მეტი სტრესი. როგორც ხელმძღვანელსა და მშობელს, გიწევს ზოგჯერ სახლი შემოიჭრას სამსახურში, ისევე, როგორც შინ „გესტუმროს“ ოფისი.
ვფიქრობ, ქალი მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანია მოახდინონ სამსახურისა და პირადი ცხოვრების ჰარმონიული ინტეგრირება, არ გაავლონ მკაცრი საზღვრები ბალანსის მისაღწევად, შეეცადონ ენერგიის ეფექტურად მართვას, ენერგიის მიღების წყაროების იდენტიფიცირებასა და მათ მომართვას − როგორც სამსახურებრივი, ისე პირადი წარმატებისთვის. ყოველივე ეს მარტივი არ არის, რა თქმა უნდა, თუმცა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, უფრო შესაძლებელია, ვიდრე ბალანსი, რომელსაც მოაქვს მეტი სტრესი და ნაკლები წარმატება.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი