კიდევ ერთი ქალის გამოსახულებიანი ფულის კუპიურა საქართველოს – ჟურნალი OK! სწორედ ამ უმნიშვნელოვანეში ინიციატივის შესახებ გიამბობთ, რომელიც საზოგადოების წინაშე UNFPA-მ და კომპანია Avon-მა წამოაყენეს.
UNFPA და AVON-ის საერთო პროექტი გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა უფლებებსა და მათ როლზეა. პროექტის ბრიფი ეხებოდა იმ პრობლემას, რომ საქართველოში დღეს მაინც ვხვდებით გენდერული ნიშნით ძალადობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩემი იდეა იყო, შეგვექმნა ლარის კუპიურა, რომელზეც სიმბოლურად იქნებოდა გამოსახული ქალი. ბანკნოტებზე, როგორც წესი, ვხვდებით ისტორიულ ფიგურებს, ისეთ პიროვნებებს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ქვეყნის წინაშე, საზოგადოების განვითარებაში და ა.შ. არსებული 6 ეროვნული კუპიურიდან მხოლოდ ერთზეა გამოსახული ქალი, დანარჩენზე მამაკაცები. შესაბამისად, ვიფიქრე, რომ გენდერული თანასწორობისთვის კიდევ ერთი ქალი ქართულ კუპიურაზე ნამდვილად იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი ამ კუთხით და რაც მთავარია, კარგი საშუალება, რომ ეს პრობლემა უფრო მეტად დაენახა საზოგადოებას, რადგან ფული არის მასობრივი გამოყენების საგანი, რაც ყველას ხელში ხვდება.
ასეთი ტიპის კამპანიების მიზანი არ არის ხოლმე პრობლემის გადაჭრა, არამედ თემის და საკითხის წინ წამოწევა, საზოგადოების დაფიქრება და მეტად გააზრება, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. კუპიურა კი ნამდვილად კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და დავაფიქროთ გენდერული უთანასწორობის პრობლემაზე.
საქართველოს ისტორიაში უამრავი ღვაწლმოსილი ქალია, ვინც იმსახურებს მათ შესახებაც ძალიან ხმამაღლა საუბრობდეს საზოგადოება. ასეთია მაგალითად მარო მაყაშვილიც, რომლის კუპიურაზეც სიმბოლურად შეირჩა 19-ლარიანი ნომინალი, რადგან მარო იყო 19 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავისუფლების იდეისთვის ბრძოლაში დაიღუპა 19 რიცხვში.
ჩვენ კი დღეს დავიწყეთ კამპანია „მაროს სახელით“, რადგან თავისუფლება და თანასწორობა ახლაც ისე გვინდა, როგორც მაშინ მაროს უნდოდა.
გიორგი პოპიაშვილი – Creative director
საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მდგომარეობა. განსაკუთრებით ამ სიმძიმეს მაშინ ვხედავთ, როცა ვეცნობით სტატისტიკას ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის შესახებ. ვხედავთ ქალთა მონაწილეობის ძალიან დაბალ მაჩვენებელს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ბოლო წლების განმავლობაში დავინახეთ, როგორ იმატა ძალადობის შემთხვევებმა საქართველოში. ძალიან რთული და საგანგაშო მდგომარეობაა გენდერული ნიშნით – ქალების მკვლელობა. სახელმწიფო მხოლოდ რეაგირებს მომხდარ შემთხვევებზე, პრევენცია კი არ ხდება.
რთული საკითხია ასევე, ადრეული ქორწინება. ბავშვთა ადრეული ქორწინება დამკვიდრებული პრაქტიკაა ოჯახში. სამწუხაროდ, არც საზოგადოებას და არც ოჯახს არ აქვს გააზრებული ის რისკ-ფაქტორები, რაც ახლავს ადრეულ ქორწინებას.
ვუერთდები კამპანიას „მაროს სახელით“ იმიტომ, რომ საქართველოში გოგონებს ჰქონდეთ თანაბარი უფლებები და ამ უფლებების განხორციელების თანაბარი შესაძლებლობა.
ეკატერინე სხილაძე – სახალხო დამცველის მოადგილე
ქართულ კულტურაში ქალის სახე დაკავშირებულია არა მის სექსუალობასთან, არამედ მის როლთან. ეს არქეტიპი, ერთგვარად, ადგილს არ უტოვებს ქალს თავად იყოს საკუთარი სხეულის პატრონი. ქალი არაა თავისი სხეულისა და სურვილების განმკარგველი. საკუთარი სხეულის შეუცნობლობის გავრცელებული პრობლემა, ქალისთვის „ჰო“-სა და „არა“-ს შესაძლებლობას აფერხებს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მგონია, დღეს რასაც და როგორც ვაკეთებ, ერთგვარი ქვეცნობიერი შურისძიებაა. შურისძიება უოთახო, გარიყული, მასკულინურ სამყაროში ძალაგამოცლილი და დასუსტებული ქალების გამო. ვუერთდები კამპანიას „მაროს სახელით“, რადგან მივიჩნევ, რომ თინეიჯერ გმირ გოგოს გამორჩეული ადგილი ეკუთვნის ისტორიაშიც და გულშიც.
