შემოქმედებითი პროცესი − გზა იდეიდან შესრულებამდე. გვიამბეთ თქვენს სახელოვნებო და საკურატორო გამოცდილებებზე.
თამუნა ღვაბერიძე:
Window Project 2013 წლიდან ირენა პოპიაშვილთან ერთად დავაარსე და ამ პერიოდიდან ჩვენი საკურატორო საქმიანობა განსხვავებული საგალერეო ფორმატის შექმნას გულისხმობდა. ჩვენი მიზანი იყო ხელოვნების საჯარო წარდგენა და ხელმისაწვდომობა. თავდაპირველად, ეს იყო ვიტრინა რუსთაველის #37-ში, სადაც ქუჩაში, გზისპირზე გამავალ ვიტრინაში ხდებოდა ნამუშევრების წარდგენა. 2017 წლიდან უკვე დამოუკიდებლად გავაგრძელე მუშაობა. დღეს გვაქვს საგალერეო სივრცე ტატიშვილის #9-ში, მაგრამ ეს ღიაობა და თავდაპირველი ჩანაფიქრი დღესაც მნიშვნელოვანია Window Project-ისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომერციული გალერეაა, ჩვენს პროექტებზე დაფუძნებულ ინიციატივებს ვახორციელებთ სხვადასხვა ხელოვანთან თანამშრომლობით. მათ შორის საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა ლევანთან თანამშრომლობა.
თამუნა არშბა:
ჩემი გადაკვეთა გალერეა Window Project-თან 2019 წელს მოხდა, როდესაც მის დამფუძნებელ თამუნა ღვაბერიძისგან მივიღე შემოთავაზება პარტნიორობის თაობაზე. კარიერის დაწყებისთანავე, თამუნასთან დადებითი კოლეგიალური ურთიერთობა მქონდა. ამან განაპირობა, რომ 2019 წლის დეკემბრიდან გავხდი Window Project-ის თანამფლობელი.
ლევან სონღულაშვილი:
ჩემი სახელოვნებო გამოცდილების გათვალისწინებით, შემოქმედებით პროცესში ზოგჯერ ფორმა ქმნის იდეას და ზოგჯერ იდეა ფორმას. გარემოში მიმდინარე მოვლენები ტრანსფორმირდება იდეაში და შემდეგ ვიწყებ ძიებას, თუ როგორ უნდა გადმოიცეს ეს ვიზუალურად. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა გლობალური თემები, როგორიცაა ეგზისტენციალური თემატიკა, სიკვდილისა და სიცოცხლის საწყისები − ის მარადიული საკითხები, რომლებიც მუდმივად აქტუალურია კაცობრიობისთვის.
ლევან, გვიამბეთ თქვენს ბოლო პროექტზე, რომელსაც ეროვნული გალერეა მასპინძლობს. ეს გამოფენა თქვენი პირადი და საკმაოდ მტკივნეული გამოცდილებების ვიზუალიზაციაა. ამავდროულად, როგორც მთლიანად თქვენს შემოქმედებას, ამ გამოფენასაც აქვს ფილოსოფიური, ინტელექტუალური შრეები. როგორია ეს კავშირები?
ლევან სონღულაშვილი:
ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც არის პირადი, ის განაზოგადო, რათა აბსტრაქტული გახდეს ნამუშევარი და ამგვარად გაიცნოს ის საზოგადოებამ. ამ გამოფენაშიც სწორედ ამას ვცადეთ, რომ არ ყოფილიყო თხრობითი, პირადი ისტორია. აქ მოსული დამთვალიერებელი, როდესაც გაეცნობა გამოფენის კურატორ ბაშაკ შენოვას ტექსტს, ან თუნდაც მოისმენს ჩემს საუბარს, ამგვარად უკვე მკაფიოდ ჩამოუყალიბდება თავისი ხედვა.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, დამთვალიერებელმა გამოფენაზე წარმოდგენილ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებზე დაიწყოს რეფლექსირება, დაფიქრდეს იმაზე, თუ რა არის დრო, ყოფიერება. ამდენად, ეს გამოფენა არ არის ვერნისაჟული. სრულიად განსხვავებული ფორმატითაა სივრცის არქიტექტურაც გააზრებული და შემთხვევითი არ არის, რომ ექსპოზიცია მუზეუმის სამ დარბაზში ნაწილდება. თავად გამოფენის სათაური − Triptycos, იგივე „ტრიპტიქი“, სწორედ ამ გადაწყვეტას ეხმიანება. „ტრიპტიქი“ − ეს ტერმინი ქრისტიანული რელიგიიდან იღებს სათავეს, როდესაც საკურთხეველში სამ ნაწილად ხდება ერთ თემაზე შექმნილი ნამუშევრის წარმოდგენა. ტრიპტიქის თემას ხელოვნების სხვადასხვა დარგში აქტიურად ამუშავებდნენ (აქ შეიძლება გაგვახსენდეს ბოსხის ნამუშევრები, ბილ ვაილოას ვიდეოინსტალაციები, ტრიერის ტრილოგია და ა.შ. ). ამ გამოფენაზე მუშაობისას გადავწყვიტე, ტრიპტიქის განსხვავებული, სივრცული გააზრება წარმომედგინა მულტიმედიურად და ამის შედეგად ავითვისე მუზეუმის სამი დარბაზი, სადაც დამთვალიერებელი ერთ მთლიან ჩანაფიქრს ეცნობა და გადის ერთგვარ გზას.
ეს მსვლელობა იწყება პირველ დარბაზში, არყის ტყის ინსტალაციით. ამ დარბაზში მუშაობა კედლის მხატვრობით დავიწყე და შემდეგ ეს ორგანზომილებიანი ნამუშევარი ტრანსფორმირდა 3D-ობიექტებად. სივრცეში განვათავსე ნამდვილი ბამბუკის ხეები, რომელიც ასევე კედლის მხატვრობის მსგავსი ტექნიკით მოვხატე. ამგვარად, დამთვალიერებელი ამ დარბაზში ხდება არა რომელიღაც ნამუშევრის დამკვირვებელი, არამედ თავად მონაწილე, ერთგვარად, მოგზაური. არყის ტყის რეფერენსი ჩემი ადრეული ნამუშევარია, 2012 წელს ტუშით შესრულებული „დანტე“, რომელიც უსიერ ტყეში იღვიძებს და ცდილობს გზის გაგნებას ვერგილიუსის მოსაძებნად. ამ ნახატზე მუშაობისას მუდამ ვფიქრობდი, რომ ეს მინდოდა ინსტალაციადაც მექცია. ამ სურვილის შედეგად, უკვე დღეს მოსული დამთვალიერებელი თავად ხდება დანტე და მის სამყაროში შეაბიჯებს.
არყის ტყე უკავშირდება ჩემს ბავშვობასაც. გავიზარდე დედასთან ერთად, და-ძმის გარეშე. დედა იყო ის ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. ბავშვობაში ხშირად წარმოვიდგენდი ტყეს − ეს იყო ის წარმოსახვითი ადგილი, სადაც საკუთარ თავთან დიალოგი მქონდა. ამ ინსტალაციით კი, ეს ტყე იქცა წარსულის, ქვეცნობიერის, მოგონებების ტყედ და დაუკავშირდა დედას − იმ მნიშვნელოვან პიროვნებას, რომელიც დღეს უკვე ჩემთვის თავად გახდა მოგონება.
ექსპოზიციის მეორე სივრცე რადიკალურად განსხვავდება არყის ხის ინსტალაციისგან. პირველ დარბაზში არსებული იაპონური ჰაეროვნება აქ კონტრასტულად წარმოდგენილია დაბნელებული სივრცით. თითქოსდა წარმოსახვითი ფანტაზიიდან ცხოვრების რეალობას უბრუნდები, სადაც ჟანგბადის კონცენტრატორის ხმა ისმის. ეს ხმა და სინათლე ადამიანს მიუძღვება კუბისკენ, რომელიც მას უფსკრულის წინაშე აყენებს. ეს არის უფსკრული, რომელიც მზერას შენკენ ატრიალებს და ეხმიანება ექსპოზიციაში ჩართულ ნიცშეს ციტატას: „როდესაც იყურები უფსკრულში, უნდა იცოდე, რომ უფსკრული შემოგყურებს შენ“. მზერის ეს ტრაექტორიები ადამიანს შეკითხვებს უჩენს: სად არის თავად, ცხოვრების რომელ ეტაპზე? რამდენად ახლოსაა უფსკრულის ფსკერთან? ეს ერთგვარი შეხსენებაა იმისა, რომ არაფერია მარადიული. ეს არის გონების გამოცოცხლება, იმაზე, რომ დრო და სივრცე ლიმიტირებულია. უფსკრულის ინსტალაცია, რომელიც სარკოფაგს, განსასვენებელს ჰგავს თავისი ფორმით, ერთ დამთვალიერებელზეა გათვლილი, რათა ადამიანმა მარტო შეძლოს რეფლექსირება და საკუთარ ეგზისტენციალურ საკითხებზე დაფიქრება.