ნესტან-ნენე კვინიკაძე – მწერალი
ქალი მსახიობის გზის სირთულე იწყება იმ წამიდან, როცა ის გადაწყვეტს, რომ გახდეს მსახიობი. უამრავი დაბრკოლებაა გადასალახი: რეპუტაციულიდან დაწყებული, იმის დამტკიცებით დამთავრებული, რომ მხოლოდ მამაკაცს არ აქვს გამორჩეული ენერგია − ქალსაც შეუძლია „ძლიერი“ როლების თამაში. ეს იყო ყოველდღიური ბრძოლა საკუთარ თავთან, ოჯახთან და პროფესიასთან. მუდმივად უნდა ამტკიცო, რომ ეს შენც შეგიძლია… მამაკაცზე არანაკლებ. ამ უსასრულო ბრძოლაში უმთავრესი როლი აქვს ოჯახს. რომ არა მამაჩემი, მე ამ ბრძოლას ვერ მოვიგებდი. განსაკუთრებით, მამების თანადგომა გოგოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვერთიანდებით „მაროს სახელით“ იმისთვის, რომ გვჯეროდეს − ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ძალა. ქართველ ქალს საქართველოს ისტორიის განმავლობაში ყველაზე კრიტიკულ მომენტში აუღია პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, გადაურჩენია უამრავი ოჯახი. ქართველი ქალები ძალიან დიდი ენერგიისა და ძლიერების მატარებლები ვართ!
ეკა დემეტრაძე – მსახიობი, ტელეწამყვანი
სახელოვნებო სფეროში ქალ ხელოვანებს ყოველთვის მეტად უწევდათ სოციალურ გამოწვევებთან გამკლავება. ყოველდღიური საზრუნავი, ყოფითი პრობლემები, გარკვეულწილად, მათი შემოქმედებითი საქმიანობისგან დისტანცირების მნიშვნელოვანი მიზეზებია. ნამდვილი შემოქმედება მაქსიმალურ, ფაქტობრივად, აბსოლუტურ კონცენტრაციას ითხოვს. არიან გამონაკლისებიც, ქართულ სახელოვნებო სივრცეს ძალიან ძლიერი და ცნობილი არტისტი ქალები ჰყავს, მაგრამ საერთო სურათისთვის პროცენტულად ეს მაინც ცოტაა. შესაბამისად, ქალ ხელოვანთა მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ ფორმალისტურია, განსაკუთრებით, ეს სახელოვნებო ინსტიტუციებში იგრძნობა. თუმცა, ახლანდელ დროში, თანამედროვე ახალგაზრდა ქალი არტისტები მეტად გათავისუფლდნენ სოციალური პირობითობებისგან და მიზანმიმართულად მიუყვებიან არჩეულ გზას.
ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის პატივია. მარო მაყაშვილი არის სიმბოლო თავდადებისა და ღირსების. ნაადრევად, ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლით, ის ჩემთვის ყველაზე ძლიერი ხმაა, ქალის ხმა. პროექტში მონაწილეობას ვიღებ იმიტომ, რომ არ მინდა ქალების ხმა დაიკარგოს.
თინა ცხადაძე – მხატვარი
მარო მაყაშვილი, როგორც კოტე მაყაშვილის შვილი და ზოგადად, ქართული ლიტერატურის დიდი მოტრფიალე, აუცილებლად იქნებოდა იმდროინდელი მწერალთა სასახლის ხშირი სტუმარი და მწერალთა სახლის კედლები ძალიან ბევრ მოგონებას შემოინახავდა მის შესახებ, რომ არა 19 წლის ასაკში გაწყვეტილი სიცოცხლე.
მიუხედავად ამისა, დღეს მწერალთა სახლში მარო მაყაშვილის ფოტოა ჩამოკიდებული, მისი დღიურის ფრაგმენტები ინახება, და ჩვენ ყველა სტუმართან თავიდან ვაცოცხლებთ უამრავი მისწრაფებითა და გეგმით აღსავსე გოგოს ისტორიას. ვუერთდები კამპანიას „მაროს სახელით“ იმისთვის, რომ მარო მაყაშვილის სახელის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა წუთითაც კი არ დაგვავიწყდეს.
ნატა ლომოური – მწერალთა სახლის დირექტორი
როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ფულზეა საუბარი, ვინ, თუ არა მარო მაყაშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი და შეწირული 19 წლის გოგო. ის ხომ ჩვენი პროგრესულობის დოკუმენტის განსახიერებაა.
ვუერთდები კამპანიას „მაროს სახელით“, იმიტომ, რომ თანასწორობას ვუჭერ მხარს.