კლაუსტროფობიული მეორე დარბაზიდან მაყურებელი გადაინაცვლებს მესამე დარბაზში, სადაც აწყდება სიცარიელეს და ამ სიცარიელესთან ერთად, აღმოაჩენს დარბაზის ცენტრალურ კედელზე განთავსებულ ერთ ნამუშევარს. ეს ტილო ასევე სამ ეტაპად შესრულდა, დავიწყე ჩემი ცხოვრების ძალიან ბედნიერ პერიოდში, შემდეგ შევჩერდი და მუშაობის გაგრძელება მომიხდა უმძიმეს პროცესში. ჩემს შიშებს, სირთულეებს, სწორედ ამ ტილოს საღებავების ქვეშ ვმალავდი. ტილოზე მუშაობა შევაჩერე, როდესაც დედა რეანიმაციაში იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ განვაგრძე ხატვა. შემდეგ გავიაზრე, რომ მე აღარ ვარ ისეთი, როგორიც ამ ნამუშევრის შექმნის საწყის ან შუალედურ პერიოდში; რომ ახლა სრულიად მარტო ვარ და ეს ტილო ჩემთან ერთად გადის ჩემი ცხოვრების სამ სხვადასხვა ეტაპს. ამდენად, ეს ტილო ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენს. „ელიზიუმი“ − ასე ჰქვია ამ ნამუშევარს. „ელიზიუმი“− ეს არის განსაწმენდელი, სადაც გმირი სულები ხვდებიან. დრო, სივრცე, ნამუშევრის კომპოზიციაშიც წრიულად, სამ შრეზე არის წარმოდგენილი, სადაც დასასრული დასაწყისად, ან პირიქით − დასაწყისი დასასრულად წარმოგვიდგება. ამ დარბაზში დროდადრო გაისმის ლიგეტის რეკვიემი, რომელიც ასევე დანაწევრებულია და ფრაგმენტულად ახალ კომპოზიციად წარმოგვიდგება.
გამოფენა მთლიანობაში დატვირთულია სხვადასხვა სიმბოლოთი, ნიშნებით, რაც საკმაოდ ფრთხილად არის გამოყენებული. პირადად ჩემთვის, მნიშვნელოვანი და სიმბოლური იყო, რომ სწორედ ეროვნულ მუზეუმში, დედაჩემის გარდაცვალების წლისთავზე გამეკეთებინა გამოფენა, რომელიც უბიძგებს ადამიანს, საკუთარი ინტელექტუალური რესურსით გადაიაზროს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ეს გამოფენა ეძღვნება უფრო მეტად სიცოცხლეს და არა გარდაცვალებას. ასევე, გარდაცვალების შემდგომ ადაპტაციას ცხოვრების გასაგრძელებლად.
გალერეის პოზიციიდან როგორ შეაფასებდით ამ კონკრეტულ პროექტს? უშუალოდ ის ფაქტი, რომ ეროვნულ გალერეაში ახალგაზრდა ხელოვანის სოლოგამოფენა მოეწყო, რა მნიშვნელობას შეიძლება ატარებდეს?
თამუნა ღვაბერიძე:
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ინსტიტუციამ ითანამშრომლა გალერეასთან და წარადგინა ახალგაზრდა ხელოვანის პროექტი, რომელიც მრავალშრიანი, კონცეპტუალურად გააზრებული და მულტიმედიურია. ეს ძალიან კარგი პრეცედენტია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სახელმწიფო სტრუქტურა მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების სექტორს. ეს ორმხრივად მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, ამგვარად გაგრძელდება მომავალშიც. ეროვნულ გალერეას აქვს არაჩვეულებრივი საგამოფენო სივრცე, რომელიც უფრო მეტად შეიძლება იყოს გააქტიურებული საჭირო და საინტერესო პროექტებით. ამ გამოფენასაც უამრავი ადამიანი დაესწრო, მიუხედავად პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარებისა, ეს კი თავისთავად მიუთითებს საზოგადოების ინტერესზე. ზოგადად, მიმაჩნია, რომ თანამშრომლობითი ინიციატივები ქმნის სფეროს განვითარების შესაძლებლობებს.
მხატვრისა და კურატორის თანამშრომლობა Window Project-ში. როდიდან დაიწყეთ ლევანთან ერთად მუშაობა და ამ პროცესში როგორ შეაფასებთ თქვენს როლს?
თამუნა ღვაბერიძე:
Window Project, როგორც აღვნიშნეთ, არის სივრცე, რომელიც პროექტებზე დაფუძნებით თანამშრომლობს ხელოვანებთან. ჩვენ არ გვაქვს სტანდარტული საგალერეო შეთანხმებები ცალკეულ არტისტებთან. ხელოვანებს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, აქვთ მაქსიმალური თავისუფლება − ეს არის ჩვენი დემოკრატიული მიდგომა, სადაც ყალიბდება თანამშრომლობითი სივრცე. პანდემიის პერიოდში ხელოვნების პლატფორმა „არტ ლენდთან“ ერთად, ვირტუალური გამოფენების ორგანიზება დავიწყეთ. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ამ კრიზისულ პერიოდში საზოგადოებას არ დავვიწყებოდით და ხელოვანებთან აქტიურად გაგვეგრძელებინა მუშაობა. რაც შეეხება ლევანთან თანამშრომლობას, თავდაპირველად, გვსურდა Window Project-ში მისი ერთი ნამუშევრის წარდგენა, მაგრამ იდეების გაცვლის პროცესში გადაწყდა ეროვნულ გალერეაში გამოფენის ორგანიზება.
თამუნა არშბა:
ჩემი და ლევან სონღულაშვილის თანამშრომლობის მაგალითით შემიძლია გესაუბროთ არტპროდიუსერის როლზე. საკუთარ თავს ლევანთან უფრო ამ კონტექსტში ვხედავ. ეს მნიშვნელოვანი და ძვირფასი გზაა ჩემთვის, რომელსაც ყველაზე მეტად ვუფრთხილდები და პრიორიტეტს ვანიჭებ. ყველაფერი იწყება ხელოვანის შემოქმედების გაზიარებით და გათავისებით. შემდეგ კი არის მრავალსაათიანი დიალოგები და განხილვები. ერთად ყალიბდება აზრი იმ ფორმის შესახებ, რა ფორმითაც ფართო აუდიტორიას მიეწოდება მხატვრის განაცხადი. ირჩევა ადგილი, რომელიც მოცემულ სიტუაციაში ყველაზე მეტად მიესადაგება კონკრეტულ პროექტს. ვარჩევთ კურატორს, რომელიც ახლოს დგას და დაინტერესებულია იმ მედიუმითა და საკითხებით, რომელზეც მხატვარი მუშაობს, და რომელთანაც თანამშრომლობა სამომავლო განვითარების სტრატეგიის მხრივ ხელოვანისთვისაც მნიშვნელოვანია. იწყება ბიუჯეტის შედგენა და სპონსორებზე მუშაობა. პროექტის ხორცშესხმა, თანამშრომლობა არქიტექტორთან, მასალების უზრუნველყოფა, მოძიება, შეკვეთა. შემდეგ კი, PR-ის ჩართვა, პუბლიკაციებსა და დოკუმენტურ მასალაზე მუშაობა. ყოველივე ამას ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს, თუ ძლიერი და სანდო გუნდი არ ჰყავს. გალერეა მუშაობის პროცესში ერთი ორგანიზმი ხდება, სადაც მნიშვნელოვანია პარტნიორებს შორის ერთმანეთის ნდობითა და პატივისცემით შრომისა და პასუხისმგებლობის დელეგირება. საგალერეო საქმე იმითაც გამოირჩევა, რომ უპირობო სიყვარულისა და ნდობის გარეშე, მსგავს პროექტებს ვერ განახორციელებ, ან თუ დაიწყებ, მალევე გახვალ ამ საქმიდან.