ნინო დარასელი – ჟურნალისტი
ბოლო 20 წლის ქართულ ლიტერატურაზე დაკვირვება საინტერესო რამაა − ჯერ თითო-ოროლა, თანდათან ცოტა მეტი და დღეს უკვე − შესამჩნევად ბევრი ქალი ავტორი ჩნდება და იმკვიდრებს ადგილს წარმატებული მწერლების რიგში. ეს ქალები არიან სრულიად შესანიშნავი, ძალიან კარგი, უბრალოდ კარგი, საშუალო ან ცუდი მწერლები. მათ ჰყავთ მკითხველები, რომლებიც მოუთმენლად ელიან საყვარელი ავტორებისგან ახალ წიგნებს. მათ კითხულობენ, აქებენ, აკრიტიკებენ და ხანდახან − ლანძღავენ კიდეც. ზუსტად ისევე, როგორც მამაკაც მწერლებს.
თითქოს რას ვამბობ განსაკუთრებულს? არადა, დრო 20 წლით უკან რომ „გადავახვიოთ“, სულ სხვა სურათს დავინახავთ − მაშინ მწერალი ქალები (პროზაში − ნამდვილად) გამონაკლისები იყვნენ, მხოლოდ ერთეულებს აქებდნენ ან კითხულობდნენ საერთოდ. ისინი ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ რატომღაც (?) ყურადღებას იშვიათად იმსახურებდნენ; „სერიოზული“ (მხოლოდ სახელოვან ქართველ მამაკაც კრიტიკოსებს რომ უყვარდათ, ისეთი) ლანძღვა-კრიტიკის ობიექტებიც იშვიათად ხდებოდნენ. მათ არსებობას უბრალოდ არავინ და არასოდეს იმჩნევდა.
დღეს უკვე თავად ქალმა მწერლებმა, გამომცემლებმა და კრიტიკოსებმა დაიწყეს მივიწყებული ქალების „ამოქექვა“ ისტორიის ბნელი კუნჭულებიდან. სამართლიანობის აღდგენა, ალბათ, დაგვიანებულია − ბევრი ავტორი ამ უყურადღებობამ თავის დროზე უბრალოდ ჩაახშო და განვითარების საშუალება არ მისცა; მაგრამ ქართული ლიტერატურის დღევანდელობა და მომავალი უკვე აშკარაა − აქ თანაბარი ადგილია ქალი და მამაკაცი მწერლებისთვის. და თუ ვინმეს ისევ შერჩა ატავისტური დამოკიდებულება, რომ „დიდი და სერიოზული ლიტერატურა ქალების საქმე არაა“, მე ვეტყოდი − თქვენ ვერც ლიტერატურაში ერკვევით და არც დიდისა და სერიოზულის გესმით რაიმე. ამ სიტყვებს როცა ვწერ, პარალელურად, სამ წიგნს ვკითხულობ. აქედან ორი ქართველი ქალის დაწერილია, ერთი − პოლონელის. თქვენც გირჩევთ.
დავით გაბუნია – მწერალი
მარო მაყაშვილი არის ძალიან კარგი მაგალითი დღევანდელი ახალგაზრდა თაობისთვის. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მარო მაყაშვილი პირველი ეროვნული გმირი ქალია და მისი დღიურები, რომელმაც დროს გაუსწრო, დღევანდელ რეალობაშიც ძალიან კარგად იკითხება და დღესაც იმ პრობლემების წინაშე ვართ, რაზეც 19 წლის გოგო წინა საუკუნეში წერდა. მისი დღიურით უფრო მეტს ვიგებთ მის ინტერესებზე, სამომავლო გეგმებზე. მარო მაყაშვილი იბრძოდა თავისუფლებისთვის, გენდერული თანასწორობისთვის.
საკუთარ დღიურში წერდა, რომ მისი სურვილი იყო სასწავლებლად უცხოეთში წასულიყო. იმ დროშიც კი, მარო მაყაშვილი ნათლად ხედავდა თავისი ქვეყნის მომავალს, საკუთარ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.
წელს ძალიან სიმბოლური და საინტერესო თარიღი გვაქვს − 120 წელი მარო მაყაშვილის დაბადებიდან. ამ სიმბოლურ თარიღთან დაკავშირებით, გამოიცემა წიგნი უცხო ენაზე, რომელიც ახლა რედაქტირების პროცესშია. მთარგმნელ-გამომცემლის იდეა იყო, ამ წიგნის პრეზენტაცია პარიზში, ლევილში გამართულიყო − სწორედ იქ, სადაც მარო მაყაშვილს სწავლის გაგრძელება სურდა.
ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ როგორც ანა ფრანკის დღიური გახდა ახალგაზრდებისთვის სტიმულისა და იმედის მომცემი, ასევე, მარო მაყაშვილის წიგნი იქნება ერთგვარი გზამკვლევი იმისა, რომ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, განათლება, გენდერული თანასწორობა არის უპირველესი.
ირინა ჭოღოშვილი – მარო მაყაშვილის ოჯახის შთამომავალი