რაც ჩამოვთვალე, ეს მხოლოდ ერთი ნაწილაკია იმ ჯაჭვისა, რომელსაც დროსა და სივრცეში ხელოვანთან ერთად ქმნი. ჩემთვის ერთჯერადი პროექტები აზრს მოკლებულია, დრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ყოველთვის. რაც უფრო მეტი დროის განმავლობაში გადიხარ ხელოვანთან ერთად წარმატებას თუ დაბრკოლებას (ორივე გარდაუვალი მოვლენაა) და აგრძელებთ მუშაობას ერთად, შემართებაც ასმაგდება, ნდობაც და რა თქმა უნდა, გამოცდილებასთან ერთად, შედეგიც. ამ შემთხვევაში ხდება ძვირფასი ხელოვანისა და პროდიუსერის ურთიერთობა.
გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა ლევან სონღულაშვილის შემოქმედებაზე.
თამუნა არშბა:
ლევანი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა უკვე ნამდვილად საკმარისზე მეტი დაგვანახვა იმისათვის, რომ მის შემოქმედებაზე ვისაუბროთ. მისი ხელოვნება სხვადასხვა ტექნიკას მოიცავს: ეს არის ფერწერა, გრაფიკა, ვიდეოარტი, ინსტალაცია, მონუმენტური კედლის მხატვრობა. ნამუშევრები ყოველთვის კარგად გააზრებულ ეგზისტენციალურ საკითხებს ეხება, სადაც ხელოვანი შთაგონებად იყენებს თანამედროვე ფილოსოფიის აქტუალურ კონტექსტს. ტექნიკა, ფერის ფლობა, ყოველთვის სრულყოფილებამდე ოსტატური, მრავალშრიანი, საინტერესო და უდავოდ გამორჩეულია. მისი ხელწერა ცნობადია, თუმცა მის შემოქმედებაში და განვითარების გზაზე ვხედავთ აბსოლუტურად სხვადასხვა სერიებს, სადაც ის მრავალმხრივ საკითხებსა და განსხვავებულ ფორმებს ეხება − მონოქრომული სერიის შემდეგ, ქმნის ქრომატულ ფერწერულ სერიებს: კალიგრაფიული იაპონური ტუშის ტექნიკა სინგაპურის სერიებიდან, „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს შექმნილი უნიკალური აკვარელები, წითელი ჰორიზონტები მადრიდის სერიიდან და ბოლო ნამუშევარი − „ელიზიუმი“, სადაც უამრავ ფერსა და სხვადასხვა ტექნიკას ვხედავთ გაერთიანებულს. მხატვრობის გარდა, ლევანმა უკვე აჩვენა, რომ მასშტაბურ ინსტალაციებსაც ოსტატურად ქმნის. ყველას გვახსოვს შთამბეჭდავი „ობიექტების სისტემა“ გალერეა „ერთიში“ (7-არხიანი ვიდეოინსტალაცია და პლასტიკის 290 ბურთი). ახლა კი „ირმის ნახტომი“ (კედლის მხატვრობა, 350 მოხატული ბამბუკის ხე, შუშის სკულპტურა) და სამგანზომილებიანი ინსტალაცია „უფსკრული“ ეროვნულ გალერეაში. სინგაპურში შესანიშნავი გამოფენა „სტიქეონი“, სადაც დიდი ფორმატის ტუშით შესრულებულ ნამუშევრებთან ერთად, შთამბეჭდავი ვიდეოარტი წარადგინა. აქედან გამომდინარე, თუ გადავხედავთ მის გზას, მასშტაბებს, შემდეგ უკვე გასაგები ხდება, როგორ აღმოჩნდა საქართველოდან წასული ჯერ კიდევ 25 წლის ხელოვანი ბრუკლინის მუზეუმის პერმანენტულ ექსპოზიციაში, იგი პოპის პროექტში, ნიუ-იორკის აკადემიაში, ბერლინში, სინგაპურსა და ჟენევაში.
წარმატების კრიტერიუმები ხელოვნებაში. განვიხილოთ ზოგადი მსაზღვრელი ფაქტორები. არსებობს აქ კონკრეტული კრიტერიუმები? თუ წარმატება მაინც ინდივიდუალურ გამოცდილებას ეფუძნება?
თამუნა ღვაბერიძე:
საქმიანობაში წარმატების გარანტიად გულწრფელობა მიმაჩნია. როდესაც რაიმეს მხოლოდ ეკონომიკური გათვლით არ იწყებ და გაქვს ენთუზიაზმი. თავდაპირველად, სწორედ ასე, ფილანტროპიულად დავიწყეთ მე და ირინამ საგალერეო მუშაობა, რომელსაც დღეს ვაგრძელებ ჩემს ერთგულ პარტნიორ თამუნა არშბასთან ერთად და ამგვარმა მიდგომამ დღეს მიგვიყვანა ეკონომიკურ მოგებასთან. გულწრფელობა, გახსნილობა, გამჭვირვალე ურთიერთობა და ნდობა − წარმატებულად მუშაობას ჩემთვის სწორედ ეს საკითხები განსაზღვრავს.
ლევან სონღულაშვილი:
წარმატების ფორმულების არ მჯერა. თან აქ ორი განსხვავებული საკითხია: როგორ შევაფასებთ წარმატებას, ვისი პოზიციიდან? არის კი წარმატება ის, რასაც მასა აღიქვამს? ცნობადობა ნიშნავს წარმატებას? მაგალითად, არის უამრავი ცნობილი ხელოვანი, რომელიც აღიარების შემდეგ ერთ წრეზე ტრიალებს და აღარ ავითარებს რაიმე ახალს. ჩემთვის წარმატება არის მუდმივი, ყოველდღიური ძიება, განვითარებისკენ სწრაფვა; როცა უკან არ იყურები და მომავალსა და წინსვლაზე ხარ ორიენტირებული.
ამ გამოფენის შემდეგ, რომელიც ძალიან წარმატებით შედგა, უკვე ახალ პროექტებზე დავიწყე ფიქრი. საქართველოში ამ ეტაპზე აღარ ვაპირებ უახლოეს მომავალში გამოფენის განხორციელებას და ორიენტირებული ვარ საერთაშორისო პროექტებზე აშშ-ში, ევროპასა და აზიაში. ზოგადად, ქვეყნისთვის წარმატებად მიმაჩნია ისიც, როდესაც ამ ქვეყნის წარმომადგენლები, როგორც ერთგვარი „კულტურის ელჩები“, საკუთარი ქვეყნის სახელით სხვა კულტურულ სივრცეებში წარდგებიან.
ზოგადი შეფასებით დავასრულოთ. როგორ შეაფასებთ თანამედროვე ხელოვნების როლს დღევანდელობაში?
თამუნა ღვაბერიძე:
თანამედროვე ხელოვნება არის თავისუფალი აზრი, რომელიც უმთავრესია. კრიზისი, პანდემიური სიტუაცია, რევოლუციები და კატაკლიზმები − ეს საკითხები ყოველთვის გამოწვევაა თანამედროვე ხელოვნებაში და სიახლე სწორედ ამ კრიზისიდან იბადება. ამიტომაც, მე მგონია, ყველა სირთულეს, ადგილობრივ თუ გლობალურ კატაკლიზმებს უნდა შევხედოთ, როგორც შესაძლებლობას. დღევანდელობაში საქართველოში არის უამრავი მასალა იმისათვის, რომ არსებული ვითარების უფრო კრიტიკული ანალიზი შევძლოთ და ეს საინტერესოდ წარმოვადგინოთ სახელოვნებო მიმართულებით.
ლევან სონღულაშვილი:
მიმაჩნია, რომ თანამედროვე ხელოვნება უმთავრესია ჩვენი ქვეყნის კულტურული პროცესების გამოსაცოცხლებლად. საქართველოს დიდი გზა აქვს ამ მიმართულებით გასავლელი. მნიშვნელოვანია, რომ ის მდიდარი კულტურა, რომელიც საქართველოსია, რომელიც შეიქმნა წარსულში, იმ დროისთვის თანამედროვე და ნოვატორული იყო. ახლა, XXI საუკუნეში, აწმყოზე დაკვირვებით, წარსულის პატივისცემით, ახალი ინფრასტრუქტურა, თანამედროვეობის ისეთი გაგება უნდა შევქმნათ, რომ მომავლისთვის ახალი ისტორია დავწეროთ.
ტექსტი: Reach Art Visual